სამწლიანი სამზადისის შემდეგ, თბილისში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ოჯახის სიმტკიცისა და ტრადიციების დაცვისთვის მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიება, რიგით მე-10 მსოფლიოს საოჯახო კონგრესი. წლევანდელი ღონისძიების სახელწოდება იყო “ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: ოჯახი თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი”. კონგრესის პარტნიორი და საქართველოში მისი ორგანიზატორი “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI” იყო.

15 მაისს საერთაშორისო კონგრესი სასტუმრო “რედისონში” გაიხსნა თემით: “ოჯახი თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი“, სადაც მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები და ბიზნესმენები მთელი მსოფლიოდან, ოჯახის დაცვის ეგიდით გაერთიანდნენ. ახალგაზრდა თაობის აღზრდის მეთოდებში, ოჯახის ღირებულებების ევროპელმა დამცველებმა ქართველ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. პირველი დღე, განათლებასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდას მიეძღვნა.

16 მაისს კი, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაფართოებული სესია გაიმართა, როგორც უცხოელი სტუმრები აცხადებენ, ოჯახის მდგომარეობა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, ამ კონგრესზე კი რეალური ფაქტების შესახებ გებულობენ.

საფრანგეთის წარმომადგენელი ფაბრიციო სორლინი შვიდი შვილის მამაა და ამბობს, რომ მის ქვეყანაში ოჯახი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მისი თქმით, ფრანგი ხალხი წინ აღუდგა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მცდელობას, მაგრამ საფრანგეთის ხელისუფლებამ, ყურად არ იღო 1,5 მილიონი ადამიანის პროტესტი ლგბტ თემის იდეოლოგიის წინააღმდეგ.

«მიხარია, რომ თბილისში ვარ, დიდი მადლობა ლევან ვასაძეს, ასეთი მასშტაბის ღონისძიების მოწყობისთვის. რამდენიმე წლის წინათ, ფრანგმა ხალხმა გააპროტესტა ლგბტ თემის იდეოლოგია, თუმცა სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ ხალხის ხმა არ შეისმინა», – განაცხადა სორლინმა.

ოჯახის საერთაშორისო კონგრესის მთავარ პლენარულ სხდომას 16 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც დაესწრო და კონგრესი, კაცობრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად შეაფასა.

«დაცარიელდა სიყვარულის დარბაზი. მართლაც, დეფიციტია სიყვარულისა და ოჯახმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი. ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობისა, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიმტკიცისა. მამაკაცისა და ქალის შეხვედრა არ არის შემთხვევითი, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ეს არ უნდა დაკარგოს კაცობრიობამ», – განაცხადა პატრიარქმა და კონგრესსა და მის მონაწილეებს წარმატება უსურვა.

18_05_2016_gruziya_05ღონისძიება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გახსნა, თუმცა მანამდე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და განაცხადა, რომ ცივილიზაციის გზაჯვარედინზე ტრადიციული ოჯახური ღირებულებები საფრთხის წინაშე დგას და ლიბერალიზმის დროშის ქვეშ, დედის საშოში ყოველწლიურად, 45 მილიონ ბავშვს კლავენ.

მისი აზრით, ეს უფრო მეტია, ვიდრე პირველი და მეორე მსოფლიო ომი და ყველა რელიგიური ომი ერთად აღებული. კაცობრიობის ისტორიაში არასდროს დანგრეულა ამდენი ოჯახი, როგორც ლიბერალური მსოფლიოს პირობებში. ბავშვებისთვის ყველაზე დიდი ტრავმაა დედისა და მამის გაშორება, თანამედროვე მსოფლიოში კი ეს უკვე ლამის მოდად იქცა. იდეოლოგია, რომელიც ყველაზე მეტად ატირებს ბავშვს, ყველაზე არაჰუმანურია.

უდიდესი საერთაშორისო ალიანსი, მსოფლიო საოჯახო კონგრესი, 1997 წელს აშშ-ში დაფუძნდა და 80-მდე ქვეყნის, ოჯახური ღირებულებების დამცველ ორგანიზაციასა და ასოციაციას აერთიანებს. 1997 წლიდან დღემდე 9 საერთაშორისო კონგრესი გამართეს, მათ შორის: პრაღაში, ჟენევაში, მეხიკოში, ვარშავაში. ამსტერდამში კონგრესი 2009 წელს ჩატარდა, მადრიდში 2012-ში, რასაც ერთ წლის თავზე მოჰყვა კონგრესი სიდნეიში. სხვადსხვა დროს კონგრესის მხარდამჭერები იყვნენ აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი, აშშ-ს კონგრესის წევრები, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, ევროპარლამენტარები ლუკა ვოლონტე, ანა ზაბორსკა და სხვა.

“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება – XXI-ს” მხარდაჭერით, თბილისში მსოფლიო ოჯახის კონგრესი ორჯერ, 2014-2015 წლებში ჩატარდა. გაეროს 1993 წლის დადგენილების თანახმად, 1994 წლის 15 მაისიდან დაწყებული ყოველწლიურად უნდა აღინიშნოს ოჯახების საერთაშორისო დღე. ამ თარიღის დაწესების მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა ოჯახთა მრავალრიცხოვან პრობლემებზე, განსაკუთრებით იმ ოჯახებზე, რომლებიც დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებების შედეგად, გახდნენ სიღატაკისა და შიდსის მსხვერპლნი. არსებობს ოჯახები, რომლებიც იბრძვიან არსებობის ელემენტარული პირობებისთვის, საჭიროებენ მხარდაჭერას და ასეთი მხარდაჭერა უნდა მიიღონ. გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის აზრით, როდესაც ილახება ერთი ოჯახის ძირითადი უფლებები, მაშინ საფრთხე ექმნება კაცობრიობის ერთიან ოჯახს, რომლის წევრები ყველანი ვართ.

სამწლიანი სამზადისისა და ორი რეგიონული კონფერენციის შედეგად, მსოფლიოს საოჯახო კონგრესზე საქართველოში, ლევან ვასაძის მოწვევით, 200-მდე საერთაშორისო და 1000-მდე ქართველმა დელეგატმა მოიყარა თავი. როგორც გაფართოებული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან ვასაძემ განაცხადა, ყველა კონგრესზე მონაწილეები გაოცებენ თავისი მსოფლიო კლასის უნარებით, გამოცდილებით, თავდადებითა და სიღრმით.

«არავის უხდიან ფულს აქ ყოფნისთვის. გადავარჩინოთ და გავამრავლოთ საოჯახო კულტურა. ამ მოძრაობას არასდროს გამოელევა ენერგია, რადგან სიყვარულია მისი ენერგია», – განაცხადა ვასაძემ.

კონგრესზე სიტყვით გამოვიდა მსოფლიო საერთაშორისო კონგრესის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ჯეიკობსი, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონგრესი აერთიანებს უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს: ოჯახი, რწმენა და თავისუფლება. მისი აზრით, სახელმწიფოს განვითარების პრინციპები, ქრისტიანობის პრინციპებთან უნდა იყოს შეჯერებული.

«ბრიტანელმა ავტორმა ჩესტერტონმა თქვა, რომ იდეალი, რომლისკენაც სახელმწიფო მიისწრაფის არის თავისუფლება, ხოლო ოჯახი არის ის ინსტიტუტი, რომელიც თავისუფალი და ნებაყოფლობითია. ადამიანები, რომლებიც ასეთი წესით ცხოვრობენ, ძალიან ბევრ მთავრობას გამოიცვლიან, მაგრამ გააგრძელებენ თავიანთი ღირებულებებით ცხოვრებას», – განაცხადა ლარი ჯეიკობსმა.

მან კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კონგრესი საქართველოში გაიმართა. ქვეყანაში, სადაც ქრისტიანობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სადაც შესაძლებელია აღმოსავლეთ-დასავლეთის ისტორიაზე საუბარი.

ფილარმონიაში შეკრებილ ქართველ საზოგადოებას ჯეიკობსმა, აშშ-ს 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უმცროსის მისალმება გადასცა და მისი წერილი წაიკითხა, სადაც ბუში კმაყოფილებას გამოთქვამს, წლების წინ საქართველოში სტუმრობის გამო და მხარდაჭერას უცხადებს ოჯახის სიწმინდის დაცვის პრინციპებს.

«როდესაც საქართველოს აშშ-ს პრეზიდენტის რანგში ვეწვიე, ჩემთვის დიდი პატივი იყო ის დაფასება, რაც მე ქართველ ხალხში დავინახე. ეს ხდებოდა 2005 წელს თავისუფლების მოედანზე. მაშინ წარმოვთქვი სიტყვა და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველო არის თავისუფლების შუქურა, როგორც ამ რეგიონისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. ამ შუქურის დასაყრდენი არის ოჯახი და მისი სიძლიერე უნდა შენარჩუნდეს, ჩვენ უნდა დავიცვათ ის. მხარს ვუჭერ ოჯახის სიწმინდეს. მე და ლორას ყოველთვის გვჯეროდა, რომ უნდა წაგვეხალისებინა შვილად აყვანა, ეს იქნებოდა სიცოცხლის კულტურის მშენებლობისთვის დახმარება. მივესალმები თქვენს ძალისხმევას. ვაღიარებთ თქვენს წვლილს, რომ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება გაუმჯობესდეს», – ნათქვამია ბუშის წერილში.

კონგრესზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ტრადიციული ოჯახის, ოჯახური ღირებულებების, მის წინაშე არსებული საფრთხეებსა და გამოწვევებზე. მოხსენებით გამოვიდნენ ამერიკელი, პოლონელი, მოლდოველი, რუსი, იტალიელი, ნიგერიელი და ესპანელი სტუმრები. თემებზე: “ტრადიციული ოჯახი გრძნობით აღსავსე სამყაროში” და “ლიბერალიზმით ერთიანი უკმაყოფილება: მოსაზრებები მზარდი საერთაშორისო კონსერვატიული მოძრაობის შესახებ”, აშშ-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს. “განსხვავებული შეხედულებები სკოლაში სქესობრივ განათლებაზე: ევროკავშირი და სხვა ქვეყნები”.

ამ თემაზე მოხსენება რუსეთის წარმომადგენელ ნატალია იაკუნინას ჰქონდა მომზადებული. თუმცა, მანამდე კონგრესის თავმჯდომარის, ლევან ვასაძის ვრცელი გამოსვლა მოისმინეს, რომელშიც ქართველმა ბიზნესმენმა სრულად მიმოიხილა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების უკანასკნელი წლები.

როგორც მასპინძელი, თავს მოვალედ მიიჩნევს, სტუმრებს უამბოს თანამედროვე საქართველოს გაჭირვებისა და საფრთხის შესახებ. ამის გარეშე შეუძლებელია გავერკვეთ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობასა და ოჯახურ საკითხებში. ეს იქნება ერთგვარი საშუალება, რომ უცხოელებმა დაინახონ საკუთარ რეალობასთან პარალელები და დასკვნები გამოიტანონ.

«მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანა, პლანეტაზე ერთ-ერთი თვითმყოფადი ეთნოსი, რომელიც მეცნიერთა აზრით, თითქმის 6 000 წელია ცხოვრობს, ზესახელმწიფოთა დაპირისპირების გამო კვლავ გახლეჩილია. წელს ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის აღდგენის მეოთხედ საუკუნეს. საქართველოს სურვილი, აღედგინა თავისი სახელმწიფოებრიობა, არასოდეს ყოფილა რუსოფობიული, ჩვენ რუს ხალხთან ერთად, გავუძელით და დავამარცხეთ ჯერ ფაშიზმი და შემდგომ კომუნიზმი.

ორივე მოსული ჩვენთან დასავლეთიდან. ჩვენი სურვილი აღგვედგინა საქართველოს დამოუკიდებლობა ყოველთვის იყო ურყევი, და დაფუძნებული მტკიცე ცოდნაზე იმისა, რომ ჩვენი სიღრმის, კულტურისა და ისტორიის ერი, ვერასოდეს იქნებოდა ბოლომდე ჯანრთელი, სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნის პირობებში. ჩვენი გმირი წინაპრები ამ წმინდა მიზანს სიცოცხლეს სწირავდნენ», – განაცხადა ვასაძემ.

ამის შემდეგ ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიან მმართველობაზე და დასავლეთი, “ვარდების რევოლუციის” მხარდაჭერაში ღიად დაადანაშაულა. მისი თქმით, სააკაშვილის დროს ციხეში ჩასვეს 330 ათას ადამიანზე მეტი. კერძო საკუთრების თავისუფლების ნაცვლად, სააკაშვილის რეჟიმმა 9940 ბიზნესი ჩამოართვა მფლობელებს და დაიწყო იმათი მასობრივი დაპატიმრებები, ვინც თავის ქონებას ხელისუფლებასა და სააკაშვილის ოლიგარქებს არ გადასცემდა.

ლევან ვასაძის შეფასებით, სიტყვის თავისუფლების სანაცვლოდ, იმ წლებში საქართველომ მიიღო ლიბერალების ტოტალური დიქტატურა. ტრადიციული ქართული საზოგადოების დემონიზირება და იგნორირება.

«ვარდების რევოლუციის ტერორისა და დასავლეთის სრული მხარდაჭერის მიუხედავად, ჩვენი ხალხი სააკაშვილის რეჟიმს მშვიდობიანი საშუალებებით დაუპირისპირდა. დასავლეთმა მხარი დაუჭირა ანტიტრადიციული ფასეულობების პროპაგანდის კიდევ ერთ მცდელობას და როდესაც ჩვენი საზოგადოება დაუპირისპირდა ამას, დასავლეთელი ელჩები კიდევ აყვირდნენ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ არ მიიღო უსირცხვილობის აღლუმი», – განაცხადა ვასაძემ.

როგორც თავად ამბობს, აპოლიტიკური ადამიანია და თავს ვალდებულად მიიჩნევს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმატებებსა და წარუმატებლობაზე ისაუბროს. მათ შორის კი გამოყო წინა ხელისუფლების მიერ დანერგილი ტერორის აღმოფხვრა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დანერგვა, სხვადასხვა ინიციატივების მეშვეობით სოფლის მეურნეობის წამოყენება, რაც მთავარია ელიტარული კორუფციის დამარცხება, რითაც გამსჭვალული იყო სააკაშვილის ხელისუფლების ზედა ეშელონები.

“ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ მძიმე შოკში იმყოფება. სამართლიანობის აღდგენის სრული უპერსპექტივობა უკლავს გულს მოსახლეობას», – აცხადებს ვასაძე.

მან ყველაზე უმთავრეს პრობლემად იმას მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, მოსვლის დღიდან, იმ საფრთხის მძევლად იქცა, რომ მას დასავლეთი მოუწყობს უკრაინის მსგავს სამხედრო გადატრიალებას და აქ ისევ სააკაშვილის ბანდას მოიყვანენ, თუ ქვეყანა არ დაემორჩილება დასავლურ იდეოლოგიას. ლევან ვასაძეს მიაჩნია, რომ ამ საფრთხის გამო, ახალმა პარლამენტმა ისეთი რეგულაციები და კანონები მიიღო, რომლის მიღებასაც წინა რეჟიმიც კი ვერ ბედავდა. მათ შორის არის: ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის დასავლური პროტოტიპები, ძირითადად ეხება შრომისა და დასაქმების სფეროს. საქართველოში კი ეს კანონი ყოვლისმომცველია. მის თანახმად ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება მოხვდეს ციხეში, თუ მოსამართლე დაიჯერებს, რომ მომჩივანის მიმართ ე.წ. დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი.

ლევან ვასაძის კრიტიკის ქარ-ცეცხლში, ძირითადად ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება და განათლების სამინისტრო მოხვდა. წარმატებულ ბიზნესმენს არ მოსწონს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ე.წ. გენდერული თეორიის საფუძველზე ჩამოყალიბებული სექსუალური განათლების ელემენტების შეტანა სკოლებში, ახალი საგნების მეშვეობით. მისივე ინფორმაციით, პარლამენტში უკვე შეიმუშავეს ახალი მავნე კანონი, რომელსაც მალე მიიღებენ და რომელიც სოციალურ მუშაკებს გაუზრდის უფლებებს, მშობლებს შვილების წაართვან, ისეთ აფსტრაქტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, როგორიც არის ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროების ვერ უზრუნველყოფა.

«ეს კიდევ ერთ დარტყმას აყენებს ჩვენს ქვეყანაში საოჯახო კულტურას. ამავე ახალმა პარლამენტმა უარყო ყველანაირი მცდელობა რამენაირად აგვეკრძალა ონლაინ, თუ ოფლაინ კაზინოებისა და აზარტული თამაშების პროპაგანდა. ასევე ვერ შევძელით მიგვეღწია რაიმე საგრძნობი ეფექტისთვის, საქართველოში აბორტების ტრაგიკული სტატისტიკის შესამცირებლად», – აცხადებს ვასაძე.

იგი ხელისუფლებას აკრიტიკებს საკეისრო მშობიარობის დაუფიქრებელი დაფინანსების გამოც, რაც ხელოვნურად ამცირებს ქალების მშობიარობის შესაძლებლობებს.

«ჩვენი ულამაზესი და უძველესი ერი კვდება, ათასობით კაზინოსა და ბარში, ყველა ჩვენი მცდელობა აღგვედგინა სამართლიანობა დასავლეთთან, რომელიც ჯიუტად განაგრძობს აგრესიული ლიბერალიზმის დაცვას, უშედეგოდ მთავრდება. რომლებიც გვეუბნებიან, რომ თურმე ჩვენი ეკლესია იმსახურებს თავდასხმასა და შეტევას, რომ ის ადამიანის ნების თავისუფლების წინააღმდეგია. თავისუფლების ნაცვლად დასავლეთისგან მივიღეთ ციხე ტერორი გარყვნილება და უსამართლობა, ამის შემდეგ საქართველოში დასავლური კერპი დაემხო, მისი იმიჯი ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ სრულებით დამახინჯდა», – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, ჩვენთვის პატივსაცემი დასავლური კულტურის ჯანმრთელი მხარეები სრულიად დაიჩრდილა. დასავლეთმა დე-ფაქტო უკვე დაკარგა საქართველო, ეს მოხდა მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა იერიში მიეტანა მის ფესვებზე. ქართველ ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ის დღე, როდესაც კრემლი ბოლოს და ბოლოს ითავებს თბილისისა და სოხუმის, თბილისისა და ცხინვალის შერიგებას, იქნება დღე, როდესაც დასავლეთი საქართველოს საბოლოოდ დაკარგავს.

დასასრულს, ლევან ვასაძემ ფილარმონიის ტრიბუნიდან, დასავლერ პარტნიორებს ულტიმატუმი წაუყენა: შეწყვიტომ სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული სიგიჟე, აღარ ჩაერიოთ საქართველოს საშინაო საქმეებში, შეწყდეს ეკლესიასა და ოჯახზე გამუდმებული შეტევების დაფინანსება და რაც მთავარია, ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას განცხადებების გამო ბოდიში მოიხადონ, რომ თურმე, ეროვნული ტრადიციები აღარ არის მნიშვნელოვანი და რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრინციპი, მამათმავლობის მხარდაჭერაა მთელს მსოფლიოში.

მეგობრობა ისწავლეთ ჩვენგან, ისევე, როგორც ჩვენ გვსურს ვისწავლოთ თქვენგან უკეთესი ასფალტის დაგება ჩვენს გზებზე. იყავით ჩვენი ნამდვილი მეგობარი. საქართველო არის ოჯახი და აღარასოდეს შეეხოთ მათ აღარაფრით, გარდა პატივისცემისა

ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ლევან ვასაძემ, რასაც დარბაზის მხრიდან ოვაციები მოჰყვა. ქართველ დელეგატებთან ერთად, უცხოელი სტუმრებიც ტაშს, ფეხზე წამომდგარნი უკრავდნენ.

ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას 17 მაისს, წინ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა უძღოდა, რომელიც ქვეყნის დედქალაქში მოეწყო.

17 მაისს საქართველოში, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნა. ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები დილიდან, პროტესტის ნიშნად, “ვარდების მოედანზე” შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. გვიან ღამით, პოლიციამ 10 პირი დააკავა. ლგბტ საზოგადოების წევრები საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიასა და პუშკინის სკვერში, საღებავებით ჰომოფობიის საწინააღმდეგო ლოზუნგებს წერდნენ.

შორენა პაპაშვილი Dalma News-თვის