ბოლო ხანებში ხშირად გვესმის, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არის, მაგრამ შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტია; რომ მოსახლეობაში არსებული პროფესიული განათლების ხარისხი ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს, რაც იწვევს დისბალანსს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. საჭიროა შრომის ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირება, შესწავლა, რეგულირება, რაც შემდგომ უნდა აისახოს სახელმწიფო პოლიტიკაზე. ამ პროცესში მნიშვნელოვანია განათლების სისტემის როლი.

საქართველო ძირითადად აგროწარმოების ქვეყანაა. ბოლო წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა საწარმოები, ვითარდება გადამამუშავებელი მრეწველობა, მაგრამ სერიოზულ პრობლემად რჩება აგრონომების, ტრაქტორისტების, მექანიზატორების და თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე სპეციალისტების არსებობა. ერთი შეხედვით, პროფესიები, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში პოპულარული და ყველაზე ფართოდ გავრცელებული იყო, საქართველოში დღეს პრობლემაა. რაში მდგომარეობს გამოსავალი და როგორია ბაზრის მოთხოვნები სოფლად და ქალაქში, ამის შესახებ Dalma News-ს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე ესაუბრა.

– პროფესიული განათლება ევროპის ქვეყნებში საკმაოდ განვითარებული სფეროა. თუმცა, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენთან ამ საკითხს თუ მოვაგვარებთ, მაშინვე მოიხსნება უმუშევრობის პრობლემა. უმუშევრობა ყველა საზოგადოებისთვის დამახასიათებელია. მთავარია ის იყოს შესწავლილი, იდენტიფიცირებული, რეგულირებადი და აისახოს სახელმწიფო პოლიტიკაზე. დასაქმების პრობლემის მოგვარება სისტემურ მიდგომას საჭიროებს. შრომის ბაზარი არის ძალიან მგრძნობიარე ყველა იმ პროცესის მიმართ, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. იმავდროულად არის წინა წლების პროცესების, გაკეთებული ან გასაკეთებელი ქმედებების შედეგი, რაც აისახება შრომის ბაზარზე. საქართველოში დღეს, ერთი მხრივ გვყავს სამუშაოს მაძიებლები, – არსებობს რეგიონები, სადაც მცირეა სამუშაო ადგილები, ან საერთოდ მინიმუმამდეა, მეორე მხრივ იმ ვაკანსიებზე რაც ცხადდება, ვერ ხერხდება ადამიანების დასაქმება. ჩვენ ვიცით დამსაქმებლების, ბიზნესმენების პოზიცია, რომლებიც ინტენსიურად ეძებენ კვალიფიციურ კადრებს. “აწარმოე საქართველოში” და სხვა მსგავსი სახელმწიფო პროგრამების წყალობით იქმნება მცირე საწარმოები, მეწარმეებს აქვთ ვალდებულება დაასაქმონ ადამიანები, მაგრამ დასაქმების ასოციაცია ვერ აწვდის მათ საჭირო კადრებს.

– არის თუ არა ამ მხრივ პრობლემა მუშახელის ასაკში?

– ქვეყანაში სამუშაო ადგილები საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქეებისთვისაც არსებობს, მაგრამ მათ სჭირდებათ პროფესიული გადამზადება. გარდა ამისა, არსებობს ახალი პროფესიები, რომლებზეც შრომის თანამედროვე ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა, მაგრამ მოქალაქეებს ამ პროფესიების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ აქვთ. პროფესიულ განათლებაზე საუბრისას სამწუხაროდ ხშირად მხოლოდ ახალგაზრდების გადამზადებას გულისხმობენ, თუმცა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არის პოლიტიკა, გადაამზადონ ხანდაზმულობის ასაკის მოქალაქეები, ჩაუტარონ ტრენინგები. ეს აუცილებელი პრაქტიკაა, არა მხოლოდ იმისთვის, რომ სამუშაოს მაძიებლები მოვარგოთ ბაზრის მოთხოვნებს და მოსახლეობა დავაკმაყოფილოთ სამუშაო ადგილებით, არამედ ეს საჭიროა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც მუშაობენ გარკვეულ სამუშაო ადგილზე და სურთ კვალიფიკაციის ამაღლება. ხშირ შემთხვევაში დამსაქმებელი ზრუნავს მათ გადამზადებაზე.

– რამდენადაც ვიცი, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციის ახალგაზრდებამდე მიტანაც პრობლემაა?

– ახალგაზრდებს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ სწორად განსაზღვრონ მომავალი პროფესია. არ აქვთ შესაბამისი საწარმო პრაქტიკა. მეორე მხრივ, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები, ისინი, რომლებმაც მიიღეს განათლება 20-30 წლის წინ და ფიქრობენ, რომ დღეს მათთვის სამუშაო ადგილი არ არსებობს. ყველასთვის არის სამუშაო ადგილი, მაგრამ საჭიროა შესაბამისი გადამზადება. ხშირად ქვეყანაში საკანონმდებლო რეგულაციებს იღებენ, მაგრამ შრომის შიდა ბაზარზე სათანადო პროფესიული კადრები არ არსებობს. მაგალითად, ამოქმედდა შრომითი უსაფრთხოების და სურსათის უვნებლობის შესახებ კანონები, მაგრამ არ არიან სპეციალისტები. კომპანიები გვთხოვენ დავეხმაროთ, შრომითი უსაფრთხოების, ან სურსათის უვნებლობის სფეროს სპეციალისტებით, რომლებიც რეალურად არ გვყავს. შესაბამისი კანონების მიღებამ გააჩინა მოთხოვნა ახალ პროფესიებზე. ამისთვის საჭიროა განათლების სისტემა იყოს კარგად პროგნოზირებადი და ორიენტირებული ბიზნესის მოთხოვნებზე.

– პროფესიები, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში მოთხოვნადი იყო, დღესაც აქტუალურია?

– პროფესიები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში იყო მოთხოვნადი, დღეს მათი აბსოლუტურად განსხვავებული და თანამედროვე ვარიანტი გვჭირდება. ამ პროფესიების სახელწოდება თუ შემორჩა ეს არ ნიშნავს, რომ იგივეა. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ევროპულ სტანდარტებსა და ევროპულ მოთხოვნებზე, ვინაიდან ქვეყანაში შემოდის ევროპული ტექნოლოგიები, იქმნება საწარმოები და ყველა სპეციალობა საჭიროა პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ძირითადად მოთხოვნა არის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე, თუმცა რიგით, დამხმარე სამუშაო ძალაც – თანაშემწე, ასისტენტი და სხვა, დეფიციტურია. მთავრობის მუდმივი მცდელობის მიუხედავად, პროფესიული განათლების ცენტრები სამწუხაროდ ქვეყანაში საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი შრომა სჭირდება იმას, რომ მოარგო ბაზრის მოთხოვნებს განათლების სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ისევ ის რეალობა. არასწორია მიდგომაა, როცა მოქალაქეებს 30 და 10 წლის წინ აქვთ მიღებული განათლებით და პრეტენზია აქვთ ადეკვატური სამუშაო ადგილით დაკმაყოფილდნენ.

– ანუ, პერიოდულად ვიზრუნოთ პროფესიულ განათლებაზე?

– ასეთი ცხოვრების წესია ევროპაში და აშშ-შიც. ადამიანები, ცხოვრების მანძილზე 5-ჯერ იცვლიან სპეციალობას. კვალიფიკაციის ამაღლება მნიშვნელოვანია. ეს სჭირდება არა მხოლოდ სამუშაოს მაძიებელს, არამედ იმას, ვინც დღეს მუშაობს. კონკურენცია მაღალია და თუ დამსაქმებელი ნახავს უფრო კვალიფიციურ ადამიანს ცხადია ძველს გაუშვებს და მიღებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს. ამდენად ყველა უნდა ზრუნავდეს თავისი კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

– კომპანიების ინტერესში არ არის საკუთარი მუშახელის კვალიფიკაციაზე ზრუნვა?

– ეს კომპანიის გადასაწყვეტია. შესაძლოა აირჩიოს ისეთი პოლიტიკა საწარმომ, რომ იზრუნოს თავისი კადრების გადამზადებაზე, მაგრამ არის მეორე მიდგომაც, როცა საწარმო არ ხარჯავს ამაზე თანხას და ურჩევნია უფრო მეტი გადაიხადოს კვალიფიციურ კადრში, მოიძიოს ბაზარზე შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები და ძველ თანამშრომელთან შეწყვიტოს ხელშეკრულება. ყველა მეწარმემ კარგად იცის წესები – უნდა ჰქონდეთ სამუშაო გარემო, თანამედროვე და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რომ წარმოების თვითღირებულება არ იყოს მაღალი, მან ასევე იცის, რომ უნდა ჰყავდეს კვალიფიციური სპეციალისტები, რომ მისი პროდუქციის ხარისხი იყოს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი.

– რეგიონებში კადრების სიმცირე მოსახლეობის სიმცირით ხომ არ არის განპირობებული?

– უნდა განვავითაროთ რეგიონები, საუბარია სიღარიბის დაძლევაზე. სოფლის მოსახლეობა მრავლდება, იბადებიან ბავშვები და სკოლას ამთავრებენ. მას სურს თავისი შესაძლებლობებით რეალიზება და ცხოვრებაში ადგილის პოვნა. ადამიანისთვის ბედნიერებაა როცა იპოვის იმ ადგილს, რომელიც შეესაბამება მის ინტერესს და შესაძლებლობას. იგი კმაყოფილია თავისი სამსახურით. დღეს სიამოვნებით ვუყურებ, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები მუშაობენ პოვრად, მიმტანად და ამას აკეთებენ დიდი მონდომებით. ყველა პროფესია არის ღირსეული და საზოგადოება ვერ იარსებებს, თუ ყველა პროფესია არ იქნა თავის ადგილზე, თუ ყველა მათგანში არ გვყავდა კვალიფიციური კადრები. ჩვენ პროფესიული განათლება გვჭირდება ყველა მიმართულებით. თუ დავაკვირდებით, რით იკვებება დღეს, ქვეყანაში შემოსული ტურისტი? იმპორტირებული პროდუქტით, მაშინ როცა ამ პროდუქტს ადგილზე უნდა ვაწარმოებდეთ, ამას კი სპეციალური ცოდნა სჭირდება.

– სოფლად რა პროფესიები გვიჭირს?

– სოფლად სერიოზული პრობლემაა აგრონომი, ვეტექიმი, არის სოფლის მეურნეობის გადამუშავების ტექნოლოგების მცოდნე ადამიანების პრობლემა. საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული იყო ტრაქტორისტები, დღეს ესეც პრობლემაა. ტრაქტორისტი დღეს არ ნიშნავს მხოლოდ ტრაქტორის დაძვრას, ის უნდა იყოს პროფესიონალი. ტრაქტორი ავტომობილი არ არის, მას ვერ მიიყვან ავტოგასამართ სადგურში გასარემონტებლად, ტრაქტორისტს მინიმალური ცოდნა მაინც უნდა ჰქონდეს, იმისთვის, რომ ადგილზე, მინდორში და წვიმაში გაუწიოს სერვისი ტრაქტორს. მძიმე ტექნიკას აქვს თავისი სამუშაო საათები, მნიშვნელობა აქვს ვინ არის ტრაქტორისტ-მექანიზატორი, რომელიც ტექნიკას გაუხანგრძლივებს ექსპლუატაციის ვადას. ეს სერვისები თუ არ მიეწოდა საზოგადოებას, ძნელი იქნება სიღატაკის ლიკვიდაცია. საჭიროა პროფესიული ორიენტაციის კარგი მექანიზმების დანერგვა ქვეყანაში. კონფერენციებში ფულის დახარჯვას სჯობს რეგიონების საჭიროებებზე ადგილზე ვიზრუნოთ.

– ქვეყანაში დღეს, განვითარებულია სამშენებლო სექტორი, აქ რა მდგომარეობა გვაქვს?

– მშენებლობა საქართველოში ყოველთვის იყო, არის და იქნება. ქართველი კაცი ყოველთვის აშენებს. იმდენი ახალი ტექნოლოგია შემოდის ქვეყანაში, იმათ ათვისება სჭირდებათ. სამშენებლო სფეროს სპეციალისტები თბილისში, თანამედროვე სამშენებლო კომპანიებში მუშაობენ და გაცილებით კომპეტენტურები არიან, ვიდრე რეგიონებში მომუშავენი. მათ იციან, რომელი მასალა სად უნდა გამოყენოს, რომ უფრო ეფექტიანი იყოს მათი სამუშაო, ხოლო კლიენტი კმაყოფილი. დიდი სხვაობაა რეგიონსა და თბილისს შორის. რეგიონებში უნდა იყოს მოტივირებული პროფესიული განათლება. თბილისში კარგია პროფესიული სასწავლებლები, მაგრამ რეგიონებს გადავხედოთ, არის კი იქ საკმარისი სასწავლებლები, რომ ახალგაზრდები აღარ წამოვიდნენ დედაქალაქში. ასევე, საჭიროა ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და გაანალიზება. სახელმწიფო კოლეჯები კარგია, მაგრამ ამდენი სახელმწიფო კოლეჯის შენახვა არ მიმაჩნია სწორად. ყველაფერმა უნდა გადაინაცვლოს კერძო სექტორში, იმიტომ, რომ კერძო სექტორი არის ბაზარზე ორიენტირებული.

– მომავალში რომელ პროფესიებზე იქნება მოთხოვნები?

– დღეს ბევრს ვსაუბრობთ მეტროს მემანქანეებზე. გადავხედოთ რა ხდება ევროპაში, ძალიან ბევრ ქვეყანაში მეტროს მემანქანეები აღარ ჰყავთ, არამედ ჰყავთ პროგრამისტები, რომლებიც მართავენ მატარებელს.

– ადამიანის ფაქტორია შემცირებული?

– არა, ადამიანის ფატორი შეცვლილია. ანუ სხვა სფეროში გადაინაცვლა მემანქანემ, რომელიც მართავდა ფიზიკურად, დღეს გახდა პროგრამისტი. არის პროფესიები, რომლებიც მომავალში აღარ იქნება საჭირო. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას ეს პროცესი თან სდევს. ადამიანების შესაბამისი გადაკვალიფიცირება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები საერთოდ აღარ არის საჭირო, ისინი უნდა გადავიდნენ იმ სპეციალობებში, რაშიც არის მოთხოვნა. ეკონომიკაში რაც ტრიალებს, ეს არის სამუშაო ძალა, რაც უფრო ძვირადღირებულია, მით უფრო კარგად იყიდება.

– როგორია ხელისუფლების როლი ამ პრობლემის მოგვარებაში?

– ჩვენ ვართ მთავრობის პარტნიორები და ჩართულები ვართ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ სახელმწიფო პოლიტიკას, მაგრამ ვართ ამ პოლიტიკის მონაწილეები. პრობლემები ყოველთვის იქნება, მაგრამ მათ სჭირდებათ იდენტიფიკაცია და გამოსწორება. პრობლემა ერთიანად ვერ მოგვარდება, მაგრამ პროცესი უნდა იყოს მიმდინარე. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის საქმე, ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. განათლება არ არის მოკლევადიანი პროექტი. ჩვენ 5 წლის წინ დავიწყეთ ეს რეფორმები და 5 წელში შედეგს არ მოგვცემს, მაგრამ მოგვცემს უფრო შორ პერსპექტივაში. საქართველოში ერთი პერიოდი უმაღლესი განათლების დიპლომების ბუმი იყო. დღეს ბევრი დიპლომის იქით აღარაფერი აღარ არის, მეწარმისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი და არა დიპლომი. წინა წლების შედცომების გამოსწორებაც გვიწევს. ახლა მაქსიმალურად ვამბობთ, რომ უნდა განვითარდეს კერძო სექტორში პროფესიული განათლება. სახელმწიფო კოლეჯები ვერ იქნებიან ბაზარზე ისე მორგებული, როგორც კერძო. მუდმივად განვავითაროთ ტექნოლოგიები. ევროპა გადასულია დუალურ სწავლებაზე, საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელდა რეფორმა.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი