Ника Мелия и Михаил Саакашвили (Киев)

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოქმედ თავმჯდომარე, ნიკანორ მელიასა და პარტიის დამფუძნებელ, ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება ღრმავდება. 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც “ენმ”-მ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დასასრულის დასაწყისად გამოაცხადა, თავად ნაციონალებისთვის აღმოჩნდა გარდამტეხი. ქართველ ექსპერტთა ნაწილი ელოდა, რომ თბილისის მერობისთვის მებრძოლი ნიკა მელია, არა მხოლოდ არჩევნებში დამარცხდებოდა, არამედ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც გამოეთხოვებოდა. ახლა უკვე, მელიას პარტიიდან წასვლის გარდაუვალობაზეც საუბრობენ.

2022 წელი მთავარი ოპოზიციური პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობისთვის” შიდა საკადრო ცვლილებებით დაიწყო, რასაც თავად პარტიის ლიდერები სტრუქტურულ ცვლილებებს უწოდებენ.” 10 იანვარს ნიკა მელიამ საზოგადოებას “ენმ”-ს პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, კერძოდ ის, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს და მის ადგილას კობა ნაყოფია დააყენეს.

მელიას “ღვაწლი დაუფასეს” და პარტიის თავმჯდომარეობასთან ერთად თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობაც ჩააბარეს. კულისებიდან გამოიყვანეს სააკაშვილის ერთგული პეტრე ცისკარიშვილიც და პარტიის გენ.მდივნის სავარძელზე განამწესეს. პარტიის განახლების აქტიური პროცესი რეგიონულ ორგანიზაციებსაც შეეხება.

ნიკა მელია

თავად ნიკა მელიამ ერთდროულად ორი საპასუხისმგებლო თანამდებობის – პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობის შეთავსებას სტრუქტურულად გაუმართავი მდგომარეობა უწოდა და ერთგვარად აღიარა, რომ პარტია ვერ გააძლიერა. ახლა მის ადგილს ნაყოფია დაიკავებს, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც ბიზნესმენი და უფრო ნაკლებად – პოლიტიკოსი.

“ვიყავი პარტიის თავმჯდომარე და ამავე დროს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. სამწუხაროდ, პარტიის გაძლიერებას არ ემსახურებოდა სტრუქტურულად გაუმართავი მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით. „ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორ პარტიებთან ერთად იბრძვის, რომ თითოეულ თქვენგანი დავარწმუნოთ და დავაჯეროთ, რომ არაფერი გვამოძრავებს ნათელი მომავლის გარდა”, – განაცხადა ნიკა მელიამ 10-იანვარს, ბრიფინგზე.

მან პეტრე ცისკარისშვილსა და კობა ნაყოფიას კვალიფიციური პროფესიონალები და, რაც მთავარია “პირადი მეგობრები” უწოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა მმართველ პარტიაში. “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საკადრო ცვლილებებით სახეს ვერ შეიცვლის და რეალურად, ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად დარჩება. მისგან მხოლოდ რადიკალიზმი და ვითარების გამწვავებაა მოსადნელი.

ვლადიმერ ბოჟაძე

როგორც Dalma News-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძემ განმარტავს, “ენმ”-ს პარტიული სტრუქტურა ისე არის მოწყობილი, რომ რეალური ძალაუფლება პოლიტსაბჭოს აქვს. ამდენად პარტიის თავმჯდომარეც ის არის, ვინც პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობს. აქამდე მელია იყო ნდობით აღჭურვილი ფიგურა, თუმცა, ბოლო დროს თანაპარტიელები მას ტონალობას, საქციელს, რადიკალიზმის ხარისხს უწუნებენ. ყოველივე კი იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილსა და მელიას შორის დაპირისპირება ღრმავდება.

ბოჟაძის თქმით, პარტიული ყრილობის გარეშე მელიას გადაყენება აღარ გამოდიოდა, როგორც ეს გრიგოლ ვაშაძის (“ენმ”-ს ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ამ თანამდებობაზე მელიამ შეცვალა) შემთხვევაში მოხდა. ამჯერად მელია და უდუმაშვილი მაქსიმალურად ჩააჩოჩეს.

“ნიკა მელიას ჩაჩოჩებაზე მნიშვნელოვანი კობა ნაყოფიას მოყვანაა, რომელიც პირდაპირ რუსული კადრია. როგორც ჩანს, სააკშვილის ბიძის, თემურ ალასანიას გეგმაა მაქსიმალურად გაძლიერდეს ერთი მხრივ პარტიაში სააკაშვილის ფრთა, მეორე მხრივ რუსული ფინანსური გავლენა”, – აცხადებს ბოჟაძე.

მისივე თქმით, მთელი ეს პერიოდი მელია პატიმარ სააკაშვილს არ შეხვედრია. სააკაშვილთან კონტაქტზე იქნება კობა ნაყოფია და ნაციონალების საპარლამენტო წარმომადგენლობა, ანუ სულ სხვა ადამიანები იქნებიან სააკაშვილის სანდო პირები.

“მეორე საკითხია მელია ამჯობინებს პოლიტიკაში დარჩენას და სხვა პარტიებში მონახავს დასაყრდენს, თუ ნელ-ნელა გაიპარება პოლიტიკიდან”, – ამბობს ბოჟაძე.

მისივე შეფასებით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაღრმავდება სააკაშვილსა და მელიას შორის დაპირისპირება.

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს ტრაგიკომიკურს უწოდებს, როგორც თავად პარტიისთვის, ისე მისი მხარდამჭერებისთვის. მისი აზრით, მელიას გადადგომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ “ენმ”-ს ადამიანური რესურსების თვალსაზრისით კრიზისი აქვს და რომ “მარგინალი პოლიტიკოსის”, კობა ნაყოფიას თავმჯდომარედ დანიშვნა ამის ცხადად დადასტურებაა.

ბიზნესმენი კობა ნაყოფია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებულია. არის რუსეთის ეკონომიკის აკადემიის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი. იყო დსთ-ს ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი. ის არის ჰოლივუდში გადაღებული ფილმის “აგვისტოს 5 დღის” ერთ-ერთი პროდიუსერი.

1993-2008 წლებში საზოგადოება მას იცნობდა, როგორც ბიზნესმენს: სს “ორლოვის სამრეწველო კომპანიის” დირექტორთა საბჭოს წევრი, კომპანია “პრომიშლენნიე ინვესტორის” ვიცე-პრეზიდენტი, სს “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სს “მადნეულის” გენერალური დირექტორი, შპს “კვარციტის“ გენერალური დირექტორი, კომპანია “გეოპრომინინგის” პრეზიდენტი, აგარაკის (სომხეთი) სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, არარატის (სომხეთი) ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

2008-2020 წლებში კი, როგორც პოლიტიკოსს: საქართველოს მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სენაკის მერობის კანდიდატი იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით, თუმცა მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატთან დამარცხდა.

კობა ნაყოფია

ექსპერტი გია აბაშიძე ეჭვობს, რომ კობა ნაყოფიას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის გადაწყვეტილება სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას გადაწყვეტილებაა, რაც იმაზე მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილიც და მისი ბიძა აგონიაში არიან, ეს კიდევ უფრო გაამწვავებს პარტიის შიდა დაპირისპირებას.

“თავად პარტიის მხარდამჭერებსაც ძალიან არ მოეწონათ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ არაქარიზმატული, მარგინალი პოლიტიკოსის ასე აღზევება პარტიის ხელმძღვანელობაში არის საკუთარი მხარდამჭერების დაცინვა. შეუძლებელია კობა ნაყოფიამ პარტიაში ცვლილებები შეიტანოს, რეფორმები განახორციელოს, თუნდაც საპროტესტო აქციების ორგანიზებას გაართვას თავი. მისი მთელი ცხოვრების საქმიანობა არიან ბიზნესი და ფულის კეთება. ის იყო ერთ-ერთი პარტიული ქისა და ასეთად უნდა დარჩენილიყო”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესების გაგრძელება იყოს მელიას პარტიიდან წასვლა და მასთან ერთად სხვებისაც.

“ნაყოფია პარტიას დაშლის, ანუ იწყება პარტიის თვითგანადგურების პროცესი”, – ამბობს აბაშიძე.

მისივე შეფასებით, მეორე არაქარიზმატული ფიგურაა პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც საერთოდ აღარ ჩანდა და გარიყული იყო პოლიტიკური პროცესებიდან.

მთავარ ოპოზიციურ პარტიად თვითაღიარებულ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შიდა პარტიულ დემოკრატიას უწუნებს ექსპერტი, გელა ვასაძე. ვარაუდობს, რომ პარტიაში იწყება რეფორმები, რათა ის უფრო ეფექტიანი გახდეს. თუმცა, კონკრეტულად მელიას ნაყოფიათი ჩანაცვლება დაეხმარება თუ არა პარტიას, ამის წინასწარ პროგნოზირება უჭირს.

გელა ვასაძე

პოლიტოლოგი გელა ვასაძემ ფიქრობს, რომ თანამედროვე პოლიტიკურ პარტიას, თუ უნდა რომ იყოს ნამდვილად მასობრივი, პირველ რიგში დემოკრატიული პროცესები თავად პარტიის შიგნით უნდა ვითარდებოდეს. უნდა იმართებოდეს მსჯელობები, ახალ წევრებს იღებდნენ და სხვა. ეს ყოველივე არ არსებობს, არც “ენმ”-ში და საქართველოში მოქმედ, არც სხვა პარტიებში. ერთი სიტყვით, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობენ თანამედროვე პოლიტიკური პარტიები,

“ესენი არიან მეოცე საუკუნის პარტიები, რომლებიც ვერ გაზრდიან საზოგადოებას”, – მიაჩნია გელა ვასაძეს.

მისივე თქმით, პარტიას, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვს, საზოგადოებას დემოკრატიის მაგალითი უნდა აჩვენოს, რომ აქვს შიდა დემოკრატია და ამ მოდელს გადაიტანენ უკვე სახელმწიფოზე. როცა ამომრჩეველს ეუბნებიან, – იმისთვის უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ავაშენოთო, ამ დროს კი, თავად არიან პერსონებზე მიბმულები, ასეთი პარტია საზოგადოების ნდობას კარგავს.

“არ ვსაუბრობ სახელისუფლებო პარტია “ქართულ ოცნებაზე“, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფო აპარატს წარმოადგენს, როგორც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობა” იყო. ველოდები, რომ გამოჩნდება პარტია, რომელიც იტყვის, რომ მათი მიზანია მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება ზეგავლენა მოახდინონ შიდა პარტიულ პროცესებზე. ვინ იქნება პოლიტიკური თუ აღმასრულებელი მდივანი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, პარტიული სისტემა უნდა შეიცვალოს. როდესაც ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფოში უნდა შეიცვალოს სისტემა, ანალოგიურად ​პარტიული სისტემაც უნდა შეიცვალოს. აქტიურ ახალგაზრდებს უნდა შეეძლოთ პარტიაში განვითარება და გაზრდა ლიდერობამდე”, – ამბობს გელა ვასაძე.

Dalma News-ის კითხვაზე, ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი აზარალებს თუ არა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, გელა ვასაძემ განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები კრიზისიდან გამოსვლის საშუალებაა, საქართველოში კი პირიქით, ყოველი ახალი პოლიტიკური კრიზისი არჩევნების შემდგომ იწყება.

შორენა პაპაშვილი