საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა თბილისის მერიის წინასაახალწლო ინიციატივას. დედაქალაქის წლევანდელი საახალწლო სლოგანი – “მშვიდობის ქალაქი”, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა მმართველი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ მორიგი პროტესტისთვის გამოიყენა. უწყინარი სლოგანის მიღმა მათ საქართველოს პრორუსული კურსი და ომში მყოფი უკრაინის მიმართ ნიშნის მოგება ამოიკითხეს. მათი აზრით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების და მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე მსგავსი გზავნილები კატეგორიულად მიუღებელი და უხერხულია.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, სლოგანის შინაარსი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა, რადგან არსებულ ვითარებაში მშვიდობა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. ოპოზიციაში სხვაგვარად ფიქრობენ. ან სულაც, შესაძლოა, არც ფიქრობენ. უბრალოდ საკუთარი ლობისტები სურთ დაარწმუნო, რომ საქართველოს ხელისუფლება მყარად ადგას ანტიდასავლურ გზას. ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი საკუთარ ლოგიკაშიც კი აიხლართა.

ასე მაგალითად, პარლამენტის დეპუტატს, “გირჩის” ერთ-ერთ ლიდერ იაგო ხვიჩიას საახალწლო სლოგანის საკუთარი ვერსი აქვს: “აქა მშვიდობა”. ხვიჩიას აზრით, თბილისის მერიის ახალი საახალწლო სლოგანი, ცინიკურ გამონათქვამს წააგავს. რადგან სამყაროში მშვიდობის წლის აღსანიშნავად მაინც და მაინც კარგი დრო არ არის. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე სლოგანში – “თბილისი – მშვიდობის ქალაქი” – ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მხარდაჭერას და უკრაინელების მიმართ უპატივცემულობას ხედავს.

“მათ უნდათ რუსეთი მოგვივლინონ მშვიდობის გარანტად”, – განაცხადა ვაშაძემ.

თბილისის საკრებულოს დეპუტატების ოპოზიციის ნაწილში საქმე კიდევ უფრო მძიმედ არის. აქ საერთოდ მიაჩნიათ, რომ თბილისი მშვიდობის ქალაქად თუ გამოცხადდება, ამით შეურაცხყოფას მივაყენებთ იმ უკრაინელებს, რომლებიც ომს საკუთარი ქვეყნიდან გამოექცნენ და თავს თბილისს აფარებენ.

„კალაძეც და “ქართული ოცნებაც” ქართულ საზოგადოებას ამადლის იმას, რომ თბილისი არ არის მარიუპოლი, რითაც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს პარტნიორებს”, – ასეთია „ლელოს“ წევრის, საკრებულოს დეპუტატის საბა ბუაძის შეფასება.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის – “მოქალაქის” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი კი მიიჩნევს, რომ საახალწლო ნაძვის ხისთვის საერთოდ არ არის საჭირო რაიმე სლოგანის მოფიქრება.

“თბილისი აღარ არის ქართული ქალაქი, აღარ არის საქართველოს დედაქალაქი, ეს არის რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი”, – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

მმართველი ძალისთვის გაუგებარია სიტყვა “მშვიდობის” მიმართ ოპონენტების არაჯანსაღი დამოკიდებულება. ოპოზიციის ამ ყოვლად უადგილო და უშინაარსო კრიტიკას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ნიშნის მოგებით განაცხადა, რომ ოპოზიციის ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ საქართველოში მშვიდობის სადღეგრძელოც უნდა აიკრძალოს.

როგორც ცნობილია, ღმერთის და მშვიდობის სადღეგრძელო ქართული სუფრის განუყოფელი ტრადიციაა.

“ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ სიტყვა – “მშვიდობა”, როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ, იმიტომ, რომ ესენი არიან “ომის პარტია”. ვერ მალავენ, რომ მათ სურთ ომი საქართველოში. ამ მიზნის მიღწევას ვერ ეღირსებიან, საქართველოში იქნება მშვიდობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამის შემდეგ, ოპოზიციის ერთი ნაწილის ლიდერებმა თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე საახალწლო დღესასწაულისთვის მოწყობილ სივრცეში, იქ სადაც საახალწლო სლოგანი ინთება, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომართა ფოტოსურათები განათავსეს. ოპოზიციამ საახალწლო ინსტალაცია სამგლოვიარო თაიგულებით შეამკო. ამას დედაქალაქის მერის მწვავე რეაქცია მოჰყვა. კალაძის მითითებით, გარდაცვლილ მებრძოლთა ფოტოები დროებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განათავსეს.

