საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტია “თავისუფალი დემოკრატები”, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაება. პარლამენტის მოქმედი დეპუტატები და აქტივისტები ამომრჩევლებს ყოველდღიურად ხვდებიან. 16 ივლისის პარტიული სხდომის შემდეგ პარტიის ლიდერმა საზოგადოებას წარუდგინა პარტიული სიის პირველი 20 კანდიდატი, რომლებიც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” პარტიული სიით ხელისუფლებაში მოსული ალასანიას პოლიტიკური ძალა, პირველი იყო, ვინც კოალიციის რიგები დატოვა და მასთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელისუფლებო სავარძელი. არსებობდა მოლოდინი, რომ კოალიციიდან გასვლის შემდეგ “თავისუფალი დემოკრატები” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფრთის ქვეშ მონახავდნენ თავშესაფარს, მაგრამ მოლოდინები არ გამართლდა, მათ ოპოზიციაში დამოუკიდებლად ყოფნა არჩიეს და ბოლომდე არც ის ხიდები დაწვეს, რომლებიც მმართველ კოალიციასთან “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლაში აერთიანებდა.

Zurab-Abashidze3როგორია “თავისუფალი დემოკრატების” წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი პლათფორმა და საგარეო პოლიტიკური ხედვა, ამის შესახებ Dalma News-ს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე ესაუბრა.

– როგორია “თავისუფალი დემოკრატების” წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი პლათფორმა?

– ჩვენი მთავარი დევიზია – “უკეთესი ცხოვრება უკეთესი ეკონომიკა”, რაც ბევრ რამეში უკეთესობას ნიშნავს. მოსახლეობას ვხვდებოდით მაშინაც, როცა ხელისუფლებაში ვიყავით და ახლაც, ოპოზიციაში ყოფნისას და ვხედავთ, რომ პრობლემები, რომლებიც არსებობდა, არა თუ მოგვარდა, გაღრმავდა კიდეც. ჩვენი მთავარი მიზანია, ამ პრობლემების გადაჭრის გზებით მივიდეთ მოსახლეობასთან. მართალია, ბევრი პრობლემა ამ ხელისუფლებას მემკვიდრეობით დახვდა.

გარდა იმისა, რომ მოქალაქეებს აწუხებთ უმუშევრობა, მაღალი ფასები და სხვა სოციალური პრობლემები, ისინი გადაიღალნენ დაპირებების მოსმენით და სურთ, კონკრეტული მოქმედებები დაინახონ. 300 ლარი აბსოლუტურად შესაძლებელია იყოს პენსია, ხოლო საარსებო მინიმუმი არა 160 ლარი, არამედ 200 ლარი უნდა იყოს. კარგია, რომ გაიზარდა პენსია 20 ლარით, მაგრამ ეს განსაკუთრებულ შეღავათს არ უქმნის ჩვენს მოქალაქეებს. დასანანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებამ არ გაატარა საპენსიო რეფორმა, რომ დაგროვებით პენსიაზე გადასულიყო ქვეყანა და ეს რეფორმა “ქართულ ოცნებასაც” გაეგრძელებინა. დღეს უკვე, უამრავ ადამიანს, რომლებიც უკვე გავიდნენ პენსიაზე, აბსოლუტურად სხვა რეალობა ექნებოდა. საჭიროა ეს მომავალში მაინც განხორციელდეს.

– დაგროვებით პენსიაზე ჯერ კიდევ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს იყოს საუბარი, რატომ არ გატარდა ეს რეფორმა თქვენი აზრით?

