ზაფხულის პერიოდში, მაღალი ტემპერატურული პირობების, ლაშქრობისა და საპიკნიკე სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით იმატებს ტყეში ხანძრის წარმოშობის რისკებმა. ბოლო დღეებში საქართველოს რამდენიმე რეგიონში მაშტაბური ხანძარი გაჩნდა, რასაც ერთ შემთხვევაში 66 კილომეტრამდე ქარსაფარი ზოლის განადგურება მოჰყვა, მეორე შემთხვევაში კი, ერთ ჰექტარ ფართობამდე ნაძვნარი კორომი დაიწვა.

სტატისტიკური მონაცემებითა და ანგარიშებით ირკვევა, რომ ხანძრები დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ტყეებისათვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში ხანძრით თითქმის 4000ჰა ტყის ფართობი დაზიანდა და გამოვლინდა ხანძართან დაკავშირებული მასშტაბური კატასტროფის მაღალი რისკი.

ტყეში ხანძრის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა, შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების, ტყეში სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძრის ჩაქრობის საკითხებზე. ასევე, ტყის ხანძარსაშიშ უბნებსა და გზებზე ცეცხლთან ფრთხილი მოპყრობისა და სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე.

როგორც Dalma News-ს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ტყის ხანძრებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ ტყის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე გამოიწვიოს ხანძრების შემდგომი მეორადი ბუნებრივი კატასტროფები, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის წარმოშობის მხრივ, განსაკუთრებული რისკის მატარებელია წიწვოვანი კორომები. 2012 წელს ტყის ხანძრის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 199ჰა ტყის მასივი განადგურდა, 2013 წელს 35 ხანძრის შემთხვევამ – 88ჰა ფართობი მოიცვა. 2014 წელს ტყის ხანძრის 69 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 705,14ჰა ტყის მასივი დაზიანდა. 1ჰა დამწვარი ტყის აღდგენასა და მოვლას, ათწლეულები და დაახლოებით 30000 ლარზე მეტი სჭირდება.

ამ დღეებში კახეთის რეგიონში, შირაქის ველზე გაჩენილი ხანძრების გამო დაიწვა და განადგურდა ქარსაფარი ზოლების დიდი ნაწილი, როგორც ძველი, ასევე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაშენებული ნარგავები. ქარსაფარის აღდგენაზე გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობდა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში“ გერმანიის მთავრობისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით და 2013 წლიდან დღემდე 66 კილომატრიანი ქარსაფარი ზოლის აღდგენა მოხერხდა, მაგრამ აღდგენილი ქარსაფარების 90%-მდე ხანძრის გამო განადგურდა.

სამინისტროს ინფორმაციით, დამწვარია მრავალწლოვანი ხეები, ბუჩქები, გაადგურდა საბინადრო გარემო ცხოველებისათვის.

ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, ეს ყველაფერი აუცილებლად ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს მომავალი წლების მოსავალზე.

30 ივლისს, კიდევ ერთი ძლიერი ხანძარი მოხდა სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე, რომელმაც სოფელ დვირის მიმდებარედ 4-5ჰა ფართობიმოიცვა. შედეგად დაზიანდა ბუჩქნარი, მოზარდ-აღმონცენი და დაიწვა 1ჰა-მდე ნაძვნარი კორომი. ხანძარი ვერტმფრენებით ჩააქრეს. მომხდართან დაკავშირებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის, სამაშველო სამსახურისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების შემადგენლობით. მიმდინარეობს გამოძიება.