ბავშვობაში თითოეული ჩვენგანი რაღაცას აგროვებდა. ვიღაც კანფეტების ქაღალდებს, ან მონეტებს. დღეს თუ აგროვებენ ადამიანები რამეს, არ ვიცი, მაგრამ ადრე ეს ძალიან პოპულარული საქმიანობა იყო. მაგალითად მე, ღია ბარათებს ვაგროვებდი. უფრო სწორად, ჰოლანდიიდან დიდი ბებიის მიერ გამოგზავნილ ღია ბარათებს ერთ ალბომში ვაწყობდი და ვინახავდი.  ერთ დიდი ალბომში თავმოყრილი იყო როგორც ჰოლანდიური, ისე საბჭოთა პერიოდის ღია ბარათები. შემდეგ, დროთა განმავლობაში, ისინიც გავაჩუქე და მივხვდი, რომ ჩემგან კოლექციონერი არ დადგებოდა, ამიტომ ახალი გასართობის ძებნა დავიწყე.

ნახევარი სამეფო რკინის ცხენის სანაცვლოდ

ნამდვილ კოლექციონერს ცოტა ხნის წინათ შევხვდი, თანაც ყველაზე უჩვეულოდ. კაფეში საინტერესო ლექციის მოსასმენად და ყავის დასალევად შევედი. იქ საბჭოთა პერიოდში გამოშვებული ძალიან საინტერესო მინიატურული ავტომობილების კოლექციას წავაწყდი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ კაფეში კი არა – შოკოლადის მუზეუმში შევსულვარ. ერთი სიტყვით, ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ თანაარსებობენ გემრიელი, სასარგებლო, საინტერესო და უნიკალური.

ავტომობილების უნიკალური კოლექცია ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიული სახლის მფლობელს ლევან კიკალიშვილს ეკუთვნის. პირველი ავტომობილი 6 წლის ასაკში, მამამ აჩუქა. მას შემდეგ უკვე 42 წელია ლევანი ამ კოლექციას აგროვებს.

– მაშინ, საბჭოთა კავშირში გამოშვებული საკოლექციო ავტომობილები მაღაზია „ელექტრონიკაში“ იყიდებოდა. სხვაგან მათ ვერ ნახავდით. ავტომობილები მხოლოდ ხელით იყო აწყობილი, – იხსენებს კოლექციონერი. – ერთ მაღაზიაში მხოლოდ 20-25 სახეობის შეძენა შეგეძლო. რაოდენობა ძალიან შეზღუდული იყო. ამიტომ ზოგიერთი მოდელისთვის ლენინგრადში და დრეზდენშიც წავსულვარ.

– თქვენი კოლექცია ხომ საბჭოთა ავტომობილებისგან შედგება? დრეზდენი რა შუაშია?

– მართალია, საბჭოთა ავტომობილების კოლექციაა, მაგრამ მასში არის 5 განსაკუთრებული ავტომობილი, მაგალითად, იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ავტომობილი. საქმე იმაშია, რომ ავტომობილები კი არის საბჭოთა კავშირში გამოშვებული, მაგრამ წარმოებულია 1910 წელს. ავტომობილის მარკაა „რუსო – ბალტი“. მას უშვებდნენ რიგაში, რუსულ – ბალტიურ ქარხანაში. აღნიშნულ ქარხანაში ხუთი მოდელის ავტომობილი აიწყო, მათგან ორი – კაბრიოლეტი. კოლექციაში არის ასევე 1980 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის გამოსული ავტომობილი, რომელზეც ოლიმპიური დათვია გამოსახული. არის ასევე, ავტომობილები, რომლითაც ლენინი, ბრეჟნევი, ნიკოლოზ მეორე მგზავრობდნენ. ისინი ძირითადად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოვიპოვე. მაშინ ინტერნეტი არ იყო და სასურველი მოდელის მოპოვება ძალიან რთული იყო. დღეს ეს უკვე მარტივია.

– ლევან, შოკოლადის მუზეუმში სრული კოლექცია გაქვთ წარმოდგენილი?

– სრულ კოლექციას სამი მოდელი აკლია, რომლებსაც ცხადია, ვეძებ. ერთ ადგილას კი ვიპოვე, მაგრამ კოლექციონერი მთელს კოლექციას ყიდის, მისთვის ასე უფრო მომგებიანია. საუბარია ძალიან დიდ ფულზე. მას 41 ცალი აქვს და კარგად იცის, რომ ერთისთვის მთელს კოლექციას შევიძენ.

– ერთისთვის მთელი კოლექციის შეძენა შეგიძლიათ?! გამოდის, ნახევარ სამეფოს დათმობ ერთი ცხენისთვის? რა ხალხი ხართ ეს კოლექციონერები?

– კოლექციონერები განსაკუთრებული ადამიანები არიან. ისინი ისე უფრთხილდებიან თავიანთ კოლექციას, რომ შესაძლოა იგი ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი არ აჩვენონ. კოლექციონერი უფრთხილდება ყველაფერს, რაც მისთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია.

– თბილისში ავტომობილების რამდენი კოლექციონერია?

– ზუსტად ვერ გეტყვით.

– დაახლოებით? სახელმწიფო საიდუმლოს გამხელას ხომ არ გთხოვთ?

– ვთქვათ, რამდენიმე ადამიანი. ეს კოლექციები ძალიან ძვირფასია და მათ ფასს მთელი რიგი ნიუანსები განაპირობებს.

– მოგივყევით მათ შესახებ.

– მაგალითად, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გაიღვიძებ და ავტომობილი უკვე ძალიან ძვირია. მაგალითად, ერთხელ გავემგზავრე გერმანიაში. სახლიდან მირეკავენ და მეუბნებიან, რომ დის, ან ძმის პატარა შვილი ჩემი კოლექციის წინ დგას და ტირის, სურს ჩემი ავტომობილით ითამაშოს. ცხადია, მისთვის ავტომობილის მიცემის უფლებას ვაძლევ, მხოლოდ იმ პირობით, რომ უფროსებმა ყურადღება მიაქციონ. მაგრამ, როგორც კი უფროსები ყურადღებას მოადუნებენ, ბავშვი ავტომობილს, რაღაც ნაწილს უფუჭებს. შედეგად მეორე ავტომობილის ფასი იმატებს. ბავშვობიდან ჩვევად მქონდა, რომ ერთი მოდელის ავტომობილს ორს, ან სამს ვყიდულობდი. იცით, რატომ არის ყველაზე ძვირად შეფასებული ვან გოგის „მზესუმზირები“? იმიტომ რომ მას პალიტრა ღია ცის ქვეშ ჰქონდა და საღებავები მზის შუქთან და ჰაერთან რეაქციაში შევიდნენ, შედეგად ფერი იცვალა.

– როგორ გაგიჩნდათ კოლექციის გაზიარების და ამ შენობაში მისი წარმოდგენის სურვილი?

– თუ გსურთ, ამას მარკეტინგული სვლა უწოდეთ. რატომაც არ უნდა შევაჯეროთ ერთმანეთთან სასარგებლო და სასიამოვნო.

ყველა გზა შოკოლადისკენ მიდის…

– როგორ დაიწყეთ შოკოლადის ბიზნესი?

– მრავალია წელია, მოსკოვში ვცხოვრობ. საქართველოში დედის ავადმყოფობის გამო დავბრუნდი. სამწუხაროდ, მას ვერაფრით დავეხმარე და ხელიდან გამომეცალა. საცხოვრებლად აქ დავრჩი. ძალიან მინდოდა, ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც ძალიან მიყვარს და გადავწყვიტე შოკოლადი მეწარმოებინა. დავიწყე ბაზრის და ნედლეულის შესწავლა. შევიტყვე, რომ ყოფილი საკონდიტრო ფაბრიკა „მზიურის“ შენობაში, კაკაოს მარცვლების გადასამუშავებელი მოწყობილობა იყო შემორჩენილი. უბრალოდ გამიმართლა. მართალია, ფაბრიკიდან ბევრი დანადგარი და დეტალი გაყიდულია, თუმცა კაკაოს მარცვლების გადასამუშავებელი უნიკალური დანადგარი ადგილზე დამხვდა. შოკოლადის ნაწარმი საქართველოში დღეს, საკმარისად არის. ზოგს შოკოლადი უკრაინიდან, ან ბელგიიდან შემოაქვს და აქ აფასოებენ და ყიდიან. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ შოკოლადს ნულიდან მხოლოდ ჩვენ ვამზადებთ.

– როგორ ფიქრობთ, საქართველოში შოკოლადს ბევრი მოყვარული ყავს?

– მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შოკოლადი პატივისცემის გამოხატულებად ითვლება. მიმაჩნია, რომ რაკი შოკოლადის სამშობლო მექსიკაა, ყველაზე მეტად იქ უნდა უყვარდეთ. თუმცა, შეიძლება ვცდები. ევროპაში შოკოლადს მთელი რიგი არომატები დაამატეს. თავდაპირველად იყო ცხელი. სამეფო კარზე მომსახურე მზარეულს შოკოლადის მომზადების საიდუმლო რომ გაეცა, ენას მოაჭრიდნენ. შოკოლადი იმ სახით, რასაც ჩვენ ვართ მიჩვეულები, პირველად ინგლისელებმა გამოუშვეს. დღეს იმდენად ბევრი ემულგატორი არსებობს, რომ ძალიან გაგიჭირდებათ ხარისხიანი შოკოლადის ცუდისგან გარჩევა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ყველამ რომ მხოლოდ ნატურალური შოკოლადი მიირთვას, ბუნებაში კაკაოს მარაგი ერთ კვირაში ამოიწურება. შოკოლადის მოყვარული ადამიანი ძალიან ბევრია.

– მე, მაგალითად, განსაკუთრებულად ცხელი შოკოლადი მიყვარს, რომელიც თქვენთან არის წარმოდგენილი.

-მეც მიყვარს შოკოლადი. უზომოდ შემიძლია მისი მირთმევა. აბა, დაფიქრდით, რატომ არის მიღებული, რომ სტუმარმა მისვლისას შოკოლადის კანფეტები უნდა მიიტანოს? იმიტომ რომ შოკოლადი ჯანმრთელობასთან ასოცირდება. ეს არის ღმერთების საკვები – როგორც მას მის სამშობლოში, მექსიკაში უწოდებენ. კაკაოს ზეთს იყენებენ ფარმაცევტიკაში, პარფიუმერიაში, საკონდიტროში. სისხლის დონორებს შოკოლადს აჭმევენ, ასევე სპორტსმენებსა – დიდი დატვირთვის შემდეგ. მისი მიღება რეკომენდებულია ხანდაზმულ ასაკშიც, რადგანაც შოკოლადი ორგანიზმს თვითაღდგენაში ეხმარება. პირველ რიგში, ის ამაღლებს იმუნიტეტს. შიდსს ხომ სწორედ მისი დეფიციტი იწვევს. შოკოლადი ასევე შეიცავს ენდორფინს – სიხარულის ჰორმონს. ადამიანს გრძნობების ორგანოებიც აქვს, რომლებსაც კვება სჭირდება. თვალებისთვის კარგია თევზის ჭამა და ამაზე არავინ დაობს. გონებამახვილობას კი ენდორფინების სჭირდება. ყველაფრის გათვლა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია საკუთარი შესაძლებლობების შეფასება.

შოკოლადის მუზეუმის გახსნას საფუძვლად ჩავუდე სწორედ ეს იდეა – პროდუქტის შეფასების შესაძლებლობა. ჩვენი პროდუქციით ოლიმპიურ კომიტეტს ვამარაგებთ. როგორც ყოფილ სპორტსმენს, მიმაჩნია, რომ ქვეყანაში პირველ ადგილზე სპორტი უნდა იყოს. თუ ჯანმრთელი შთამომავლობა არ გვეყოლება, არც მომავალი გვექნება.

ავტორი – ეკატერინე მინასიანი

თარგმანი – ხათუნა პაპაშვილი