საქართველო ევრაზიის კონტინენტზე ურთიერთობების განვითარებას ცდილობს და კონტინენტზე არსებულ ყველა შესაძლებლობასა და პოტენციალს განიხილავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, დიპლომატიური მისიების მეთაურების ყოველწლიურ შეკრება “ამბასადორიალი-2015” -ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს სწორი მიმართულებაა, რომელზე მუშაობაც საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანის – ევროინტეგრაციის პარალელურად წარიმართება.

“რა თქმა უნდა, ძალაში რჩება ჩვენი მთავარი ამოცანა – ევროინტეგრაცია და ნატოსკენ მისწრაფება, მაგრამ ამის პარალელურად საჭიროა ჩინეთთან, აზიის ქვეყნებთან, ახლო აღმოსალეთთან ურთიერთობების გაღრმავება. მიმაჩნია, რომ ეს სწორია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი მაგვარად გამოეხმაურა საქართელოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელაც თქვა, რომ საქართველო ევრაზიის კონტინენტზე არსებულ ყველა შესაძლებლობასა და პოტენციალს განიხილავს. კვირიკაშვილის სიტყვები ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობამ რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, სომხეთისა და ყირგიზეთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირისადმი რევერანსად აღიქვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, ოპონენტებს, რომლებიც სწორად ვერ ჩასწვდნენ ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გუშინდელ განცხადებას, მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოების შეძენა ურჩია.

“იქ ძალიან კარგად და თვალნათლივ არის ნაჩვენები, რომელია ევრაზიის კონტინენტი. თუმცა, მათ წინასწარ საიდუმლოს მაინც გავუმხელ, ევრაზიის კონტინენტი შედგება ევროპისა და აზიისაგან”, – დასძინა აბაშიძემ.

მეზობელ ქვეყნებზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც აზერბაიჯანთან, ისე თურქეთთან და სომხეთთან, მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს. მისივე თქმით, რუსეთთან დაკავშირებით მშვიდობიანი დიალოგისა და პრაგმატული პოლიტიკის ალტერნატივას ვერ ხედავს.

“ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ და საერთოდ, ხელისუფლებამ, განაგრძოს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთის მიმართ ხორციელდება, რადგანაც მიმაჩნია, რომ მშვიდობიანი დიალოგისა და პრაგმატული პოლიტიკის ალტერნატივა არ არსებობს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.