ჩვენს ოჯახში პურის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს. დედაჩემის მამა მცხობელი იყო. ისინი თურქეთში, ერზრუმში ცხოვრობდნენ და მთელი ოჯახი, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პურს აცხობდა. შემდეგ ისინი ტფილისში გადავიდნენ საცხოვრებლად და დღევანდელი მარჯანიშვილის ქუჩაზე თავიანთი მაღაზია – საცხობი გახსნეს. მაღაზია დღესაც არსებობს. ის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, კუთხეში მდებარეობს. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა იქ შეძენილი ფუნთუშები, ის გემო არასოდეს დამავიწყდება. ოჯახური წყაროების მიხედვით, ბაბუის გვარი თურქული სიტყვა „ეტმეკ“-იდან არის წარმოშობილი. ამ ლოგიკით, გვარი ეტმეკჩიან სიტყვა-სიტყვით პურიანს ნიშნავს. ბაბუას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა პურის მიმართ და დაგემოვნების საკუთარი სტანდარტები ჰქონდა.

რაც შემეხება მე, ჩემთვის პური დამატებითი ელემენტია. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენთან პურის საკმაოდ ვიწრო ასორტიმენტია. განსხვავებული გემოს პურს იშვიათად შევხვდებით. სწორედ ამ იშვიათის ძიებაში გადავწყვიტე პურის ფესტივალზე წასვლა და იმედიც არ გამცრუებია. თუმცა ყველაფერს თანმიმდევრულად მოგითხრობთ.

პურის თვისება: კოლორიტული და ემოციური

პურის ფესტივალი ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ორგანიზატორებს ამ ადგილზე ბევრი ადამიანის მიზიდვა სურდათ. ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. ბაღის სალაროებთან რიგები  დილიდან დადგა.

ფესტივალზე დასასწრებად გრძელი გზის გავლა ნამდვილად არ დამჭირვებია. ის მოწყობილი იყო ე.წ. ივენთ-სკვერში, პირველივე ხიდის გადაღმა. ამ ულამაზეს და თვალწარმტაც მოედანზე უამრავი სახეობის პური იყო წარმოდგენილი – ნივრით, შავი ქლიავით, მზესუმზირით და სხვა. ზოგიერთ დახლზე პურთან ერთად აჯიკას და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხახვის მურაბას გთავაზობდნენ. ერთი სიტყვით, მშვიდობით დიეტა.

ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლისთანავე შევამჩნიე სტენდი, სადაც ჩამოთვლილი იყო ხორბლის 14 სახეობა და ამათგან თითოეული რამდენიმე ჯიშის მიხედვით იყოფა. ერთი სიტყვით, წარმოდგენილი იყო ხორბლეული კულტურის მთელი ენციკლოპედია.

როგორც ბიოლოგიური მეურნეობის ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ჯავახიშვილმა მითხრა, იგი მარკეტინგით არის დაკავებული და ცდილობს ამ სორტებს კომერციული სახე მიანიჭოს, რათა შემდეგ გაყიდოს.

“15 წლის წინ, “წითელი დოლის” ჯიშის ხორბლის პოპულარიზაცია დავიწყეთ. თავდაპირველად ორი-სამი ჯიში გვქონდა და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მისი გამრავლება დავიწყეთ. დღეს ძალიან ბევრი საცხობი პურს სწორედ ამ ხორბლით აცხობს. მოგეხსენებათ, ჩვენ სამრეწველო წარმოება კოლექტიურ და სახელმწიფო ფერმებში გვქონდა. ძველი, აბორიგენული ჯიშები გაქრა. მახსენდება 90-იან წლები. პურის მაღაზიებში რამხელა რიგები იყო და ერთი პურისთვის როგორ იბრძოდა ხალხი. ოღონდაც პური ყოფილიყო და იმაზე არ ფიქრობდნენ, როგორ პურს გამოაცხობდნენ”.

ირაკლის თქმით, წარმოების შედარებით უფრო ინტენსიური განვითარებისთვის საჭიროა რეკლამა და ბევრი ფული. ამჟამინდელი წარმოება შეზღუდული რესურსებით და დიდი ენთუზიაზმით მუშაობს.

ირაკლიმ ხელში აიღო და გვაჩვენა შედარებით უფრო მუქი ფერის შოთის პური და თქვა, რომ ამ პურის გამორჩევა ადამიანების განსაზღვრულ კონტიგენტს შეუძლია.

“ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ჩვენი მცდელობების მიუხედავად საქართველო იმპორტიორ ქვეყნად რჩება. კონკურენტი ქვეყნებია ძირითადად უკრაინა და ყაზახეთი, რომლებსაც ხორბალი ძალიან დიდ ფართობზე მოჰყავთ. ეს ყველაფერი მექანიზირებულია. არსებობს ბირჟაზე დადგენილი ფასი, რომელსაც ვემორჩილებით. ასეთი პური კონკურენტი არ არის, ის მასობრივ პროდუქტს არ წარმოადგენს”.

– ფასი? ისიც არ არის მასობრივი?

– ჩვენი ბაზარი ფასის მომატების საშუალებას არ იძლევა. არსებობს ფაქტორი, როგორიცაა მოსახლეობის გადახდისუნარიანობა.

– რამდენად დიდია ამ პურზე მოთხოვნა?

– ამ საცხობს გასაყიდი პური არ რჩება, თუმცა მისი პური მხოლოდ ერთ მაღაზიაში, მეტროსადგურ “დელისთან” იყიდება. ბოლო სამ-ოთხ წელიწადში ბაზარზე ძალიან ბევრი პური გამოჩნდა. მართალია, ბევრმა წარმოება ახლახანს დაიწყო, თუმცა განვითარების პოტენციალი ყველას აქვს. როგორც ვაზია საქართველოდან, ისე ხორბალიც ჩვენს მიწაზე დაიბადა. ეს ხორბალი, რამდენიმე ათასი წლისაა.

ქართულ ხორბალს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ხორბალი ჩვ.წ-აღ-მდე VI-IV ათასწლეულებით თარიღდება. ზემოთ აღნიშნულ სტენდზე შევამჩნიე ხორბლის ჯიში, რომელსაც “პოლონურს” ეძახიან, თუმცა არა იმიტომ, რომ პოლონური ხორბალია. როდესაც ამ ხორბლის იდენტიფიცირება დაიწყეს, გაარკვიეს, რომ ის ქართულ მიწაზეა წარმოშობილი. 2018 წლის სექტემბერში, ქართულ ხორბალს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

– რით განსხვავდება ადგილობრივი ხორბალი იმპორტირებულისგან?

– დააგემოვნეთ და მიხვდებით.

– დავაგემოვნე.

– მერე…?

– ის კოლორიტული, მარილიანი და ემოციურია.

– სწორედ ამით განსხვავდება, ეს მისი თვისებებია (იცინის ირაკლი).

პური – გულის ხმა

“დააგემოვნეთ ჩვენი პური. ის ძალიან გემრიელია”, – იძახდნენ კიდევ ერთი დახლის მიღმა მდგარი გოგონები. ვიღებ პატარა ნაჭრებად დაჭრილ პურს და აჯიკას ვუსვამ. გახსოვთ, 90-იანი წლების რეკლამა “ბაუნტი-სამოთხისებური ნეტარება”? საქართველოში გამომცხვარი პური მართლაც რომ სამოთხისებური ნეტარებაა. განსაკუთრებით თუ ყველთან, ან ზედ მოყრილ ქინძის მარცვალთან ერთად გასინჯავთ. ფესტივალზე პურის დაგემოვნების გარდა შეგეძლოთ შეგეძინათ და თან წაგეღოთ. მაგალითად, ფრანგი მცხობელის მიერ გამომცხვარი, აგურის ფორმის ერთი პური 5 ლარი ღირდა.

ჟან ჟალ ჯეიკობსი საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა.

– რატომ საქართველო? ალბათ, ეს ბედია. ეს გულის ხმაა, რომელსაც უნდა მოუსმინო და დაემორჩილო. ცხოვრებაში მიღებული ნიშნების უნდა გჯეროდეს.

– როგორ მოვუსმინოთ გულის ხმას?

– ნაკლები დრო გაატარეთ ინტერნეტში და საკუთარ სხეულს უსმინეთ,- იცინის ჟან ჟაკი.

– თავდაპირველად დედოფლისწყაროსთან ახლო სოფელში ვცხოვრობდი. შემდეგ მეგობრებთან ერთად, რომელთა შორისაც არიან ქართველები, ფრანგები, გერმანელები და შვეიცარიელები, შესაბამისი ადგილის მოძებნა გადავწყვიტეთ. დიდი ინვესტიცია არ გვქონია. ეს ბიზნესი 2006 წელს დავიწყეთ. დავიწყეთ „წითელი დოლის“ დათესვა და მოყვანა, შემდეგ ავაშენეთ საცხობი და ვიპოვეთ მაღაზია „ვაკე“ რუსთაველის გამზირზე. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო ბიზნესის დაწყება. მაშინ ენაც კი არ ვიცოდი.

კითხვაზე – აპირებს თუ არა ჟან ჟაკი საქართველოში დარჩენას, პასუხობს, რომ არ იცის.

– 14 წელი გერმანიაში ვცხოვრობდი. არ ვიცოდი, რომ ოდესმე საქართველოში ჩამოვიდოდი. მსგავსი გეგმები არ მქონდა. საფრანგეთში ფიზიკას, ქიმიას და ფილოსოფიას ვსწავლობდი. შემდეგ გერმანიაში გავემგზავრე. ვმუშაობდი. ასევე, ეგვიპტეშიც. შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და პურის ცხობა მომინდა!

“ხორბალი მარტო პური არ არის”, – ამბობს ფრანგი ფილოსოფიურად. – “ვინც ჩვენს პურს დააგემოვნებს, ყველა ამბობს, რომ ამ პურს რაღაც ძალა აქვს”.

– ეს არის ქართული პური ფრანგული აქცენტით?

– მე არც ფრანგულად ვაცხობ და არც ქართულად. მე ვაცხობ ადამიანურად, ვიტყოდი, რომ ქრისტიანულად. ქართული ხორბლის აღორძინება ქართველების საქმეა და არა – ჩემი. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ეს საქმე წამოვიწყეთ და ბევრმა გვითხრა : -უი, ეს ჩვენი ხორბალიაო.

პურის ფესტივალს ფონად სასიამოვნო – ეროვნული, პოპულარული, კლასიკური მუსიკა მიჰყვებოდა. როდესაც ვივალდის ვალსი გაისმა, ჟან ჟაკმა თავის კოლეგა ლალის ხელი მოკიდა და საცეკვაოდ გაიყვანა. მიწის ამ პატარა მონაკვეთზე სრული იდილია სუფევდა. განა, ბევრი უნდა ადამიანს? – პური და სანახაობა.

ეკატერინე მინასიანი