ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის საკითხი უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა ქურთისტანის ავტონომიური  მთავრობის განცხადებამ, ერაყისგან გამოყოფის რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეფერენდუმის მთავარი კითხვაა: “გსურთ, ერაყის ქურთისტანი და ქურთული ტერიტორია დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს?”

ბევრი ექსპერტის აზრით, რეგიონში ფეთქებადსაშიში ვითარებაა შექმნილი. ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობა სირიის, თურქეთის და ირანის ქურთების ძლიერ პოლიტიკურ აღზევებას გამოიწვევს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა რეჯეპ ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგ გაილაშქრეს და განაცხადეს, რომ ამგვარ ნაბიჯს სერიოზული შედეგები მოჰყვება.

Dalma News-ის კორესპონდენტი ამ და ისრაელის და თურქეთის პოზიციებთან დაკავშირებულ საკითხებზე აღმოსავლეთმცოდნე კარენ ვერანიანს და თურქოლოგ კარენ ოგანისიანს ესაუბრა.

კარენ ვერანიანი: ქურთული მოძრაობის ხელმძღვანელობაში ბევრი ებრაული წარმოშობის ადამიანია.

“თუ ვისაუბრებთ ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისადმი ისრაელის დამოკიდებულებაზე, ახლო აღმოსავლეთში ქურთულ საკითხთან დაკავშირებით ისრაელი როლი აუცილებლად უნდა აღინიშნოს. საიდუმლო არ არის, რომ ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ახლო აღმოსავლეთის ქურთულ მოძრაობებთან დიალოგი დაიწყო. არაოფიციალური  ინფორმაციით, რეგიონის ქურთებს სწორედ ისრაელის მხარე აფინანსებდა და დღემდე განაგრძობს დაფინანსებას. გარდა ამისა, ისრაელმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ქურთული მოძრაობების შექმნაში. მათ ხელმძღვანელობაში არც ისე ცოტა ებრაული წარმოშობის ლიდერია. ამ კონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ ისრაელის სახელმწიფოს პირდაპირი კავშირი აქვს ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესთან”, – განაცხადა ვერანიანმა.

თელ-ავივს ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით დადებითი დამოკიდებულება აქვს და ერაყელ ქურთებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში მხარს ყველა შესაძლო ხერხით დაუჭერს. ვერანიანს მიაჩნია, რომ რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი უკვე დაწყებულია და ისრაელის მხარე ერაყელი ქურთებისთვის პოლიტიკური, ფინანსური და არა მხოლოდ ამ მიმართულებებით მხარდაჭერისთვის მზად არის.

“ცხადია, თუ რეფერენდუმი შედგება და გარკვეულ შედეგს გამოიღებს, ის ისრაელის ხელმძღვანელობისთვის სასურველი სცენარი იქნება. მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ რეფერენდუმის რეალიზების კონტექსტში ანკარა და თეირანი ლოკალურ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებენ. ამ კონფლიქტში ისრაელი პირდაპირი სახით არ ჩაერთვება, ერაყელ ქურთებს სხვა საშუალებით აღმოუჩენენ დახმარებას. ქურთული საკითხი – ახლო აღმოსავლეთში თელ-ავივის რეგიონალური პოლიტიკის მთავარი ასპექტია და რეგიონში ისრაელის პოზიციების გამყარების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს კი პირველ რიგში, თურქეთსა და ირანზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტი და საკუთარი გავლენის გაფართოებაა, როგორც სირიის კრიზისში, ისე რეგიონის სხვა მნიშვნელოვან საკითხებში”, – დასძინა ექსპერტმა.

kurdistanვერანიანს მიაჩნია, რომ ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ისრაელისთვის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როგორც მთელს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებზე თეირანის გავლენის ზრდის ფონზე ირანული ფაქტორის შეკავების შესაძლებლობა. ექსპერტის თქმით, თელ-ავივისთვის რეფერენდუმი საჭიროა ანკარაზე ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით.

