სერგო ფარაჯანოვი – აბსოლუტურად თბილისური მოვლენა. თუმცა, როგორც მას მისი მეგობარი ანდრეი ტარკოვსკი ახასიათებდა, პლანეტარული ხასიათის ადამიანი, მაგრამ ღრმად თბილისელი იყო. ფარაჯანოვს არა მხოლოდ უაზროდ უყვარდა მშობლიური ქალაქი, არამედ მას ხასიათითაც ჰგავდა. მასავით უცნაური, წინააღმდეგობრივი და ბრწყინვალე იყო.

სტუმრად ფარაჯანოვთან თბილისში

ფარაჯანოვის სახლამდე, სადაც ის დაიბადა და ცხოვრობდა, მისასვლელად მთაზე უნდა ახვიდე. თავად რეჟისორი ამ გზას ხომ ყოველდღე და დღეში, რამდენჯერმე გადიოდა. ძველი თბილისის მცხოვრებთათვის ასეთი ქუჩები და დასახლებები სირთულეს არ წარმოადგენს. ტფილისის ხიბლიც, ხომ სწორედ ამაშია, ასე ტფილისი სხვაგვარად შეიგრძნობა. მიუყვები ვიწრო ქუჩას, გზადაგზა გხვდება ერთმანეთთან მჭიდროდ აშენებული სახლები, ვიწრო ეზოები. ეზოებიდან მეზობლების საუბრები – ზოგი ყავას სვამს, ზოგიც თბილისურად გაშლილი სუფრის გარშემო შემოკრებილა. ქალაქის ხმაური აქამდე არ აღწევს, აქ სხვაგვარი აურაა. ეს ქალაქის სიღრმეა, ერთი სიტყვით, გული და სული.

რა არის თბილისი თავისი არსით? ეს არის ქალაქი დღესასწაული, ქალაქი განწყობა. ქალაქი, სადაც სიძველე და სიახლე, ტრადიციები და თანამედროვეობა ყველაზე საოცრად გადაჯაჭვულა ერთმანეთში. ქალაქი, სადაც სხვადასხვაგვარი აივნები ერთმანეთს ეპაექრებიან და ავიწროებენ. სადაც დილამდე კვნესის დუდუკი, სადაც მგრძნობიარე მეზობელი სევდიან სიმღერას მღერის. ექსტრავაგანტული, უანგარო და კეთილი ტფილისი. განა, შეძლებდა ამ ქალაქში დაბადებული ფარაჯანოვი სხვაგვარი ყოფილიყო?

სერგო ფარაჯანოვი

სახლი, რომელშიც ფარაჯანოვი დაიბადა და ცხოვრობდა, შემოქმედებითი ელიტის თავშეყრის ადგილი იყო. პატარა სახლის პირველ სართულზე, მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. იქ მსახიობი მარჩელო მასტროიანი სტუმრობდა, ასევე ხშირად მიდიოდნენ სერგეი ფარაჯანოვის მეგობარი, რეჟისორი ტონინო გუერა და ანდრეი ტარკოვსკი. ხოლო ვლადიმერ ვისოცკიმ და მარინა ვლადიმ ქორწილი რეჟისორის სახლში გადაიხადეს.

რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილმა – სურენმა კოტე მესხის ქუჩაზე არსებული სახლი გაყიდა და დღეს, იქ წარმატებული სასტუმრო – “ფარაჯანოვია”. ახალმა მფლობელებმა სახლი გაარემონტოს, თუმცა პარკეტი და შესასვლელში არსებული რკინის გისოსები დატოვეს. რისი გადარჩენაც შეიძლებოდა, ახალმა მეპატრონეებმა გადაარჩინეს და შეინარჩუნეს.

ოთახის შუაში, სადაც რეჟისორის დროს მაგიდა და სკამები იყო, ახლა დივანი და სავარძლებია. მარჯვენა კუთხეში თაროებზე ბოთლებით ქართული ღვინო და ჭაჭა აწყვია. გარშემო ფარაჯანოვის ბევრი ფოტოსურათია, ზოგზე თავად რეჟისორია გამოსახული, ზოგზე – მისი შემოქმედება. ამჟამინდელი სასტუმრო მისმა მფლობელმა – მანანამ საკუთარი ხელით გააფორმა და მოაწყო. ოთახის შუაში ფოტოგრაფ იური მეჩითოვის ნაჩუქარი, ხელით დახატული პორტრეტი კიდია. რემონტის დროს, სხვენზე სერგო ფარაჯანიანის აკვანი იპოვეს. ეს სწორედ ის აკვანია, რომელიც რეჟისორმა თავის ერთ-ერთ ფილმში რეკვიზიტად გამოიყენა. ახლა ის სასტუმროს ძვირფასი ექსპონატია. დაახლოებით ორი წლის წინ, სასტუმროს მფლობელებს ამ აკვნის სანაცვლოდ სერიოზულ თანხას სთავაზობდნენ, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ეს ალბათ, ამ სახლში დარჩენილი ერთადერთი ნივთია. სხვა დანარჩენი: ავეჯი, ნივთები, სურათები, კოლაჟები – ერევანში, სერგო ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმში გადაიტანეს.

სტუმრად გენიოსთან ერევანში

ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმში ერთი თვის წინ მოვხვდი. უცნაური შეგრძნება დამეუფლა – თითქოს მშობლიურ და ძალიან ახლობელ ადამიანთან მივედი, რომელთან განშორებისთვის მზად არასდროს ხარ. თავად რეჟისორს ამ სახლში არ უცხოვრია. ერევანში გადასვლის შემდეგ სახლ-მუზეუმისთვის ადგილი ფარაჯანოვმა თავად აარჩია. მუზეუმი რეჟისორის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში, 1991 წლის ივნისში გაიხსნა. ამის მიუხედავად, სახლის კარს, როგორც კი შეაღებ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს მასპინძელი ხელგაშლილი გხვდება და გულში გიკრავს. მსგავსი შეგრძნება, ალბათ, იმის შედეგია, რომ შესასვლელში პირველი, რაც თვალში გხვდება ჭიშკართან მდგარი ხელგაშლილი ფარაჯანოვის ძალზედ ცნობილი ფოტოსურათია.

სერგო ფარაჯანოვი

ფარაჯანოვის ყოფნა ყველგან იგრძნობა. ნებისმიერ კოლაჟთან, სურათთან, საყოფაცხოვრებო ნივთთან ახლოს. ის ყოველთვის ახლოს არის, გეჩურჩულება და თითოეული სურათის ისტორიას გიყვება. შენ უბრალოდ ყურადღებით უნდა უსმინო. ექსპოზიციაში უამრავი ნივთია და თითოეულს უნდა გაეცნო.

სახლ-მუზეუმი ორ სართულზეა და სავსეა რეჟისორის ნამუშევრებითა და ენერგეტიკით. ავეჯი, პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთები ერევანში მისი თბილისის სახლიდანაა ჩატანილი. თუმცა, ყველაზე მთავარი, მისი ნამუშევრებია, რომლებსაც მნიშვნელოვნად და მეორეხარისხოვნად ვერ დაყოფ. თითოეული დეტალი, თუნდაც ყველაზე პატარა, ზოგჯერ დაშიფრული ინფორმაციის მარცვალს შეიცავს.

ფარაჯანოვის სახლში არსებული ნივთები ისე მარტივი არ არის, როგორც მისი ფილმები. ისინი “ახლობლებისთვის” რეჟისორის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის არსებობენ, სიმბოლოებით გესაუბრებიან და ქვეცნობიერში აღწევენ. ამ კოლაჟების წინ ისე დგახარ, როგორც მაგალითად სალვადორ დალის ტილოების წინ. თუმცა განსხვავება ის არის, რომ ესპანელი მხატვარი მკაფიო და დრამატულია, ხოლო თბილისელი გენიოსი განსაკუთრებული იუმორით გამოირჩევა. მთელი ეს სიურრეალისტური ფანტაზმაგორია თვით ირონიას ემყარება, ერწყმის შეურწყმელს, დასცინის სერიოზულობას და რუტინას. მის კოლაჟებში უფრო მეტი იუმორი და ბავშვური ხულიგნობაა, ხოლო ფილმებში – გრძნობებზე ფერები, ფორმები და ჟესტები გვიყვებიან.

ფარაჯანოვის ნაწარმოებები უდიდესი მისტიკოსის და ფილოსოფოსის საიდუმლო გზავნილებია. შენ მხოლოდ იმას უნდა მოხვდე, რომელი უფრო მნიშვნელოვანია – სპილო, რომელიც ჩემოდანია, თუ სპილო, რომელიც სურათიდან მიდის?! ჩემოდანი, რომელიც სპილოდ გადაიქცა, მეორე სართულზე კედელზე ჰკიდია. მას ტყავის ყურები და სპილოს რქები აქვს. გარდასახვამდე მასში ხომ ვიღაცა ნივთებს დებდა და ვერც წარმოედგინა, რომ ჩემოდანი მეორე სიცოცხლეს შეიძენდა. თუმცა, შესაძლოა, მეორე არც არის და ეს პირველი და ერთადერთია. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ემოციებით და მოგონებებით აივსო. ფარაჯანოვისთვის სპილო წარმატების, სიმშვიდის და სამართლიანობის სიმბოლოა. როდესაც სპილო კოლაჟიდან გადის ყველა ეს თვისებაც ტოვებს ცხოვრებას. ამის შესახებ უკვე ექსკურსიათმძღოლი მკარნახობს.

