ქართულ პოლიტიკურ ველს ახალი პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” შეემატა. მისი თავმჯდომარე, ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი წამყვანი, ზურაბ მახარაძეა. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა რეზონანსული გამოდგა. მიზეზი მდგომარეობს პარტიის განზრახვაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების გასაღები რუსეთში ეძებოს.

რა მიზნები აქვს ახალ პოლიტიკურ ძალას, როგორ ხედავენ ქართულ-რუსული მოლაპარაკებების პერსპექტივას და რა ღირებულებები გააჩნიათ, ამის შესახებ Dalma News-ს პარტიის ლიდერი, ზურაბ მახარაძე ესაუბრა.

სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ, რატომ შეაჩერა საჯარო რეესტრმა თქვენი პარტიის რეგისტრაცია?

– ტექნიკური ხასიათის ხარვეზები იყო, რომლებიც გასწორდება და ჩვეულებრივად გავივლით რეგისტრაციას თუ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოტივით ვინმე მიზანმიმართული არ ჩაერევა. რეგისტრაციაზე უარის თქმის სხვა საფუძველი არ არსებობს (დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ახალი პარტია დაარეგისტრირა – რედ.).

ზურაბ მახარაძე

როდის გადაწყდა პარტიის შექმნა?

– სანამ ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” დავაფუძნებდით, ინტერნეტრესურსი გავაკეთეთ და ბლოგების გადაღება დავიწყეთ. მაშინვე ვფიქრობდით, რომ ჯერ საინფორმაციო რესურსი უნდა გაკეთებულიყო, ჩვენი იდეები გაგვეცნო ხალხისთვის და მერე გადავსულიყავით პოლიტიკაში.  ვინც გვისმენდა და თვალს ადევნებდა ჩვენს აქტივობას, მათთვის ეს სიახლე არ ყოფილა. ჯერ ტელევიზია უნდა შეგვექმნა და მერე პარტია.

კონსერვატიული მოძრაობისდამფუძნებელი ყრილობის შემდგომ, თქვენი პარტიის მიმართ შეტევები განხორციელდა, როგორც ოპოზიციის, ისე სახელისუფლებო წრეების მხრიდან. მზად იყავით ამისთვის?

– ეს ძალიან კარგი მოვლენაა, რადგან ამით ირკვევა, რომ ალტერნატიული ძალა ფორმირდება.  ჩვენ არა მარტო მზად ვიყავით ასეთი რეაქციისთვის, არამედ ველოდით კიდეც. კარგია ასე რომ მოხდა. თავიდანვე დაფიქსირდა, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა ყველაფერი იმისგან, რაც 30 წელია ქართულ პოლიტიკაში ხდება. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, რასაც ვამბობ, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ მართლა განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმა რომ არის, ამის აღიარება უკვე ყველას უწევს. დანარჩენი უნდა გაირკვეს, ხალხი რამდენად გაჰყვება იმ იდეებს, რომლებსაც ჩვენ გამოვთქვამთ.

რა არის ის უმთავრესი პრობლემები, რაც თქვენი აზრით დღეს ქვეყანას აწუხებს?

– ნომერ პირველი არის უსაფრთხოება. ეკონომიკაზე საუბარს აზრი არ აქვს იმ ადგილას სადაც უსაფრთხოების პრობლემა არ არის გადაჭრილი. ადგილზე, სადაც ხვალ და ზეგ შეიძლება მტრული სახელმწიფოს ტანკი შემოვარდეს და ომი დაუწყოს. რაც არ უნდა კარგი კანონები მიიღო და „კარგი ბიზნესგარემო“ შექმნა, ინვესტიცია არ განხორციელდება და არც მოსახლეობა მოინდომებს ინფრასტრუქტურა გამართოს, რადგან საქართველოში ყველას ნიჰილიზმის განცდა აქვს. გაურკვეველია საფრთხე, როგორ უნდა ავიცილოთ, ვერავინ შემოგვთავაზა ქმედითი გამოსავალი.  უსაფრთხოებაზე პირდაპირ არის მიბმული ტერიტორიული მთლიანობა, იმიტომ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია საქართველოს უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება.

უსაფრთხოების პრობლემის გამო, ვერ ვასრულებთ, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის ფუნქციას, მათ შორის, ეკონომიკურის, რითაც შესაძლებელი ხდება ყველაზე დიდ ბაზარზე, – რუსულ ბაზარზე გასვლა. ქართული პროდუქციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ წლების განმავლობაში სხვა ბაზრები გაჩენილიყო, მაგრამ რუსული ბაზრის სრულფასოვნად ჩანაცვლება ვერ მოხერხდა. უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გადაჭრის პარალელურად ეკონომიკის ფეხზე წამოყენება უნდა მოხდეს პირველ რიგში ჩვენი, ბუნებრივი სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზებით.

ზურაბ მახარაძე და პარტიის სხვა ლიდერები

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების ნომერ პირველი დაკვეთა იყო. ბოლო დროის სოციოლოგიურ კვლევებში ვხედავთ, რომ ამან უკანა პლანზე გადაინაცვლა. რატომ მოხდა ეს?

– ამ პრობლემაზე, იმიტომ აღარ საუბრობს მოსახლეობა, რომ იმედი აღარა აქვთ. იმდენჯერ მოატყუეს ხალხი და იმდენჯერ გაუცრუვდათ იმედი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან, რომ როცა ეკითხებიან რაზე ნერვიულობ, პასუხობენ, – ეკონომიკაზე, უმუშევრობაზე, კრიმინოგენურ ვითარებაზე და სხვა. ქვეყანაში ისეთი განწყობა იქმნება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარს აზრი აღარ აქვს. ეს მოიტანა ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ, რომელმაც მოახერხა და თავისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით ეს საკითხი დღის წესრიგიდან გააქრო.

რა არის თქვენი პოლიტიკური ძალის მთავარი ღირებულებები?

– ქრისტიანულ მორალზე აგებული საქართველოს მოქალაქეების უმეტესობის კულტურულ, რელიგიურ შეხედულებებთან შესაბამისობაში მყოფი კანონმდებლობის მქონე სახელმწიფოს შექმნა. ანუ რა სახელმწიფოებრივი მოწყობა, რა კანონები უნდა ქართველს ერს, იმის შესაბამისობაში რომ მოვიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო და საკანონმდებლო სისტემა. გვაქვს კონკრეტული ამოცანა, დანარჩენი არის ამ ამოცანასთან მიღწევის გზები, ამიტომ ყველაზე პრაგმატული და რეალური, რაც იქნება, იმ მეთოდს გამოვიყენებთ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მოგვარება გადის ერთ ხაზზე, – რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე. ამ პრობლემების გასაღები არის რუსეთში. ამაზე მარტო ჩვენ კი არ ვსაუბრობთ, ამას ამბობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და იქაური ექსპერტები. სხვა ალტერნატივა უბრალოდ ფრაზების სროლაა, რომ მალე ნატოში და ევროკავშირში შევალთ და ჯადოსნურად დაბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო. უფრო მეტი შანსია, კიდევ, რაღაც დავკარგოთ, ვიდრე დავიბრუნოთ. ამას ხვდება, როგორც პოლიტიკური ელიტა, ისე რიგითი ქართველი, ხელოსანიც და ტაქსის მძღოლიც. უბრალოდ, ამაზე საუბარს ტაბუ აქვს დადებული.

დღევანდელ ქართულ რეალობაში, როცა პოლიტიკურ საქმიანობას იწყებ, რუსეთთან დიალოგის თემა არის არაპოპულარული. რამ განაპირობა თქვენი სითამამე?

– ამის მოთხოვნილება საზოგადოებაში იყო. მას შემდეგ, რაც რუსეთთან დიალოგზე განვაცხადე, ამას ჰქონდა 2 რეაქცია, – მედიასაშუალებების და პოლიტიკური ძალების მხრიდან ისტერიკა,  ხოლო ჩვეულებრივი ადამიანებისგან, (სხვებისგან განსხვავებით ჩვენ ქუჩაში დავდივართ და კორტეჟით არ გადავაადგილდებით) იმდენი მადლობა და მხარდაჭერა მივიღეთ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ადამიანის სათქმელი ვთქვით. ისეთ სიმს შევეხეთ ქართულ პოლიტიკაში, რაზეც ძალიან დიდი ხანია იყო დაკვეთა, მაგრამ რეალურად კონკრეტული განცხადებების გამკეთებელი პოლიტიკური ძალა არ ჩანდა. ვეცდებით, რომ ეს უდიდესი პოტენციალი არ გავფლანგოთ.

ზ. აბაშიძე და გ. კარასინი

– 2012 წელს, როდესაცქართული ოცნება” მოდიოდა ხელისუფლებაში მათი მთავარი დაპირება სწორედ რუსეთთან დიალოგის აღდგენა იყო. თქვენ როგორ გესახებათ რუსეთთან დიალოგით საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა?

– “ქართული ოცნების” მხრიდან რუსეთთან დიალოგი გამოიხატება აბაშიძე-კარასინის შეხვედრებში და მაგაზეც ბოდიშის მოხდით. ჩვენ ასე არ ვაპირებთ, მზად ვართ ჩავიდეთ მოსკოვში, ვესაუბროთ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს და დავიწყოთ​ შინაარსობრივი დიალოგი. ძალიან მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული და ეკონომიკის თემები, ადგილზე კონკრეტული ინციდენტების გადაჭრა, მაგრამ ჩვენ დავასახელეთ სტრატეგიული ამოცანები და ვაჭრობის შესაძლო საგანი. ყველაზე მეტად რაზედაც ისტერიკა მოაწყვეს, ეს იყო ჩვენი მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ რუსეთს. მე ვთქვი, რომ ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ შეიძლება ამაზე ვაჭრობა. ტელევიზიებმა სიტყვები “ტერიტორიული მთლიანობა” მოაშორეს და თქვეს, – რუსეთის ბაზები უნდათ საქართველოშიო.

რას გულისხმობთ?

– ორივე მხარემ უნდა დადოს რაღაც ისეთი, რაც მეორე მხარეს სჭირდება და თუ თანხმდებიან ისეთ კონფიგურაციაზე, სადაც ორივე მხარე თვლის რომ მოგებულია ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, მაშინ ის შედგება. თუ ჩვენ რუსეთს ვეუბნებით, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და უსაფრთხოების პრობლემა გადაიჭრას, ჩვენი მხრიდანაც რაღაც უნდა იდოს სასწორზე. კი, სიმართლე ჩვენ მხარეს არის, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკა ასე არ მუშაობს. რუსებმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ მათი ინტერესია მის საზღვართან არ იყოს კონკრეტული სამხედრო ალიანსის ბაზები. ამ თემაზე თუ შედგება მოლაპარაკება და რუსეთისთვის გასაგები გახდება, რომ მისი სამხედრო გეოპოლიტიკური ინტერესები საქართველოს მხრიდან დაცულია და მის საზღვართან ნატოს ძალები არ განთავსდება, ეს შეიძლება გახდება გარკვეული საპირწონე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თუ აღდგება, ამის საპირწონედ შემიძლია რუსეთს ვესაუბრო კოლექტიური უსაფრთხოების კავშირში ინტეგრაციაზეც და გარკვეული სამხედრო ობიექტების სტატუსზეც. მაგალითად აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე უკვე არის რუსული ბაზები, იმ ლოგიკის ფარგლებში, რასაც მე ვხსნი, ის ბაზები ხომ ვერ გაქრებიან? ამიტომ ამ ბაზების სტატუსზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენმა ლიბერალურმა მედიამ კი მთავარი არსი მოჭრა და განაცხადეს, რომ “კონსერვატიულ მოძრაობას” საქართველოში რუსული ბაზები უნდაო.

ახალი “კონსერვატიული მოძრაობის” წევრები

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელ პოლიტიკურ ძალას განიხილავთ თქვენს მოკავშირედ?

– არც ერთი პოლიტიკური ძალა ჩვენთან მოკავშირეობას არ ეცდება, პირიქით, კოლექტიური მცდელობა იქნება, „ენმ“-სა და „ქართულ ოცნებას“ შორის განსხვავებული პოლუსის გაჩენას ორივე მხარე წინ აღუდგება, რათა ჩანასახშივე გაგუდოს ის. ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა. პოლიტიკა ისეთი რამ არის, არასდროს არ უნდა თქვა არასდროს, რაღაც მომენტებში შეიძლება ვიღაცასთან საუბარი მოგვიწიოს, მაგრამ სტრატეგიულად, არავისთან ალიანსს და ურთიერთობას არ ვაპირებთ იმ ფორმატით, რომ ვინმესთან გავერთიანდეთ. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ქართულ რეალობაში დავდოთ განსხვავებული პოლიტიკური პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ, რაც უფრო დრო გავა, საზოგადოება ნათლად დაინახავს, რომ აქ მართლა რეალური ალტერნატიული ძალის ცენტრი ფორმირდება.

როგორი საქართველო გინდათ?

– დაცული, ერთიანი და ქრისტიანული, რაც მთავარია.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი