დავით გარეჯის თემა კვლავ აქტუალურია. საქართველოს ისტორიულ მიწაზე, საუკუნის წინათ ჩადებული პოლიტიკური ნაღმები პერიოდულად გვახსენებს თავს და კვლავ, ჩიხურ ვითარებაში ვრჩებით. დავით გარეჯა ის საკითხია, რომელიც ოფიციალურ თბილისსა და ბაქოს შორის ყველა დონის შეხვედრასა თუ ვიზიტების დროს განიხილება. აზერბაიჯანელ გლეხებს საძოვრები აინტერესებთ, ქართულ მხარეს თავისი ისტორიული სალოცავი, ორივეს ერთად კი, ამ ძეგლი ტურისტული პოტენციალი. ქართული ოპოზიციის ნაწილი არც ამ თემით მანიპულირებას ერიდება, მათ შორის არც დეზინფორმაციის გავრცელებას.

პრესაში პერიოდულად ჩნდება ინფორმაციები, რომ თითქოს, დავით გარეჯს ბაქოს ხან პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩუქნის, ხან იქაურობას თვითნებურად იკავებენ აზერბაიჯენელები და ა.შ.

ეს საკითხი, არც იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნისას დაძრულა მკვდარი წერტილიდან, დღეს, ხმამაღლა რომ ადანაშაულებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას უმოქმედობასა და არაპრინციპულობაში. 2012 წლის 20 მაისს, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს და რა? არც არაფერი. როგორც მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მაშინ, ამ ვიზიტის შესახებ გვიამბო, პრეზიდენტებს შორის საუბრის დიდი ნაწილი დავით გარეჯის გარშემო მომდინარე მოვლენებს და გამოთქმულ შეშფოთებას დაეთმოო, დაინტერესებულ პირს მონასტრის ტერიტორიაზე შესვლა და მისი დათვალიერება უპრობლემოდ შეეძლოსო.

“მონასტრის საბოლოო სტატუსი წყნარი მეთოდური, ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობით გადაწყდება სასაზღვარო კომისიის ფარგლებში, რომელსაც ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ვაწარმოებთ”, – განაცხადა მაშინ ვაშაძემ.

მას შემდეგ, ეს კომისია მუშაობს, შედეგი კი კვლავ უცვლელია.

დავით გარეჯის მიმართ ქართული საზოგადოების ყურადღება არასდროს მოდუნებულა და არც ამის შემდეგ მოდუნდება. ბოლო პერიოდში კი ამ თემის პოლიტიზირების ძალიან საშიში მცდელობები ვიხილეთ. აზერბაიჯანულ საიტებზე გამოიფინა ფოტოები, სადაც ქართული მონასტრის ინტერიერში, აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშით ხელში გადაღებული პირები ჩანან. ფოტოს ქვეშ კი განთავსებულია ინფორმაცია, რომ დავით გარეჯს აზერბაიჯანელები დაეპატრონენ.

ქართულ მონასტერში აფრიალებული აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშის ფოტოები ქართულ სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა. გაისმა მოსაზრებები, რომ ვიღაცას ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში დაძაბულობის შეტანა სურს და აღნიშნული ინფორმაცია მიზანმიმართულად გავრცელდა. სხვადასხვა ვერსიებიც გაისმა, ზოგი ბაქოს ადანაშაულებდა, ზოგი მოსკოვს, ზოგიც კი ერევანს. ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანმა საბოლოოდ მიისაკუთრა ქართული სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც აზერბაიჯანელები “კეშიკჩიდარს” ეძახიან.

კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ პროექტ “ევროპული მემკვიდრეობის დღეების” ფარგლებში, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსისკენ მსვლელობა მოეწყო; რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელმა მუსა მირზალიევმა, აქციის მონაწილეებს უამბო ბუნებრივი გამოქვაბულების შესახებ, რომელიც მისი თქმით, აზერბაიჯანელების წინაპრებმა შუა საუკუნეებში შექმნეს. მან ექსკურსიის მონაწილეებს ასევე, აჩვენა ერთმანეთისგან 1500 მეტრის დაშორებით მდებარე 2 ქართული ტაძარი და თქვა, რომ ისინი კავკასიელმა ალბანელებმა ადგილობრივი ქვის მასალით ააშენესო.

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, სადაც საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა, ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. დავით გარეჯის ტერიტორიაზე​, საგუშაგო “კეშიკჩი გალას” გახსნას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ელჩინ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან და ამბობენ, რომ სასაზღვრო კომპლექსი საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზეც იზრუნებს. ეს ყოველივე იმ დროს, როცა გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ ეძლევა საქართველოს მოსახლეობას თუ ქვეყნის სტუმრებს, ცოტა არ იყო გამაღიზიანებლად ჟღერდა.

ვითარების ადგილზე გასარკვევად, დავით გარეჯში, მეორე დღესვე ჩავიდნენ საზოგადოებრივ – პოლიტიკური მოძრაობა “ქართული მარშის” წევრები. როგორც მათ Dalma News-ს განუცხადეს, ადგილზე მშვიდი ვითარება დახვდათ, მაგრამ არა სახარბიელო. ჩიჩხიტურის კოშკამდე და აღდგომის მონასტრამდე მისვლა კვლავ შეუძლებელი იყო.

“იქ შექმნილი ვითარება არახალია. ხდება ის, რაც ხდება უკვე ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. დგანან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გამო, მოქალაქეებს, არც ტაძრამდე და არც კოშკამდე მისვლის უფლებას არ აძლევდნენ. ადგილზე არაფერი შეცვლილა. ეს არ არის გუშინდელი და გუშინწინდელი ამბავი. საქმე არის გარკვევის პროცესში და არაფერი ახალი არ მომხდარა”, – გვითხრა “ქართული მარშის” წევრმა ერმილე ნემსაძემ.

“ქართული მარშის” წევრები მოითხოვენ, თბილისსა და ბაქოს შორის, დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები გასაჯაროვდეს, რათა ქართული საზოგადოება მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში იყოს. უნდა ვიცოდეთ რა ხდება, რათა საზოგადოება არ იყოს მუდმივი სტრესის ქვეშ. იგეგმება თუ არა ქართული ისტორიულ-კულტურული ძეგლის უცხო ქვეყნისთვის გადაცემა? რატომ იქცევა აზერბაიჯანული მხარე პროვოკაციულად და სხვა.

პრესაში გასულ დეზინფორმაციას დავითგარეჯში მოღვაწე მამა კირიონიც ადასტურებს და ამბობს, რომ არაფერი ახალი, ჯერჯერობით არ მომხდარა და არც ქართული და არც აზერბაიჯანული მხრიდან არავინ ასულა ტაძარში. “მარშის” წევრებს კი მიაჩნიათ, რომ დავითგარეჯის გადარჩენა, მხოლოდ საქართველოს ეკლესიას შეუძლია.

მეორე დღეს, საქართველოს საპატრიარქომ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილი, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წერილი გამოაქვეყნა. წერილში საუბარია იმაზე, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას საპატრიარქო არ შეეგუება და მოითხოვს, სანამ დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულდება, აღდგეს მანამდე არსებული სტატუს კვო, სასულიერო პირებს და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისათვის ჩამოსულ ტურისტებს მიეცეთ შესაძლებლობა მოინახულონ უდაბნოს და ჩიჩხიტური.

ჩიჩხიტური

“ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს, ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია”, – მიაჩნია ილია მეორეს.

​პატრიარქის მოსაზრებით, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობას, ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს, ამდენად სახელმწიფოს ხელისუფლება მოვალეა სწორად შეაფასოს ვითარება და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს – უდაბნოს და ჩიჩხიტურს. იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია. საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წლის 5-7 მარტს და 1996 წლის 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საზღვარი უნდა გაივლოს 1936-1938 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით. ორმხრივად აღიარებული ამ რუკით უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული (განსხვავებით ბერთუბნისა, რომელიც ასევე გარეჯის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული).

ამიტომაც იყო, რომ 1991 წლის 21 აპრილის, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის N315 დადგენილებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამოთავისუფლებული პოლიგონის ფართობი (იქ, სადაც მონასტრები მდებარეობს), სხვა მიწასთან ერთად, საკუთრებაში გადმოეცა საქართველოს საპატრიარქოს. ეს საკუთრება სამართლებრივად კიდევ უფრო განმტკიცდა 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, სადაც ვკითხულობთ: ყველა ტაძარი და მონასტერი და მიწა, რომელზეც ისინია განლაგებული, აღიარებულია ეკლესიის საკუთრებად.

“ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და იქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა. გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით. ვიმედოვნებთ, ბატონო გიორგი, თქვენი ჩარევით საკითხი დადებითად გადაწყდება და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ისტორიული სამართლიანობა აღდგება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ”, – მიმართა ილია მეორემ გახარიას.

ამ ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. გახარია დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები არ არსებობს. მისივე თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო უახლოესი მეგობრები და პარტნიორები არიან. ეს პარტნიორობა გასცდა რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო დონის თემად იქცა, განსაკუთრებით ეკონომიკურ განზომილებაში, ენერგომატარებლების, ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროებში. საქართველო და აზერბაიჯანი მყარად და ურყევად უჭერენ მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ფორმატებში. აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, მოქალაქეებს შორის კი თბილი და მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, რაც საუკუნეების ისტორიას და კულტურულ ურთიერთობას მოიცავს.

“ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთა შორის ურთიერთობებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს ასრულებენ ამ ურთიერთობების განვითარებაში”, – განაცხადა თავის მხრივ ილჰამ ალიევმა.

ვახტანგ მაისაია

ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, აზერბაიჯანს საქართველოსთან ურთიერთობების დაძაბვა არ უღირს, თუნდაც ორი ფაქტორის გამო: პირველი – ენერგოუსაფრთხოება, მეორე – პოლიტიკა.

“რადგან საქართველო არის მთავარი სატრანზიტო ქვეყანა და აზერბაიჯანული ენერგომატარებლების გატანა საქართველოს გარეშე ფაქტობრივად არის აზერბაიჯანის დაბლოკვა ენერგეტიკულ ბაზრებზე; ხოლო პოლიტიკურად, ეს არის ბალანსირების პოლიტიკის გატარება რუსეთისა და სომხეთის წინააღმდეგ და რეგიონული ლიდერობის მისაღწევად. მაგრამ აზერბაიჯანს ასევე, აქვს გეოპოლიტიკური კომპლექსი, რაც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ დაცვას, ამიტომ აზერბაიჯანი არ დათმობს გარეჯის კომპლექსს არაფრის დიდებით, გახარიას ვიზიტი კი, ამ მხრივ არაფრის მომტანი იქნება”, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ.

მისივე თქმით, გახარიასა და ალიევს შორის საუბარი ძირითადად იყო ეკონომიკური და გეოეკონომიკური თემატიკა და ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში. დავით გარეჯში გზა, 11 ოქტომბრიდან, მხოლოდ სასულიერო პირებისთვის გაიხსნა. გიორგი გახარიამ, ბაქოში მოლაპარაკებების შედეგად, ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო კათოლიკოს-პატრიარქის დავალების შესრულება, მეტის მისაღწევად სიმშვიდე და პატრიოტიზმის სწორად გაგებაა საჭიროო.

მიტროპოლიტი იობი დავით გარეჯს ქართულ იერუსალიმს უწოდებს. მისი აზრით, გარეჯში უნდა დაწესდეს მორიგეობა. მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებასთან ერთად, მორიგეობით ჩაატარონ წირვა.

“ეს არის მოქმედი მონასტერი და მის დათმობას არაფრის ფასად არ ვაპირებთ”, – აცხადებს მიტროპოლიტი იობი.

შორენა პაპაშვილი