72 წლის წინათ, მტრის ტყვიას გადარჩენილი ყმაწვილი გოგო-ბიჭები, დღეს შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს უამბობენ ომის ამბებს. ბევრისთვის დაუჯერებელი ისტორიის გახსენება, მათ ცრემლების გარეშე არ შეუძლიათ. ზოგი მათგანი დღემდე დუმილს ამჯობინებს, თითქოს ცდილობენ საიმედოდ “გადამალული” წარსულის მძიმე მოგონებები არ შეაღვიძონ, არ გააცოცხლონ და ნაცრისფერი ომის მძიმე წლები აღარასოდეს განმეორდნენ.

ფაშიზმზე გამარჯვების დღის, 9 მაისის დღესასწაულისთვის მზადება სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა განსაკუთრებული აქტივობით დაიწყო. დღესასწაულამდე თითქმის ერთი კვირით ადრე, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის, “სამშობლოს” ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მეორე მსოფლიოს ვეტერანები, ომში დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები და შთამომავლები მიიწვიეს და მადლობა გადაუხადა სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ომის ვეტერანებს კი სპეციალური ჯილდოები და საჩუქრები გადასცა.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიამ, განაცხადა, სამამულო ომში ქართველებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

news_67200“არ იყო არც ერთი მიმართულება, სადაც ქართველებს არ უბრძოლიათ. სადაც ღირსეულად, თავდადებით არ გამოუჩენიათ თავი, მაშინდელი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – აცხადებს იგი.

დღეს საქართველოს მაშტაბით სულ, მეორე მსოფლიო ომის 922 ვეტერანი ჰყავს, აქედან 301 თბილისში. ის დახმარება, პენსია, თუ სოციალური პაკეტები, რასაც ომის ვეტერანები ღებულობენ, პრობლემებთან გასამკლავებლად საკმარისი არ არის. მიიჩნევენ რომ, ისინი უნდა იღებდნენ იმ პირებისგან განსხვავებულ პენსიას, რომელთაც ერთდღიანი სამუშაო სტაჟი არ გააჩნიათ.

მათი ჯანმრთელობის ძირითად პრობლემებს წარმოდგენს მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გულსისხლძარღვთა და ჰიპერტონიული დაავადებები, გადაადგილების შეზღუდვა, დიაბეტი და სხვა. ვეტერანთა უმეტესობას უკვე უჭირს გადაადგილება და სურთ, რომ ოჯახის ექიმი ბინაზე მოემსახუროთ. მწირია II მსოფლიო ომის ვეტერანთა სადაზღვევო პაკეტი, რომელიც მედიკამენტებზე შეღავათებს თუ სხვა ფორმით დახმარებებს ვერ უზრუნველყოფს. II მსოფლიო ომის ვეტერანთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სხვადასხვა კრიტერიუმის გამო, სოციალური შეღავათით არ სარგებლობს.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი საჭიროებს მომვლელს, ნაწილს კი საკუთარი ბინაც არ აქვს და უმეტესი ნაწილი ქირით ცხოვრობს, – ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაკვეთით, საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალურმა კავშირმა ჩაატარა.

9 მაისის – დღესასწაული და იუბილე

საქართველოს მთავრობის მეთაურის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით წელს, მეორე მსოფლიოს ომის მონაწილეები 600 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 300 ლარს მიიღებენ.

18301222_839973832823647_8254959668006845158_n-33sd7qdfjd372gplp9o2kqტრადიციული საზეიმო ღონისძიება გაიმართება თბილისში, ვაკის პარკში, სადაც ომი ვეტერანებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები შეხვდებიან. წელს 9 მაისს მნიშვნელოვანი იუბილარებიც ყავს, რომლებსაც 102, 100 და 93 წელი უსრულდებათ. მათ შორის ყველაზე უხუცეს ხვთისო მოლაშვილს, დაბადების დღეს დუშეთში, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პირადად მიულოცავს და საჩუქრებს გადასცემს.

პრეზიდენტის სტუმრობამდე კი, ხვთისო პაპას Dalma News-ი ესტუმრა. თავისი ასაკის მიუხედავად იგი მეტად მხნედ გამოიყურება, თუმცა, სმენის პრობლემა აქვს და მასთან საუბრის წარმართვაში შვილიშვილის მეუღლე დაგვეხმარა.

​როგორც ქალბატონმა ნესტანმა გვითხრა, ხვთისო პაპას არ უყვარს ომში გატარებული დღეების გახსენება, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებსაც არაფერს უამბობს ხოლმე. ომში 1938 წელს, 23 წლის ასაკში წაიყვანეს. ბევრი ტანჯვა და ქარტეხილები გადაიტანა. ბევრი თანამებრძოლი და მეგობარი გამოიგლოვა, ტყვეობაც გამოსცადა, მაგრამ იღბალი არასდროს ტოვებდა. სიკვდილისთვისაც ბევრჯერ ჩაუხედავს თვალებში, მაგრამ, რწმენის თუ განგების წყალობით, დღეს 9 შვილიშვილისა და 11 შვილთაშვილი პაპაა.

“1939-ში ფინეთში ომი რომ იყო, იქაც ვიბრძოდი. 1941 წელს მოსკოვში ვიბრძოდი. როდესაც ომი დამთავრდა, გერმანიაში ტყვედ ვიყავი ჩავარდილი და ამერიკელებმა გამათავისუფლეს. ტყვეობაში მცემდნენ, მაწვალებდნენ, მტანჯავდნენ. შიმშილისგან დაუძლურებული ერთხელ ბანაკში წავიქეცი, სამი დღე მკვდარივით ვიყავი. კინაღამ გადამაგდეს. მერე ერთმა ექიმმა თქვა, ეს ცოცხალია, აჭამეთო და გამომაკეთეს”, – ეპიზოდებად იხსენებს ომში გატარებულ წლებს ხვთისო პაპა.

​როგორც გვითხრა, ტყვედ ჩავარდნამდე ქერჩში იბრძოდა. ქართველი ბიჭები გადაგვარჩიეს და ქერჩში გაგვიშვეს საბრძოლველად, შიმშილმა ბევრი ჯარისკაცი წაგვართვაო, – ამბობს, არც შიშზე საუბარს გაურბის, – ტყვიები წვიმასავით მოდიოდა, როგორ არ უნდა შემშინებოდაო…

9 მაისი მისთვის მხოლოდ ფაშიზმზე გამარჯვების თარიღი არ არის, ერთი საუკუნის წინათ, სწორედ ამ დღეს დაიბარა, თუმცა სიმბოლოების არ სჯერა და დიდი ენთუზიაზმით, არც საკუთარ იუბილეს აღნიშნავს.

“9 მაისთან დაკავშირებით, ჩვენი რაიონის გამგეობის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიებები იმართება ხოლმე და ომის ვეტერანები დუშეთში მიჰყავთ, თუმცა ამ დღეს სახლში ყოფნას ამჯობინებს”, – გვიამბობს ქალბატონი ნესტანი.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მრავალ ბრძოლა და ტყვეობა გამოვლილი ხვთისო პაპა სამშობლოს უკვე 29 წლის ვაჟკაცი დაუბრუნდა. ომის შემდეგ დაოჯახდა და სამი შვილი შეეძინა.

18424218_839973772823653_156017149047621671_n-33sd7j7lkopgnp5wqw4p3eჩვენი მეორე იუბილარი, ბორჯომის რაიონის სოფელ ციხისჯვარში მცხოვრები, ეროვნებით ბერძენი პანაეტ ლაზარიდია. 9 მაისს მას 93 წელი უსრულდება. მისი მშობლები საქართველოში 1920 წელს ჩამოსულან. სამამულო ომი რომ დაიწყო, ჯერ კიდევ უწვერო ყმაწვილი ყოფილა. 1942 წელს ფრონტზე გაიწვიეს. 18 წლისაც არ ყოფილა, ომის მძიმე წლებთან ერთად იზრდებოდა და იწრთობოდა. ​

“1942 წელს წამიყვანეს ომში. ფეხით ჩავედი ბორჯომში და იქიდან მატარებლით ჯერ ბაქოში, შემდეგ მოზდოკში, იქიდან კი ქერჩში ჩამიყვანეს. გავათავისუფლეთ ქერჩი. კიევში გამოვიზამთრეთ. 1944 წლის 22 ივნისს დამჭრეს და ომსკში, ჰოსპიტალში ვიწექი. მერე, თებერვალში 6 თვით გამიშვეს სახლში და ამასობაში ომიც დასრულდა”, – გვითხრა ბატონმა პანაეტმა.

მას შემდეგ, ცალ-ცალკე ეპიზოდებად იხსენებს ომის ნაცრისფერ ამბებს და შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს უამბობს. მაგრამ ყოველ ჯერზე თვალები ცრემლით ევსება.

“ყველანი ვიბრძოდით: ქართველებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებით, ბერძნებიც. მაშინ, ყველას საერთო ქვეყანა გვქონდა. დღევანდელ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ, ბევრი რამ მაოცებს. ომის დროს ასე არ ვიქცეოდით. ერთმანეთს მხარში ვედექით და ყველა ლუკმა ვიყოფდით, ნამცეცებს ვაგროვებდით, ერთმანეთს იოლად არ ვაწყენინებდით. ეს დღესასწაული არ უნდა გაუქმდეს, რადგან ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა ამ ომში”, – ამბობს 93 წლის ვეტერანი.

წელს ის, ციხისჯვარში შემორჩენილი ერთადერთი ვეტერანი იქნება, რომელიც ბორჯომის გამგეობა 9 მაისთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრება. თანამებრძოლებს შორის, ის ერთი დარჩა ცოცხალი. წინა წლებში, კი ციხისჯვარელ სხვა ვეტერანებთან ერთად ისიც მიდიოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალთან და სხვებთან ერთად იხსენებდა წასულებს. მეგობლები კი წლებთან ერთად გამოეცალნენ.

“მთავრობის მხრიდან ყურადღებას ვგრძნობთ, საახალწლოდ ფულადი საჩუქარი და ტკბილეული მოუტანეს. აღდგომის დღესასწაულებზე, ასევე, ფულადი დახმარება ჩაურიცხეს. 9 მაისთან დაკავშირებით კი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ”,- გვითხრეს მისი ოჯახის წევრებმა.

​პანაეტ ლაზარიდს 6 შვილის ყავს, 4 გოგონა და 2 ბიჭი, ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები არიან. მეუღლე კი, ორი წლის წინ გარდაეცვალა. ყავს შვილიშვილები და შვილთაშვილები.

დამშვიდობებისას სადღესასწაულო განწყობა გვისურვა და მომავალ იუბილეზე დაგვპატიჟა: “ჩვენი ოჯახის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიააო”, – მომავლის იმედით დაგვემშვიდობა.

შორენა პაპაშვილი