ზუსტად ერთი წლის წინ, რუსეთმა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რამაც მთელ მსოფლიოში დიდი ცვლილებები გამოიწვია. გამონაკლისი არც ჩვენი რეგიონია. რა გავლენა მოახდინა სპეცსამხედრო ოპერაციამ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რას უნდა ველოდოთ, – ეს და სხვა საკითხები განიხილეს მრგვალ მაგიდასთან “სპეც. სამხედრო ოპერაციის გავლენა გეოპოლიტიკურ პროცესებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში: წლის შედეგები და შესაძლო ტენდენციები”, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საერთაშორისო ჰუმანიტარული განვითარება”, სომეხი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების ორგანიზებით მოეწყო.

პოლიტიკური ანალიტიკოსის, ევრაზიული ექსპერტთა კლუბის კოორდინატორის არამ საფარიანის თქმით, გასული წელი ძალიან რთული იყო როგორც ჩვენი რეგიონის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. მაგრამ დღეს, სომხეთის რესპუბლიკის წინაშე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კვლავ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაა, რასაც აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების წინსვლისა და მშვიდობის დამყარების დღის წესრიგი დაემატა. ცხადია, ამის მიღწევა რთულია, მაგრამ ცდად ღირს.

“ამ მოვლენების ფონზე გაირკვა, რომ სომხეთის რესპუბლიკამ ისეთი საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა აირჩიოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ახალი განსაცდელებისგან დაიცავს და არსებული მდგომარეობიდან მინიმალური შედეგებით გამოსვლას შეძლებს. რუსეთი ჩვენი მოკავშირეა და მის შესანარჩუნებლად ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ იმისთვის, რომ არცახელი ხალხი გენოციდისგან დავიცვათ, გვჭირდება ბუნებრივი მოკავშირეები, რომლებიც უკვე გამოჩნდნენ, თუმცა ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: ეს ყველაფერი ჩვენი მოკავშირული ურთიერთობების ხარჯზე არ უნდა მოხდეს, ერევანი რუსეთის მკაფიო და სანდო პარტნიორი უნდა იყოს”, – განაცხადა არამ საფარიანმა.

სომხეთმა ეს გამოცდა ღირსეულად უნდა ჩააბაროს და მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ ამ მძიმე ვითარებაში სომხეთი არ ღალატობს.

არამ საფარიანი

“ერევანი ცდუნებებს უნდა ერიდოს. არასწორი იქნება, თუ სომხეთის რესპუბლიკა რუსებს, ამერიკელებს და ფრანგებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე თამაშს შეეცდება. ასევე დიდი შეცდომა იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებიდან დივიდენდების მიღებას შევძლებთ”, – დასძინა საფარიანმა.

საერთაშორისო ექსპერტმა გრიქორ ბალასანიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთმა საკუთარი ინტერესები უნდა წამოწიოს და ისინი ზესახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში არ ეძებოს. რაც მთავარია, სომხეთი რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გარკვევის პლატფორმა კი არ უნდა გახდეს, არამედ უნდა გააგრძელოს ურთიერთობების დამყარება ყველა პოლუსთან, მაგრამ თამაშის საკუთარი მკაფიო წესებით.

“სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, თუმცა ამავდროულად, მზად არის ურთიერთობები სხვა ქვეყნებთანაც განავითაროს, მაგრამ ეს მოკავშირეთა ურთიერთობების შელახვის გარეშე უნდა მოხდეს. ევროკავშირთან ურთიერთობის დამყარებისას სომხეთმა თავიდან უნდა აიცილოს უკიდურესობები და უზრუნველყოს ის, რომ სომხეთში ჩასულმა ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა არ გააკეთონ განცხადებები ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ. სომხეთი ათასობით ძაფით არის დაკავშირებული რუსეთთან და ეს კარგად იციან ევროკავშირის წარმომადგენლებმა”, – განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლეს გზავნილზე დაყრდნობით, საიდანაც სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, იმ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც იქმნება, შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთოს, ბალასანიანმა განაცხადა:

“ვლადიმერ პუტინმა თავის გზავნილში ნათლად აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი სომხეთზე გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება და შენარჩუნება ჩვენი ხელისუფლების დღის წესრიგში უნდა იყოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, არა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე”, – დასძინა მან.

გრიქორ ბალასანიანი

პარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, ბალასანიანმა განაცხადა, რომ დასავლეთისა და ირანის ურთიერთობა, დასავლეთის საქმეა, სომხეთმა კი თავის მრავალსაუკუნოვან მეგობართან ურთიერთობა არ უნდა გააფუჭოს. მისივე თქმით, ერევანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ 3+3 ფორმატი შედგეს და დასავლეთს, ან სხვა პოლუსს საშუალება არ უნდა მიეცეთ ჩვენს რეგიონში შემოაღწიონ და აქ არსებული პრობლემები საკუთარი ინტერესების კონტექსტში მოაგვარონ.

“პუტინის გზავნილი სომხეთისთვის კარგი შესაძლებლობების გზას ხსნის, მაგრამ ჩვენ საკუთარი წითელი ხაზი უნდა გავავლოთ და ვიყოთ მტკიცედ ჩვენი პარტნიორების, მოკავშირეების და ასევე მტრების წინაშე, რადგან ყველამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს საზღვრები, რომლებსაც სომხეთი არ გადაკვეთს”, – დასძინა ბალასანიანმა.

თავის მხრივ, ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსებასა და ამ გარემოებაზე მოსკოვის რეაქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სომხეთმა მეზობლებისა და მოკავშირეების მიმართ ძალიან დაბალანსებული პოლიტიკა უნდა გაატაროს .

მისივე თქმით, ბრიუსელში მრავალ შეხვედრასა და დისკუსიაში მონაწილეობის შემდეგ მისთვის ცხადი გახდა, რომ ბრიუსელი ამ მისიას არ განიხილავს როგორც შემცვლელ მექანიზმს, არამედ დამატებით მექანიზმად მიიჩნევს, რაც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ფონზე ძალზედ მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ერევანმა ეს ინფორმაცია თავის მოკავშირე რუსეთს უნდა მიაწვდინოს.

“ერევანმა ყველა თავისი დიპლომატიური ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს, რათა ამ დამატებითმა მექანიზმმა მის ბუნებრივ მოკავშირეს პრობლემები არ შეუქმნას”, – განაცხადა მელიქიანმა.

რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტის თქმით, თბილისიც საუბრობენ იმის შესახებ, რომ რეგიონში სტაბილურობა მათთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია და ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო მედიაციის ინიციატივებით გამოდიოდა, მაგრამ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ პლატფორმები უკვე ჩამოყალიბებულია, დღის წესრიგი მეორდება. ასე რომ, ჩნდება კითხვა – არის თუ არა საჭირო ამ ინიციატივის კვალდაკვალ სიარული?

“კიდევ ერთი რამ: უცნაურია, როდესაც ცდილობ შუამავლის როლი მოირგო, მაგრამ ბოლო 75 დღის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც ბაქომ ლაჩინის დერეფანი გადაკეტა, არაფერს ამბობ, არ აკრიტიკებ და ამ საკითხს არც კი ახსენებ”, – დასძინა ჯონი მელიქიანმა.

ჯონი მელიქიანი

თურქეთთან დაკავშირებით, მელიქიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა ანკარას დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მხარი დაუჭირა, თუმცა ცხადია, სანამ სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობის მოგვარება რეალობად არ იქცევა და ბაქო ამას არ დააკმაყოფილებს, ეს რეგულირება უნდა დავივიწყოთ.

„მიუხედავად ამისა, წელს გარკვეული დადებითი მოლოდინები გვაქვს“, – დაასკვნა ექსპერტმა.

მრგვალი მაგიდის მუშაობის დასასრულს, “ჰუმანიტარული განვითარების საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის” თავმჯდომარის მოადგილემ ცვინარ კოსტანიანმა განაცხადა, რომ ამ რთულ ვითარებაში რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ცენტრი სომხეთი არ უნდა იყოს, რადგან ეს ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება.

“ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას, თავიანთი სფეროს საუკეთესო ექსპერტების ჩართულობით, რათა განიხილონ სომხეთის წინაშე არსებული როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკური გამოწვევები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სომეხ ახალგაზრდებს ინფორმაციის პირველწყაროებიდან მიღების საშუალება ჰქონდეთ“, – დაასკვნა კოსტანიანმა.

ლინა მაკარიანი