განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რაზმიკ ს. დააკავეს. მას  სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 1,2 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 30 ცალი საბრძოლო ვაზნა კანონსაწინააღმდეგოდ საკუთარი ავტომობილით შემოჰქონდა.

როგორც Dalma News-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რაზმიკ ს. საბაჟო პროცედურების გავლის დროს, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) მეექვსე სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავ მონაკვეთზე აიყვანეს. პირადი ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ავტომობილის დათვალიერებისას 30 ცალი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 271,08 გრამ კანაფის ფისს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.