საქართველოს საზღვრიდან 102 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:49 საათზე დაფიქსირდა. ბიძგები საქართველოს რეგიონების გარდა, დედაქალაქშიც იგრძნობოდა. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

მიწისძვრის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარეც ადასტურებს, სადაც ეპიცენტრი შეკის რაიონი იყო.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა Day.Az-ი ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იტყობინება, შეკის რეგიონში რამდენიმე სახლის კედლები დაიბრაზა. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არც აზერბაიჯანში მოჰყოლია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დილიდან კიდევ რამდენიმე მიწისქვეშა ბიძგი იგრძნობოდა, რომელიც ადგილობრივი დროით 09:51 საათზე სხვადასხვა რაიონების მცხოვრებლებმა იგრძნეს. ადგილობრივი სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრში 7 ბალიანი ბიძგები იყო, ხოლო მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში – 4 ბალამდე. მიწისძვრის ეპიცენტრი 13 კმ-ის სიღრმეში იყო.