2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ხელისუფლება და მთავარი ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. მმართველი პარტია ნაციონალების მხრიდან პროვოკაციებსა და დესტრუქციაზე საუბრობს, “ნაციონალური მოძრაობა” კი, თავისი ძებნილი ლიდერის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მოლოდინის შექმნით, საკუთარი ელექტორატის მობილიზებას და რევოლუციური განწყობის გაღვიძებას ცდილობს.

არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე, ორივე ამ პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი სოციოლოგიური კვლევები გამოაქვეყნა, რაც სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებაში პოლარიზაციის შენარჩუნებისა და მისი, კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა. ორივე ამ კვლევის მიმართ არსებობს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უნდობლობა.

“ქართული ოცნების” სოციოლოგიური კვლევის მთავარი არეალი თბილისია, სადაც მათი აზრით, კახა კალაძე პირველივე ტურში იმარჯვებს და დედაქალაქის მერი მეორე ვადით ხდება. კალაძის უპირატესობას, ვერც “ნაციონალურ მოძრაობაში” უარყოფენ, თუმცა, მეორე ტურის აუცილებლობაზე აკეთებენ მინიშნებას. ორივე მხარის მიერ დაკვეთილ კვლევაში რეიტინგის პირველ და მეორე ადგილებს “ქართული ოცნება” და “ენმ” ინაწილებენ, მესამეზე კი, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია ჰყავთ და მისთვის ერთი 5,6%-ს, ხოლო მეოე 5,8%-ს იმეტებს.

რადიკალურმა ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადა. მათი აზრით, 2 ოქტომბერი გადაწყვეტს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ბედს, რასაც “შარლ მიშელის დოკუმენტიც” ითვალისწინებს. სამაგიეროდ “ქართულმა ოცნებამ” მიშელის დოკუმენტის ანულირებით 43%-იან დათქმაზე უარი თქვა და წინასაარჩევნო პერიოდი საკუთარი პროგრამების პრეზენტაციისთვის გამოიყენა.

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას ამბობს, რომ ის დაუბალანსებელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ კამპანია საქმიანი იყო მმართველი პარტიის მხრიდან და დესტრუქციული რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

“მათგან მხოლოდ დეზინფორმაცია და მუქარა, გამოგონილ რეფერენდუმზე აპელირება ისმის”, – ამბობს აბაშიძე.

მისივე შეფასებით, ამ დროის განმავლობაში, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში წარმოადგინა პროგრამები განვლილი შეუსრულებელი დაპირებებით და სამომავლო გეგმებით. თავიანთი პროგრამული ხედვები მცირე პარტიებმაც წარმოადგინეს. გია აბაშიძე იმედოვნებს, რომ პატარა პარტიები მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდებიან. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” დამაჯერებლად მოიგებს, დესტრუქციული ოპოზიცია კი შეეცდება 2 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს.

“მაგრამ აქ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები”, – ამბობს ანალიტიკოსი.

გია აბაშიძის შეფასებით, როგორც ბრიუსელმა, ასევე ვაშინგტონმა წითელი შუქი აუნთო სააკაშვილის საქართველოში ამ ვითარებაში დაბრუნებას, რაც მათი აზრით ხელს შეუწყობს შემდგომ პოლარიზაციას და დაპირისპირებას.

“ჩამოსვლის შემთხვევაში სააკაშვილს 9-წლიანი რეჟიმისგან გამწარებული ათასობით ადამიანისგან მოუწევს თავის დაცვა. ხულიგნური ქმედებებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ დაანახა თავისი რეალური სახე”, – აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმად თავად “ნაციონალური მოძრაობისა” და სააკაშვილისთვის იქცეს.

ნიკა შენგელია

გია აბაშიძისგან განსხვავებით, “ოცნებას” სახარბიელო რეიტინგს არ უწინასწარმეტყველებს ექსპერტი ეკონომიკის სფეროში, ნიკა შენგელია. მისი აზრით, მოსახლეობის მაღალი აქტივობის შემთხვევაში “ქართული ოცნება” ხმების 40%-ზე მეტს ვერ მიიღებს. სახელისუფლებო პარტიის რეიტინგის ვარდნას ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ ფარული რეკეტი. შედეგად, ადამიანები, ვინც ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებში ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა, დღეს ამბობენ, რომ აღარ სურთ არჩევნებზე წასვლა, ხოლო თუ წავლენ, საარჩევნო ბიულეტენში 41-ს ნამდვილად აღარ შემოხაზავენ. მეორე მხრივ, საკუთარი სურვილით, თუ იძულებით, რეგიონებში “ქართული ოცნების” საარჩევნო სიები ადგილობრივი ბიზნესმენებით შეივსო.

როგორც Dalma News-ს ნიკა შენგელიამ განუცხადა, მსოფლიო პანდემიისა და ორწლიანი ლოქდაუნების პირობებში “ქართულმა ოცნებამ” საშუალო ბიზნესის წინააღმდეგ ცრუმაგიერი პირის 246-ე მუხლი აამოქმედეს, რაც იმას გულისხმობს, რომ შპს-ს დამფუძნებელს ცნობენ, რომ გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით გააკოტრა ფირმა, რის გამოც, პირად ქონებას უყადაღებენ.

“საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისთანაც პირადად მაქვს კონტაქტი, არც “ოცნება” და მით უმეტეს, არც “ნაციონალური მოძრაობა” არ სურთ. მოსახლეობისგან ახლა, განსხვავებულ ხედვას ვგრძნობ, ვიდრე წინა არჩევნებზე იყო. არ მგონია, “ქართული ოცნების” რეიტინგები ასახავდეს მოსახლეობის განწყობას”, – ამბობს ნიკა შენგელია.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და მოსახლეობაში ფესვგადგმული ნიჰილიზმის გამო, ექსპერტები 2 ოქტომბრის არჩევნებზე მაღალ აქტივობას არ ელოდებიან. ადამიანებს აღარ სჯერათ, რომ არჩევნები სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს.​ არჩევნებზე წასვლას ძირითადად ის ადამიანები არ აპირებენ, ვისი ოჯახის წევრებიც ემიგრაციაში იმყოფებიან და საქართველოში დარჩენილ ოჯახს საარსებოდ თანხას უგზავნიან. ამას ემატება რეგიონებიდან თბილისში სამუშაოდ წასული მოსახლეობა, რომლებიც არჩევნების დღეს საკუთარ მუნიციპალიტეტებში ჩასასვლელად გზის ხარჯს არ გაიღებენ. თბილისის გარემოვაჭრეთა 80% რეგიონიდან არის.

დემურ გიორხელიძე

ეკონომიკის სფეროში ექსპერტის, დემურ გიორხელიძის მოსაზრებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მიშელის დახმარებით ფაქტობრივად გაანადგურეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმად ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე გადააქციეს, მაშინ, როცა ამ არჩევნებზე ადგილობრივ პრობლემებზე, ადგილობრივი კადრების როტაციაზე უნდა ყოფილიყო საუბარი.

მისივე თქმით, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში უამრავი პრობლემა დაგროვდა, მათი გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად კი, ქვეყანამ გაუკუღმართებული საარჩევნო გარემო და დაპირისპირება მიიღო. პოლიტიკურ აჟიოტაჟს აყოლილია ადგილობრივი მოსახლეობაც და ავიწყდებათ, რომ საკუთარი შვილებისა და მომავლისთვის ნორმალური გარემო უნდა შექმნან.

“ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი არჩევნები. გარემოც ზუსტად ჰგავს ბნელ, 90-იან წლებს. 30 წელი გავიდა, ქვეყანა ვერ ვითარდება, ნებისმიერი არჩევნები არის დესტაბილიზაციის წყარო, მაშინ, როცა არჩევნები, მხოლოდ კადრების როტაციაა და სხვა არაფერი”, – განუცხადა Dalma News-ს დემურ გიორხელიძემ.

მერობის სახელისუფლებო კანდიდატები, კვლავ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე საუბრობენ, მაშინ, როდესაც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, შემოღებულმა ლოქდაუნებმა დაგვანახა, რომ ტურიზმზე აგებული ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგება. დემურ გიორხელიძის მოსაზრებით, სოფლებში მცხოვრებლებისთვის გარემო დაამძიმა არა პანდემიამ, არამედ ხელისუფლების ხელშეწყობით, თითქოსდა სამედიცინო სფეროს დემაგოგიურმა გამოსვლებმა, მათმა პროპაგანდამ. ქვეყანაში ათასობით ჰექტარი მიწა დაუხნავ-დაუთესავი დარჩა.

“საქართველოს მთავრობა ვერ გამოდის სიყალბიდან. “ქართული ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკა არის პროფესიულად არშემდგარი, ნეოლიბერალური შტამპების დამანგრეველი გავლენის ქვეშ, იდეოლოგიზირებული. კვლავ საუბარია ტურიზმზე, ბორდელებზე, კაზინოებზე. არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წინ, გარდა დემაგოგიური განცხადებებისა”, – ამბობს დემურ გიორხელიძე.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა კვლავ ემიგრანტების მხრებზეა და მთავრობის პარაზიტობას უწყობენ ხელს. ქვეყნიდან წასული 2 მლნ-ზე მეტი მოქალაქე 8 თვეში საქართველოში 1,5 მლრდ აშშ დოლარს გზავნის. ეს ფული კვების პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იხარჯება. ხელისუფლებისთვის ეს ფული, ძალიან დათვურ სამსახურს წევს, თითქოს კარგად მიდის ეკონომიკა, არადა მთავრობის წვლილი ამაში ნულოვანია.

“არჩევანი ნიშნავს შენს უფლებას, რაღაცას დაუჭირო მხარი, რაც შენს ცხოვრებას ცოტა უკეთესს გახდის – უფრო ეფექტიანად იმუშაო, მეტი შემოსავალი მიიღო. ამის ნაცვლად, “ნაც-ქოცად” ქცეულ საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს საკუთარი ინტერესები აღარ აღელვებთ, მათ ჰყავთ თავიანთი ბელადი, უყვართ ეს ბელადი და ამისთვის ანადგურებენ საკუთარი შვილების მომავალს. ასეთ ადამიანებს ვერ წაუყენებ პრეტენზიას. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანების იმ მცირერიცხოვან ნაწილზე, რომლებსაც სურთ საქართველოს განვითარება, ისინი თუ მოინდომებენ, ვითარებას შეცვლიან”, – ამბობს დემურ გიორხელიძე.

მისივე თქმით, დღეს რეალური ძალა საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილშია. მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში პროგრესი სწორედ მცირერიცხოვანი ინეტერესების ჯგუფების შემართებამ და მათმა დაუღალავმა შრომამ მოიტანა, და არა ბელადების თავდაკარგულმა მომხრეებმა.

შორენა პაპაშვილი