კახა კალაძის შეფასებით, ცალკეული პოლიტიკოსები დაღუპული მებრძოლების სურათებით მანიპულირებენ. არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება მათი მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს კი შავი ლენტები შემოავლონ.

“საახალწლოდ ნაძვის ხეებს საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ქალაქებშიც კი რთავენ, ამ ფონზე, ქართველი პოლიტიკოსების საქციელი ყოვლად მიუღებელია”, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტიკური კინკლაობის ფონზე 9 დეკემბრის საღამოს თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო, განათდა დედაქალაქის ახალი საახალწლო სლოგანიც – “თბილისი- მშვიდობის ქალაქი”. თბილისის ყველა უბანში აინთო საახალწლო ილუმინაციები. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მიესალმა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებსაც.

“არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი, ღირსეულად შევხვდეთ ამ დღესასწაულს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია. არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე. სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა – ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს”, – განაცხადა თბილისის მერმა.

რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ტრადიციულად ხალხმრავალი იყო. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მოსახლეობისთვის გამართულ კონცერტზე 15-ზე მეტი მუსიკალური ნომრით წარდგნენ ქართული ესტრადის მსახიობები.

როგორც Dalma News-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, 23 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანს, ათონელის ქუჩას და 9 აპრილის ბაღს მოიცავს. აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი. „საახალწლო სოფელში“ ყოველდღიური გასართობი ღონისძიებები 13 იანვრამდე გასტანს.

10 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე აქცია-მსვლელობა მოეწყო. სამოქალაქო აქტივისტების ერთმა ჯგუფმა სლოგანი – “თბილისი – მშვიდობის ქალაქი” გააპროტესტა და მისი მოხსნა ან შეცვლა მოითხოვეს. მსვლელობის მონაწილეებმა არსებულ სლოგანს ბანერი შემოავლეს წარწერებით: “თბილისი სოლიდარობის ქალაქი”, “თბილისი გმირების ქალაქი”.

რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგისა და ფსიქოლოგის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან საახალწლო სლოგანის გაპროტესტება და დაღუპულ მებრძოლთა სურათებით პოლიტიკური მანიპულაციები უფრო საგარეო მოხმარების პერფორმანსია, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის განწყობის გამომხატველი. ოპოზიციის ამ მცდელობას პასუხობს საზოგადოება იმით, რომ ოპოზიციის მიტინგებზე არ გამოდის.

ექსპერტის შეფასებით, იმის ნაცვლად ოპოზიცია დღეს რეალური საპარლამენტო თუ თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობით იყოს დაკავებული და ხელისუფლების ხარვეზების გამოვლენას ცდილობდეს, პროტესტის მარტივ გზას ირჩევენ და მსგავსი პერფორმანსებით სურთ ფონს გასვლა.

“მათი სურვილი, რომ ასეთი პერფორმანსებით შეარყიონ ხელისუფლება, უფრო ვიღაცისთვის საჩვენებლის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს მე მგონი იმ ევროპელებზეა გათვლილი, რომლებიც მერე იტყვიან, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას, საქართველო არ გლოვობს დაღუპულებს და ა.შ. ოპოზიცია პიარზე აგებს მთელს პოლიტიკას, ხოლო ის თუ, რამდენად სწორია ეს პიარი შედეგიდან ჩანს. მთელ საქართველოს თუ არ უნდიხარ, ე.ი არც პიარი გივარგა”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც მან Dalma News-ს განუცხადა, ამომრჩეველი პოლიტიკოსისგან ელოდება ოპტიმისტურ, პერსპექტიულ განცხადებებს, პოლიტიკოსის მხრიდან ნეგატიურ ემოციებზე პედალირება ამომრჩევლისთვის მიმზიდველი არ არის.
საყვარელიძე საქართველოს ახლო წარსულიდან იხსენებს ერთ ფაქტს, როდესაც “ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ” თავის წინასაარჩევნო სლოგანად აირჩია “უცნობის” ცნობილი სიმღერა – “ქვეყანაშია ფერები მუქი”.

“მაშინ, ამის შედეგი იყო პარტიის დამარცხება. ამ თვალსაზრისით ანალიზი რომ გაკეთდა, გამოიტანეს დასკვნა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სიმღერა ძალიან მოსწონდა ხალხს, როცა პოლიტიკური პარტია ამ ნეგატიური განწყობით მოდის, ხალხი არ იღებს მას. ხალხს პოლიტიკოსისგან სჭირდება ოპტიმისტური, პერსპექტივის ხედვის შეთავაზება და არა ის, რომ ვიღუპებით”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

გიორგი ქართველი