სულ მალე ერევანს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება და ტარონ მარკარიანის გადადგომის შემდგომ დაწყებული პრობლემებიც მოგვარდება. ყოველ შემთხვევაში, ერევნელებს უკვე ეცოდინებათ კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ყველაფერში დაადანაშაულებენ. ასე, რომ სანამ ერევანი წინასაარჩევნო ატმოსფეროშია გახვეული, მისი ქუჩები ნაგავსა და ანტისანიტარიაში ეხვევა.

სომხეთის დედაქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნები 23 სექტემბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია 10 სექტემბერს დაიწყება და მხოლოდ 12 დღეს გასტანს. კიდევ ერთი სიახლე ის იქნება, რომ პოსტრევოლუციურ  სომხეთში, ასეთი მასშტაბური არჩევნები პირველად ჩატარდება, რადგან თუ მანამდე, მერობის კანდიდატები მხოლოდ დეკორაციებს წარმოადგენდნენ და დასაწყისშივე აშკარა იყო ვისი გამარჯვებით დასრულდებოდა ყველაფერი, ახლა გამარჯვებისთვის ისინი რეალურად იბრძოლებენ.

ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება. პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანის პირადი განკარგულების თანახმად, მკაცრად დაისჯებიან ის პირები, რომლებიც არჩევნების შედეგების გაყალბებას და  ამომრჩევლების მოსყიდვას შეეცდებიან. თავისი არსით, ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნები ახალი ხელისუფლებისთვის ერთგვარი რეპეტიცია იქნება მომავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასე, რომ ერევნის მერს მაქსიმალური ლეგიტიმურობით აირჩევენ და შესაძლოა ბოლო 25 წელიწადში ერევანში ეს პირველი თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნები იყოს. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არსებობს.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ პოლიტიკურ ძალებს არჩევნებში მონაწილეობის ინტერესი გაუჩნდათ. დედაქალაქის მერის სავარძლისთვის 4 ბლოკი და 9 პარტია იბრძოლებს. ადგილობრივ ცესკოში განცხადება შეიტანეს ბლოკებმა: “ჩემი ნაბიჯი”, “სინათლე”, “ერევნული  საზოგადოება” და “ერევნელები”. ასევე პარტიებმა: “აყვავებული სომხეთი”, “დაშნაკცუტიუნი”, “რეფორმისტების პარტია”, “აიკაზუნი”, “მემკვიდრეობა”, “ორინაც ერკირ”, “ერკირ ცირანი”, “ლდპა” და “დემოკრატიული გზა”. თუმცა, ერევნის მართვისთვის ძირითადად სამი კანდიდატი იბრძოლებს. ესენია: აიკ მარუტიანი (ბლოკი “ჩემი ნაბიჯი”), ნაირა ზოგრაბიანი (“აყვავებული სომხეთი”) და არტაკ ზეინალიანი (ბლოკი “სინათლე”).

აიკ მარუტიან

ცნობილი კომიკოსი და რეჟისორი აიკ მარუტიანი, სახალხო ხავერდოვანი რევოლუციის აქტიური მონაწილე იყო და პრაქტიკულად ყოველთვის მომავალი პრემიერის, ნიკოლოზ პაშინიანის გვერდით იდგა. ამ უკანასკნელმა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოექცა, არ დაივიწყა თავისი თანამებრძოლები და მაღალ თანამდებობებზე დანიშნა. თავდაპირველად საუბრობდნენ, რომ აიკ მარუტიანი სომხეთის კულტურის მინისტრი გახდებოდა, რასაც კრიტიკის ტალღა მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ტარონ მარკარიანმა, რესპუბლიკელების ბოლო დასაყრდენმა, ერევნის მერის პოსტი დატოვა, მარუტიანი მომავალ მერად მოიაზრებოდა. თუმცა, ერევნელები ამ კანდიდატურას მაინცადამაინც არ აღუფრთოვანებია. ამბობენ, რომ ნიკოლოზ პაშინიანს ამ თანამდებობაზე  ბევრად უფრო სოლიდური ადამიანის წარდგენა შეეძლო. გარდა ამისა, პარტიაში “სამოქალაქო შეთანხმება” დედაქალაქის მერობისთვის შესაფერი უკეთესი კანდიდატურები არიან. ხელისუფლების შიგნით მთავარი კონკურენტი ამჟამინდელი დეპუტატი ალენ სიმონიანი აღმოჩნდა, თუმცა მისი ამბიციები დასაწყისშივე დასრულდა.

მარუტიანის მიმართ თანამოქალაქეების დამოკიდებულების მიუხედავად, მას მერად გახდომის დიდი შანსი აქვს, კვლავაც პაშინიანთან სიახლოვის გამო. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გამარჯვებისთვის ისიც საკმარისი იქნება, რომ პაშინიანი ერთხელ წარსდგეს ამ კანდიდატთან ერთად ხალხის წინაშე და ერევლენებს მისი არჩევა ურჩიოს. თავად კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების პირობას დებს. იმედია, ასეც იქნება.

ნაირა ზოგრაბიან

ვინ არ იცნობს სომხეთის პარლამენტის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ დეპუტატს და პარტია “აყვავებული სომხეთის” წამყვან სახეს? პროფესიით ჟურნალისტი და აქტიური ქალბატონი პოლიტიკაში 2007 წელს გამოჩნდა და უკვე 10 წელია პირვანდელი შემართება არ დაუკაგავს. გაგიკ ცარუკიანის სახელთან დაკავშირებული ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, ნაირა ზოგრაბიანი წელიწადნახევარი ქვეყანაში სიდიდით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერი იყო. ამბობენ, ზოგრაბიანი სერიოზულ კონკურენციაც გაუწევს აიკ მარუტიანს.

2017 წლის მაისში პარტიის უხუცესთა საბჭოს არჩევნებში არ მონაწილეობდა. 2013 წლის არჩევნებში ცარუკიანმა არჩევანი ვარდან ოსკანიანზე, სომხური დიასპორის წარმომადგენელზე შეაჩერა. თუმცა ერევნელები ამ არჩევანის სიღრმეს ბოლომდე ვერ ჩაწვდნენ… ეს უკვე წარსულს ჩაბარდა, ხოლო, რაც შეეხება ახლო მომავალს, ნაირა ზოგრაბიანი ყველანაირად შეეცდება თანამოქალაქეების დადებითი განწყობის მოპოვებას და მერის სავარძელში მოკალათებას.

არტაკ ზეინალიან

სომხეთის  იუსტიციის მინისტრი არტაკ ზეინალიანი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პატიოსან პოლიტიკურ მოღვაწედ არის მიჩნეული. მას პატივს სცემს არა მხოლოდ ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტია, არამედ ამჟამინდელი ხელისუფლებაც. როდესაც გაირკვა, რომ პაშინიანი ბლოკიდან «Елк» თავისი პარტნიორების უარყოფის პოლიტიკას განაგრძობდა და თავის პარტიასთან ერთად არჩევნებში ედმონ მარუკიანის და არამ სარქისიანის გარეშე მიიღებდა მონაწილეობას, საარჩევნო სიის პირველი ნომრის ვინაობა ცხადზე ცხადი იყო.

არტაკ ზეინალიანი მერობის კანდიდატად მანამდე დასახელდა, სანამ ბლოკი “სინათლე” ადგილობრივ  ცესკო-ში ოფიციალურ განცხადებას შეიტანდა. გავრცელდა ჭორი, რომ პაშინიანმა ულტიმატუმი წამოაყენა – თუ ზეინალიანი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა, მინისტრის პოსტი უნდა დაეტოვებინა, რადგან მსგავს კონკურენციას არ მოითმენდა! ამის შემდეგ ზეინალიანმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდში შვებულებაში იმყოფება. ის, თუ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს მსოლოდ 23 სექტემბრის შემდეგ გავიგებთ.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები წინამორბედი პროცესებისგან იმითაც განსხვავდება, რომ დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ერევნის მერობის კანდიდატად რამდენიმე ქალი იყრის კენჭს. ნაირა ზოგრაბიანის გარდა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი პარტია “ერკირ ცირანის” ლიდერმა, ზარუი ბოსტანჯანიანმა და არქიტექტორმა, ანაიტ ტარხანიანმა გამოთქვეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხეთში არ არსებობს ქალაქი, რომელსაც ქალი მერი ეყოლებოდა, მაშინ დადებითი ტენდენცია უკვე აშკარაა! ისღა დაგვრჩენია, რომ ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ ძალას წარმატებები ვუსურვოთ, ხოლო ერევნელებს – საუკეთესო სურვილები თავიანთ დედაქალაქთან დაკავშირებით.

ლინა მაკარიანი