– ალბათ, იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას სურს სწრაფი ეფექტი, რომ მოსახლეობისგან მხარდაჭერა მიიღონ და მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში და არ ცდილობენ სამომავლო საქმე გაკეთდეს. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის ხელისუფლებაში ყოფნა, არამედ ის, რომ საზოგადოებას პოლიტიკური პროცესების მიმართ ნდობა დავუბრუნოთ. როცა ვამბობთ, რომ ხელფასი მინიმუმ 500 ლარი უნდა იყოს, ამაზეც სერიოზულად გვაქვს ნაფიქრი. ევროპული სტანდარტების თანახმად, მოქალაქის ხელფასი არ შეიძლება საათში 8 ევროზე ნაკლებს შეადგენდეს. საქართველოში საათში 3 ლარი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი. ადამიანი იმისთვის შრომობს, რომ ცხოვრების ელემენტარული პირობები შეიქმნას, თორემ უკანასკნელი 25 წელია ვუყურებთ ერთი და იმავეს, ადამიანები, რომლებიც იყვნენ მდიდრები, ისევ მდიდრები არიან, დანარჩენი საზოგადოება კი ღარიბი. სოციალური თანასწორობის პრინციპია საშუალო ფენის შექმნა, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გასაჯანსაღებლად. 7-8%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში შესაძლებელი იქნება, ქვეყნის ბიუჯეტი 4 მლრდ ლარით გაიზარდოს. ეს რეალურია. გვქონია შემთხვევები, როდესაც ქვეყანაში 10-12% -იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულებით შესაძლებელია პენსიის გაზრდა. უბრალოდ ბიუროკრატიული აპარატი უნდა გადაიხედოს. არსებობს უწყებები, რომლებიც საერთოდ არ უნდა არსებობდეს. იგივე ძვირადღირებული ავტომობილების შემცირების საკითხი, რომელთა შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ბიუჯეტს.

პარლამენტში მივიღეთ კანონი, ჰიბრიდული ავტომობილების საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სწორია. მეც ასეთი ავტომობილით დავდივარ. პირველ რიგში არის ეკოლოგიურად სუფთა, მეორეს მხრივ ძალიან დაბალი წვა აქვს. ჯიპებზე ძვირი ნამდვილად არ ჯდება, რომლითაც სავსეა სამთავრობო ავტოპარკი. არის კომფორტული და ძალიან ნაკლებ ხარჯიანი ავტომობილები. სწორედ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები შეუწყობს ხელს, რომ მეტი დანაზოგი გაკეთდეს და ადმინისტრაციულ ხარჯებზე არ დაიხარჯოს ამდენი ფული. ამიტომ არის საზოგადოებაში გულისწყრომა და უჩნდებათ კითხვა, რატომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილება, როდესაც არაფერი იცვლება? ამაზე პასუხი მარტივია, – არჩევნებში არ მონაწილეობით რა იცვლება, გარდა უარესისა?

– ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან თუ თანამშრომლობთ და მათი პრობლემების მოგვარების გზები თუ არის ასახული თქვენი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში?

– ჩვენს საპარლამენტო სიაში არიან სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის კანდიდატები, რომლებიც კარგად იცნობენ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების პრობლემებს. მაგრამ არ ვაპირებთ, მათ გამოყენებას, როგორც ხმების. ხელისუფლებები ყოველთვის ცდილობდნენ, ეს ადამიანები ყოფილიყვნენ მხოლოდ ხმა, რასაც ჩვენ გამოვრიცხავთ. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ ქვეყნის შვილები და თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ უნდა გრძნობდნენ.

– თქვენი პარტია იყო კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, როგორ მოქმედებს ეს თქვენი პარტიის წინასაარჩევნო იმიჯზე?

-კოალიციიის წევრობა ჩვენთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა იყო. 2012 წლის პირველი ოქტომბერი, არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღი. იმ დროს შეიცვალა “ნაციონალური მოძრაობისა” და სააკაშვილის რეჟიმი და დავიწყეთ ახალი სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენ პარტიას საკმაოდ სერიოზული მიმართულებები ჰქონდა კოალიციაში. ჩვენი ლიდერი თავდაცვის მინისტრი იყო, პარლამენტში გვქონდა საკმაოდ სერიოზული პოზიციები და თანამდებობები მთავრობაში. თანამდებობა არ უნდა იყოს კომფორტი, არამედ საშუალება, რომ საქმე აკეთო. კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” თავის დაპირებებს ბევრ ნაწილში გადაუხვია. არა მხოლოდ ბევრი რამ არ შესრულდა, უამრავი დაპირების იგნორირება და უარყოფა მოხდა. მესმის, რომ რაღაც შეიძლება ვერ შეასრულო, მაგრამ უარყოფა ძალიან ცუდი ტონია და ამან გამოიწვია საზოგადოებაში სერიოზული გულისწუხილი და უიმედობა.

ჩვენი მიზანია, საზოგადოებაში ნდობა აღვადგინოთ. დაპირებები არ უნდა იყოს დაპირებებად, ყველა დაპირების უკან უნდა იდგეს კონკრეტული გათვლები, რაც სამწუხაროდ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არ განხორციელდა. კოალიციაში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც თანამებრძოლებად მივიჩნევ და ვისთან ერთადაც ვიბრძოდი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის წინააღმდეგ. მაგრამ არც ამ ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა ბევრი საჭირო ცვლილება, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან, ეს ძალიან გულდასაწყვეტი და სამწუხაროა.

– თქვენ ახსენეთ, რომ თქვენი პარტიის წარმომადგენლებს ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ, მაგრამ მოგიხდათ ამ თანამდებობების დატოვება. როგორ შეაფასებთ განვლილ 4 წელს, რა ვერ შეძელით?

– არ მინდა ილუზიები შევიქმნა, მაგრამ ჩვენი პარტიის მიმართ, ამომრჩევლის მხრიდან დადებითი განწყობა იგრძნობა, ალბათ, ამანაც იმოქმედა, რომ მმართველი კოალიციის დატოვების შემდეგ, თანამდებობებზე ყველაფრის ფასად არ დავრჩით. თითქმის არ იგრძნობა ჩვენს მიმართ მოსახლეობის ნეგატიური განწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ “თავისუფალი დემოკრატები” საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში უნდა მოხვდნენ და მთავრობაშიც უნდა იყვნენ წარმოდგენილები. ჩვენი პარტია არის პროდასავლური, პროფესიონალებითა და პატრიოტებით დაკომპლექტებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად, რომ მოგანიჭონ პარლამენტის წევრის მანდატი.

– დღეს რომ დადგეს მსგავსი საჭიროება, თუ წარმოგიდგენიათ თავი კვლავ “ქართულ ოცნებასთან” ერთ ბლოკში?

– რა თქვა უნდა წარმომიდგენია, იმ შემთხვევაში, თუ ეს დასჭირდება სახელმწიფოს, მის განვითარებასა და წინსვლას. ეს ასეც უნდა იყოს. ერთპარტიულმა მმართველობამ სადამდეც მიიყვანა ქვეყანა დავინახეთ. არ შეიძლება ძალაუფლების ერთი ადამიანის ან ერთი პოლიტიკური ძალის ხელში კონცენტრირება. მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა კოალიციური მმართველობა, ეს არის ევროპული გამოცდილება. იმ იდეოლოგიის ძალები, რომლებიც ძირითად სახელმწიფოებრივ საკითხებზე, საგარეო, თუ საშინაო პოლიტიკურ მიმართულებებზე გარკვეულ წილად თანხმდებიან, ერთ ბლოკში გაერთიანება სრულებით ნორმალური პროცესია.

პარტიის წევრებს შორის არსებობს ხშირად, განსხვავებული მოსაზრებები და მით უმეტეს კოალიციაში იქნება, ეს სრულებით ნორმალურია. როდესაც პარლამეტში და მთავრობაში შედიხარ, ვიწრო პარტიული ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები დგება. როდესაც არჩევნებში მონაწილეობ, პარტიის სახელით გამოდიხარ, მაგრამ, როდესაც უკვე ხელისუფლებაში, ან ოპოზიციაში ხარ, ძალიან ბევრ საკითხს სახელმწიფოებრივად უნდა შეხედო. რა სჭირდება საზოგადოებას და ქვეყნის მომავალ განვითარებას.

– როგორია თქვენი პარტიის საკადრო პოტენციალი?

– ხალხმა ნახა რა იყო “ნაციონალური მოძრაობა”. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები დღეს ცდილობენ თავი სხვანაირად წარმოაჩინონ, პირადად მე არ მჯერა ამის. არა მგონია ამ პარტიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მომხდარიყო, ან თავიანთ შეცდომებზე ესწავლათ. არც სააკაშვილის მიმართ აქვს ვინმეს ნოსტალგია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა მხარს უჭერს “ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ვერ წარმომიდგენია. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, მათ არ შეასრულეს ძირითადი დაპირებები და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავ, უბრალოდ ეს ხელისუფლება არ არის მოძალადე. თუმცა, სერიოზული შეცდომები მათაც დაუშვეს. მაგალითად ე.წ. კაბელების საქმე, რამაც გადაწყვიტა “თავისუფალი დემოკრატების” ოპოზიციაში გადასვლა. ხუთ უდანაშაულო სამხედრო მოსამსახურეს მტკიცებულებების გარეშე ამყოფებენ ციხეში. ეს ძალიან სერიოზული ლაქაა, თუმცა არ უთანაბრდება წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ უამრავ დანაშაულს.

წინა ხელისუფლების დროს იყო შიში, ძალიან ბევრი ადამიანი ისჯებოდა პოლიტიკური პოზიციის გამო. ეს პერიოდი გავიარეთ და ეს არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების დამსახურება, არამედ მთლიანად საზოგადოების, თავისუფალი მედიის, თითოეული პოლიტიკური ძალისა და არასამთავრობოების დამსახურებაა. მმართველ კოალიციაში ჩვენი ყოფნა საკმაოდ დამაჯერებლად და სერიოზულად გამოიყურებოდა. არ მინდა გადაჭარბებულად გამომივიდეს, მაგრამ რაც “თავისუფალმა დემოკრატებმა” დატოვეს კოალიცია, მას შემდეგ არ წასულა კოალიციის საქმე უკეთესობისკენ.

– კოალიცია “ქართული ოცნების” რიგებიდან თქვენი პარტიის წასვლის შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ “ნაციონალებთან” ნახავდით საერთოს…

– გამორიცხულია. ეს უნდოდა “ქართულ ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც”. ამ უკანასკნელებს არ აწყობდათ სხვა სერიოზული ოპოზიციური ძალა ქვეყანაში და სურდათ ისინი ყოფილიყვნენ მარტონი ამ ველზე და მერე მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. “ქართულ ოცნებას” კი აწყობდა, მათი ყოფილი თანამებრძოლები “ნაციონალებისთვის” მიებათ. ჩვენ შევქმენით განსხვავებული ოპოზიცია და ამ ხანებში საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა თავისუფალი დემოკრატების, როგორც დამოუკიდებელი ძალის არსებობა. არც “ნაციონალები” გვინდა და არც “ქართული ოცნება”. ჩვენ გვაქვს გამოცდილებაც, პროფესიონალიზმიც, პატრიოტიზმიც. 16 ივლისს სპორტის სასახლეში ჩავატარებთ ყრილობას, რაც კიდევ მეტად გვაძლევს მათი მხარდაჭერის მოპოვების იმედს, ვისაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, არჩევნებში ვის მისცემს ხმას.

– როგორია თქვენი პარტიის საგარეო პოლიტიკური კურსი?

– როდესაც ვამბობთ, რომ გვინდა უკეთესი ეკონომიკა და უკეთესი ცხოვრება, სწორედ იმას გულისხმობს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ევროკავშირის და ნატოს წევრი, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას ნიშნავს. როდესაც ქვეყანა დაცულია შემოვა ინვესტორი. რატომ არ შენდება ფაბრიკა-ქარხნები? არ არის საქართველოში დღეს ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომ აქ ფაბრიკა-ქარხნები აშენდეს.

ევროკავშირის წევრობა სწორედ ამას გულისხმობს, საერთო ბაზრის, საერთო სივრცის არსებობას. ვიზალიბერალიზაციის თემა ამასთან პირდაპირ კავშირშია და დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბერში ჩვენ ამას ვიზეიმებთ, ეს არ იქნება მხოლოდ ხელისუფლების დამსახურება, არამედ ხალხის და მთლიანად ჩვენი საზოგადოების. ეს პროცესი შეუქცევადია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც სკეპტიციზმს ნერგავენ ნატოს მიმართ. ეს ძალიან ცუდია, ამ სკეპტიციზმის დანერგვა სახელმწიფოს აზიანებს. საქართველოს ევროინტეგრაცია აუცილებელია, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს დაცული, არა მხოლოდ საგარეო საფრთხისგან, არამედ სოციალურად, ეკონომიკურად. აღმოსავლეთ ევროპის უამრავმა ქვეყანამ გაიარა ეს პროცესები და ჩვენც ამ გზას აუცილებლად გავივლით. გავხდებით საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

– როგორ დაახასიათებთ საქართველო-რუსეთს შორის ჰუმანიტარულ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობას?

– რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხში, არასდროს გვქონია “ქართული ოცნებისგან” განსხვავებული პოზიცია. 2012 წელს, როცა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოვედით ხელისუფლებაში, აუცილებლად მივიჩნევდით, რომ რუსეთთან ბაზარი უნდა გახსნილიყო, რომ ეს სჭირდება საქართველოს მოსახლეობას. ასევე მხარს ვუჭერთ რუსეთთან უვიზო მიმოსვლას. რაც მეტ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოქალაქე და უკეთესად იცხოვრებს, უკეთესი ეკონომიკა გვექნება ქვეყანაში. მაგრამ მხოლოდ რუსეთის ბაზარზე ვერ ვიქნებით დამოკიდებულნი და არც შეიძლება ვიყოთ. ჩვენთვის პრინციპულად აუცილებელია ევროკავშირის ბაზარი, ასევე აზიის მიმართულება.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარი. ჩვენი სახელმწიფო ხაზის მიმართულება ყოველთვის უნდა იყოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი. ეს ფუნქცია საქართველოსთვის გარდაუვალია, ის აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული ევროპულ სტრუქტურებთან, ნატოსთან, რაც მეტ უსაფრთხოებას შექმნის, მაგრამ იმავდროულად რუსეთთან უნდა გავაგრძელოთ სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, თუმცა ეს არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

– საინტერესოა თქვენი პარტიის დამოკიდებულება რეგიონის ქვეყნებთან, თურქეთთან, ირანთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან თანამშრომლობაზე?

– მიგვაჩნია, რომ რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობები აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ასევე გლობალური განვითარების პროცესში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უვიზოდ იარონ ევროპაში და იყვნენ დაკავშირებულნი ევროპელ პარტნიორებთან, რომ საქართველომ თავისი რეგიონული პოტენციალი მეტად გამოიყენოს. ევროპაში უნდა არსებობდეს განცდა, რომ საქართველო მათთვის საიმედო პარტნიორია აზიასთნ ურთიერთობაში.

– ქართველი ელექტორატის ძირითადი მოლოდინები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება. როგორია თქვენი პარტიის დამოკიდებულება ამ პრობლემისა და აბაშიძე-კარასინის ფორმატის მიმართ?

– ჩვენ არასდროს ვყოფილვართ აბაშიძე-კარასინის ფორმატის წინააღმდეგნი. უბრალოდ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის ფორმატს, სადაც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები და აშშ, რაც ჩვენი დევნილების დაბრუნებას და უამრავ სხვა საკითხს უკავშირდება. მაგრამ აბაშიძე-კარასინის ფორმატი ასევე არის მოსკოვთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი არხი, რომელიც საშუალებას იძლევა რუსეთთან კულტურული, ჰუმანიტარული და სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით ვიმუშაოთ. ყოველთვის ვიყავით აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოების მომხრე, რომ ეს ფორმატი არ მოქცეულიყო გარკვეულ ჩარჩოებში. საზოგადოებას ასეთი შეხვედრების მიმართ გაცილებით მეტი მოლოდინები აქვს და მეტ წინსვლას ელიან. აღმოჩნდა, რომ ასეთი ფორმატები არ არის საკმარისი. ეს მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, რუსეთთან ურთიერთობები უნდა გვქონდეს, ამის წინააღმდეგი არ შეიძლება ვიყოთ, უბრალოდ ეს უნდა იყოს პრაგმატული და პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რაც შეეხება, ძალიან ძნელია ამ საკითხში კონკრეტული თარიღების განსაზღვრა. ასევე იმის განსაზღვრა, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ჩვენი სახელმწიფო. რაც უფრო მალე მივიღებთ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, უფრო მალე გავხდებით მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისთვის. საქართველო მიდის პროგრესისკენ და ეს რუსეთისთვისაც ხელსაყრელია.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი