საქართველოში 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ელექტორატმა მეცხრე მოწვევის პარლამენტს უყარა კენჭი. არჩევნები შერეული წესით ჩატარდა. 150 დეპუტატიდან 77 პროპორციული სისტემით, ხოლო 73 – მაჟორიტარული ერთმანდატიანი ოლქის მიხედვით უნდა არჩეულიყო.

წინასაარჩევნო ინციდენტები და უბედური შემთხვევები

georgia3წინასაარჩევნო დღეებში ქვეყნის დედაქალაქში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ პროვოკაციების მოლოდინი სუფევდა. არჩევნებამდე ზუსტად 2 დღით ადრე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის გივი თარგამაძის ავტომობილი, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ და ხალხმრავალ ადგილას აფეთქდა. ავტომობილში მჯდარი თარგამაძე და მისი მძღოლი გადარჩნენ, მაგრამ დაშავდნენ შემთხვევით გამვლელი ადამიანები, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა, სხვებთან შედარებით მძიმე იყო. საბედნიეროდ ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა.

თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შემდეგ თითქმის ერთიანად აფეთქდა ქართული სოციალური ქსელი, სადაც ძირითადად განიხილებოდა ვერსია, რომ აფეთქება ან თავად თარგამაძემ მოაწყო, ან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით მოუწყეს, ისე, რომ გივიმ თავადაც არაფერი იცოდაო.

არჩევნების შესახებ და არა მხოლოდ

ასე, თუ ისე, ამ ფაქტს გაგრძელება არ მოჰყოლია და 8 ოქტომბერს არჩევნების დღე მშვიდად დაიწყო. საარჩევნო უბნებთან პირველი ამომრჩევლებიც გამოჩნდნენ. Dalma News-ის კითხვაზე, თუ რატომ ღებულობდნენ არჩევნებში მონაწილეობას და ვის აძლევდნენ ხმას, გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მათი მოქალაქეობრივი ვალია და რომ ხმას აძლევენ ქვეყნის უკეთეს მომავალს.

6882რომელ პოლიტიკურ ძალას მოიაზრებენ ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველმყოფელად, ეს საარჩევნო ყუთებში დატოვეს, საარჩევნო უბნიდან გამოსულთა თვალებში კი ნამდვილად იკითხებოდა რწმენა, რომ მათი არჩევანი არ გაყალბდება და ადრესატამდე მივა. რამდენიმემ ღიად განაცხადა თავისი პოლიტიკური პოზიცია, რომ არჩევნებზე ხმა მისცეს ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის საარჩევნო ბლოკ “პატრიოტთა ალიანსს” მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები იმსახურებენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას.

იყვნენ ისეთებიც, ვინც იმ დღეს საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე საათით გადადეს და სადედოფლო კაბებში გამოწყობილები საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და ცხოვრების არჩევანის დაფიქსირებამდე, პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირეს.

ინციდენტების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩატარებული არჩევნები ქართული სინამდვილისთვის ცოტა არ იყოს უცხოა. მით უმეტეს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, არჩევნების წინა დღეებში ხელისუფლება აქტიურად იტყობინებოდა.

233148381სამეგრელოს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი მოევლინა და ვითარების არევისა და საარჩევნო პროცესის ჩაშლის განსაკუთრებული მოლოდინებიც ქვეყნის რეგიონებში არსებობდა. და აი, სოფელ ჯიხაშკარში 79-ე საარჩევნო უბანში, დაუდგენელი პირები შეიჭრნენ, საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს და ბიულეტენები გადაყარეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ დანაშაული “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, რადგან მიხვდნენ, რომ ჯიხაშკარში არჩევნები წააგესო. თავის მხრივ კი პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, უკვე არჩევნების მეორე დღეს, ჯიხაშკარის საარჩევნო უბნებზე მომხდარი ინციდენტების გამოძიება მოითხოვა და განაცხადა, რომ არჩევნების დღეს მომხდარი მსგავსი ფაქტებით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები, რათა ყველა დანაშაულებრივი ფაქტი გამოძიონ.

bezymyannyy-risunok8 ოქტომბრის არჩევნების დღეს, მაღალი იყო დუღილის ტემპერატურა ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, კერძოდ, მარნეულში. სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ისროდნენ ქვებს, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, იყო საარჩევნო ყუთის გატაცების მცდელობა. მომხდართან დაკავშირებით, ადგილობრივ მედიაში, მთელი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდებოდა. პოლიტიკური პარტიები “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს ადანაშაულებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ნაციონალური მოძრაობისა” და ბლოკ “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მხარდამჭერები, საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველმა არ მისცეს. მოგვიანებით მათ პოლიციას ქვებიც კი დაუშინეს. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი. ვითარების დასარეგულირებლად ადგილზე სპეციალური დანაყოფის მობილიზება გახდა საჭირო.

Exit poll-ბის შედეგები და საქართველოს ცესკოს შედეგები

14606526_10153935067558365_6653379659003508835_nთბილისის დროით 20:00-ზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ორი სხვადასხვა Exit poll-ის შედეგები გამოქვეყნდა. ორივეს თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ქვეყნის მმართველმა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” გაიმარჯვა, თუმცა განსხვავებული უპირატესობით.

კერძოდ, ტელეკომპანიების – “იმედი”, “მაესტრო”, “GDS” და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარებული Exit poll-ის მონაცემებით, მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” ხმათა 53,8% მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“- 19,5%.

გარდა ამისა, 5%-იანი  ბარიერი გადალახა წინასაარჩევნო ბლოკმა “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”. ბლოკი შედგება ექვსი პარტიისგან: “პატრიოტთა ალიანსი”, “თავისუფალი საქართველო”, “ტრადიციონალისტები”, “თავისუფლება”, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” და “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აფილირებული ოპოზიციური ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით  კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული Еxit poll-ის შედეგებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ხმათა 39,9%-ით,  ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 32,7%-ით გავიდა.

ორივე კვლევაში, 5,7%-იანი შედეგით პარლამენტში პოლიტიკური ძალა “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” მოხვდა.

ეგზიტპოლების გამოქვეყნებას თან მოჰყვა უკმაყოფილოთა რეაქციები, განსაკუთრებით კი “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ პროცენტები შეეშალათ და მათთვის დასაწერი 19% “ნაციონალებს” დაუწერეს.

“ქართული ოცნების” წევრები კმაყოფილნი არიან და ამბობენ, რომ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა მათ მისცა, რაც მათ უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს. თუმცა, აქვე სწუხან მოსახლეობის იმ 27%-ის გამო, რომლებიც ისევ უჭერენ მხარს ძალადობრივ მოძრაობას.

არჩევნების ღამემ მშვიდად, ავტომობილების აფეთქებებისა და ქუჩის აქციების გარეშე ჩაიარა.

14520489_10153940521698365_109583805794645149_n ცესკო-ს 100% ხმების დათვლის შემდეგ პროპორციული სისტემით – 48,65%-ით ლიდერობს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, ხოლო 27,12%-ით მისი მთავარი ოპონენტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. მესამე პოლიტიკური ძალა, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში მოხვდა არის “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”, რომელმაც ამ მომენტისთვის ხმების 5,01% დააგროვა. დანარჩენმა პარტიამ აუცილებელი ბარიერი ვერ გადალახეს.

რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩევნებს, 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 23-ში მმართველი პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო 50 ოლქში მეორე  ტური დაინიშნა, რომელშიც ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რომლებმაც  ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს. კენჭისყრის შედეგები ოთხ საარჩევნო უბანზე  გაუქმდა. ცესკოს  ინფორმაციით, 22 ოქტომბერს განმეორებითი არჩევნები სწორედ ამ საარჩევნო უბნებზე ჩატარდება, ხოლო მეორე ტურის თარიღად 30 ოქტომბერი განისაზღვრა.

დამკვირვებლების შეფასებეი

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მონიტორინგს 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, 29 931 დამკვირვებლის დახმარებით ახორციელებდა. გარდა ამისა, საქართველოს ცესკომ 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლებიც 1440 დამკვირვებლის მეშვეობით ადევნებდნენ თვალს არჩევნების პროცესს. მათ შორის იყვნენ : ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ბიუროს მისიის 324 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები;  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 38 დეპუტატი და წარმომადგენელი; ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 28 წარმომადგენელი; ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 17 წარმომადგენელი; ევროპარლამენტის 13 წარმომადგენელი. გარდა ამისა, სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციებში, პოლიტიკურ პარტიებს 42 092 წარმომადგენელი ჰყავდათ.

დღის ბოლოს, საქართველოში ჩატარებული არჩევნები ეუთოს, ნატოსა და ევროკავშირის დამკვირვებლებმაც შეაფასეს.

“არჩევნები კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა,​ ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღო პლურალისტურ, მაგრამ, პოლარიზებულ მედიაგარემოში. ცესკოს მიმართ მაღალი ნდობა იყო. მაღალ შეფასებას ვაძლევ ჩატარებულ არჩევნებს, კამპანია იყო კონკურენტული. თუ აღმოჩნდა გაყალბების ფაქტები, მასზე გამოძიება უნდა წარიმართოს. ერთი ხმაც თუ არ იქნება დათვლილი ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება იმ მაღალი პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, რასაც საქართველოში ვხედავთ “, – განაცხადა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორი იგნასიო სანჩესმა.

NDI-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იანოშ ონიშკევიჩი წინასაარჩევნო პერიოდის ხარვეზად მიიჩნევს, იმას, რომ პარტიების წინასაარჩევნო რიტორიკა, უფრო მეტად ოპონენტების დისკრედიტაციაზე იყო მიმართული, ვიდრე პროგრამულ საკითხებზე.

“შემცირებულია არჩევნებისთვის საბიუჯეტო სახსრების არასათანადო გამოყენების შემთხვევები, რაც სავარაუდოდ ახალი რეგულაციების ამოქმედებით არის გამოწვეული, მათ შორის, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და სასჯელის გამკაცრება არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის. ასევე, პოლიტიკური პარტიების დაპირება, რომ საარჩევნო პერიოდში ძალადობას არ დაუშვებენ, თუმცა ზოგიერთი პარტიის კონკრეტული წარმომადგენლის რიტორიკა არ იყო შესაბამისი”, – განაცხადა NDI-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

P.S როგორი იქნება არჩევნების მეორე ტურის შედეგები და შეძლებს თუ არა მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, რომელიც ამ მომენტისთვის უკვე დაახლოებით 67 მანდატს ფლობს, კონსტიტუციური უმრავლესობის – 113 მანდატის მიღებას, დრო აჩვენებს…

გიორგი ქართველი, Dalma News-ისთვის