თბილისსა და რუსთავში ცნობილ ჰიგიენურ და სარეცხ საშუალებებს: FAIRY-ის, SAFEGUARD-ს, KROT-ს და Rakhsha-ს კუსტარულ საწარმოებში ამზადებდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია ამოიღო და სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას პორტალი “ინფო 9” ავრცელებს.

კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არაერთი ცნობილი კომპანიის პროდუქციის ფალსიფიკაციას ახდენდნენ. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ბრენდების სახელდებაში შეჰქონდათ უმნიშვნელო ცვლილებები და იდენტური შეფუთვითა და დიზაინით, საცალო ბაზარზე ასევე ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ სარეცხის ჟელეს, ავეჯის საწმენდებს, საპნებსა და სხვა ფალსიფიცირებულ პროდუქციას.

“აგვარად ბრალდებულები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ სასაქონლო ნიშნის მფლობელს,” – აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას.