საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ 2015 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში გახსნა, რომელიც სასტუმრო “ალაზნის ველში” განთავსდა და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. შტაბის წარმომადგენლობა  გურჯაანის რაიონშიც იფუნქციონირებს.ამოქმედდება სოფლის ცხელი ხაზი 2 47 01 01; ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვებით ერთიან ელექტრონული ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში შეეძლება.

“რთველი 2015”-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი შიოლაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც Dalma News-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, აგვისტოში მომხდარი სტიქიით მიყენებული ზარალის მიუხედავად, წლეულს ყურძნის კარგი მოსავალია და ხელისუფლებას აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, რათა წლევანდელმა რთველმაც ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას.

მათივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებამ ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა შემცირდა, მთავრობამ ყურძნის ღირებულების სუბსიდირება გადაწყვიტა. კერძოდ, “რთველი 2015”-ის ფარგლებში სახელმწიფო 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 35 თეთრს, ხოლო 1 კგ. საფერვზე – 15 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ყურძნის ფასს დაარეგულირებს ბაზარი და მთავრობა ამაში არ ჩაერევა. “მნიშვნელოვანია, რომ “რთველი 2015″-ის ფარგლებში წაგებული მხარე არ არსებობდეს. მოგებული უნდა იყოს, როგორც ბიზნესი და წარმოება, ასევე თითოეული მევენახე. ეს აუცილებელია დარგის განვითრების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისთვის,” – აცხადებს მინისტრი.

უკანაკნელი ორი წლისგან განსხვავებით, წელს სუბსიდია პირდაპირ მევენახეებზე გაიცემა და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. გლეხებს ჰპირდებიან, რომ ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღეში “ლიბერთი ბანკის” ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მიიღებენ, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

“რთველი 2015”-ის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება იაფი სესხის გაცემა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის.