თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ფეთჰულაჰ გიულენის ფიგურამ და მის სახელთან დაკავშირებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ოფიციალურ ანკარასა და თბილისს შორის ურთიერთობებში გარკვეული პრობლემის სახე მიიღო. თურქ​ეთის ხელისუფლებაში ელიან, რომ ​გიულენის სახელთან დაკავშირებული თურქული სკოლები საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით დაიხურება.

თურქული პრესა თბილისს, ნავთობსადენ ბაქო-ჯეიჰანთან დაკავშირებით საერთო ინტერესებს და კეთილ მეზობლურ ურთიერთობას ახსენებს და შესაბამის ნაბიჯებს ელიან. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქული სკოლების საქართველოში გახსნას, თავის დროზე ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა, დღეს კი, ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უამრავი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ძალიან მარტივად დარჩებიან შემოსავლის გარეშე, რომ აღარაფერი ვთქვათ მოსწავლეებზე…

სხვადასხვა ვერსიით, საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე შვიდი ელიტარული კოლეჯი და ერთი უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა, რომლებიც ისლამისტ მქადაგებელ და მოძრაობა “ჰიზმეტის” ლიდერ ფეთჰულაჰ გიულენთან იყნენ კავშირში. ამ უკანასკნელზე თურქეთში ძებნაა გამოცხადებული. საქართველოში არსებული თურქული სასწავლებლებია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (International Black Sea University), რომელიც თბილისში 1995 წელს დაარსდა. კოლეჯები: თბილისში Private Demirel School (1993), Tiflis Nikolaz Tsereteli International School (2006), Primary school «Skhivi» (2011); ბათუმში  — R. Sahin Friendship Primary Secondary School (1994); ქუთაისში – Kutaisi Niko Nikoladze Primary Secondary School (2004); რუსთავში – Rustavi Rustaveli Primary Secondary School (2007) და მარნეულში –  Marneuli Aghmashenebeli Primary school (2011).

რას წერს ​თურქული პრესა?

“თურქეთს და საქართველოს ერთმანეთთან მტკიცე ურთიერთობები აქვთ. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა იმ სამეულიდან, რომლებმაც საბოლოო ჯამში ხელი მოაწერეს ამ გიგანტურ პროექტს, ამიტომაც თურქეთი თბილისისადმი შესამჩნევ კეთილგანწყობას ამჟღავნებს. მაგრამ თანაზიარობის პრინციპისა და საერთო ინტერესების შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ეს კეთილგანწყობა ორმხრივი იქნება. ბოლოს და ბოლოს, ეს ნავთობსადენი ხომ ორივე მხარისთვის არის მომგებიანი”, – წერს “ნიუსპრესი” თურქულ გამოცემა Türkiye-ზე დაყრდნობით.

თურქული მასმედია იტყობინება, რომ საქართველო “ფეტოს” ბუდედ იქცა, რომ აქ არსებობს 16 სკოლა და ენის შემსწავლელი ცენტრები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და მარნეულში. მოქმედებს მეწარმეთა ასოციაცია GÜRSİAD და უმაღლესი სასწავლებელი სახელწოდებით “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი”. გარდა ამისა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” პრორექტორია, რომელიც ფეთჰულა გიულენის მნიშვნელოვანი ხელშემწყობია საქართველოში. “ფეტოს” წევრები არიან ამ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ილიას ჯილოღლუ, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა ცნობილი პერსონები – პროფესორები ილიას უსტიუნერი  რამაზან აქბაში, დოცენტები ჯიჰან მერტი და მეთინ მერჯანი.

წაუყენა თუ არა, ანკარამ თბილისს სკოლებთან დაკავშირებით, რაიმე ოფიციალური მოთხოვნა, უცნობია, მაგრამ, მას შემდეგ რაც, საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის (R. Sahin Friendship Primary Secondary School) დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს, ძნელია ამ ქმედებაში პოლიტიკური საფუძველის არ დანახვა.

ათუმის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი, ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებული ჩაღლარის საგანმანათლებლო ინსტიტუტების ქსელში შედის. მისი დახურვის გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 3 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო. სკოლას ავტორიზაცია გაუუქმეს და ამის მოტივად სკოლაში მოსწავლეების ჩარიცხვის თვალსაზრისით არსებული “მნიშვნელოვანი პრობლემები” დაასახელეს. ამ გადაწყვეტილებას სკოლის მასწავლებლების, მშობლების და მოსწავლეების უკმაყოფილება მოყვა. ბათუმის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა, ელგუჯა დავითაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილიც კი მისწერა, სადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას “უკანონო” უწოდა.

როგორც თავად ბათუმის სკოლის დირექციაში განმარტავენ მსგავსი შეკითხვები მათ მიმართ არ უნდა ისმებოდეს, რადგან სკოლამ, რომელმაც ავტორიზაცია 2015 წელს 5 წლის ვადით მიიღო, რამდენიმე თვეში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანების შესაბამისად,იზრუნა იმაზე, რომ გაეუქმებინა თურქულენოვანი სექტორი და მოსწავლეები ეტაპობრივად ქართულ სექტორზე გადაეყვანა. ამის შემდეგ, სკოლის ადმინისტრაციამ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ უნდა გადასულიყვნენ მოსწავლეები თურქულიდან ქართულენოვან სექტორში. 2016-2017 სასკოლო წლისთვის დარჩენილი 10 თურქულენოვანი მოსწავლე სკოლამ ქართულენოვან სექტორში ჩარიცხა, მაგრამ მეორე, მოულოდნელი მონიტორინგის შედეგად, რომელიც 2017 წლის 20 იანვარს განხორციელდა, სკოლას ჩარიცხვის წესთან დაკავშირებით, დარღვევები დაუდგინეს.

მეზობელ სახელმწიფოებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ქვეყნის საგანმანათლებლო პროცესზე რომ არ უნდა აისახებოდეს, ეს ერთმნიშვნელოვნად ცხადია, მაგრამ თუ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებები, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის მორჩილები არიან, მაშ რატომ ჩნდება კითხვები შიდა სამზარეულოს მიმართ?

რას ფიქრობენ ექსპერტები?

თურქოლოგი ​ზაზა წურწუმია მიიჩნევს, რომ ბათუმის შაჰინის სკოლის დახურვას პოლიტიკური საფუძველი აქვს და შესაძლოა ამ სასწავლო დაწესებულების ბედი, გიულენის სახელთან დაკავშირებულმა სხვა სკოლებმაც გაიზიარონ. როგორც Dalma News-ს ​ზაზა წურწუმიამ განუცხადა, 20 წლის წინათ, როდესაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ქვეყანაში თურქულ სკოლებს ხსნიდა, ამას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა  ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მათ შორის თურქოლოგებიც. მაშინდელ ქართულ პრესაშიც დიდი ამბავი იყო ატეხილი. მაგრამ, იმ ხანებში გაკეთდა განმარტებები, რომ თურქული სკოლები საქართველოში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის ხელის შემწყობი დაწესებულებები იქნებოდა.

“მაშინ ამას, თურქეთის ხელისუფლება ლობირებდა. 20 წლის შემდეგ კი, როდესაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო და ანკარამ რელიგიური მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი ტერორისტად გამოაცხადა და თურქეთის საზოგადოების გიულენის მომხრეებისგან წმენდა დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამაც შესაბამისად უნდა იმოქმედოს. თურქეთში ასობით და ათასობით პედაგოგი და მასწავლებელია დაკავებული, ან სამსახურებიდან გაშვებული. დახურულია მრავალი უნივერსიტეტი და ლიცეუმი”, – აცხადებს ზაზა წურწუმია.

მისივე თქმით, თურქეთის ხელისუფლებას ასეთი პოზიცია აქვს, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და ყველგან, სადაც პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ჩადის, მოუწოდებს იმ ქვეყნების ხელისუფლებას გაითვალისწინონ, რომ გიულენის სკოლები ტერორიზმის ხელშემწყობი ნაწილია.

რაც შეეხება ამ სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებსა და აღსაზრდელებს, ზაზა წურწუმიას აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ეს პრობლემა, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ უნდა მოაგვაროს. სკოლები უნდა დაიხუროს, მაგრამ ​პედაგოგები და ბავშვები სხვა სკოლებში გადაანაწილონ, ან მოხდეს ამ დაწესებულებების რეფორმირება.

ქართველი ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის არსებობდეს შეთანხმება, რომ სკოლების ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია შეიცვალოს, ხოლო დაწესებულებებმა განაგრძონ ფუნქციონირება.

“საქართველოში არსებული თურქული სკოლები, ყველა შემთხვევაში ქვეყნის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით მოქმედებენ. ხოლო, თუ თურქეთის ხელისუფლებას ამ სკოლებში მომუშავე, რომელიმე კონკრეტული პიროვნების მიმართ აქვს პრეტენზია, ვგულისხმობ თურქეთის მოქალაქეებს, მაშინ, ჩვენმა სამართალდამცველებმა, თურქეთის მხარესთან ერთობლივად უნდა იმოქმედონ”, – მიაჩნია ქართველ ექსპერტს.

მისივე ინფორმაციით, თურქეთის განათლების სამინისტროსთან შეიქმნა სპეციალური ფონდი, რომელიც აპირებს საზღვარგარეთ არსებული გიულენის სკოლები გადაიბაროს. ამდენად, ადვილი შესაძლებელია საქართველოში მოქმედი თურქული სკოლებიც, სწორედ ამ განათლების ფონდის ზედამხედველობას დაექვემდებარონ. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის მხარის ამ ახალ “სერვისს” არ მიიღებს, დიდი ალბათობით, ქვეყნის სხვა ქალაქებში მოქმედი გიულენის სკოლებიც ბათუმის სკოლა-ლიცეუმის ბედს გაიზიარებენ.

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ მოსწავლეები და პედაგოგები უნდა დაზარალდნენ. უბრალოდ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს – თურქეთს შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიულ პარტნიორობაზე აგებული ურთიერთობა, ათასობით ჩვენი თანამემამულე, რომლებიც თურქეთში ცხოვრობს და მუშაობს. ასევე სხვა ფაქტორები, რაც თურქეთ-საქართველოს აკავშირებს და ანგარიში უნდა გავუწიოთ იმას, რომ დღეს თურქეთის ხელისუფლება გიულენს ​ტეტორისტად მიიჩნევს, ხოლო მისი სკოლების დახურვას ან ტრანსფორმაციას მოითხოვს. თუ ამას ჩვენ ანგარიშს არ გავუწევთ, ამით საქართველოს ინტერესები არ მოიგებს”, – აცხადებს თურქოლოგი ზაზა წურწუმია.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი და “საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის” ერთი – ერთი დამფუძნებელი მაია მანჩხაშვილი მიიჩნევს, რომ განათლება არის ის სფერო, სადაც დიდი დაკვირვება, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა და ანალიზია საჭირო. ყველას, ვისაც ფული აქვს, არ უნდა მიეცეს საშუალება, ისეთი პატარა სახელმწიფოს განათლების სისტემაზე, როგორიც საქართველოა, ექსპერიმენტები ატაროს.

მისი აზრით, მაშინ, როდესაც თავად თურქეთის რესპუბლიკა არ ცნობს იგივე “შავი ზღვის უნივერსიტეტსა” და მის მსგავს სასწავლო დაწესებულებებს, როდესაც მეზობელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკამ დახურა ფ.გიულენის სახელთან დაკავშირებული ყველა სასწავლებელი და ერთ-ერთი დიდი უნივერსიტეტი ბაქოში – “კავკასიის უნივერსიტეტი”, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა უმჯობესია, კარგად დაფიქრდეს და სწორი არჩევანი გააკეთოს.

“ჩვენ თურქეთის ინტერესები კი არ უნდა დავიცვათ, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდეთ და სკოლები, რომლებშიც სწავლის პროცესისა და სასწავლო პროგრამის შინაარსის შესახებ ინფორმაცია არც ისე საჯაროა, სჯობს კარგად შეისწავლონ და ყველა საეჭვო კითხვას გაეცეს პასუხი”, – აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერი.

​მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრად უნდა გააკონტროლოს რა ტიპის სკოლები და უნივერსიტეტები იხსნება ქვეყანაში, რადგან მსგავსი არასწორი გადაწყვეტილებები, შესაძლოა ქვეყანას ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს და წლები დასჭირდეს ამ შედეგების აღმოფხვრას, ვინაიდან საქმე მომავალი თაობის მენტალიტეტთან, ფასეულობებსა და ღირებულებებთან გვაქვს.

“ქვეყანაში არ არის მკაფიო საგანმანათლებლო პოლიტიკა. პოლიტიკა, რომელიც თავის თავში ევროპულ სტანდარტებსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს გააერთიანებს. ხშირად მიწევს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში ვიზიტი და გეტყვით, რომ ძალიან სერიოზული რეფორმები გვაქვს გასატარებელი. მაგრამ, ყველა თავს არიდებს მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებას. ევროპულ სტანდარტებთან რეალურად დასაახლოებელი რეფორმები რომ დაიწყონ, საუნივერსიტეტო სივრცე მისი პერსონალის ძალიან დიდმა ნაწილმა უნდა დატოვოს. ეს კი არავის უნდა”, – აცხადებს მაია მანჩხაშვილი.

​რა ბედი ელის საქართველოში არსებულ თურქულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და გაგრძელდება თუ არა ამ სკოლების პოლიტიკური საფუძვლით დახურვისა და რეფორმირების პროცესი დრო გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური პოლიტიკის შენარჩუნების საფარქვეშ 20 წლის წინათ ჩადებულმა არასწორმა ინვესტიციამ, წლები შემდეგ იჩინა თავი და ვინ იცის, კიდევ როდის შეუქმნის სახელმწიფოს პრობლემას, განსხვავებული ფასეულობებისა და ღირებულებების მქონე თაობასთან ურთიერთობა.

შორენა პაპაშვილი