სამხრეთ კავკასიაში ისევ ომი მძვინვარებს, სადაც ყველა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს და იძულებით არავის ჩართვას ცდილობენ. როგორც ჩანს, ამ ფართომასშტაბიან ძალთა გადანაწილებაში ბევრი საქართველოს მიერ კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებას ელის. თუმცა, თბილისი დიდად არ ცდილობს ამ საკითხს დრო დაუთმოს. ადგილობრივი პოლიტიკოსები და ანალიტიკური წრეები ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებენ, თავად კი 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ეს გულგრილობა განპირობებულია არა მხოლოდ მოახლოებული არჩევნებით, არამედ ქვეყანაში გავრცელებული ზოგადი პოლიტიკური იდეოლოგიით, რომელიც ქვეყნის და ზოგადად ადგილობრივი საზოგადოების საგარეო პოლიტიკას საერთაშორისო ურთიერთობების “პრიმიტივისტულ”, “დოქტრინალურ” აღქმაში ინარჩუნებს.

სიკეთის და ბოროტების დიქოტომია

ქართულ პოლიტიკურ იდეოლოგიაში და, შესაბამისად, საგარეო პოლიტიკაში დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულია საკმაოდ ბანალური, მაგრამ ეფექტიანი ფორმულა – სიკეთისა და ბოროტების ერთგვარი დიქოტომია, რაც აისახება შემდეგნაირად: დასავლეთი ”სინათლეა”, რუსეთი კი “ბოროტება”, ხოლო მოსაზღვრე სახელმწიფოები – მოძმე ხალხები. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, რეგიონში არსებული ყველა პრობლემა და კატასტროფა ”რუსეთის ინტრიგებია” და ყველაფერი კარგი დასავლეთისა და მოძმე სახელმწიფოების დამსახურებაა. ამ დიქოტომიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თუ ჩრდილოელი მეზობლის შემთხვევაში მმართველობის ავტორიტარული მოდელი მნიშვნელოვან ნეგატიურ როლს ასრულებს, მაშინ მსგავსი სურათი სხვა მეზობელ სახელმწიფოებში უგულებელყოფილია.

საერთაშორისო პროცესებისა და ურთიერთობების ანალიზი ხდება არა გლობალური პოლიტიკის პრიზმით, არამედ რელიგიური დოგმატიზმით. შესაბამისად, არც ქვეყნის პოლიტიკური ელიტა და, არც ანალიტიკური წრეები ღიად არ საუბრობენ თემებზე, რომლებსაც სამყაროს ასეთი პრიმიტიული აღქმის განადგურება შეუძლიათ. მაგრამ ყველაზე სავალალო ის არის, რომ ღრმა და ფუნდამენტალურ ანალიზს, არც დახურულ კარს მიღმა აკეთებენ; თბილისი უბრალოდ თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ე.წ. ”ძმური კავკასია” ხშირად ”ძმური” არ არის და თურქეთს აქვს საკუთარი ინტერესები, რომლებიც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ რუსულ და სომხურ, არამედ ზოგჯერ ქართულ და ზოგადად, დასავლურ ინტერესებსაც.

ზუსტად ამ მიდგომის გამო, ქართული ანალიტიკური სპექტრი მთიანი ყარაბაღის სამხედრო პროცესებში მხოლოდ კრემლის ინტერესებს ხედავს; პრაქტიკულად, ეს ანალიზი არ სცდება მოსკოვის პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, სრულად უგულებელყოს სხვა პოლიტიკური მოთამაშეების ინტერესები, როგორც ბაქოში, ისე ერევანში.

უფრო მეტიც, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების მიზეზებიც ბანალურია – “მოსკოვის ხელი”, ან საბჭოთა კავშირის „ნელი მოქმედების ნაღმი“. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რეგიონში ქვეყნები რუსეთის მიერ მართული მარიონეტები არიან, რომლებიც ერთი ზარით იმართებიან, ხოლო“ბოროტების იმპერიის“ ფორმირებამდე, არც მთიანი ყარაბაღი არსებობდა და, არც დაპირისპირებები საქართველოს მეზობლებს შორის. ეს, რა თქმა უნდა, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართული ელიტა და ანალიტიკური წრეები სამხრეთ კავკასიის რეალური პროცესებისგან შორს არიან და იგივე ჯგუფებს სურვილიც არ აქვთ, დრო დაუთმონ ერთ გოჯა მიწაზე მიმდინარე მძაფრი მოვლენების განხილვას. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ე.წ. საქართველოს პროდასავლელებს მეზობლებისთვის არ სცალიათ; რადგან მათი მთავარი მისია დასავლურ “ოჯახში” ინტეგრაციაა, რისთვისაც ფაქტობრივად, მთელს თავის რესურსს ხარჯავენ.

თურქეთი – ნონგრატად 

ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ თურქეთი, როგორც ყარაბაღის კონფლიქტში ერთ-ერთი ძირითადი დაინტერესებული მხარე, არა მხოლოდ არ მოიხსენიება, არამედ პერსონა ნონგრატად განიხილება. უფრო მეტიც, სამხრეთ კავკასიაში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის და ზოგადად, თურქული პოლიტიკური ელიტის პრეტენზიებზე რაიმე სახით საკითხის წამოჭრას შედეგად მოჰყვება თურქოფობიასა და ანტითურქულ განწყობაში დადანაშაულება. ეს კი პირდაპირ პრორუსულობასა და კრემლისადმი სიმპათიების ბრალდებას და „კრემლის აგენტის“ იარლიყს ნიშნავს.

საერთო ჯამში, ქვეყანაში, რომელმაც ოსმანურ იმპერიასთან არაერთი ომი გამოიარა, ანკარაზე რაიმე ცუდის თქმა – ავტომატურად პოლიტიკური კონიუნქტურის უხეშ დარღვევად აღიქმება, რადგანაც ჩვენს „პრიმიტიულ სამყაროში“ მხოლოდ ერთი ბოროტება – რუსეთი არსებობს, რომლის ინტერესები საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ვითარებას ართულებს ისიც, რომ თურქეთი “ნატო”-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან პირდაპირი საზღვარი აქვს. შესაბამისად, მასზე “თავდასხმა” ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ “თვდასხმას” ნიშნავს და ამას მხოლოდ პრორუსული ე.წ. “მეხუთე კოლონა” გააკეთებს. ე.წ. თურქული “ნეოოსმანიზმის” შესახებ საუბრები არა მხოლოდ ქართველ ექსპერტებს შორის, არამედ აკადემიურ წრეებშიც არ არსებობს. შესაბამისად, ანკარის პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ინტერესები მხოლოდ ვიწრო წრეში განიხილება და სასურველია,ძალიან ჩუმად.

ქართული გულგრილობა

ბევრი, როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში სვამს კითხვას: სად არის საქართველო?! ერთის მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იქ არის, სადაც ყოველთვის – ნეიტრალურ პოზიციაზე და სამხედრო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის ორივე მხარეს თავის მხარდაჭერას სთავაზობს. თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ თბილისი გულგრილად იქცევა.

ყარაბაღის ომზე ქართული მხარის რეაქცია -დუნე და გაჭიანურებულია, ხოლო რიტორიკა, თავისი არსით, მრავალწლიანი ინერციის გაგრძელებაა. ფაქტობრივად, არ არსებობს იმის შეგრძნება, რომ რეგიონში „მოძმე“ ხალხებს შორის ფართომასშტაბიანი ომის გარდა, რეგიონალური დიდი სახელმწიფოების – თურქეთისა და რუსეთის ინტერესების შეტაკებაც ხდება. იქმნება შთაბეჭდილება,რომ ეს ყველაფერი ერთ რეგიონში, ერთმანეთის გვერდიგვერდ კი არა, სხვა კონტინენტზე ხდება. სატელევიზიო არხებზე დებატები არ მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ამ თემაზე არ საუბრობენ, ხოლო ქართველი ანალიტიკოსები ზოგადად, კრემლის ყოვლისშემძლე “ხელის” შესახებ არსებულ “პრიმიტიულ” ზღაპარს ემხრობიან. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც დასავლური ანალიტიკოსების უმეტესობა და არა მხოლოდ ისინი, ღიად საუბრობენ საქართველოზე, როგორც მთელი პროცესის განუყოფელ ნაწილზე.

თბილისს თავიც კი არ შეუწუხებია სასაზღვრო ზონების “ზრდილობის სახით” მაინც, გამაგრებასა და იქ სამხედრო ძალები ჩაყენებაზე. ამგვარად, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ამჟამინდელი ომი ქართული პოლიტიკური ელიტისთვის, არა მხოლოდ უინტერესო, არამედ ძალიან შორეული თემაა. ამ ყველაფრის მიზეზებს რომ ჩავწვდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერში დამნაშავე რუსეთია, ხოლო თურქეთზე, ან არაფერი უნდა თქვა, ან მხოლოდ კარგი, რადგანაც დასავლეთი ბოლოს და ბოლოს, ოდესღაც ხომ მაინც დაგეხმარება. ამიტომ უნდა მოითმინო და დაელოდო. ყოველივე ზემოთქმული სამწუხარო გამოხატულებაა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!”, ანუ ჩვენ აქაურები არ ვართ.

არჩილ სიხარულიძე, EADaily