თურქეთ-სირიის საზღვართან თურქული “F-16”-ის მიერ რუსული “სუ-24“-ის ჩამოგდების გამო, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების დაძაბვას საქართველოში გულგრილად ვერ ადევნებენ თვალს. საქართველოს ხელისუფლება ერთგვარად გარინდულა და სიფრთხილით ელის, რა იქნება შემდგომ? დანარჩენ მსოფლიოში კი გააქტიურდა საუბრები მესამე მსოფლიოს ომის საშიშროებასა და ახალ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაზე.

მოსკოვმა და ანკარამ მუქარის შემცველი განცხადებები გაცვალეს; რუსულმა ტურისტულმა ოპერატორებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების გაცემა შეწყვიტეს.

თურქეთის საელჩოსთან მისულმა რუსეთის მოქალაქეებმა, პროტესტის ნიშნად შენობას კვერცხები დაუშინეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მომხდარი “ზურგში დანის ჩარტყმად” შეაფასა და თურქეთის ხელისუფლება ქვეყნის შიგნით რადიკალური ისლამის მიზანმიმართულ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი, რუსული “სუ-24”-ის ჩამოგდებას წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა, თუმცა დანარჩენი მსოფლიოს დასამშვიდებლად დასძინა, რომ რუსეთი თურქეთთან ურთიერთობას გადახედავს, მაგრამ მასთან ბრძოლას არ აპირებსო.

რუსეთი თურქეთისგან ბოდიშის მოხდას ელის, თუმცა თურქეთი ამის გაკეთებას არ აპირებს და თურქეთის თვითმფრინავზე თავდასხმის შემთხვევაში, ანკარა საპასუხო ზომებით იმუქრება. თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან თურქულ თვითმფრინავებზე თავდასხმას მათი სუვერენიტეტის წინააღმდეგ აგრესიად შეაფასებს და დაიცავს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ ვითარება ელვის სისწრაფით იცვლება. თურქული მედიის ინფორმაციით, რუსეთთან ურთიერთობების გართულების შემდეგ, თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ფრენები შეწყვიტა, სანაცვლოდ კი, რუსული სამხედრო თვითმფრინავები თურქეთ-სირიის საზღვარს აღარ მიუახლოვდებიან.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებას ელის, რომელიც ადვილი შესაძლებელია სამხედრო დაპირპისრებაში გადაიზარდოს, რაც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ აღმოსავლეთზე, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონზე.

“რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ძირითადი ეპიცენტრი ყოველთვის იყო კავკასია. ბუნებრივია რუსეთი გაატარებს საპასუხო ღონისძიებას. მისი “ეს-400″-ის მოქმედების არეალი დაახლოებით 600 კმ-ია. მას შეუძლია სირიის ტერიტორიიდან, სადაც რუსეთის შეიარაღებული დაჯგუფება ოპერირებს, რადიო-სალოკაციო სისტემა გააკონტროლოს და 30 კმ-ის სიმაღლეზე ნებისმიერი თვითმფრინავი ჩამოაგდოს. უფრო მეტიც, შეუძლია თურქეთის ტერიტორიის შიგნითაც მიწვდეს მათ. თურქეთის ხელისუფლებაც დაბნეულია. ვითარება ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს. რუსეთი უკვე ღიად აცხადებს,რომ ჩამოაგდებს თურქულ თვითმფრინავებს”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ორ დიდ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამწვავების შემთხვევაში, ბუნებრივია საქართველო სახარბიელო მდგომრეობაში არ აღმოჩნდება. მოვლენების განვითარების ყველაზე უარესი სურათი ვახტანგ მაისაია შეფასებით ასეთია:

“რუსეთს სამხრეთ კავკასიაში აქვს გიუმრის სამხედრო ბაზა. თურქეთსა და სომხეთს შორი დაძაბული ურთიერთობაა. თურქეთს დაახლოებით 200 ათასიანი კონტიგენტი ჰყავს სამხრეთ კავკასიის საზღვრებთან, მეორე და მესამე საველე შენაერთების სახით. ბოლოსდაბოლოს 9-ე საარმიო კორპუსი, რომელიც სწორედ სომხეთის მიმართულებით არის მიბჯენილი, ასევე მნიშვნელოვანი საბრძოლო შენაერთია თურქეთის შეიარაღებულ ძალებში. თურქეთს ასევე შეუძლია გადაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტე და რუსეთს ფაქტობრივად ჩაუკეტოს გასასვლელი ხმელთაშუა ზღვისპირეთისკენ. ამით კი სამხედრო ტრანზიტი შეუძლებელი გახდება. მაშინ, რუსეთი შეეცდება გამოიყენოს საქართველოს საჰაერო სივრცე და აქედან მოამარაგოს სირიული დაჯგუფება. არ არის გამორიცხული სახმელეთო დერეფანიც მოითხოვოს. ესეც შეიძლება საქართველოსთვის ერთგვარი გამოწვევა იყოს”, – მიაჩნია სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ქვეყნის ხელისუფლებაში რუსეთს სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად განიხილავენ და ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამენ. მეორეს მხრივ არის თურქეთი, რომელიც საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ამდენად რუსეთის სამხედრო ტრანზირტის გამო საქართველოს შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადურიც ადასტურებს და აცხადებს, რომ რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობა უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, თუმცა იმედოვნებს, რომ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია თავიდან იქნება აცილებული.

“დაძაბულობა ეკონომიკის განვითარებას სულაც არ უწყობს ხელს, არც ჩვენი და არც იმ ქვეყნების, რომლებიც ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან”, – აცხადებს ხადური.

ქართველი ექსპერტების აზრით, საქართველოს ხელისუფლება ლოდინის რეჟიმს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს და ადრე თუ გვიან მოუწევთ პოზიცია გამოხატოს. ჯერჯერობით ხელისუფლების წარმომადგენლები ზომიერ შეფასებებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ მოვლენების განვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალს.

ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს მიაჩნია, რომ რუსეთ-თურქეთის დღევანდელ მდგომარეობას ძალიან მძიმე და კრიტიკულია, რამაც მთელი მსოფლიო შეაშფოთა და ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მანანა კობახიძის განცხადებით, რუსეთისა და თურქეთის კონლფიქტში საქართველოს ხელისუფლებამ მოზომილი ნაბიჯები უნდა გადადგას. მნიშვნელოვანია გაიაზროს მოსალოდნელი საფრთხეები და ყველა ძალოვანი უწყება იყოს მობილიზებული, რათა დროული პრევენცია მოხდეს და თუ ვინმე რამეს გეგმავს ქვეყნის საზიანოდ.

“ჩვენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები კოორდინირებულად მუშაობენ. იმედი მაქვს ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, დამატებითი საფრთხეების წინაშე არ დადგება. მოზომილი ნაბიჯები და ჭკვიანი გადაწყვეტილებებია საიჭრო”, – მიაჩნია კობახიძეს.

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გამო შეშფოთებას ვერ მალავს რუსეთთან ურთიერთობის საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რეგიონში სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბრობს. მისი თქმით, მცირე ელემენტები უკვე საქართველომაც იგრძენო, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ. პრობლემები აქვს ეროვნულ ვალუტა ლარს.

“ისტორიული გამოცდილება ასეთია, განსაკუთრებით დიდი მსოფლიო ომების დაწყებისას, ესკალაცია პატარა რაღაციდან იწყება, შემდეგ სადღაც ისვრიან. თვითმფრინავის ჩამოგდება ძალიან სერიოზული ამბავია, მაგრამ ვფიქრობ, ეს სიტუაცია აუცილებლად განიმუხტება, რადგან ობიექტურად არავის ინტერესშია, რომ კონფლიქტი გაღრმავდეს. ამის ელემენტები უკვე შეინიშნება. მოსკოვიდანაც და ანკარადანაც პატარ–პატარა სიგნალები მოდის”, – განაცხადა აბაშიძემ.

ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების ომში გადაზრდას გამორიცხავს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც.

“კონფლიქტის გაღრმავების ნიშნებს ყოველდღე ვხედავთ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში თურქულ მანქანებს უკვე აღარ ატარებენ, უახლოეს ხანში ველოდები, რომ რუსულ გემებს აღარ გაატარებენ ბოსფორში და დარდანელში. საერთაშორისო დოკუმენტის მიხედვით, თურქეთს აქვს უფლება, სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყნის ხომალდი დაბლოკოს. იქნება მომხრეებზე თავდასხმები, რუსეთმა თურქმენებით დასახლებულ სირიის პროვინციაზე საავიაციო დარტყმები უკვე დაიწყო. არ არის გამორიცხული, რომ იგივე ქმედება თურქეთმა რუსეთის მომხრე ქურთების მიმართ განახორციელონ,” – აცხადებს არეშიძე.

რაც შეეხება მსოფლიო ლიდერების მხრიდან თურქეთის ერთპიროვნულ მხარდაჭერას, არეშიძის განცხადებით, ასეთი ტიპის განცხადებები, ხშირად “მხოლოდ განცხადებისთვის” კეთდება. თურქეთი ნატო-ს წევრია და ნატოს გარკვეული პუნქტი ამ შემთხვევაში მოქმედებს, თუმცა, როგორც ქართველი ექსპერტები ვარაუდობენ, მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ლიდერი, თურქეთის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას მხარს არ დაუჭერს.

შორენა პაპაშვილი