ზოგადად, მუზეუმში ყველაფერი განსაკუთრებულია, მათ შორის ექსკურსიათმძღოლი. მართალია, ჩვენ მუზეუმში გიდის გარეშე წავედით, მაგრამ, როგორც კი გულწრფელი და ნამდვილი ინტერესი შეამჩნია, თავად მოვიდა და გაგვესაუბრა.

სახლ-მუზეუმში ისეთი სიჩუმე და სიწყნარეა, თითოეული ამოსუნთქვა და ხის იატაკზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი მკაფიოდ ისმის. თუ თვალებს დახუჭავ და წარმოსახვას დაძაბავ, მარტივად წარმოიდგენ, როგორ დადის სტუმრებთან ერთად სახლის მფლობელი სართულებს შორის ხის კიბეზე. დადის, რათა თავისი თეთრი პერანგი აჩვენოს, რომელიც მან ჩვეულებრივი ბურთულიანი კალმით მოხატა… და ეს ქსოვილზე შესრულებული უბრალოდ ილუსტრაცია არ არის. ეს არის სომეხი ხალხის ისტორია ქრისტიანობის დაარსებიდან. შემდეგი არის დარბაზი, უფრო სწორად ის ოთახი, რომელიც ფარაჯანოვის თბილისური ბინის მსგავსადაა გარემონტებული. ამ ოთახში ფილმზე “ბროწეულის ფერის” შესახებ დოკუმენტური ფილმის კადრები მიდის. ვჩერდებით და კადრში გაჟღერებულ ქართულ საუბარს ვუსმენთ. სწორედ ამ დროს გვიახლოვდება ექსკურსიათმძღოლი და მორიდებით გვეუბნება.

– როდესაც შეჩერდით და ქართულ საუბარს უსმენდით, მივხვდი, რომ თბილისიდან ხართ. ჩვეულებრივ, ტურისტები ამ დროს, ოთახიდან გადიან, რადგან არცერთი სიტყვა არ ესმით.

ყველაზე შორეულ კუთხეში მონეტებიანი ოთახია. ეს სწორედ ის მონეტებია, რომლებიც ფარაჯანოვმა ციხეში მაწვნის ბოთლის თავსახურებისგან დაამზადა. იგი თავსახურებს აბრტყელებდა და მასზე გამოსახულებას ლურსმნით ამოტვიფრავდა. ერთ-ერთი ასეთი მედალიონი მან ტონინო გუერას აჩუქა. ამ უკანასკნელმა მედალიონი ვერცხლში ამოავლო და თავის მეგობარს, ფედერიკო ფელინის აჩუქა. მან თავის მხრივ, ამ მედლის მსგავსი ვერცხლის მედლები ჩამოასხმევინა. ფელინის ინიციატივით, მედალს მისი ერთ-ერთი ცნობილი ფილმის სახელწოდება – “ამარკორდი” უწოდეს. მოგვიანებით, იტალიაში გამართულ კინოფესტივალზე ლეგენდარული გიორგი დანელია სწორედ ამ მედლით დაჯილდოვდა. რატომ “ამარკორდი”? – ფელინის განმარტებით, ეს სიტყვა ნიშნავს სასიყვარულო ძაფს, რომელიც უფროსი ასაკის ადამიანს თავის ბავშვურ მოგონებებთან აკავშირებს.

ამ სახლ-მუზეუმში, მთელი რიგი ძვირფასი ექსპონატების გარდა, ერთი განსაკუთრებულობაც არის. ვინც ამ მუზეუმში ერთხელ მაინც იყო, მიხვდება რასაც ვგულისხმობ. ამ საოცარი სახლის ზღურბლს, როგორც კი გადააბიჯებ, დროსა და სივრცეში იკარგები. თითქოს უჩინარი ჯადოქარი, ორაზროვნად გიღიმის და შენგან ფარულად, ისე რომ ვერაფერს მიხვდე, საათის ისრებს თვითნებურად წევს. შენ, უბრალოდ, ფაქტის წინაშე დგები და ხვდები, რომ ამ სახლში გატარებული ერთი საათი ხუთი წუთივით გარბის. მუზეუმის კედლების დატოვების შემდეგ კი, ხვდები, რომ “შენი წილი” ფარაჯანოვისთვის აუცილებლად დაბრუნდები.

ეკატერინე მინასიანი