რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი (რსკ) მთიან ყარაბაღში, ბლოკადაში მოხვედრილ სომეხ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფს. მოგეხსენებათ, შარშან, წლის ბოლოდან ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთს “არცახთან” (მთიანი ყარაბაღი) აკავშირებს, აზერბაიჯანელმა “ეკოაქტივისტებმა” გადაკეტეს.

მიმდინარე წლის იანვრიდან რუსი სამშვიდობოები სომეხ მოსახლეობას სიცოცხლისთვის აუცილებელ საკვებს და ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიან. 17 იანვარს სამშვიდობოები მარტუნის რაიონში გაემგზავრნენ, სადაც სომხურ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Hayer Miatsek-თან ერთად ჰუმანიტარული აქცია გამართეს. მიზნობრივი დახმარება მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა 237 ოჯახმა მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ, 21 იანვარს, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეებმა იმავე ორგანიზაციასთან ერთად სტეფანაკერტის ბავშვებისთვის ჰუმანიტარული აქცია გამართეს. „ბავშვებს საკვებით სავსე პაკეტები გადაეცათ. სადაც ჩვენ ვართ, იქ მშვიდობაა!“ – ნათქვამია Peaceeeper Telegram არხზე.

ცხადია, დაახლოებით 240 ოჯახის დახმარება ზღვაში წვეთია. ბოლო 55 დღის განმავლობაში სრული იზოლაციის პირობებში 120 ათასი ადამიანი, მათ შორის 30,000 ბავშვი, 20,000 მოხუცი და 9,000 შშმ პირი, რეალური შიმშილის საფრთხის წინაშე რჩება! მიუხედავად ამისა, ყარაბაღში ეს პატარა „ამანათებიც“ ძალიან გაუხარდათ. პროდუქციის გადაცემის ამსახველ ფოტოებში აღფრთოვანებული ბავშვები ჩანან, რომლებმაც დიდი ხნის ნანატრი მანდარინი იგემეს, რაც ჩვეულებრივ საახალწლო სუფრაზე უნდა ჰქონოდათ. თუმცა, რა მანდარინებზეა საუბარი, როცა ადამიანებს ელემენტარული საკვები პროდუქტები არ აქვთ!

საკვების მწვავე დეფიციტის გამო, იანვრის შუა რიცხვებისთვის დაიხურა: 41 საბავშვო ბაღი, 56 სკოლამდელი აღზრდის ჯგუფი, 20 სკოლის გახანგრძლივებული ჯგუფი. სულ 6 828 (!) ბავშვს ჩამოერთვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და გახანგრძლივებულ ჯგუფებში სწავლის საშუალება. ცხადია, ასეთ ვითარებაში დღეს, “არცახის” მოსახლეობისთვის ნებისმიერი დახმარება ძვირფასია.

საბედნიეროდ, რუსული სამშვიდობო კონტინგენტის საზოგადოებრივ მიმღებში მზად არიან ხალხის დასახმარებლად, როგორც სიტყვით, ისე საქმით. იქ ყოფითი პრობლემებით ხშირად მიმართავს ხალხი, არა მხოლოდ “არცახის” მკვიდრნი, არამედ ბლოკადაში აღმოჩენილი სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. სტეფანაკერტში განლაგებული საზოგადოებრივი მიმღების წარმომადგენლებისგან თითოეული საჭირო დახმარებას და კვალიფიციურ რჩევებს იღებს.

შედეგად, უკვე 17 იანვარს, რუსეთის 60-ზე მეტი მოქალაქე, რომლებიც მთიან ყარაბაღში ნათესავებს სტუმრობდნენ, თავიანთ ოჯახებს რუსეთში უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ.17 იანვარს, მოზარდები, რომლებიც ერევანში გამართულ საბავშვო ევროვიზიაში მონაწილეობდნენ, შექმნილი ვითარების უნებლიე მძევლები გახდნენ.

რა თქმა უნდა, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი ლაჩინის დერეფნის ბლოკადის საკითხის გადაჭრას არა მხოლოდ „მიზანმიმართული“ ჰუმანიტარული დახმარების გაწევით ცდილობს, არამედ გლობალური გადაწყვეტის ძიებითაც. რუსი სამშვიდობოების სარდლობა აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებთან სტეფანაკერტი-გორისის გზის გასწვრივ საავტომობილო ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს, – ამის შესახებ საუბარის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 24 იანვრიდან სამშვიდობო კონტინგენტის საქმიანობაზე.

იმავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ გორის-სტეფანაკერტის მარშრუტზე რსკ-მა ჰუმანიტარული ტვირთის ერთი საავტომობილო კოლონა გააცილა. მეორე, ანალოგიური შემთხვევა 25 იანვარს მოხდა, როდესაც ჰუმანიტარული ტვირთის კიდევ ორი კოლონა დანიშნულების ადგილამდე წარმატებით მივიდა. „ერთი გორის-სტეფანაკერტის მარშრუტს გაჰყვა, მეორე ერებუნი-სტეფანაკერტის მარშრუტს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რსკ-ის წარმომადგენლებს არც მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებაზე ზრუნვა ავიწყდებათ. როგორც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 28 იანვრის საინფორმაციო ბიულეტენიდან ვიგებთ: პატრულირება 4 მარშრუტზე: მარტაკერტის ორ, მარტუნინის რაიონის და ლაჩინის დერეფნის მარშრუტებზე განხორციელდა. რუსეთის ფედერაციის სამხედროები ასევე აკვირდებიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ოცდაათ სადამკვირვებლო პუნქტზე, სადაც არსებული ვითარების მონიტორინგი მიმდინარეობს, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. რსკ-ის საინჟინრო ჯგუფები, თავის მხრივ, რთულ მისიას – განაღმვით სამუშაოებს განაგრძობენ.

28 იანვრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 0,4 ჰა ტერიტორია გაიწმინდა. 2020 წლის 23 ნოემბრიდან მოყოლებული, აუფეთქებელი ნაღმებისა და ჭურვებისგან სულ 2505,5 ჰექტარი ტერიტორია, 689,5 კმ გზა, 1940 შენობა გასუფთავდა; აღმოჩენილი და განაღმულია 26762 (!) ასაფეთქებელი ობიექტი.

ერთი სიტყვით, სამუშაოები რეგულარულად, სერიოზულად და უსაფრთხოდ ტარდება. მიუხედავად ამისა, სამშვიდობოების მიმართ კრიტიკა ხშირად ისმის. აღნიშნულთან დაკავშირებით “არცახის” სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა ისაუბრა. 12 იანვარს ტელეკონფერენციაზე – „არცახი: ბლოკადის თვე“, ვარდანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ასეთ ვითარებაში სამშვიდობოების კრიტიკა შეწყვიტეთ!“ მისივე თქმით, რუს სამშვიდობოებს ძალზედ შეზღუდული მანდატი აქვთ.

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა რუსმა სამშვიდობოებმა იგრძნონ, რომ აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და იცოდნენ, რომ მათ მხარეს ვართ. შეწყვიტეთ ამ ვითარებაში რუსული მხარის წინააღმდეგ ლაპარაკი… რუსი სამშვიდობოები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით…“, – დასძინა “არცახის” სახელმწიფო მინისტრმა.

ორი დღით ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთს არ შეუძლია მთიან ყარაბაღში რუს სამშვიდობოებს მანდატი არ გაუგრძელოს. მან ასევე რუსეთსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობებისადმი ნდობაზე ისაუბრა. „ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი სანდო“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

გასული წლის დასასრულს რსკ-ის განლაგების ზონაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. მისი თქმით, რუსი სამშვიდობოების მუშაობა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. კიდევ უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები ლაჩინის დერეფანში ვითარების მოსაგვარებლად უწყვეტად მუშაობენ.

იმედია, მალე დადგება ის დრო, როდესაც ლაჩინის დერეფანში ვითარება საბოლოოდ დალაგდება. მანამდე კი ყარაბაღში ცხოვრება დღითი დღე რთულდება.

  1. S. ასობით აზერბაიჯანელმა, რომლებიც საკუთარ თავს „ეკოაქტივისტებს“ უწოდებენ, 2022 წლის 12 დეკემბერს დილით, ლაჩინის დერეფანი გადაკეტეს, შედეგად “არცახი” ტოტალურ ბლოკადაში აღმოჩნდა. აზერბაიჯანმა “არცახს”, რამდენიმე დღით გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რის გამოც რესპუბლიკაში საწვავის დაზოგვის სპეციალური რეჟიმი შემოიღეს. “არცახის” სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ რესპუბლიკას გაზმომარაგება აღუდგა. თუმცა, 10 იანვარს, “არცახში”, გორის-სტეფანაკერტის ელექტროსადენზე მომხდარი ავარიის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება პერიოდულად ფერხდება. მას შემდეგ, “არცახის” გაზმომარაგებაც პერიოდულად წყდება. 25 იანვრიდან ადგილობრივებს ელექტროენერგია 6-საათიანი შეფერხებით მიეწოდებათ. უკვე რამდენიმე დღეა, “არცახის” მოსახლეობა არაერთ საკვებ- პროდუქტს კუპონებით იღებს. თითქმის ისე, როგორც შიმშილისა და სიცივის 90-იან წლებში…

ირინა გრიგორიანი