საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა საქართველოში აშენდეს ჰესები, რათა ქვეყანა ენერგეტიკულად მეზობელ ქვეყნებზე აღარ იყოს დამოკიდებული.

“ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის ძალიან დიდი დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ამის აღმოსაფხვრელად კი საჭიროა ის პროექტები, რომელიც მცირე, საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას შეეხება, განხორციელდეს,” – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

მისი თქმით, ერთის მხრივ, მისასალმებელია, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, რადგან ეს ნიშნავს, რომ “ეკონომიკა წინ მიდის და ვითარდება, მაგრამ, მეორეს მხრივ, წმინდა ენერგეტიკული თვალსაზრისით, ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. მაგრამ ჰესების აშენების შემთხვევაში შევძლებთ, ენერგეტიკულად აღარ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებზე. მეტიც, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში შეგვეძლება საქართველო გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა”, – მიაჩნია ენერგეტიკის მინისტრს.