“ახლა ძალზედ აქტუალურია ისრაელი – კვიპროსი – საბერძნეთის ღერძის ჩამოყალიბების საკითხი. შემთხვევით არ ვრცელდება ინფორმაცია პრესაში იმის შესახებ, რომ თანამშრომლობის ეს ახალი, სამმხრივი ფორმატი მიმართულია თურქეთის წინააღმდეგ – რეგიონალურ პროცესებში მისი გავლენის შესუსტების მიზნით. აღნიშნული პრობლემა აქტუალურია თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთების წინააღმდეგ ანკარის სამხედრო წინააღმდეგობის ფონზე. ეს უკანასკნელი კი შიშობს, რომ ქურთების რეფერენდუმს დომინოს ეფექტი ექნება და თურქეთის რესპუბლიკის დაშლის პროცესის ბოლო იმპულსი იქნება”, – აცხადებს ვერანიანი.

კარენ ოგანისიანი:  თურქეთი შიშობს, რომ ეს ყველა რეგიონის ქურთების გაერთიანების დასაწყისია

“თურქეთს ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი უკანონოდ მიაჩნია და მის შედეგებს არ აღიარებს. 23 სექტემბერს თურქეთის პარლამენტმა სირიასა და ერაყში თურქეთის შეიარაღებული ძალების განლაგების საკითხის განსახილველად რიგგარეშე სესია გამართა. პოლიტიკური ფრაქციების – მემარჯვენე პარტია “სამართალი და განვითარება”, ხელისუფლების მხარდამჭერი “ნაციონალური მოძრაობა” და ძირითადი ოპოზიციური “სახალხო-რესპუბლიკური” ფრაქცია – წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სირიასა და ერაყში თურქული შეიარაღებული ძალების განლაგებას. თავის მხრივ, პროქურთულმა “სახალხო-დემოკრატიულმა” ფრაქციამ მთავრობის წინადადება გააკრიტიკა. უფრო მეტიც, ფრაქციის ლიდერმა განაცხადა, რომ ტერიტორია, რომელზედაც ქურთისტანის სახელმწიფო იქმნება ეკუთვნის როგორც ქურთებს, ისე არაბებს, სომხებს და ასურელებს. ამგვარად, თურქეთი არასწორად იქცევა, როცა საერთო ნაციონალური ძალების წინააღმდეგ აგრესიულად მოქმედებას ცდილობს”, – ამბობს ოგანისიანი.

ექსპერტის თქმით, თურქეთი ცდილობს თავისი ჯარები დააყენოს, როგორც ერაყის, ისე სირიის საზღვრებთან.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში ანკარამ ერაყის ქურთისტანის თავზე უკვე ორჯერ აამოქმედა თავისი საჰაერო სწრაფ გამანადგურებელი და იერიში მიიტანა “ქურთისტანის მუშათა პარტიაზე”. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთი ცდილობს ქურთისტანის ხელმძღვანელობაზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს და ომის შიში ჩაუნერგოს”, – აცხადებს ოგანისიანი.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ თურქეთი ქურთისტანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების ჩატარებას ეცდება, რომელსაც “ქურთისტანის მუშათა პარტიის” და ერაყის ქურთისტანის წინააღმდეგ ბრძოლით გაამართლებს.

“თუმცა, მიმაჩნია, სამხედრო მოქმედებები არაეფექტიანი და ხანმოკლე იქნება. უბრალოდ, ეს იმისთვის გაკეთდება, რომ თურქეთში მცხოვრები ქურთები დააშინოს და მსოფლიოს აჩვენოს, რომ რეგიონში გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც დღეს ერაყის მთავრობასთან ერთად განიხილება: კირკუკის ერთობლივი ძალებით აღება და საკუთარი კონტროლისთვის დაქვემდებარება, რაც ერაყისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება”, – დასძინა ექსპერტმა.

“თურქეთში ქურთი პოლიტიკოსები აღნიშნული რეფერენდუმის შედეგებს მოუთმენლად ელიან და მიაჩნიათ, რომ ეს ნაციონალური გამოღვიძების ერთგვარი გამოხატულებაა, მიუხედავად იმისა, რომ მასუდ ბარზანის თქმით, ქურთისტანი არ არის მონონაციონალური სახელმწიფო და იგი ეკუთვნის, როგორც ქურთებს, ისე არაბებს, თურქმენებს, ასირიელებს და სომხებს – ანუ იქ მცხოვრებ ყველა ხალხს. ქურთმა პოლიტიკოსებმა ისიც კი მიანიშნეს, რომ ეს რეგიონში ოთხად გაყოფილი ქურთისტანის გაერთიანების დასაწყისია. სწორედ ეს აშინებთ ირანს, სირიას და თურქეთს”, – დასძინა ოგანისიანმა.

მოამზადა ცოვინარ კოსტანიანმა