რომის პაპმა ფრანცისკმა სომხეთში მოგზაურობას თავად უწოდა მომლოცველობა – ქრისტიანობის ფესვებისკენ, პირველ ქრისტიანულ ქვეყანაში.

«თქვენთან, როგორც მომლოცველი ისე მოვდივარ, რათა ამ საიუბილეო წელს თქვენი ხალხის უძველეს სიბრძნეს და თქვენი რწმენის წყაროებს გავეცნო, რომელიც უძველეს ამოტვიფრულ ხაჩკარებს ჰგავს და რომელიც მტკიცეა, როგორც კლდე. მივალ სომხეთის იდუმალ სიმაღლეებთან როგორც ძმა, რომელსაც თვენი სახის ხილვა, თქვენთან ერთად ლოცვა და მეგობრობის ჯილდოს გაზიარება სურს. თქვენი ისტორია და ერის მიერ გადატანილი დღეები, ჩემში აღფრთოვანებას და მწუხარებას იწვევს», – ეს სიტყვები რომის პაპმა ჯერ კიდევ ერევანში ჩასვლამდე თქვა. ასეც მოხდა – ვიზიტის მთელი პროგრამა, თავისი არსით, მომლოცველობა იყო.

სომხეთში არც ისე ბევრი კათოლიკეა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, როგორც პაპმა თქვა, ორ ქრისტიანულ კონფესიას შრის მართლაც „ძმურ“ კავშირს. სომხეთის დედაქალაქის მთავარ მოედანზე გამართული ეკუმენური ცერემონიის დროს რომის პაპმა განაცხადა, რომ სომხებთან შეხვედრამ მას ძმური სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობა მისცა. უდიდეს სომეხ მღვდელმსახურებს შორის მან კათოლიკოსი ნერსეს შნორალის გამოარჩია, რომელსაც თავისი ხალხის და ტრადიციების ესმოდა, თუმცა ყოველთვის ეძებდა სხვა ეკლესიებთან გაერთიანების გზას.

«„ნერსეს შნორალის მაგალითი ქვად ქცეული ცრურწმენების და სიყვარულის სახელით საკუთარი სარგებელის მიღებისგან განთავისუფლების გამბედაობას გვანიჭებს. ეს არის მსოფლიოში წმინდა ქრისტიანული ცხოვრება, უძვირფასესი მირონი, რომელიც კურნავს, ძალას და სიწმინდეს იძლევა. არა საკუთარი სარგებლის მიღება, არამედ თავგანწირული სიყვარული იწვევს მამის თანაგრძნობას, ქრისტეს მიერ კურთხევას და წმინდა სულის სიუხვეს. ერთმანეთის მთელი გულით სიყვარული და ერთმანეთისთვის ლოცვა, თავმდაბლობითა და სუფთა გულით ერთიანობის ღვთაებრივი ჯილდოა», – განაცხადა ფრანცისკმა და დასძინა, რომ საკურთხეველთან წმინდა პურისა და სასმისის წარდგენით ღმერთს სომხურ ეკლესიას და საყვარელ სომეხ ხალხს წარუდგენს.

სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე, რომელმაც საინტერესო მოვლენებით დატვირთული პროგრამა გახსნა, პაპმა, ზოგიერთი პროგნოზების მიუხედავად, 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სიტყვა “გენოციდი” კიდევ ერთხელ გამოიყენა. ამგვარად მან ვატიკანის მიუკერძოებელი პოზიცია დაადასტურა.  როგორც თავად განაცხადა ყველა ხალხზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ერებზე ძალიან ბევრს ფიქრობს, რადგანაც იქ ძალიან ბევრი და და ძმა ძალადობის, დევნის, სიძულვილისა და კონფლიქტების, ასევე პრობლემების ძალის გამოყენებით მოგვარების მცდელობების მსხვერპლია.

ოსმალურ თურქეთში სომხების გენოციდზე საუბრისას პონტიფიკმა განაცხადა, რომ შეუძლებელია არ დაფიქრდე იმ საშინელ გამოცდაზე, რაც სომეხმა ერმა გაიარა.

«სულ რაღაც ერთი საუკუნე გავიდა იმ საშინელი მკვლელობების შემდეგ. ეს უსამართლობის ტრაგიკული აქტია, რომელიც თქვენმა ერმა საკუთარ თავზე გამოსცადა და რომელიც თქვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება და გულებს დაგიწვავთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი საწუხარი ჩვენ გვეკუთვნის და მისი გახსენება – ჩვენი მოვალეობაა. ის ყველა დროის შუქურად უნდა იქცეს, რათა მსოფლიო მსგავსი შეცდომების სიღრმეში არ აღმოჩნდეს», – განაცხადა ფრანცისკმა.

მისივე თქმით, სომხეთის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მომენტებში სწორედ ქრისტიანული რწმენა იყო ის ძალა, რომელიც მას აღადგენდა: “უაზრო სიძულვილის შედეგად მიყენებული მოუშუშებელი ჭრილობები შეიძლება მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ჭრილობებს შევადაროთ, რომელიც მის სხეულზე კვლავაც რჩება. ეს საშინელი ჭრილობები მიტევებისა და მშვიდობის პირველწყაროა. ყველაზე ძლიერი ტკივილიც კი, რომელიც ჯვარცმის მხსნელი ძალით გარდაისახა და რომლის მოწმეები და მქადაგებლები სომხები არიან, შესაძლოა მომავლის მშვიდობის თესლად იქცეს”.

ფრანცისკის თქმით, სიყვარულით მოცულ ხსოვნას შეუძლია გასაოცრად ახალი ბილიკებით სიარული, სადაც სიძულვილის სასჯელი მშვიდობის პროგრამად გარდაისახება. მომავლის საფუძველი ისე უნდა იყრებოდეს, რომ მას შურისძიების ძალა არ შეერიოს. ასეთ მომავალში მუდმივად შეიქმნება მშვიდობის დამყარების პირობები, კერძოდ, ღირსეული სამუშაო ყველასთვის, გაჭირვებულებზე ზრუნვა და კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, – დასძინა მან.

რომის პაპმა გრიგორ ნარეკაცის “გოდების” წიგნიდან ციტატა მოიყვანა და მსმენელს შეახსენა, რომ მას სამყაროს ეკლესიის მასწავლებელი უწოდეს და დასძინა, რომ ნარეკაცს მშვიდობის მასწვლებელიც შეიძლება უწოდო.

«„ნარეკაცმა  მოინდომა ყველა დროის და სამყაროს ყველა კუთხეში მცხოვრები ყველა სუსტისა და ცოდვილის მსგავსი გამხდარიყო, რათა პატიება ყველას მაგივრად ეთხოვა. იგი მთელი მსოფლიოს წარგზავნილი ღვთის წინაშე მომლოცველი გახდა» – ეს კი – პონტიფიკის თქმით – უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული მცნება და ყველას მიმართ გულმოწყალების გამოვლენის თხოვნაა.

რომის პაპმა ლიტურგია გიუმრიში ჩაატარა, სადაც ყველაზე მეტი კათოლიკე სომეხი ცხოვრობს. ვარდანანცის მოედანზე, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამართულა წელში 1988 წლის მიწისძვრების შედეგად, ღვთიური ლიტურგიის შემდეგ პაპი გიუმრიში “შვიდი ჭრილობის” (წმ.ღვთისმშობლის) ეკლესიას და სომხეთის კათოლიკური ეკლესიის წმინდა მოწამეთა საკათედრო ტაძარს ეწვია.

სომხების კათოლიკედ მონათვლის ისტორია ჯვაროსნული ლაშქრობებიდან მოდის, რომელმაც 1018-1515 წლებში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე სომხეთის კილიკიის სამეფო გაიარეს. ახლა იმ ადგილზე თანამედროვე თურქეთისა და სირიის საზღვარი გადის. XIX საუკუნეში და ХХ საუკუნის დასაწყისში ოსმალოს იმპერიის აღმოსავლეთში ფრანცისკანელი მისიონერები აქტიურად ქადაგებდნენ. 1915 წლის ხოცვის დროს სომეხი ქალები და ბავშვები შეიფარეს. შესაძლოა, სომხეთში კათოლიკებს “ფრანკები” სწორედ ამიტომ უწოდეს.

ხსოვნა, რწმენა და გულმოწყალე სიყვარული – ეს ქრისტიანული ცხოვრების ის სამი  ძირითადი საფუძველია, რაზეც პაპმა ისაუბრა.

«ძვირფასო დებო და ძმებო, შეიძლება ითქვას, რომ წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვები სწორედ ამ ადგილზე შესრულდა: «ააშენებენ უძველეს ნანგრევებს და განაახლებენ დანგრეულ ქალაქს“. საშინელი მიწისძვრის შედეგად გაუდაბურების შემდეგ, ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ღმერთს აღდგენისთვის მადლობა გადავუხადოთ», – განაცხადა ფრანცისკმა.

ცხადია, რომის პაპმა წმინდა ეჩმიაძინის პირველსამოციქულო ეკლესიის ლიტურგიაშიც მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც კათოლიკოს გარეგინ მეორის, ეპისკოპოსებისა და მთელი სომეხი ქრისტიანებისადმი მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა. რწმენითა და ცხოვრებით დაბრძენებული ამ ადამიანის მშვიდმა და მტკიცე ხმამ თითოეულის გულში შეაღწია: “ჩემთვის ძალიან სასურველი და უკვე დაუვიწყარი ვიზიტის კულმინაციურ მომენტს, მინდა ამ საკურთხეველიდან ღმერთს მადლობა გადავუხადო, განვადიდო და ქება ვუძღვნა. თქვენო უწმინდესობავ, ამ დღეებში თქვენი სახლის კარი გამიღეთ და ჩვენ ერთად განვიცადეთ რა კარგი და რა სასიამოვნოა ძმურად ცხოვრება! ჩვენ შევხვდით, ძმურად გადავეხვიეთ ერთმანეთს, ერთად ვილოცეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ ძღვენი, იმედები და ქრისტიანული ეკლესიის საზრუნავი, რომელშიც ერთსულოვნად გვესმის გულის ძგერა, რომლისაც ჩვენ გვჯერა და რომელსაც ერთად ვგრძნობთ. ჩვენ სწორედ წმინდა მოციქულების ნიშნის ქვეშ შევხვდით. წმინდა ბართლომე და თადეოზი, რომლებმაც ამ ადგილებში სახარება პირველებმა აუწყეს და წმინდა პეტრე და პავლე, რომლებმაც რომში ღვთისთვის გაწირეს თავი, ქრისტესთან ერთად ზეცაში მეფობენ და უდავოდ,  ჩვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულების და სრული ერთიანობისათვის კონკრეტული მისწრაფების შემხედვარენი ხარობენ. ამ ყველაფრისთვის, თქვენს გამო და თქვენთან ერთად ღმერთს მადლობას  ვუხდი: “დიდება ღმერთს!”. ბოლო ორი სიტყვა რომის პაპმა სომხურად წარმოსთქვა.

ისტორიის თანახმად, მესამე საუკუნეში ხორ ვირაპის მონასტერში, რომელიც ერევანთან ახლოს, ფაქტობრივად არარატის ძირში მდებარეობს, მეფე ტრდატმა პირველი სომეხი კათოლიკოსი გრიგორ განმანათლებელი ღრმა ორმოში ჩააგდო. თუმცა შემდეგ მღვდელმა მეფე სიგიჟისგან განკურნა და 301 წელს ტრდატი ქრისტიანული წესით მოინათლა. იმავე წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელის მონასტერსა და კათოლიკურ ეკლესიაში სანთლები აანთეს და ლოცვა წაიკითხეს.  გარეგინ მეორემ და რომის პაპმა არარატის მხარეს თეთრი მტრედები გაუშვეს, ერთმანეთს გადაეხვივნენ და სამჯერ გადაკოცნეს.

ამ ლამაზმა ცერემონიამ ქვეყნისათვის რთულ პერიოდში  სომხეთისთვის ეპოქალური და ძალიან ნათელი მოვლენა დაასრულა. ერევანში რომის პაპის ვიზიტსა და ლოცვებში მონაწილეობა სომხების გარდა, რუსეთიდან და საქართველოდან ჩასულმა ასობით მსურველმაც შეძლო. “ბედნიერი ვარ, რომ ვეწვიე სომხეთს – პირველ ქვეყანას, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო. დიდი მადლობა ყველას მასპინძლობისთვის”, – ამ სიტყვებით პაპმა ფრანცისკმა არარატთან მდებარე ქვეყანაში ვიზიტი  დაასრულა.

მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა