XXI-ე საუკუნეში აქტუალურია ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა. მსოფლიო ერთხმად გმობს ყველა სახის ძალადობას, რომელიც ადამიანის ნების თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული და მას ზიანს აყენებს. მაგრამ არსებობს მორალის ჩარჩოები და დაუწერელი კანონები, რომლის წინააღმდეგ წასვლა სახელმწიფოს მყარ საფუძველსაც კი უჩენს ბზარს. ის რაც წინა საუკუნეში ტაბუდადებული და საზოგადოებისთვის არაპოპულარული თემა იყო, დღეს სოციუმის ნაწილად წარმოგვიდგა და საკუთარი უფლებების დაცვას კანონისა და კონსტიტუციის დონეზე მოითხოვენ.

გასული საუკუნის 60-70-იან წლებში აქტუალური თემა იყო რასობრივი დისკრიმინაცია, დღეს კი წინა ფლანგზე სექსუალური უმცირესობების დაცვამ წამოიწია. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტების დონეზე, რამდენჯერმე მიიღეს რეკომენდაციები წევრი სახელმწიფოებისთვის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის ზომებთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად საყვედურობენ იმის გამო, რომ ქართული კანონმდებლობა არ დგას “მოწოდების სიმაღლეზე” და ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ არ ითვალისწინებს ქმედით ღონისძიებებს. უფლებათადამცველები აქტიურად მოითხოვენ, რომ ადამიანის სექსუალური ნება საქართველოში ოფიციალურად იყოს დადასტურებული, ანუ კონსტიტუციის ძალით. თუმცა, აცხადებენ, რომ მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გამოასწორებს არსებულ მდგომარეობას, რადგან ლგბტ ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან დისკრიმინაციას.

ყველაფერი შედარებითია და თუ ადამიანის უფლებების დაცვისთვის იბრძვის სახელმწიფო, ყველას უფლებები უნდა იგულისხმებოდეს, უმცირესობის წარმომადგენელი იქნება, თუ უმრავლესობის; პირველ რიგში კი ეს აზრის თავისუფლად გამოხატვის ხელშეუხებლობაში უნდა იკვეთებოდეს.

დიასპორის საკითხებში საქართველოს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძეს თანამდებობა მხოლოდ იმის გამო დაატოვებინეს, რომ მან საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, რათა ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობად განისაზღვროს. ბრეგაძის უფლებების დასაცავად ფერადი ლოზუნგებით ქუჩაში არავინ გამოსულა, არც დისკრიმინაცია გახსენებია ვინმეს. მან ხომ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა (თუ დაატოვებინებს) თანამდებობა?

ალექსანდრე ბრეგაძე
ალექსანდრე ბრეგაძე

“მე გადავდექი!!! უფრო სწორედ ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე მეთქვა უარი! დიახ! ერთსქესიანთა ქორწინება არასდროს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება!”, – წერს ბრეგაძე “Facebook”-ის პირად გვერდზე.

ამ მოვლენებამდე, რამდენიმე დღით ადრე სანდრო ბრეგაძემ საკუთარი მიზნების შესახებ ოფიციალურად განაცხადა, რომ მოითხოვს ჩატარდეს რეფერენდუმი, რათა საქართველოს მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, როგორი სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება სურთ.

“დავიწყეთ კამპანია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. კერძოდ, ოჯახი განისაზღვროს, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობა. ეს პრაქტიკა დანერგილია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, ლატვიასა და ხორვატიაში. საკონსტიტუციო ცვლილება თავის თავში გულისხმობს იმას, რომ საქართველოში ფაქტობრივად სამუდამოდ აიკრძალება ერთი და იმავე სქესის ქორწინების დაკანონების მცდელობა”, – აცხადებდა ბრეგაძე.

საკუთარი ინიციატივა მან საქართველოს პარლამენტსაც გააცნო და ოფიციალურ განხილვას ელოდა. დარწმუნებული იყო, რომ მმართველი გუნდი მას აუცილებლად დაუჭერდა მხარს, თუმცა, კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი ზოგიერთი პარტიის ქცევა საწინააღმდეგოს აფიქრებინებდა. მას შემდეგ, რაც პარლამენტი მის ინიციატივას განიხილავდა, საკითხი პლენარულ სესიაზეც გავიდოდა.

შემდგომში მოვლენები ცოტა უცნაურად განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ, პირად საუბრებში საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის ყველა წევრი მის ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებდა, რეალობა სხვაგვარად იგეგმებოდა. ის მთავარ წინააღმდეგობას ოპოზიციისგან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ელოდა, მაგრამ მისმა იდეამ დარტყმა ზურგიდან მიიღო.

“პირად საუბრებში მხარდაჭერა გამოხატა “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკიმ და “კონსერვატორული პარტიის” თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ დანარჩენმა ფრაქციებმა, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობაში არიან, სრული იგნორირება გაუწიეს ამ საკითხს. “ნაციონალური მოძრაობა” წინააღმდეგია ამ საკითხის დაყენების, რადგანაც ისინი, შეიძლება პირდაპირ ითქვას, მომხრენი არიან საქართველოში დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში გამოჩნდებიან პატრიოტი პოლიტიკოსები, რომლებიც პარტიული კუთვნილების მიუხედავად მის ამ წინადადებას მხარს დაუჭერენ.

საკითხის პარლამენტში გატანას დებუტატების ხმების სამი-მეოთხედი სჭირდება. როგორც ბრეგაძეს ამბობს, ამ რაოდეობის ხმების მოგროვება საპარლამენტო უმრავლესობას გაუჭირდება, მითუმეტეს, რომ კოალიციაში შემავალი “რესპუბლიკური პარტია” ჭოჭმანობს და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე მათი გამოკვეთილი პოზიცია ამომრჩეველისთვის უცნობია.

როგორც დიასპორის მინისტრის აწ უკვე ყოფილმა მოადგილემ, მოძრაობა “ეროვნულების” დავმჯდომარემ Dalma News-ს განუცხადა, ამ საკონსტიტუციო ინიციატივის განსახილველად გატანის პროცესი თვითონ უმრავლესობაშიც ჯანჯლდება. “არაერთხელ მივმართე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ან პირდაპირ დაიწყონ განხილვის პროცედურები. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაითვლება ამ ინიციატივის ავტორად. მთავარია შედეგი, რომ კონსტიტუციამ დაარეგულიროს ეს მეტად მტკივნეული საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ თემის ირგვლივ მუდმივად იქნება დაძაბულობა და კომფროტაცია”, – მიაჩნია მას.

იმ შემთხვევაში, თუ სანდრო ბრეგაძე პარლამენტში 76 დეპუტატის ხელმოწერის შეგროვებას ვერ შეძლებს, აპირებს, საზოგადოებრივი მხარდაჭერიდან გამომდინარე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს, რათა სარეფერენდუმოდ დარეგისტრირდეს კითხვა – ემხრობა, თუ არა საქართველოს მოსახლეობა კონსიტუციაში იმ ჩანაწერის გაკეთებას, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს ერთსქესიანი პირების ქორწინების დაკანონებას. ზეტმეტი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, ბრეგაძის აზრით, გონივრული იქნება რეფერენდუმი საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდეს, რომელიც 2016 წლის შემოდგომისთვის იგეგმება.

მინისტრის ყოფილი მოადგილე დარწმუნებულია, რომ მის ინიციატივას საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ოპტიმიზმის საფუძველს მას აძევს სოციოლოგიური კვლევა, რომელიც მისი მოძრაობის დაკვეთით საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში ჩატარდა. მიღებული შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 97,5% მომხრეა, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ოჯახი განისაზღვრება, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობა.

“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ამ ინიციატივას, და პარლამენტის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან არა თავიანთი ვიწრო პარტიული ჯგუფების, არამედ საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლები და უნდა გაითვალისწინონ მათი ნება”, – აცხადებს ბრეგაძე.

“ეროვნულების” ლიდერი ასევე საუბრობს მის მიმართ, ბოლო დროს განხორციელებულ ზემოქმედებაზეც და დარწმუნებულია, რომ საკმაოდ დიდი ფინანსები და ძალისხმევაა მობილიზებული იმისთვის, რომ საქართველოში არა თუ აიკრძალოს, არამედ პირიქით, დაკანონდეს ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება. რაც, მისივე თქმით, ქართული მორალისა და ზნეობისთვის მიუღებელია…

ლგბტ-თა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ ქართულ მედიაში ჰომოფობიური სიძულვილის ტონი არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტიურდება. პოლიტიკოსები ჰომოფობიურ რიტორიკას ამომრჩეველთა ხმების მისაღებად და ოპონენტთა დისკრედიტაციისთვის იყენებენ. შედეგად კი ლგბტ ადამიანები უფრო მეტად იჩაგრებიან.

ლგბტ-ებს საკუთარი გვერდი აქვთ “Facebook”-ში, სადაც საკმაოდ აქტიურად აქვეყნებენ საკუთარ მოსაზრებებსა და მოწოდებებს. Dalma News-მაც იქიდან შეიტყო, რომ “ლგბტ საქართველო” ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ლგბტ ადამიანების მშობლების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კერძოდ, შექმნიან ლგბტ ადამიანთა მშობლების კლუბს და სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთავენ.

dsc_1736როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე აცხადებს, ლგბტ ადამიანის მშობლებს უჭირთ შვილის იდენტობასთან შეგუება და მათ ამის გათავისებაში დაეხმარებიან. “როგორც წესი, როცა შვილი ქამინგ აუთს აკეთებს, მშობლებს ეშინიათ, არ ელაპარაკებიან, ჩუმად არიან ამ საკითხზე და ა.შ. გვინდა, რომ მიიღონ, გადახარშონ ეს ყველაფერი, გაძლიერდნენ, მიხვდნენ, რომ მარტონი არ არიან დედამიწის ზურგზე, როგორც მშობლები”, – ამბობს ბერიანიძე.

პროექტი საპილოტოა და საწყის ეტაპზე მასში მონაწილეობას დაახლოებით 5 ადამიანი მიიღებს. მისი წარმატების შემთხვევაში კი უფრო ფართო მასშტაბებზე გადასცვალასაც გეგმავენ და ლგბტ ადამიანების მშობლებს პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

სანდრო ბრეგაძის ინიციატივის გაპროტესტება არც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიზარეს. “ვიზგი”, EMC, “იდენტობა”, “ლგბტ საქართველო”, და “თემიდა” ეხმაურებიან ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას და მოუწოდებენ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც, მათი თქმით, თავისი არსით ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებს.

ზემოთ ჩამოთვლილ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა არის ცალკეული პოლიტიკოსების პოპულისტური სვლა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიური ინსტიტუციისა და უმრავლესობის ლოიალობის მოპოვებისკენაა მიმართული და ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემებს აღრმავებს.

P.S. დრო აჩვენებს რამდენად პოპულისტურია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილის დიასპორის საკითხებში და მოძრაობა “ეროვნულების” თავმჯდომარის ალექსანდრე ბრეგაძის იდეა და მიიყვანს თუ არა იგი მას ლოგიკურ დასასრულამდე. თუმცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ ერთსქესიანთა ქორწინების მიუღებლობა, ასევე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის – საქართველოში არსებული შედარებით ავტორიტეტული ინსტიტუტის – მიერ ამ ფენომენისადმი შეუწყნარებლობა, უდავო ფაქტია.

გიორგი ქართველი Dalma News-თვის