სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სადაც 16 წლამდე ასაკის ბავშვები იზრდებიან, მომავალი წლიდან მთავრობა დახმარებას 5-ჯერ გაუზრდის. ანუ დახმარება თითო ბავშვზე 50 ლარი გახდება და დახმარებას 140 000-მდე ბავშვი მიიღებს. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო წლიური საბიუჯეტო რესურსი 70 მლნ. ლარია. როგორც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განმარტავს, ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა შესაცვლელია და მთავრობამ ახალი სისტემა იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიმუშავა.

33 წლის თინა, 4 შვილის დედაა. საგურამოსთან ახლოს, მცხეთის რაიონ სოფელ გალავანში, ძველი აბანოს შენობაში ცხოვრობს. ახალი შექმნილი ოჯახი ჯერ თბილისში, ქირით ცხოვრობდა. მეუღლე ყასაბია, მაღაზიაში დახლი ჰქონდა და თვიდან თვემდე თავი გაჰქონდათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობა შეერყა და სამუშაოს თავს ვეღარ ართმევდა, ოჯახს ვალები დაედო. გადაწყვიტეს ორი ბავშვით სოფელში წასულიყვნენ საცხოვრებლად.

პაპისეული ქვის სახლი, 20 წლის დაენგრათ. ღია ცის ქვეშ დარჩენილებმა ცხოვრება ნულიდან დაიწყეს. ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში მოხვდა და თვიდან თვემდე თავი, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი შემწეობით გააქვთ. საცხოვრებელი ფართის დაკანონების უფლებას არ აძლევენ.

“ამ შენობაში დევნილებიც ცხოვრობენ. საცხოვრებელი ფართი თითქმის ყველას დაუკანონეს. ჩვენ ვართ ასე დარჩენილები. ერთი ნაციონალი ჩაგვიდგა ჯიბრში, როგორ თუ არ მოხვედით არჩევნებზე და მხარი არ დაგვიჭირეთო! ფართი დიდია, მაგრამ სულ ორ ოთახს ვიყენებთ, ისიც უკარ-ფანჯრო იყო. ავარიული სახლია. მეუბნებიან, – მადლობა თქვი ქირას რომ არ გახდევინებთო”, – გვიამბო თინამ.

თბილისსა და მცხეთას შორის განცხადებებით სირბილის შემდეგ, ერთადერთი, რაც გაარკვია, ის არის, რომ ფართის დაკანონება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ აუქციონის საშუალებით შეიძენს. საბჭოთა პერიოდის შენობა რამდენჯერმე იყო აუქციონზე გატანილი, მაგრამ მისი შეძენით ინვესტორები არ დაინტერესებულან. თინა და ბადრი შიშობენ, რომ დღეს თუ არა ხვალ, ისევ ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებიან.

“ჩემი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა. მეუღლე ცუდად იყო და საავადმყოფოში იწვა. ფიზიკურად ვერ მუშაობს. ერთი იყო, რომ ჯართის ჩაბარებით გაგვქონდა თავი, მაგრამ მაგაზეც ლიცენზია მოსთხოვეს”, – გვითხრა თინამ.

ოჯახის შემოსავალი თვეში 400 ლარია, ანუ ის თანხა, რაც ოჯახს სოციალურად დაუცველის შემწეობებით უგროვდება. უფროსი შვილი 9-ე კლასშია, მომდევნო VII-ში, პატარა კი V -ში. მეოთხე შვილი მალე 2 წლის გახდება და 150 ლარიანი დახმარებაც შეუწყდებათ.

“ამ თვის ბოლოს უკანასკნელად ავიღებ ამ დახმარებას, რადგან დახმარება 2 წლამდე მოქმედებს. დავრჩებით მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად”, – ამბობს Dalma News-სთან საუბრისას თინა გელიაშვილი.

ოჯახს უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება. წვიმის დროს სახლში წყალი ჩასდით. საცხოვრებელ პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრიც კი აშინებთ, რომ ამის გამო დახმარება არ მოეხსნათ. ეჩვევიან სიღარიბეს, ბავშვებს ბეტონის იატაკზე ზრდიან. ოჯახს ბანკის ვალიც აქვს, რომელსაც ყოველთვიურად შემწეობიდან ფარავენ. სესხი საცხოვრებელი ფართის მოსაწყობად გამოიტანეს, სახლში შესასვლელი მთავარი კარი და ფანჯრები რომ ჩაესვათ. 6-სულიანი ოჯახი ორ ოთახში ცხოვრობს. ზამთარს კი ერთ ოთახში, შეშის ღუმელთან ატარებენ. გაზი ვერ შეჰყავთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საცხოვრებელი ფართი არ აქვთ დაკანონებული. პირობების არქონის გამო, ბავშვებს სწავლაშიც ეშლებათ ხელი. ოთხივეს ერთ ოთახში უწევს მეცადინეობა.

სხვა ყველაფერთან ერთად, ბავშვებს ტელევიზორის ყურებაც ფუფუნებად ექცათ. “მაგთისატის” დავალიანება აქვთ, დედას კი ურჩევნია ფული საჭმლისთვის დაზოგოს. თუმცა იმედი აქვს, საახალწლოდ მაინც მოახერხებს შვილებისთვის ტელევიზორის ჩართვას. ახალ წელზე გამახსენდა, სახელმწიფოსგან საახალწლო ნობათი ოჯახს 2 წლის წინ მიუღია და ბავშვები დღემდე იმ ემოციაზე საუბრობენ.

თინას საკუთარი ოჯახის გაჭირვება ხომ აწუხებს, ბევრჯერ შვილები მშივრები დაუძინებია, ან ხვეწნა-ხვეწნით უსესხებია ფული საჭმლის საყიდლად, მაგრამ სხვისი ბედი და გაჭირვებაც არანაკლებ ადარდებს.

“ვთხოვდი მთავრობას, მეტი ყურადღება გამოიჩინონ მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ. ახლობელი მყავს. 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ძალიან უჭირს და თითო ბავშვზე მხოლოდ 10-ლარიან დახმარებას აძლევენ. ოჯახში არავინ მუშაობს, ინვალიდი მეუღლე ჰყავს. უფრო უკეთესად შეაფასონ აგენტებმა სოციალურად დაუცველი ოჯახები. გვერდში რომ დაუდგეს ასეთ ადამიანებს სახელმწიფო, ძალიან გაგვიხარდება. ძველი აშენებული სახლის მიხედვით აფასებენ ხოლმე აგენტები, იმას კი არ უყურებენ ოჯახს დღეს რა შემოსავალი აქვს”, – ამბობს იგი.

პრემიერ-მინისტრის ახალმა ინიცატივამ ოჯახი ძალიან გაახარა, ახალი წლიდან, თითო ბავშვებზე 50 ლარიანი დახმარება დაემატებათ. როგორც რაიონის გამგეობაში განუმარტეს, ეს შესაძლოა მაღაზიის ვაუჩერის ან ფულადი დახმარების სახით მიიღონ. თინასთვის ორივე ვარიანტი მისაღებია. თუმცა ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ სოციალური შემწეობის დაკარგვის შიშით, მუშაობის დაწყებას ვერ რისკავს.

სახლის წინ პატარა ნაკვეთს ამუშავებს, კარტოფილი და ხახვი მოჰყავს. უწყლობის გამო სხვას ვერაფერს თესავს. სასმელი წყალიც ახლახანს, საკუთარი ხარჯით შეიყვანეს. შეშით გამგეობა ეხმარება. “კუბნახევარი მოგვცეს, სავარაუდოდ 2 კვირა გვეყოფა. მერე კი არ ვიცი რა იქნება. დენი “ნაციონალური მოძრაობის” დროს შემოგვიყვანეს. დენის გამათბობელს ვხმარობდი შარშან, პატარას გამო, 80 ლარს მიწვავდა. სულ 400 ლარი მაქვს შემოსავალი და დენის ფულს ნამდვილად ვეღარ გადავიხდი”, – ამბობს თინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “გენი ქართულის” წარმომადგენელი თამუნა გაბისკირია მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების კრიტერიუმები გადასახედია და ზოგადად თვითონ პროგრამაშიც ბევრი ხარვეზია. მათ შორის უმთავრესია ის, რომ ასეთი ოჯახები, სტაბილური შემოსავლის დაკარგვის შიშით აღარ ცდილობენ დასაქმებაზე და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. საკმარისია ერთჯერადი ჩარიცხვაც კი გამოჩნდეს საბანკო ანგარიშზე, რომ სოციალური დახმარება მაშინვე მოეხსნებათ.

თამუნა გაბისკირიას აზრით, სახელმწიფო, ბიუჯეტზე მიბმულ წურბელებად ზრდის ასეთ ოჯახებს, რომლებიც ვერასდროს ამოვლენ სიღარიბიდან. მათ შორის ბევრია მშრომელი ადამიანი, ბევრს სურს ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, მაგრამ ამაში კანონი უშლით ხელს.

“ისეთი სისტემა უნდა შეიმუშაონ, რომ ადამიანს შეეძლოს იმუშაოს კიდეც და დახმარებაც შეუნარჩუნდეს გარკვეული დროის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხალხი მუდმივად სახელმწიფოს ხარჯზე იქნებიან. მათ სამუშაოს ძებნის სტიმული აქვთ დაკარგული. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთ ოჯახებში, შვილებიც ამ აზროვნებით იზრდებიან, ეჩვევიან გაჭირვებას. სამაგიეროდ იციან, რომ გარანტირებულად ერთ ლუკმას უგდებს სახელმწიფო. ეს ძალიან ცუდია. ადამიანის დეგრადირებას ახდენს”, – მიაჩნია თამუნა გაბისკირიას.

ზოგადად მრავალშვილიან ოჯახებს რაც შეეხება, მისი აზრით, საქართველოში სათანადოდ არ არიან დაფასებულნი ასეთი ოჯახები. ფულადი დახმარების გარდა, არსებობს უამრავი ნიუანსი, რომელიც ახალგაზრდა ოჯახებს ბევრი შვილის ყოლის სტიმულს მისცემდა. თამუნა გაბისკირიას აზრით, მრავალშვილიანობა პრესტიჟული უნდა იყოს, თუნდაც ავტოსადგომებზე მრავალშვილიანებისთვის ცალკე საპარკინგე ადგილი იყოს გამოყოფილი, ან სხვადასხვა გასართობ დაწესებულებებში ბილეთებზე გარკვეული შეღავათები არსებობდეს. ასევე, არსებობდეს პრივილეგიები საგადასახადო სისტემაში, კერძო ბიზნესის გახსნის დროს და ა.შ.

“საერთოდ არ მინდა მათხოვრობა. მინდა, სახელმწიფომ გარკვეული პრივილეგიები შექმნას იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს არ შეეშინდეთ მრავალშვილიანობის. სოციალურად დაუცველების შემთხვევაში პრობლემაა ის, რომ ვერ მუშაობენ, მეორე მხრივ, არიან მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც არ სჭირდება სოციალური დახმარება, მაგრამ სურთ იგრძნოს რომ დაფასებულები არიან”, – აცხადებს თამუნა გაბისკირია.

ავტორი შორენა პაპაშვილი