კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “კანის ლომების” (Cannes Lions) ახალგაზრდულ კონკურსში წელს, საქართველო ოთხ კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას. სარეკლამო სფეროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოვლენას ტექნოპარკმა, აპრილის დასაწყისში უმასპინძლა და საკონკურსოდ გუნდები შეარჩია. წინა შესარჩევი კონკურსი ოთხ კატეგორიაში ჩატარდა და სულ 232 ახალგაზრდა, 33 სარეკლამო სააგენტო და 44 კომპანია მონაწილეობდა. ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც ქართველებთან ერთად უცხოელი სპეციალისტები შედიოდნენ. ჟიურის დაკომპლექტების მთავარი პრინციპი, პროფესიონალიზმი იყო, რათა კონკურსანტებს მათ მიმართ მაღალი ნდობა ჰქონოდათ.

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული გუნდი ივნისში გაემგზავრება კანში და იქ უკვე საქართველოს სახელით იბრძოლებენ. გამგზავრების ხარჯს კი სააგენტო სრულად უზრუნველყოფს. პროექტის ხელშეწყობით საქართველო მსოფლიო რუკაზე გაჩნდება, როგორც იმ დიდი ივენთის მონაწილე, რასაც კრეატიული ინდუსტრია და თანამედროვე ტექნოლოგიები ჰქვია. რაც მთავარია ქართველ კრეატიულ და ნიჭიერ ადამიანებს, საშუალება მიეცემათ კანში საქართველოს სახელით იბრძოლონ, გაიცნონ მთელი მსოფლიოდან ჩასული, ამავე ინდუსტრიის წარმომადგენლები და მათი მისამართით ახალი დაკვეთები წამოვიდეს.

13081641_10206537403697117_1948150948_n.pngკანის ახალგაზრდული ფესტივალისთვის შესარჩევი ეტაპი 9 აპრილს, ბეჭდური რეკლამის-Print კატეგორიაში ლოკალური კონკურსით დაიწყო, რომელშიც სარეკლამო სააგენტოები, საერთო ჯამში 26 გუნდი მონაწილეობდა. დავალების მიხედვით, მათ უნდა შეექმნათ პოსტერი, რომელიც ქვეყნის შესახებ ცნობადობას და ინტერესს გაზრდის. ორკვირიანი მსჯელობის შემდეგ ჟიურიმ სამი საუკეთესო გუნდი გამოავლინა, რომელთაგანაც პირველი ადგილის მფლობელს, სააგენტო ABK–ს, ნინო ლაზარაშვილისა და რევაზ ყუფარაძის ნამუშევარს ერგო კანში გამგზავრების ბედნიერება. ეს გუნდი ივნისში კანში, საქართველოს სახელით გლობალურ შეჯიბრში იასპარეზებს.

მეორე დღეს, შესარჩევი ლოკალური კონკურსი გაიმართა ახალგაზრდა მარკეტერის – Young Marketer კატეგორიაში, რომელშიც საკუთარი ძალები, საქართველოში მოქმედი კომპანიების მარკეტერებმა მოსინჯეს. საერთო ჯამში 41 გუნდი დარეგისტრირდა. დამკვეთი საქველმოქმედო ორგანიზაცია Happy Life იყო, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევა.

სარეკლამო სააგენტოსთვის გუნდებს უნდა მოემზადებინათ საკომუნიკაციო კამპანიის, მინიმუმ ორგვერდიანი ბრიფი და ათგვერდიანი პრეზენტაცია, რომელიც ნათლად შეესატყვისება ორგანიზაციის საქველმოქმედო მიზნებსა და ბრენდის კონცეფციას. პირველ ეტაპზე გამოვლინდა კონკურსის TOP-ათეული. საუკეთესო გუნდებმა პრეზენტაცია ჟიურის პირისპირ ჩაატარეს, სადაც დამატებითი ქულები მიიღეს. მათ შორის 214 ქულით პირველ ადგილზე “საქართველოს ბანკის” გუნდი, ანა მარკოზაშვილი და ნინო უნგიაძე გავიდნენ.

16 აპრილს, კანის ახალგაზრდული ფესტივალისთვის შესარჩევი ლოკალური კონკურსი დიზაინის–Design კატეგორიაში გაიმართა. მონაწილე სარეკლამო სააგენტოების 19 გუნდიდან, კონკურსს, საწყის ეტაპზევე გამოეთიშა 3 გუნდი. დამკვეთი იყო The Onkolo–ფინეთში არსებული მიწისქვეშა საცავი, რომელიც ბირთვული და რადიაციული ნაგვის შესანახად შენდება. პროექტი 2100 წელს უნდა დასრულდეს, საცავი სამუდამოდ უნდა დაიხუროს და არასოდეს გაიხსნას, მისი გახსნა ნიშნავს რადიაციის გავრცელებას და დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის დაღუპვას. მონაწილეებს უნდა შეექმნათ ლოგო და მისი სამი განვითარება, რომელიც მომავალ თაობებს დაუკარგავს აღმოჩენილი ტერიტორიის გათხრის, ან გახსნის სურვილს. ამ კონკურსშიც უპირატესობა წილად ხვდა სააგენტო ABK–ს წარმომადგენლების, მიხეილ თოდუასა და სანდრო ლალიაშვილის ნამუშევარს.

12166569_10206537403737118_920901994_n.png

და ბოლოს, ლოკალური კონკურსი გაიმართა კატეგორიაში ციფრული კამპანიის დაგეგმვა–Cyber, რომელში მონაწილე 20 გუნდს უნდა დაეგეგმათ კამპანია, საქართველოში ფოტოტურისტების მოსაწვევად.

Cannes Lions-ის ახალგაზრდულ კონკურსში ქვედა ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, ხოლო ზედა 30-31 წელია. წელს კი კონკურსში ძირითადად 20-25 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კანის ფესტივალი უკვე 62 წელია არსებობს და საქართველო მასში უკვე მეორედ მონაწილეობს.

“მნიშვნელოვანია, მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ასეთ დიდ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენთან კრეატიული, საინტერესო და ინოვაციური ადამიანები ცხოვრობენ. მუშაობენ სტუდიები, ვითარდება კრეატიული ინდუსტრია და ჩვენ ვართ ბაზარი მთელი მსოფლიოსთვის”, – აცხადებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე.

თბილისის ტექნოპარკის პირველი ნაბიჯები

ხუთ მილიონიანი რევოლუციური პროექტი, მაღალტექნოლოგიური განვითარების ცენტრი ინოვაციური სტარტაპებისთვის, საქართველოში 2016 წლის იანვარში გაიხსნა. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და პროექტი მომავლის ინვესტიციად შეაფასა.

“ეს პირდაპირი ინვესტიციაა საქართველოს მომავალში. ესაა სივრცე, სადაც სრულდება თანამშრომლობა სამ ძირითად მიმართულებას შორის: აკადემია- სამეცნიერო მიმართულება, ეკონომიკა- ქვეყნის სამეწარმეო წრეები, მთავრობა- შესაბამისი სამთავრობო უწყებებით”, – განაცხადა მან.

ტექნოპარკის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს საშუალება შექმნან ინოვაციური გამოგონებების საცდელი ნიმუშები, ამისთვის კი ინფრასტრუქტურა საძებნი არ ჰქონდეთ. არსებობის მცირე ხნის განმავლობაში ცენტრმა ბევრ საინტერესო ლექციას და პროექტს უმასპინძლა. ერთ-ერთი მათგანია საერთაშორისო კონფერენცია “ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისთვის”, რომელიც ბიზნეს გაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა” და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ინიციატივით ჩატარდა და 100-ზე მეტი ბიზნეს კომპანია, 10-მდე სექტორული გაერთიანება, ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა და მოხსენებითაც გამოვიდა. მან ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ოთხპუნქტიანი სამთავრობო გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება. მათ შორის, ბიზნესის ხელშეწყობისა და შრომით ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნის მიმართულებებზე; მეწარმეობის ხელშემწყობ სამთავრობო პროგრამაზე “აწარმოე საქართველოში” და მის ქვეკომპონენტებზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, “აწარმოე საქართველოში” ის პროექტი იყო, რომელმაც ადგილობრივ მეწარმეებს მისცა შესაძლებლობა კომერციული ბანკებიდან სესხი 1-3% აეღოთ. გარდა ამისა, სახელმწიფო გახდა თანაუზრუნველმყოფელი კომერციული ბანკებიდან სესხის აღების დროს.

კონფერენციაზე ისაუბარეს იმ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელმაც 300-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მოიცვა, სამი ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი გამოვლინდა: ქვეყანაში მარეგულირებელი ჩარჩო და სამართლიანი კონკურენცია; ფინანსურ რესურსებზე წვდომა და განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობა.

ადგილობრივი პროექტები გასაგებია, მაგრამ რატომ გადაწყვიტა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ “კანის ლომებში” მონაწილეობა, ცხადია მსოფლიოში მხოლოდ საქართველოს ცნობადობის ამაღლების გამო არა.

საინტერესოა რა სარგებელს მიიღებს საქართველო Cannes Lions- ში მონაწილეობით?

13077116_10206537403617115_681515600_nროგორც ტექნოპარკის ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე აცხადებს, საქართველოს სურს დაამტკიცოს, რომ აქაც არსებობენ სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ მთელი რიგ თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხონ და გარკვეული კამპანიების საზღვარგარეთის ქვეყნებში დაკვეთის აუცილებლობა აღარ არსებობს. საქართველოშიც არსებობს საამისო პოტენციალი და ამის დამტკიცებაც შეუძლიათ.

ალბათ, ამიტომაც, “კანის ლომზე” გასაგზავნი ჯგუფების შესარჩევი კონკურსი, მეტად მაღალ დონეზე და განსაკუთრებული სიდინჯით წარიმართა. ტექნოპარკის მესვეურები იქიდან “ლომის” ჩამოტანას ელიან, რადგან შარშან ჯგუფმა “ლივინგსტონმა” ბრინჯაოს ლომი ჩამოგვიტანა.

“ჩვენთან კრეატიული ინდუსტრია უკვე იმ დონეზეა, რომ შეგვიძლია ამ რუკაზე გავჩნდეთ, როგორც სრულფასოვანი წევრი”, – მიაჩნია ქაშიბაძეს.

შეიძლება ითქვას, საქართველოში ინოვაციური სფერო სიახლეა და აქამდე ის, სახელმწიფო მზრუნველობის დონეზე არ ყოფილა აყვანილი, შესაბამისად ბევრ პროექტს საზოგადოება არც ი იცნობს.

“მნიშვნელოვანია საზოგადოებას გავაცნოთ ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციები და საერთოდ რა არის ტექნოპარკი. ავამაღლოთ მათი ცნობადობა ზოგადად მომავლის თემების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები დაინტერესდნენ, შესაძლებლობა მიეცეთ, რომ ჩაერთნონ ასეთ პროექტებში. ჩვენ ამაში მარტო არ ვართ. ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი შრომობს ამისთვის. სტარტაპებისთვის დახმარების გაწევა იქნება ეს, თუ გამომგონებელთა ინოვაციური იდეების ხელშეწყობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ მათ გვერდით”, – აცხადებს ირაკლი ქაშიბაძე.

თბილისის ტექნოპარკში ბევრი საინეტერსო გამოგონება აქვთ. მაგალითად, ერთ-ერთი სტარტაპი “თამაშობანა”. ეს არის ქართული თამაშების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2015 წელს შეიქმნა და მომხმარებელს სთავაზობს საგანმანათლებლო და გასართობ თამაშებს ბავშვებისა და დიდებისთვის. “თამაშობანას” მიზანია, ბავშვებს ის თამაშები ასწავლოს, რომელსაც ჩვენი წინა თაობები თამაშობდნენ. ის აერთიანებს ბავშვებს, ასწავლის წესის და რიგის დაცვას, უწრთობს ნებისყოფას და ხასიათს, უყალიბებს სიმტკიცეს, სიძნელეთა და დაბრკოლებების გადალახვის უნარს, ავარჯიშებს, ამხიარულებს და აბედნიერებს. ამ ჯგუფს ტექნოპარკი ბიზნესის განვითარებისა და ჩამოყალიბების უნიკალურ შანსს აძლევს.

არიან კიდევ სტარტაპ ბიზნესის გუნდის წევრები, რომლებიც ბზისგან ორიგინალურ მაჯის საათებს აკეთებენ. ტექნოპარკის ბიზნეს ინკუბატორის დახმარებით, მათი საათები მალე, საქართველოში დამზადებული, ერთ-ერთი ღირებული და მიმზიდველი პროდუქტი იქნება, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს გასცდეს ქვეყნის საზღვრებს. გუნდის წევრები სხვა ახალგაზრდებსაც მოუწოდებენ, თავიანთი იდეები მიაწოდონ და წარმატებულ ბიზნესად აქციონ.

უსაფრთხო ქალაქი ბაშვებისთვის
უსაფრთხო ქალაქი ბაშვებისთვის

20 აპრილს ტექნოპარკში იდეების ჰაკათონმა აიღო სტარტი. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს, უსაფრთხო ქალაქის განხორციელებისათვის ინოვაციური იდეებისა და პროექტების შემუშავებას.

ღონისძიებამ სამ საათს გასტანა და ამ დროში მოახერხა ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კრეატიული ინდუსტრიებისა და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენელი ადამიანების გაერთიანება იმისთვის, რომ ჯგუფური მუშაობის საფუძველზე ინოვაციური იდეები შეემუშავებინათ, თუ როგორ მივაწოდოთ ბავშვებს საჭირო ინფორმაცია სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებში რეაგირების შესახებ.

