მხოლოდ ერთი შარლ აზნავური არსებობს

ალბათ არ მოიძებნება დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც შარლ აზნავურის შესახებ არ სმენია. სომხური წარმომავლობის დიდებული ფრანგი მომღერალი, 92 წლის შარლ აზნავური კვლავინდებურად განაგრძობს თავისი კონცერტებით მსოფლიოში მოგზაურობას. აზნავური საფრანგეთის სიმბოლო და სომხეთის სიამაყეა, მისი სიმღერები მილიონობით ადამიანის გულს შეეხო, ხოლო მუსიკა მთელი მსოფლიოს საკუთრებაა.

შანურ ვაგიაკ აზნავურიანი, 1924 წლის 22 მაისს, პარიზში დაიბადა. მისი მშობლები – მიშა და კნარ აზნავურიანები სომეხი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც 1917 წელს სომხეთში დაწყებულ არეულობას გაექცნენ და თავი საფრანგეთს შეაფარეს. იქიდან ამერიკაში გადასვლა სცადეს, მაგრამ აშშ-მ ვიზა არ მისცა და აზნავურიანები პარიზში დამკვიდრდნენ. ფრანგ რეგისტრატორს გაუჭირდა ვაგინაკის სახელის სწორად გამოთქმა, ამიტომაც მშობლებმა გადაწყვიტეს ბიჭუნასთვის ცხოვრება არ გაერთულებინათ და შარლი დაარქვეს.

Шарль Азнавур с матерью
შარლს აზნავური დედასთან ერთად

მალე აზნავურის მამა ომში მოხალისედ წავიდა და ოჯახის გამოკვების მთელი სიმძიმე შარლს დააწვა. სანამ ქალაქში გერმანელები შევიდოდნენ, იგი გაზეთებით ვაჭრობდა, “შავ ბაზარზე” ტრიალებდა. მონპარნასზე კაბარე “ჟოკეიში” მუშაობის დაწყების შემდეგაც კი, არ მიუტოვებია საშიში საქმე – პროვინციებში ჩატარებული გასტროლების შემდეგ მშიერ პარიზში ბრუნდებოდა და სოფლის პროდუქტი მიჰქონდა გასაყიდად.

ძნელი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა აზნავურს მის მიერ არჩეულ გზაზე უარი რომ ეთქვა. მისი რთული გზა 20 წლის განმავლობაში წარმატებით გაგრძელდა. პირველი სოლო კონცერტის შემდეგ ერთ-ერთმა ფრანგმა კრიტიკოსმა დაწერა: “შეშლილი უნდა იყო, რომ ასეთი გარეგნობის და ხმის პატრონი პუბლიკის წინაშე წარსდგე”.

აზნავური მხოლოდ პუბლიკის წინაშე კი არ წარსდგა, არამედ ის დაიპყრო.

Шарль Азнавур
შარლს აზნავური

არტისტის კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო. აზნავურმა მოსმენა გაიარა და “მცირე ხალხის თეატრში” მოხვდა. ამის შემდეგ გაჩნდა პიესები, სადაც შარლი ბავშვებისთვის თამაშობდა. მალე კლუბ “სიმღერებში” ახალგაზრდა პიანისტი და კომპოზიტორი პიერ როშე გაიცნო და ერთად დაიწყეს ფრანგულ და ბელგიურ კაბარეებში გამოსვლა. როშეს სიმღერებისთვის ტექსტებს აზნავური წერდა.

შარლ აზნავურის ცხოვრებაში 1946 წელი გარდამტეხი იყო. სწორედ მაშინ დაწერა სიმღერა ჟორჟ ულმერისთვის, რომელმაც გრტანპრი მოიპოვა. იმავე წელს აზნავურის ცხოვრებაში გამოჩნდა ედიტ პიაფი.

მათ ერთმანეთი პარიზში გაიცნეს

პიაფი თავის გარემოცვასთან ერთად აზნავურის ერთ-ერთ კონცერტზე მოხვდა. ედიტი მაგიდიდან რომ წამოდგა თავი შეუძლოდ იგრძნო, თავბრუ დაეხვა, შეაქანა. შარლს გადახედა და უბრძანა: “კარგი, სჯობს ვიცეკვოთ”.

შარლი გაწითლდა და მოულოდნელად, უხეშად ისევ სკამზე დასვა: “აბა, იჯექი!”. პიაფი ახალგაზრდა მამაკაცს გაკვირვებული მიაჩერდა. გარემოცვა გაისუსა. შარლი ნელა ადგა, რამდენიმე ნაბიჯი გაიარა, მობრუნდა და პიაფს მშვიდად დაუსტვინა. ასეთი იყო მაშინდელი ქუჩური რიტუალი: საცეკვაოდ გაწვევა მხოლოდ ბიჭს შეეძლო და მხოლოდ ამგვარად. ეს ედიტმაც შესანიშნავად იცოდა, რადგანაც იგივე წესებით იყო გაზრდილი. “ეს ბავშვი მკაცრი ყოფილა!”, – მხიარულად განუცხადა პიაფმა თავის გარემოცვას. ხალხმა გაიცინა.

– ებრაელი ხარ? — შეეკითხა პიაფი.

– არა, სომეხი, — უპასუხა აზნავურმა.

– ეს როგორ?

– დიდი ისტორიაა.

– ნუ, თუ დიდია, მაშინ არ გვინდა… — თქვა მომღერალმა ქალმა და შარლს და როშეს თავისი პროგრამის პირველ ნაწილში მონაწილეობა შესთავაზა.

კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ აზნავურმა პიაფს მისი გაგრძელების შესახებ ჰკითხა. „რა თქმა უნდა, გადმოდით ჩემთან. გელოდებით“,- იყო პიაფის პასუხი. ამგვარად აზნავური და როში აშშ-ს და კანადის ტურნეში გაემგზავრნენ.

რვა წლის განმავლობაში აზნავური ედიტის მფარველობით და მხარდაჭერით სარგებლობდა. “ედიტი სასწაული იყო და სასწაულთან შეწინააღმდეგება შეუძლებელია”, – განაცხადა წლების შემდეგ შარლ აზნავურმა. ის პიაფს არც ეწინააღმდეგებოდა. მით უფრო, რომ ედიტის გარდა აზნავურიანის გვერდით აღარავინ იყო. პიერ როში კანადაში, თავის ახალ სიყვარულს შეხვდა და იქ დარჩა; შარლის პირველმა მეუღლე – მიშლენმა განაცხადა, რომ ყველაფრით დაიღალა და განქორწინება გადაწყვიტა. ასე დაიწყო აზნავურიანის ცხოვრებაში ყველაზე საოცარი პერიოდი: ედიტ პიავთან უცნაური ურთიერთობის გამო, ყველა ფიქრობდა, რომ მათ რომანი ჰქონდათ.

Шарль Азнавур с Эдит Пиаф
შარლ აზნავური და ედიტ პიაფი

ორი-სამი თვის შემდეგ შარლის შესახებ ამბობდნენ, რომ ეს ის ბიჭი იყო, რომელიც სიმღერებს პიაფისთვის წერდა და თან მასთან ცხოვრობდა. აზნავური უშედეგოდ ცდილობდა ნაცნობების დარწმუნებას, რომ მათ შორის რომანი არ ყოფილა, მას არავინ უჯერებდა. შარლი სასოწარკვეთას მიეცა და ცდილობდა ედიტის მიმართ საკუთარ გრძნობებში გარკვეულიყო, რაც ჩვეულებრივი მეგობრობისთვის ძალზედ მტკივნეული იყო, ხოლო ჩვეულებრივი ვნებისთვის – ძალზედ პლატონური. იგი საცხოვრებლად პიაფის ბინაში გადავიდა. მისთვის მშობელი, მდივანი და ბოთლის თანაზიარი გახდა. “ვფიქრობ, ფრანგი მისი წყალობით გავხდი”, – ხუმრობდა აზნავური პიაფის ბინიდან გადასვლის შემდეგ. პარიზში კი ხმა გავრცელდა, რომ იგი სახლიდან ედიტმა გააგდო.

აზნავური წლიდან წლამდე ყველასთვის იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ დამოუკიდებლადაც შეეძლო რაღაცისთვის მიეღწია. დროთა განმავლობაში საკუთარი გარემოცვა გაიჩინა. შარლს კარგად ახსოვდა პიაფის სიტყვები:

“დაიმახსოვრე, მაწანწალა, თუ ოდესმე ვიღაც ფულს ვალად გთხოვს, ე.ი. ღიად გძარცვავს – ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სწორ გზას ადგახარ”. მას იმდენი ღარიბი ნათესავი და უბედური მეგობარი ჰყავდა რომ არც არაფერი გაჰკვირვებია. აზნავური უკვე მსოფლიოში ცნობილი ადამიანი იყო, თუმცა ეს მას ნაკლებად ანუგეშებდა.

Шарль Азнавур
შარლს აზნავური

ედიტ პიაფი 1963 წლის 11 დეკემბერს გარდაიცვალა. ცხოვრების ბოლო წლებში ისინი იშვიათად ურთიერთობდნენ. ედიტი ძალიან ცუდად იყო, ამიტომ მისი გარდაცვალების ამბავი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. თუმცა აზნავურმა იგი გულწრფელად დაიტირა და მასთან ერთად თავისი ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდებოდა.

ჩემი ძალის საიდუმლო იმაშია, რომ მე ემიგრანტების შვილი ვარ

აზნავურს არასოდეს დავიწყებია ის, რომ მისი მშობლები სასწაულებრივად გადაურჩნენ 1915 წელს: “ჩემი მშობლების მტკივნეული წარსული დღემდე ჩემს სიმღერებში ცხოვრობს. მე მათი უბედურების მიზეზი არ ვყოფილვარ, მაგრამ დღემდე სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა არ მტოვებს”.

შესაძლოა, აზნავური სწორედ ამ გრძნობამ აღძრა გენოციდის 60 წლისთავზე დაეწერა სიმღერა Ils sont tombés (ისინი დაეცნენ). სიმღერას ტრიუმფალური წარმატება ხვდა წილად. მან გენოციდის საკითხზე მთელი მსოფლიო დააფიქრა. 2017 წლის მარტში მიცემულ ინტერვიუში აზნავურმა განაცხადა, რომ სომხები იმ ქვეყნების მადლიერები არიან, რომლებიც ისინი “დიდი ხოცვის” შემდეგ შეიფარეს.

“1915 წელს, გენოციდის შედეგად, სომხები იძულებულები გახდნენ თავიანთი სახლები დაეტოვებინათ და თავი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის შეეფარებინათ. ჩვენ მშვიდად და დაუღალავად ვშრომობთ და ამ ქვეყნების საზოგადოებასთან ინტეგრირება შევძელით, რადგან ნიჭიერი ხალხი ვართ”, – დასძინა მან.

სომეხი ემიგრანტების შვილი, რომელსაც მუსიკალური განათლება არ მიუღია, საფრანგეთის დიდებული მომღერალი გახდა და თანამედროვე მუსიკის ისტორიაში მტკიცე ადგილი დაიმკვიდრა. როდესაც შარლს ჰკითხეს, თუ რა იყო მისი წარმატების საიდუმლო, მან უპასუხა:

unnamed (1)
შარლ აზნავური ლენინაკანის ნანგრევებში, 1988 წელი, დეკემბერი

“შესაძლოა, ჩემი ძალის საიდუმლო იმაშია, რომ მე ემიგრანტების შვილი ვარ. როდესაც ემიგრანტი იძულებულია უცხო ქვეყანაში იცხოვროს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყოველთვის უბედურია. პირველ რიგში, იმიტომ რომ მოწყვეტილია თავის სამშობლოს და ფესვებს… მამისგან მემკვიდრეობად ოპტიმიზმი მერგო – ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ მე მეორე თაობის ოპტიმისტი ვარ”.

სომხურ თემას აზნავურმა სიმღერები: “ავტობიოგრაფია”, “ჯან”, “ნაზი სომხეთი” მიუძღვნა. 1988 წელს, სომხეთის გიუმრიში მომხდარი, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მომღერალმა დახმარების ფონდი და ასოციაცია „აზნავური სომხეთისთვის“ შექმნა, რომლის პრეზიდენტიც დღემდე თავად არის.

1988 წელს, აზნავური გიუმრიში სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ჩავიდა. მაშინ მილიონიანი ტირაჟით გამოვიდა დისკი სიმღერით Pour toi Arménie (სომხეთო, შენთვის), რომელიც მომღერალმა ფრანგული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად ჩაწერა. დისკები ძალიან მალე გაიყიდა და მთელი თანხა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაიგზავნა.

აზნავური დღემდე ყველაზე პოპულარული სომეხია მთელს მსოფლიოში – მისით აღფრთოვანებულები არაინ და იგი ძალიან უყვართ. “ამიტომ, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან სახლში ვგრძნობ თავს”, – ამბობს მომღერალი.

მარადიული სიყვარული

შარლს არ ჰქონია განსაკუთრებული აღნაგობა, მაგრამ სუსტი სქესის წარმომადგენლების მხრიდან უყურადღებობას არასოდეს უჩიოდა, რაც მისი ბუნებრივი მომხიბვლელობით და სომხური ტემპერამენტით აიხსნება. იგი ცხოვრებისგან ნასწავლი არც ისე ეშმაკური სიბრძნის ერთგული იყო: “გოგონების უკან დევნა – მათ მონობაში მოხვედრას ნიშნავს”.

აზნავურს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი, პატრიცია ჰყავს. მეორედ ეველინ პლესიზე დაქორწინდა, მაგრამ მათი ქორწინება მალე დასრულდა, რადგანაც ეველინს არ სურდა თავისი მეუღლის სცენასთან გაყოფა. 1967 წელს მომღერალი ულე ტორსელზე დაქორწილდა და მასთან სამი შვილი: კატია, მიშა და ნიკოლა შეეძინა.

“თითქოს, მე ის “გამოვაფხიზლე”, მან კი მე ოჯახის კაცად მაქცია”, – განაცხადა მაესტრომ, ​ულო ტორსელთან 49 წლიან ოჯახურ თანაცხოვრებაზე საუბრისას, “ახალი გაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

Шарль Азнавур с женой Уллой Торсель
შარლ აზნავური მეუღლე – ულა ტორსელთან

“ჩემს ოჯახში ყველა რელიგიაა: მეუღლე – პროტესტანტი, მე – გრიოგორიანელი, ჩემი ერთი შვილიშვილი – ებრაელია, მეორე – მუსულმანურ ოჯახში იზრდება, ჩემი რძალი – კათოლიკე, მაგრამ ყველანი ერთნი ვართ, გვესმის და გვიყვარს ერთმანეთი”, – დასძინა აზნავურმა.

“სიმღერა ისეთივე უცვლელია, როგორც ადამიანი”

ეროვნული სიმღერების ტრადიციას აზნავური ოჯახში ეზიარა.

“მამაჩემი საიათნოვას სიმღერებს მღეროდა, მე კი ვთარგმნიდი. დედას ბერძნული სიმღერები უყვარდა. ჩემი წინაპრების, დასავლეთ სომხეთის ჰუსანების სიმღერები ჩვენს საოჯახო რეპერტუარში შედიოდა”, – იხსენებს შარლ აზნავური.

1946 წელს აზნავური თავის პირველ ტურნეში – “კომპანიონ დე ლა შანსონ”, დასთან ერთად გაემგზავრა. ნამდვილი წარმატება მას 1959 წელს, კასაბლანკასა და პარიზში “ოლიმპიკის” ცნობილ სცენაზე ჩატარებული წარმატებული კონცერტის შემდეგ ეწვია. 1963 წელს აზნავურის კონცერტი ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლში დიდი ანშლაგით დასრულდა და პოპულარობაც მოიპოვა.

1960 წელს ეკრანებზე ფრანსუა ტრიუფოს ფილმი “ესროლეთ პიანისტს” გამოვიდა, რომელშიც აზნავურმა მთავარი როლი შეასრულა. აზნავურის მსახიობური ნიჭით მოხიბლულმა ბევრმა რეჟისორმა იგი საკუთარ ფილმში მიიწვია.

70-იან წლებში აზნავურს ძალზედ დატვირთული საგასტროლო გეგმები ჰქონდა. 1973 წელს სიმღერამ “ის” ჯერ ოქროს, შემდეგ კი პლატინის დისკები დაიმსახურა, რომლითაც მანამდე ფრანგი არ დაჯილდოებულა.

Кадр из фильма "Стреляйте в пианиста"
კადრი ფილმიდან „ესროლეთ პიანისტს“

როდესაც ვიღაც ამბობდა, რომ აზნავური მოდური არ არის, იგი პასუხობდა: “არასოდეს ვყოფილვარ მოდური მომღერალი. კარგად არის ცნობილი, რომ ისე სწრაფად არაფერი ძველდება, როგორც მოდური საგნები. სომღერა კი ისეთივე უცვლელია, როგორც ადამიანი”.

აზნავურმა ათასზე მეტი სიმღერა დაწერა. იგი ღირსების ლეგიონის ორდენის კავალერი, ქალაქ პარიზის ოქროს მედლის, ფრანგული სიმღერის დიდ მედლის, პრემია Victory-ს და სხვა ბევრი ჯილდოს მფლობელია.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში აზნავურმა ცნობილი კინორეჟისორების სამოცამდე ფილმში ითამაშა. 1971 წელს ვენეციის კინოფესტივალზე “ოქროს ლომით” დაჯილდოვდა. თავად დადგა, რამდენიმე ოპერა, რომელთაგან პირველი “Monsieur Carnaval” მაშინვე პოპულარული გახდა. მასში აზნავურის ცნობილი ჰიტი La Boheme გაჟღერდა.

შეუძლია იღელვოს

Шарль Азнавур
შარლ აზნავური

“თქვენ მსოფლიოს დაიპყრობთ, იმიტომ რომ შეგიძლიათ იღელვოთ”, – უთხრა შარლ დე გოლმა შარლ აზნავურს. ეს ფრაზა აზნავურის წარმატების ახსნის მცდელობაა. მასზე ყოველთვის რთულია საუბარი, რადგანაც გეშინია მისი ცხოვრების და შემოქმედების, რაიმე დეტალი არ გამოგრჩეს. მართალია, მასზე პრაქტიკულად ყველაფერი ცნობილია, თუმცა აზნავურის ფენომენი კვლავაც ამოუცნობია.

მოამზადა ასმიკ ვანციანმა