საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე ბოლო ხანებში, არა ერთი ხმაური და მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რამაც ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ერთ-ერთია საპარლამენტო ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ემზარ კვიციანის ინიციატივა, 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში თურქ-სელჯუკებზე გამარჯვების დღის, სახელმწიფო დღესასწაულად და უქმედ გამოცხადების შესახებ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია: “კანონპროექტის მიზანია 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლის გამარჯვების შეფასება და ამ დიდებული დღისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ძლიერი ქართული სახელმწიფოს სიმბოლო და ეროვნული გამარჯვების დღეა. დიდგორობის უქმედ გამოცხადება მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების ასამაღლებლად”.

მსოფლიო ისტორიაში დიდებული და ცნობილი ბრძოლების საკმაოდ გრძელი სია არსებობს, რომელშიც გამოვლინდა დიდებული მთავარსარდლების გენიალურობა, ორიგინალურობა, სტრატეგიული იდეების ნოვატორობა და ტაქტიკურობა. ამ ჩამონათვალში იგულისხმება ის ბრძოლებიც, სადაც ერები გმირული თაგვანწირვით ცვლიდნენ თავიანთ ბედს, მოიპოვებდნენ თავისუფლებას და თვით არსებობის უფლებას. ანტიკური დროიდან მოყოლებული არასდროს გახუნებულა 300 სპარტანელის სახელი. დიდგორის ბრძოლა შეიძლება შევადაროთ კულიკოვის, ბოროდინოს, ან სტალინგრადის ბრძოლებს, რომელშიც საბჭოთა ხალხმა საერთო ძალებით და თავგანწირვით “ყავისფერი ჭირი” დაამარცხა.

დიდგორის ბრძოლამდე 40 წლით ადრე, თურქ-სელჩუკების სახით, საქართველოს საშინელი უბედურება დაატყდა თავს. საქართველოს ისტორიაში ამ ეპოქას “დიდი თურქობა” ეწოდება. საქართველო მანამდეც ბევრჯერ გამკლავებია საშინელ უბედურებებს, მაგრამ ამჯერად იგი ტოტალური განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, როდესაც დამპყრობლების ტალღა მინელდებოდა, გადარჩენილები თავიანთ მიწა-წყალს და კარ-მიდამოს უბრუნდებოდნენ. მართალია, თავიდან, მაგრამ მაინც განაგრძობდნენ ცხოვრებას. თურქ-სელჩუკები კი პერმანენტულად ანადგურებდნენ მთელ ინფრასტრუქტურას, ქალაქებს, დასახლებებს, ბაღ-ვენახებს და ნათესებს.

დავით აღმაშენებელმა 16 წლის ასაკში გაკოტრებული და განადგურებული ქვეყანა ჩაიბარა და მას სიცოცხლე დაუბრუნა. დიდგორის ბრძოლაში მან მაშინდელი მუსულმანური სახელმწიფოების საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებული ძალები დაამარცხა. ასე, რომ ქართველი ხალხისთვის 12 აგვისტო იგივეა, რაც 9 მაისი – ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებისთვის. ამ თვალსაზრისით, გასაკვირიც არის, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის განმავლობაში, დღემდე რატომ არ გამოაცხადა 12 აგვისტო სახელმწიფო დღესასწაულად. გასაგებია, რომ საბჭოთა პერიოდში ეს შეუძლებელი იყო.

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელი, ედუარდ შევარდნაძე, აკადემიკოს როინ მეტრეველს მკაცრად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ იგი თავის ისტორიულ ნაშრომებში ქართველი ხალხის და სახელმწიფოს განვითარების მწვერვალად სწორედ დავით აღმაშენებლის ეპოქას მოიხსენიებდა და არა – სოციალისტურ საქართველოს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შევარდნაძეს საქართველოს მართვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცა, თუმცა აზროვნების ინერცია შეინარჩუნა.

საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, თითქოს ეს საკითხი დადებითად უნდა გადაწყვეტილიყო, რადგანაც იგი საკუთარი თავის დავით აღმაშენებელთან გაიგივებას პარანორმალური სიჯიუტით ცდილობდა. სინამდვილეში მან და მისმა “ნაციონალებმა” ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრიდან გარეუბანში გადაეტანათ. იქ, სადაც საქართველოს აღმშენებელი მეფე ქალაქში შემომავალ ავტომობილებს შეეგებებოდა. ეს ყველაფერი საზოგადოების და კულტურის წარმომადგენლების მხრიდან ძლიერი პროტესტის მიუხედავად გაკეთდა.

სააკაშვილი და “ნაციონალები” იმთავითვე ცდილობდნენ რუსეთი ყველაზე დაუძინებელ მტრად, თურქეთი კი უახლოეს მეგობრად და კეთილ მეზობლად გამოეცხადებინათ. სწორედ ამიტომ მოიშორეს აღმაშენებლის ძეგლი თვალთახედვის არედან. შემთხვევითი არც ის არის, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი სწორედ ემზარ კვიციანია, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ კოდორის ხეობაში საქართველოს მთავრობის სრულუფლებიან წარმომადგენლად დანიშნა. აფხაზეთის ომის დროს ემზარ კვიციანმა, მის მიერ ფორმირებული არმიის „მონადირის“ დახმარებით კოდორის ხეობის დაკავება მოახერხა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მისი საბრძოლო ქვედანაყოფი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურად ირიცხებოდა, კოდორის ხეობაში ოფიციალური თბილისი იმდენად ვერ მართველობდა, როგორც საველე მეთაურობა.

ქვეყნის სათავეში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, კვიციანი შევარდნაძის ერთგული დარჩა. შედეგად, მთელი ქონება ჩამოართვეს. იმ წლებში მან მოახერხა თავიდან აეცილებინა პატიმრობა, თუმცა 2006 წლის ზაფხულში მისი და დააკავეს და მხოლოდ 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაანთავისუფლეს. თავად კვიციანი სამშობლოში დაბრუნდა და 2014 წელს სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას ბრალად ედებოდა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და სამხედრო ამბოხის ორგანიზება. ემზარ კვიციანი 2015 წელს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაანთავისუფლეს.

დოდგორობის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივა კვიციანამდეც გაჟღერდა, თუმცა თურქეთის საელჩოდან ოფიციალურმა თბილისმა რბილი და მკაფიო თხოვნა მიიღო, რომ ეს არ გაეკეთებინა. თურქეთის საელჩომ თავისი თხოვნის არგუმენტად ის დაასახელა, რომ ეს ბრძოლა თურქების მარცხით დასრულდა და დიდგორობის დღესასწაულის აღნიშვნა თურქეთის ხელმძღვანელების და მისი ხალხის უარყოფით ემოციებს გამოიწვევდა.

საქართველოს პოლიტიკური კურსის წყალობით, ქვეყნის ხელისუფლება დასავლეთელი მეზობლის რბილ და დამაჯერებელ თხოვნას ვერ უგულებელყოფს. ამან საზოგადოების უმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, მალევე მინელდა, ხოლო დიდგორობა უწინდებურად, მხოლოდ თეატრალიზებულ წარმოდგენად დარჩა და უქმე დღედ არ გამოცხადებულა. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესაცვლელად ანკარიდან, ან ბაქოდან მიღებული გამოხმაურება საკმარისი აღმოჩნდა. ჯერ არ გაფორმებული, მაგრამ საკმაოდ ძლიერი კავშირის ახალი პარტნიორები მომთხოვნები არიან და არც იმას ერიდებიან, რომ საქართველოს მათზე დამოკიდებულება მიანიშნონ. ამგვარად, საქართველო იძულებული გახდა უარი ეთქვა არა ერთ ეკონომიკურ პროექტზე, რომლებიც სომხეთს და რუსეთს უკავშირდებოდა.

დივერსიფიკაციაზე ნებაყოფლობით უარის თქმა, ახალ პარტნიორებზე დამოკიდებულება კიდევ უფრო ძლიერდება, თუმცა, როგორც ჩანს, ქართულ ხელისუფლებას ეს არ აღელვებს. საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა კიდევ უფრო ძლიერდება. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში უცხოელების ეკონომიკური დასახლებების წინააღმდეგ არაერთხელ მოეწყო ე.წ. ქართული მარში. ამგვარი დასახლებები შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია. განსაკუთრებულ შეშფოთებას აჭარაში არსებული ვითარება.

ამგვარად, ეროვნული ინტერესების დაცვა შესაძლოა ძალიან ადვილად გადაიზარდოს ნაციონალიზმსა და ღია ქსენოფობიაში. და ბოლოს, საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები „დიდგორობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით და ბოლოს და ბოლოს გამოცხადდება, თუ არა 12 აგვისტო უქმედ. გარისკავს საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ელიტა შეახსენოს თავის ახალ პარტნიორს საკუთარი ეროვნული ღირსების შესახებ, რომელიც შეუძლებელია ვაჭრობის და კომპრომისების თემად იქცეს. ხალხისთვის წარსულის მოგონებების წართმევა – მისთვის მომავლის წართმევის საუკეთესო საშუალებაა.

დავით კუპატაძე (თბილისი) სპეციალურად Dalma News-ისთვის