ავტომობილების ხმაურითა და ქალაქის ქუჩებში ყოველდღიურად საცობებით შეწუხებულმა თბილისელებმა, გადაწყვიტეს აქცია “ერთი დღე ავტომობილის” გარეშე მოეწყოთ. მაშინ, როდესაც თბილისელებისთვის ავტომობილი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა და ქალაქში ფეხით მოსეირნე ადამიანებს უკვე იშვიათად ნახავთ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სამსახურში ფეხით მიმავალი ქალაქის მერი, ან მეტროსადგურში, მატარებლის მოლოდინში მდგარი მერის მოადგილე? ან ველოსიპედზე შემომჯდარი მინისტრი, გნებავთ ყოფილი მინისტრი, სულაც პოლიტიკოსი? ამაში არაფერია გასაკვირი. 22 სექტემბერს ამის ნახვა ყველას შეეძლო, ვინც ერთი დღით დატოვა საკუთარი ავტომობილი სახლში და თბილისის რუსთაველის გამზირზე ფეხით გაისეირნა.

“მსოფლიო დღეს ავტომობილის გარეშე”, სხვა ქალაქების მსგავსად, 22 სექტემბერს თბილისი პირველად შეუერთდა. აქცია სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის “გული თბილისისთვის” წევრებმა დაგეგმეს. მათი მიზანი იყო, მოქალაქეებს ერთი დღით დაეტოვებინათ საკუთარი ავტომობილები სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით ემგზავრათ, ან სულაც ფეხით ევლოთ, რადგან ყველამ ნახოს, რამდენად უკეთესია ქალაქი ხმაურისა და ავტომობილებიდან გამონაბოლქვის გარეშე.

14469136_10207631093758685_498196776_nიდეა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აიტაცეს და აქციაში რამდენიმე საჯარო უწყების თანამშრომლები, პოლიტიკისები და რიგითი მოქალაქეები ჩაერთვნენ. აქციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ზოგი სახელმწიფო მოხელე მეტროსადგურ “რუსთაველიდან” დილით დაგეგმილ ველომსვლელობას შეუერთდა, ზოგმა კი, სამსახურამდე ფეხით გაისეირნა.

14463787_10207631077958290_580217733_nასე მაგალითად, ჟურნალისტებმა ფოტოზე აღბეჭდეს, თბილისის საკრებულოში ფეხით მიმავალი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რომელსაც გვერდს უმშვენებდნენ პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს სხვა დეპუტატებმაც, საკრებულოს აპარატის უფროსმა და აპარატის თანამშრომლებმა.

14409300_10207631069678083_928709174_n22 სექტემბერს სამსახურში ფეხით მივიდნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და მისი მოადგილეები: ნინა ხატისკაცი, გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი.

დავით ნარმანიას იდეა იმდენად მოეწონა, რომ შემდგომ წლებში ასეთი ტრადიციის დამკვიდრებაც არ გამორიცხა. როგორც მერმა განაცხადა, იგი სიამოვნებით ჩაერთო აქციაში, რომელიც ქალაქის ეკოლოგიასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე ზრუნვას გულისხმობს.

“ქალაქში დღეს ტრანსპორტი შედარებით შემცირებულია, რაც აქციას ამართლებს და მისი შემდგომ წლებშიც ჩატარების საჭიროებაზე მეტყველებს”, – განაცხადა მან.

ველომოყვარულთა მსვლელობას საკუთარი ველოსიპედით შეუერთდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად. ველომსვლელობა მუსიკალურმა ბენდმა “დრამ სქულმა” გააფორმა.

აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, “საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის”, “ეკო-ტრანსპორტის”, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის”, “საქართველოს საავტომობილო ფედერაციისა” და “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები” შეუერთდნენ.

ველოსიპედით გაისეირნა საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა, დეპუტატობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელიც ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი ამ აქციის გამართვას და წინა დღით, Fаcеbook-ის საკუთარი გვერდიდან ყველას მოუწოდებდა დაეტოვებინათ ავტომობილები სახლში და ერთი დღით ხმაურისგან და ავტომობილებისგან თავისუფალ ქალაქში ფეხით გაევლოთ.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისს მეტი ეკო-მეგობრული და ტევადი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტრამვაი ან ტროლეიბუსი სჭირდება, ვიდრე ინდივიდუალური ავტომობილები და რომ თბილისი დღეს მორგებულია არა ქვეითზე, არამედ ავტომობილზე, რომელიც იმდენივე საჯარო სივრცეს იკავებს, რასაც ერთი ავტობუსი.

“ჩვენი ქალაქი ძალადობს ფეხით მოსიარულეებზე, ქუჩის გადაკვეთისას ქვეითი ან ზემოთ უნდა ავიდეს, მიწისზედა გადასასვლელზე, ან ქვემოთ – მიწისქვეშა გადასასვლელში, ხოლო, თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ხართ, გზის გადაკვეთა თითქმის გადაულახავ სირთულეს წარმოადგენს. ევროპაში კი “ზებრა” გადასასვლელია ნორმა და პრიორიტეტი კი ქვეითს ეკუთვნის, თან ახლავს ხმოვანი სიგნალიზაცია შშმ პირებისათვის”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი ქალაქ ბოგოტას მერის ენრიკე პენალოსა ლონდონოს სიტყვებს იშველიებს, რომელმაც განაცხადა:

განვითარებული ქალაქი ის კი არ არის, სადაც ღარიბიც კი ავტომანქანით დადის, არამედ ის, სადაც მდიდარიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს.

თბილისში ფეხით სიარულის საოჯახო ტრადიციის დამკვიდრების ინიციატივა გამოთქვა დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა სამუშიამაც. მისი აზრით, თბილისში საკმაოდ მაღალია ჰაერის დაბინძურების ხარისხი და ბუნებრივია, ერთი დღე, რომელიც საშუალებას მისცემს ქალაქს ტრანსპორტისგან დაისვენოს, საკმარისი არ იქნება და მსგავსი აქციების ხშირად უნდა იმართებოდეს. მაგრამ ამისთვის უნდა შეირჩეს რომელიმე არასამუშაო დღე.

“დღე ავტომობილის გარეშე საინტერესო ტრადიციაა და ბევრ ევროპულ ქალაქში იმართება მსგავსი აქციები. კარგია, რომ თბილისიც შეუერთდა. მოსაფიქრებელია აქციის გამართვის დღე, შესაძლებელია, კვირა იყოს. გარდა ამისა, ეს დღე, შესაძლოა იქცეს ერთგვარ საოჯახო, ფეხით სეირნობის დღედ”, – აცხადებს დეპუტატი.

ქალაქში ფეხით და ველოსიპედით მოძრაობის კულტურის ყოველდღიურობაში დანერგვის მომხრეა საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე და მიაჩნია, რომ თბილისელები, ძალიან “მივეწებეთ” ავტომობილებს.

მისი აზრით, კარგ ამინდში, როდესაც ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობაც ხელს უწყობს, მოკლე მანძილზე ავტომობილებით არ უნდა გადაადგილდებოდნენ, მით უმეტეს, რომ ქალაქში მწვავედ დგას ავტოსადგომების პრობლემა. მსგავსი სამოქალაქო ინიციატივები კი აუცილებელია მომავალი თაობებისთვის არის აუცილებელი.

“ბავშვები უფროსების მიბაძვით იზრდებიან. ჩვენ აღარაფერი გვეშველება. უკვე ის ადამიანები ვართ, რომლებიც მეოთხე სართულზე რომ შეიძლებოდეს, ავტომობილით ავალთ. ის, რომ ერთმანეთს თვეში ერთხელ ქუჩაში შევხვდებით, ხელს ჩამოვართმევთ, სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავთ, ძალიან კარგია. უნდა დავინახოთ, რომ ცუდის გარდა, რაღაც კარგიც ხდება ჩვენს დედაქალაქში. ტურისტები ჩამოდიან იმისთვის, რომ რუსთაველზე თუნდაც აჭარული ხაჭაპური მიირთვან, ჩვენ კი ამ დროს ავტომობილებზე ვართ მიწეპებული”, – აცხადებს შალვა ოგბაიძე.

14442719_10207631096318749_894333024_nროგორც თავად აქცია World Car Free Day-ის ორგანიზატორი ლევან ცუცქირიძე ამბობს, “მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე” ევროპის კონტინენტზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბევრ ქალაქში აღინიშნება. უფრო მეტიც, ზოგან გონიერი მობილობის კვირასაც აწყობენ, როდესაც მოქალაქეები ცდილობენ. ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად უფრო მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებები გამოიყენონ. ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია საავტომობილო მოძრაობით გადატვირთულ ქალაქებში.

ავტომობილის გარეშე დღის გატარების ტრადიციას საფუძველი 1997 წელს ინგლისში ჩაეყარა. ერთი წლის შემდეგ ინიციატივას საფრანგეთი შეუერთდა. წელს ეს დღე ყველაზე მასშტაბურად აღინიშნება – მას 51 ქვეყანა და 2 ათასზე მეტი ქალაქი უერთდება.

თბილისში კი პირველად აღინიშნა, მსოფლიოს მრავალ ქალაქში წლების განმავლობაში მიმდინარე ეს აქცია, რომლის მთავარი გზავნილია:

დატოვეთ საკუთარი ავტომობილები სახლში ერთი დღით, იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა ხელი შეუწყოს დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნას

P.S. თბილისისთვის დღეს, ეს განსაკუთრებით დიდი პრობლემაა, არ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ავტოპარკი ტექნიკურად გაუმართავია და დიდი რაოდენობით გამონაბოლქვს გამოყოფს. ამას ემატება მძღოლების უდისციპლინობა, რაც იწვევს საცობებს. სხვადასხვა გამოკვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების ხარისხითა და გამონაბოლქვით გამოწვეული მოქალაქეების სიკვდილიანობის მხრივ, თბილისი ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია. ამიტომ, ერთი ავტომობილის გაჩერებასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

​შორენა პაპაშვილი