Gallup International
Gallup International

ამ დღეებში სომხეთში აპრილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების პოპულარობის რეიტინგი გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კვლევების ობიექტურობა სკეპტიციზმს და ეჭვს იწვევს, მაინც მსჯელობის საგანია.

საარჩევნო მარათონის ფავორიტები და აუტსაიდერები

ამგვარად, Gallup International Association-ის სომხური წარმომადგენლობის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საარჩევნო მარათონის ორი მკვეთრად გამოხატული ლიდერი გამოვლინდა: “ცარუკიანის” ბლოკი და სომხეთის რესპუბლიკური პარტია. “ცარუკიანის” ბლოკს გამოკითხულთა 26,4%-მა მისცა ხმა, ხოლო სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას – 22,8%-მა.

ამ გამოკითხვის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, არჩევნებში მონაწილე ვერც ერთი პოლიტიკური ძალა საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, რადგან ბლოკ “ელკს” (გამოსავალი) ხმა მისცა რესპოდენტების 4,3%-მა, სომხეთის რევოლუციურ ფედერაცია დაშნაკცუტიუნს – 3,9%-მა, “თავისუფალ დემოკრატებს” – 3,4%-მა, “სომხურ აღორძინებას” – 2,7%-მა, ბლოკ “კონგრეს-სომხეთის სახალხო პარტიას” -2,6%-მა, ბლოკ “ოგანიან-რაფი-ოსკანიანს” – 1,8%-მა, ხოლო კონსტიტუციურ პარტიას – 1%-მა. გარდა ამისა, გამოკითხულთა 14%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, ხოლო 17%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.

ამასთანავე, Gallup International Association სომხური წარმომადგენლობის დირექტორს არამ ნავასარდიანს მიაჩნია, რომ მომავალ პარლამენტში მოხვედრის პოტენციური შესაძლებლობა ბევრ პოლიტიკურ ძალას აქვს.

Арам Навасардян

“ჩვენი ექსპერტების აზრით, პარლამენტში შესვლა 4-5 პარტიას შეუძლია. ესენია: ბლოკი “ცარუკიანი”, სომხეთის რესპუბლიკური პარტია, ბლოკი “ელკი”, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი და “თავისუფალი დემოკრატები”, – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ Gallup International Association-ის იგივე სომხური წარმომადგენლობის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, გასული 4 თვის განმავლობაში პარტია “აყვავებული სომხეთის” (დღეს ბლოკ “ცარუკიანის” ბირთვია) გარდა 18,4%-დან 26,4%-მდე ზრდა სხვა პარტიებმაც აჩვენეს. ამგვარად, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია 3,4%-დან 3,9%-მდე “გაიზარდა”, ხოლო “სომხური აღორძინება” – 1,2%-დან 2,7%-მდე.

უცნაური დამთხვევაა. სწორედ ეს ორი პარტია, მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” ან მოქმედი კოალიციური პარტნიორია, როგორც “დაშნაკცუტიუნი”, ან მისი ყოფილი პარტნიორი, როგორც “სომხური აღორძინება” (რებრენდიგ გავლილი “ორინაც ერკირ”). სავსებით შესაძლებელია, რომ ორივე პარტია არჩევნების შემდეგ სომხეთის “რესპუბლიკურ პარტიასთან” ან ისევ კოალიციას შექმნიან, ან “კონსტრუქციული” ოპოზიციის როლს შეასრულებენ.

პრემიერი ჩვენი მეგობარია, სრპ – არც ისე

ერთობ საინტერესო საზოგადოებრივი აზრი არსებობს მოქმედი პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის მიმართ. ყველაზე მეტად გაოცებას სწორედ ის იწვევს, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა პრემიერის პიროვნების და მოღვაწეობის, ასევე იმ პოლიტიკური ძალის შეფასებებს შორის, რომელსაც იგი წარმოადგენს.

კარაპეტიანის სომხეთის რესპუბლიკური პარტიის რიგებში გაწევრიანება და რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ყოფნამ, მის პირად რეიტინგზე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა. ამგვარად, იგივე Gallup International Association-ის მონაცემებით, პრემიერ-მინისტრის მოღვაწეობა, დადებითად შეაფასა რესპოდენტების 81%-მა, რაც ნოემბრის მონაცემებთან (85,1%) შედარებით ოდნავ დაბალია, თუმცა არც თუ კრიტიკული. გარდა ამისა, გამოკითხულთა 22,4% კარაპეტიანის მოღვაწეობას აბსოლუტურად დადებითად აფასებს, 58,6%- დადებითად, 9,9%- უარყოფითად, ხოლო 3,8%- აბსოლუტურად უარყოფითად. 5,1%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა.

გამოკითხულთა 82,2%-მა არჩევნების შემდეგ კარაპეტიანის კვლავ სახელმწიფოს მეთაურად არჩევას დაუჭირა მხარი. ამას ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს რესპოდენტების 34,5%, მომხრეა – 47,6%, წინააღმდეგი – 6,2%, ხოლო ერთმნიშვნელოვნად წინააღმდეგი -2,7%. შეკითხვაზე პასუხის გაცემა 8,8%-ს გაუჭირდა.

საინტერესოა, რომ საერთო ჯამში, მთავრობის მოღვაწეობის ბოლო თვეების დადებითი შეფასებების (62,4%) მიუხედავად, პრემიერის პირადი რეიტინგი მაინც მაღალია. 9,9% მთავრობის მოღვაწეობას აბსოლუტურად დადებითად აფასებს, 52,4% – დადებითად, 19,8% – უარყოფითად, ხოლო 9% – აბსოლუტურად უარყოფითად. 8,9%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.

Карен Карапетян

კითხვაზე, რამდენად გაამართლა დადებითი მოლოდინები მთავრობამ ბოლო 6 თვის განმავლობაში, გამოკითხულთა 64,5%-მა დადებითად უპასუხა. 8,8%-მა განაცხადა, რომ მათი მოლოდინი მთლიანად გამართლდა, 55,7%-ის მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა, 16,7%-ის ნაწილობრივ არ გამართლდა, 11,4%-ის მოლოდინი საერთოდ არ გამართლდა, ხოლო 7,4%-ს შეკითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

ბუნებრივია, ერთი პარტიის წევრები, სახელმწიფო მეთაურის ასეთი მაღალი რეიტინგის გამოყენების შესაძლებლობას ხელიდან ვერ გაუშვებდნენ და თავიანთი საარჩევნო კამპანიის მთავარ ფიგურად გამოაცხადეს.

ცნობილი სომეხი პოლიტოლოგის კარენ ქოჩარიანის აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ სომხეთის “რესპუბლიკური პარტიის” წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლში პარტიის წარმომადგენლებს შორის მხოლოდ კარაპეტიანი გამოჩნდა. ეს იმისკენ არის მიმართული, რომ საზოგადოება პარტიის განახლებაში, მისი რიგების ოდიოზური პირებისგან გაწმენდაში და ბოლო თვეებში გატარებული პოლიტიკის გაგრძელებაში დაარწმუნონ.

გამორიცხული არც კარაპეტიანის ავტორიტეტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაა. 2018 წელს მას ამჟამინდელი თანამდებობის დატოვება მაინც მოუწევს, რადგანაც იმ დროისთვის სერჟ სარგსიანის საპრეზიდენტო ვადა იწურება და სახელმწიფოს მოქმედი მეთაური პრეზიდენტის სავარძელს პრემიერის სავარძლით შეცვლის.

ასევე არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ კარენ კარაპეტიანის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერა შემცირდება, თუ იგი უახლოეს მომავალში ქვეყანაში რადიკალურ რეფორმებს არ გაატარებს, ასევე ეკონომიკის ნორმალიზაციისთვის დაპირებულ უცხოურ ინვესტიციებს არ მიიზიდავს.

გარდა ამისა, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის პროპორციულ სიაში „კარაპეტიანის ხალხის“ მინიმალური წარმომადგენლობა იმას ადასტურებს, რომ მისი შიდა პარტიული პოზიციები, არც ისე ძლიერია. მეორე მხრივ, როგორც სომხეთის პოლიტიკური პრაქტიკა აჩვენებს, თუ სომხეთის “რესპუბლიკური პარტიის” ფრაქცია მიხვდება, რომ რეალური ძალაუფლება ქვეყანაში კარაპეტიანის ხელშია კონცენტრირებული, მაშინ სომხეთის რესპუბლიკური პარტიის დეპუტატების უმრავლესობა მისი ბანერის ქვეშ მოიყრიან თავს.

მოამზადა ჰაიკ ხალათიანმა