უსაფრთხო ქალაქი არის სიმულაციური სასწავლო ცენტრი ბავშვებისა და მოზარდებისთვის, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით და სიტუაციების იმიტირებით, ინსტრუქტორები ბავშვებს ასწავლიან თუ რა არის სამოქალაქო უსაფრთხოება, როგორ უნდა იმოქმედონ საგანგებო ვითარებების, მაგალითად ხანძრის, ზვავის ან მეწყერის დროს. რა კომპონენტებისგან შედგება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, რა არის პირველადი სამედიცინო დახმარება, უსაფრთხოების რა ზომები უნდა დაიცვან ტურისტულ მარშრუტებზე. ასევე, შეასწავლიან, რომ ოჯახში ძალადობა დაუშვებელია, გაეცნობიან ეკოლოგიის ასპექტებს, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას და სხვა.

ეს იქნება მინი-ქალაქი, სადაც სხვადასხვა პავილიონებში განთავსდება თემატური თვალსაჩინოებები, სიმულატორები და პრეზენტაციები. მინი-ქალაქი, სადაც შენობები, ქუჩები, საგზაო მოძრაობის ნიშნები, ავტომობილები და სხვა ინვენტარი განთავსდება. სიმულაციური სასწავლო ცენტრის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის კი მნიშვნელოვანია პროექტში საზოგადოების მაღალი ჩართულობა.

ტექნოპარკი ნორჩ გამომგონებლებზეც ზრუნავს…

საზოგადოების მაღალი ინტერესი ნამდვილად არ აკლდა, თბილისში გამართულ ინოვაციების, კულტურისა და ნორჩ გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა IYIPO 2016-ს, რომელიც თბილისი მოლში 23 აპრილს გაიხსნა და ერთ თვეს გასტანა. მასში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეებს, რომელსაც უკვე აქვთ საკუთარი გამოგონება და თავიანთ სამშობლოში გამარჯვება მოიპოვეს. რესპუბლიკური ტურნირი მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

ოლიმპიადა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით და ფონდ “GV”-ის ორგანიზებით იმართება და მასში 30-ზე მეტი ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. თითოეული გუნდი დამთვალიერებლებს მეცნიერული ნაშრომის გარდა, საკუთარი ქვეყნის პრომო სტენდს აცნობს. ღონისძიების გახსნის საზეიმო ცერემონიალს თბილისის მერი დავით ნარმანია და ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.

“ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავეცნოთ იმ გამოგონებებს და კვლევებს, ასევე, სამეცნიერო ნაშრომებს, რაზედაც მუშაობენ ახალგაზრდები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ბევრი მათგანი გახდება წარმატებული მეცნიერი, წარმატებული გამომგონებელი, მათ მიერ შექმნილ ინოვაციებს მსოფლიო გაიცნობს. მოხარული ვარ, რომ ეს გამოგონებები პირველად, სწორედ თბილისში მიაღწევს საერთაშორისო წარმატებას. პროფესორებისა და მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჟიური პირველად მათ აღმოჩენებს სწორედ აქ შეაფასებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ოლიმპიადის განმავლობაში ჟიურისთან ერთად დამთვალიერებელებსაც ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ თითოეული ქვეყნის კუთხეს, მათ კულტურას და ეგულშემატკივრათ ფავორიტი გუნდებისთვის. ოლიმპიადის მიზანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაეხმაროს ახალგაზრდებს, რომ საკუთარი ინოვაციური გამოგონებები ფართო წრეებს გააცნონ. ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა (International Young Inventors Project Olympiad – IYIPO) ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, საქართველოს ინოვაციების სააგენტოს მთელი ყურადღება, ამ ეტაპზე კანისკენ არის მიმართული. ჩვენც მოუთმენლად ველით ზაფხულის პირველი თვის დადგომას და “კანის ლომს” რომელიც ახალგაზრდა თაობის განათლებაზე ზრუნვის, კიდევ ერთი საფუძველი იქნება, რადგან თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნები ახალ ენერგიასა და ძირეულ გააზრებას საჭიროებს. ამას კი მყარი საბაზისო განათლება და სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება. საქართველოს კი ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია, მთავარია მთავრობებმა განსაზღვრონ პრიორიტეტები სწორად და არ დაუშვან ქვეყნიდან ნიჭიერი თაობის მასობრივი გადინება, უპერსპექტივობის გამო. ხალხის ჯიბიდან ჩადებული ინვესტიცია, ვირტუალურ სივრცეში არ უნდა განიბნეს და სწორი მიმართულებით დაუბრუნდეს ქვეყანას უკან.

შორენა პაპაშვილი Dalma News-თვის