ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრონები?

ერთ მშვენიერ დღეს, ელექტროენერგიაზე ფასების მომატების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რამის გაძვირებას, ამ ახალ ამბავსაც ღია უკმაყოფილებით შევხვდით. მაშინვე გაგვახსენდა, რომ აქ ცხოვრება შეუძლებელია, მივუსხედით ფეისბუქს და ვნახეთ, რომ ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ. წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ასეთივე ასობით უკმაყოფილო მოქალაქე და ჩვენი უკმაყოფილება – ეროვნული მენტალიტეტის თავისებური გამოვლინება კი არა, უსამართლობისა და საგადასახადო რეალიების ობიექტური აღქმაა.

მიტინგის მოწყობის ადგილისა და დროის გარკვევის შემდეგ, გადავწყვიტეთ საკუთარი უფლებების შესახებ გამოგვეცხადებინა და გამოგვეხატა საკუთარი აზრი იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენს გარეშეც ყველაფერი იციან, მაგრამ სულაც არ აღელვებთ. ვაცნობიერებთ რა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავარ კანონში ჩაწერილი ერთ-ერთი მუხლის თანახმად, თავისუფალი შეკრებისა და მიტინგის უფლება გვაქვს, ტრიუმფალური მარშით მივეშურებით იქით, სადაც ფეისბუქის ივენთი გვეძახის.

ფეისბუქი

რაც შეეხება ფეისბუქს, სახალხო შეკრებების მობილიზაციის საკითხზე „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ (არ აგერიოთ სომხურ „ოქროს შემოდგომაში“), ამ სოციალური ქსელის წარმოუდგენლად დიდ როლზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ. რთულია მისი გავლენისა და მნიშვნელობის არ დაფასება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი სახის მიტინგები და საპროტესტო აქციები კი მოხდებოდა, მაგრამ ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა.

სხვადასხვა დროში იგივე მიზნების მისაღწევად სხვადასხვა მეთოდები და შესაძლებლობები არსებობდა, მაგრამ სოც.ქსელი უმოკლეს ვადასა და დანახარჯების გარეშე იძლევა იმავე მიზნის მიღწევის საშუალებას. ფეისბუქის დახმარებით თითქმის შესაძლებელია მიტინგში მონაწილე ადამიანების რაოდენობის განსაზღვრა. ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი მეგობარიც იქ იქნება, დამატებითი იმპულსია გულწრფელად შეუერთდე სამოქალაქო მოძრაობას.

მსხვერპლის ფაქტორი

ყველა დროში მიტინგებსა და მოძრაობებს დამატებით იმპულსს მსხვერპლი სძენდა და სულაც არ არის აუცილებელი, რომ სისხლი დაიღვაროს. ასე მოხდა, მაგალითად, ტუნისში, როდესაც არაბული გაზაფხულის დროს ქუჩაში მოვაჭრე მუჰამედ ბუაზიზმა საჯაროდ დაიწვა თავი. ან რით არის უკრაინული „მაიდანის“ მაგალითი ცუდი?! იქ პირველი მსხვერპლი სომეხი ეროვნების სერგეი ნიგოიანი გახდა. მაგრამ სისხლის ღვრისას მიტინგი საშინელ და არაპროგნოზირებად მოვლენად გადაიქცევა, რაც , მადლობა ღმერთს, ჩვენ თვიდან ავიცილეთ.

ბოლო მოძრაობის პოპუალრობაზე გავლენა სწორედ მსხვერპლის ფაქტორმა იქონია. აქციის მონაწილეების მიერ ბაღრამიანის გამზირის გადაკეტვას პირველივე ღამეს მოჰვა წყლის ჭავლი. დაშავებული ახალგაზრდების ფოტოები მაშინვე ფეისბუქით გავრცელდა და შედეგმაც არ დააყოვნა: მეორე დღეს მიტინგს ბევრად უფრო მეტი ადამიანი შუერთდა.

“ვარსკვლავების” თანდასწრების ფაქტორი

ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ახლაც მომიტინგეებს შორის სომხური შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც იყვნენ. მაგალლითად, ოვო, კარგინ აიკო, არტემი „ბერნარდ შოუდან“ და სხვები.

მათი აქციაზე ყოფნა მოქალაქეების მიტინგისადმი ინტერესს ზრდის და ხელს უწყობს მის პოპულარიზაციას. მათთან ერთად ერთ მიტინგში მონაწილეობით, რიგითი მოქალაქეები ახლოს გრძნობენ თავს იმ ადამიანებთან, რომლებსაც სხვა ვითარებაში ვერ შეხვდებოდნენ და ვერ გაესაუბრებოდნენ.

უსაქმურობის გამოძიება

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ფაქტორმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლო მიტინგებზე. როდესაც ადამიანს საქმე არაფერი აქვს, ან უფრო საშინელი, უმუშევარია, რთულია დროის უფრო საინტერესოდ გატარების საშუალება მოიფიქროთ. განსაკუთრებით, როდესაც მიტინგი სახალხო სეირნობას ჰგავს და თან ახლავს სიმღერები, ცეკვები, სხვადასხვა თამაშები და გამასპინძლება. ასე, რომ მომთქნარე ადამიანების ფაქტორის უარყოფა ძალიან რთულია.

ულიდერობა

შესაძლოა ეს ფაქტორი სხვა ქვეყანაში და სხვა ვითარებაში ნეგატიურიც იყოს, მაგრამ სომხეთში, სადაც ხალხს ერთი სული აქვს ნამდვილი ოპოზიციური მოღვაწე და ლიდერი იხილოს, თუმცა ამავდროულად მობეზრდათ ერთი და იგივე სახეები, ამ ფაქტორმა დადებითად იმოქმედა მომიტინგეების რაოდენობაზე.

სამოქალაქო საზოგადოების განათლება

ბოლო აქციების შედარებითი წარმატების ყველაზე სასიამოვნო ფაქტორი არის პოლიტიკური აზრისა და ჩვენს საზოგადოებაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის აღორძინება. ჩვენი მოქალაქეები, კერძოდ ახალგაზრდები, სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძობენ თავიანთი ქვეყნის მომავლის მიმართ და მიაჩნიათ, რომ მათ სრული უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ისეთი საკითხების გადაჭრაში, რომლებიც მათ სამშობლოსა და უშუალოდ მათ ეხებათ. მნიშვნელობა არ აქვს, რა გამარჯვებას მიაღწევს მსგავსი სახის სამოქალაქო ინიციატივები და რამდენად რეალური და სავარაუდო იქნება ეს გამარჯვებები.

არსებობს ბევრი სხვა ფაქტორი, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ. მაგალითად, გარე, ან უცხო ქვეყნის ჩარევა, მაგრამ ბოლო მიტინგებზე გადამწყვეტი როლი მათ არ შეუსრულებიათ, რაც თავის თავად სასიხარულოა.

ხოლო მოქალაქეების მხრიდან ელ.ენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციებისადმი ინტერესის შემცირება მორალური გამარჯვებებისადმი ჩვენი სისუსტით აიხსნება. ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სახელმწიფოს მხრიდან ფასების სუბსიდირებითა და დახურული სააქციო საზოგადოება „სომხეთის ელექრო ქსელებში“ საერთაშორისო აუდიტის ჩატარებით. ზოგს გაუხარდა ეს შედეგი, ზოგი – აღშფოთდა, შედეგად კი სახეზეა დანაწევრებული მოძრაობა და შესაბამისად, ნაკლები მხარდაჭერა ხალხის მხრიდან.

აგაპი რაფაელი