რუსეთუკრაინის ომი პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, როგორც კონფლიქტის მონაწილე ორივე ქვეყნის სავაჭროეკონომიკურ პარტნიორზე. ომის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე მოსახლეობაში არსებობს მოლოდინები, რომ გარკვეულ პროდუქტებზე დეფიციტი შეიქმნება, ფასები გაიზრდება, ეროვნული ვალუტა გაუფასურდება და .. ამას ემატება ოპოზიციის მცდელობა, ქვეყანაში არსებობდეს ფეთქებადსაშიში სოციალური ფონი. რატომ გაქრა დახლებიდან შაქარი, რომელიც საქართველოს, არც უკრაინიდან და არც რუსეთიდან არ მიეწოდება და რა საფრთხეს შეუქმნის საჰაერო სივრცის დაკეტვა ქვეყანას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Dalma News ეკონომიკის სფეროს ექსპერტები, ოთარ ანგურიძე და გიორგი ცუცქირიძე ესაუბრა

რუსეთ-უკრაინის გამო რა საფრთხე ემუქრება საქართველოს ეკონომიკას?

ოთარ ანგურიძე: პოლიტიკური საფრთხე უფრო დიდია ვიდრე ეკონომიკური, რადგან არ ვიცით ეს ომი რა შედეგებით დასრულდება. აჟიოტაჟი ცალკეული პროდუქტების დეფიციტზე, არის ხელოვნური, გარკვეული ჯგუფების მიერ ორგანიზებული, რაც მიზნად ისახავს ხალხის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედებას. ზოგადად მოგვიწევს, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის დივერსიფიკაციაზე ფიქრი. სამწუხაროდ უკრაინა საქართველოს ძალიან სტაბილური ეკონომიკური პარტნიორი იყო. სამწუხაროდ იმიტომ, რომ, რამდენ ხანში დასრულდება ომი და აღდგება სრულფასოვანი პარტნიორობა, არ ვიცით. რუსეთთან გვქონდა გამოცდილება, როდესაც 15-16 წლის წინ ქართულ პროდუქციას ემბარგო გამოუცხადა. მაშინ, ქართულმა კომპანიებმა მოახდინეს სხვა ბაზრებზე გადაწყობა.

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე: – სანქციები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე დაწესდა თავისი მასშტაბით არის უპრეცედენტო, რასაც ადასტურებს თუნდა რუსეთის SWIFT-იდან (საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა) გათიშვა. მართალია ბანკების ნაწილი დარჩათ, ყველა არ არის გათიშული, მაგრამ ეს არის შედარებით მცირე ზომის ბანკები. სანქციები დაუწესდა არა მხოლოდ ბანკებს, არამედ ცალკეულ პირებს. გაიყინა აქტივები უცხოეთში, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონება. რუსეთს შეეზღუდა წვდომა საერთაშორისო სავალუტო რეზერვებზე, დაახლოებით 600 მლრდ აშშ დოლარზეა საუბარი. ფაქტობრივად სანქცია დაუწესდა ყველა იმ კომპანიას, ვინც რუსეთის ბაზარზე ოპერირებდა. რუსეთი არ იყო საბჭოთა კავშირი, მას არ აქვს ჩაკეტილი ეკონომიკა, ის ღია ეკონომიკის ნაწილია და თანამშრომლობდა, როგორც აშშ-სთან ისე ევროპის ქვეყნებთან. საერთაშორისო ბრუნვა იყო ძალიან მაღალია. შესაბამისად ამ სანქციებს ექნება ორმხრივი ეფექტი. გარკვეული ზარალი ყველა ქვეყანას მიადგება, ვისაც რუსეთთან ჰქონდა სავაჭრო პარტნიორობა. ევროპა დამოკიდებულია რუსეთის გაზზე. აქედან გამომდინარე ორმხრივი ზეგავლენა არსებობს.

რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციას?

ნგურიძე: სანქციების დაწესებას მაშინ აქვს აზრი, თუ ამით ჩვენ არ დავზიანდებით. შედეგად მივიღებდით იმას, რომ შეიქმნებოდა დეფიციტი ფქვილზე, ბურღულეულზე და სხვა. გვექნებოდა დეფიციტი ნავთობ პროდუქტებზეც. როდესაც ამ ყველაფერზე ვიტყოდით უარს, რეალური გახდებოდა ის აჟიოტაჟიც, რაც ბოლო დღეებშია დაცარიელებულ დახლებთან დაკავშირებით არის. მართალია ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს, მაგრამ საერთო სანქციების ერთგვარი გამზიარებლები ვართ. გვინდა თუ არა, აღარ გვაქვს რუსეთთან პირდაპირი ანგარიშსწორება. შესაბამისად დაიწყება ფულის არასაბანკო არხებით მოძრაობა, მათ შორის, რუსეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც საქართველოში ოჯახებს ინახავენ. ასევე, იმპორტიორ-ექსპორტიორები დაიწყებენ საზღვარზე ფულს ჩემოდნებით გადატანას.

ოთარ ანგურიძე

გ. ცუცქირიძე: რუსეთს სანქციებს თუ დავუწესებდით, პირდაპირ დარტყმას მივიღებდით. ფაქტობრივად საკუთარ თავს დავუწესებდით სანქციებს. ღვინის ექსპორტის 55% რუსეთზე მოდის. ჩვენი სანქციები განსაკუთრებით პატარა ღვინის ქარხნებს შეუქმნიდა სერიოზულ პრობლემებს. ჩვენი ეკონომიკა საერთოდ ვარდნისკენ წავიდოდა ასეთი ნაბიჯი რომ გადაგვედგა. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომი სანქციის გარეშეც იქონიებს გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე და შეაჩერებს ეკონომიკის ზრდის ტემპს, რომელიც შარშან ძალიან მაღალი გვქონდა. ჩვენი მთავარი ამოცანაა დღეს, მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის სწრაფი დივერსიფიკაცია, დროზე მოვნახოთ ალტერნატიული ბაზრები, იგივე ფქვილთან დაკავშირებით.

სანქციების გამო, ქართულ კომპანიებს ეკონომიკის გადაწყობა მოუწევთ?

ანგურიძე: ჩვენი ღვინო და ბორჯომი, ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება საინტერესო ისეთი ქვეყნისთვის, სადაც ომია. მათ ძირითადად სჭირდებათ ისეთი პროდუქტები, რომელიც გარკვეული პერიოდი მათ გამოკვებავს. ამიტომ ჩვენს კომპანიებს მოუწევთ ალტერნატიული ბაზრების მოძიება და გადაწყობა ამ მიმართულებით. ძნელია იმის თქმა, თუ რამდენ ხანში შეძლებენ ახალი ბაზრების ათვისებას. მართალია ომი ბევრ რისკებს აჩენს, მაგრამ ასევე აჩენს ახალ შესაძლებლობებს. სანქციების გამო, ძალიან ბევრი კომპანია ტოვებს რუსეთს, ასევე ბევრი კომპანია იძულებულია დატოვოს უკრაინაც. დიდ საერთაშორისო კომპანიებზე “ნადირობა” საინტერესოა. ჩვენ ვართ რეგიონში ყველაზე ახლო ქვეყანა, რომელიც არის სტაბილური, სადაც ბოლო 15 წელია არ ყოფილა ომი და გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ევროკავშირთან. ამ მიმართულებით აუცილებელია მუშაობა.

ცუცქრიძე: საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-სთან სასწრაფოდ უნდა დაიწყო მოლაპარაკებები და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოვითხოვოთ. ამაზე მოლაპარაკებები, რამდენიმე წელია მიმდინარეობს. პროდუქცია, რომელიც რუსეთის ბაზარზე შეგვაქვს, იგივე შეგვაქვს ევროპის ბაზარზეც. რუსეთის ბაზარს დღეს სტანდარტის ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს. ამიტომ ამ მხრივ არ მგონია, რაიმე პრობლემა იყოს. რუსული ბაზარი ის აღარა არის, რაც 20 წლის წინ იყო.

რუბლის კურსის ვარდნა იქონიებს გავლენას ლარზე?

ანგურიძერაღაც დონეზე მოახდენს გავლენას და მოახდინა კიდეც. ლარმა გაუფასურება დაიწყო ომის დაწყებისთანავე, მაგრამ მალე დასტაბილურდება. თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მიზანმიმართულად თესავენ მოსახლეობაში ნეგატიურ მოლოდინებს. ამან შედეგი გამოიღო ლარის კურსზეც და მაღაზიის დახლებზეც. ეს არის ძალიან საფრთხილო თემა. 3,2-ის ფარგლებში ლოგიკურია, რომ გაჩერდეს ლარი.

გ. ცუცქრიძე: შემცირდება რუსეთიდან ფულადი გზავნილები. საკმაოდ დიდი იყო რუსეთიდან გზავნილები. რუბლის გაუფასურება პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯიბეზე. ტურიზმზეც მოახდენს ეს გავლენას. ანუ ის ძირითადი წყაროები, რაც დაკავშირებული იყო რუსულ ბაზარზე, გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე.

ოპოზიციის მოთხოვნაა, საქართველომ საჰაერო სივრცე დაკეტოს. ამით დავაზარალებთ, თუ არა მეზობელ სომხეთს?

ანგურიძე: საჰაერო სივრცის დაკეტვით ჩვენ უფრო მეტად დავზარალდებოდით, ვიდრე რუსეთი. გავზრდიდით სომხეთის აზერბაიჯანზე დამოკიდებულებას. მეორე მხრივ ამით ჩვენს ეკონომიკასაც ვურტყამთ. დასაფიქრებელია ის, თუ ჩვენ რა უფრო გვაწყობს? სამწუხაროდ აქამდე ამაზე არავის უფიქრია ჩვენთან და ყოველგვარი ანალიზის გარეშე კეთდება განცხადებები. რთულ რეგიონში ვართ და ძალიან ბევრი რამის გათვალისწინება გვიწევს. ნაბიჯებს, რასაც გადავდგამთ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

გ. ცუცქრიძე: პრინციპული წინააღმდეგი ვარ ხელის ერთი მოსმით, რაღაც სანქციების შემოღების. ევროპის ბევრმა ქვეყანამ, ვინც რუსეთს დაუწესა სანქციები, მთელ რიგ სექტორებში არ არის სანქციები. გარკვეული სექტორები მაინც დარჩენილია სანქციების გარეშე, სადაც ჩათვალეს, რომ გარკვეული ზარალი თავად მიადგებოდათ. ყველა ქვეყანა საკუთარ ბაზარს იცავს. ევროკავშირი ვერ კრძალავს რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტს, იმიტომ, რომ გაზის გარეშე რჩება და დიდი ზარალი ექნებათ. საჰაერო სივრცეს რომ ჩაკეტავ, სომხეთს რას უზამ? ეს არის პოპულიზმი შედეგების გათვლის გარეშე. წინასწარ უნდა გვქონდეს გარანტიები, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს თუ შევუერთდებით, ქვეყანა კომპენსაციას საიდან მიიღებს?

მოსალოდნელია თუ არა საქართველოში თურქული იმპორტის გაზრდა?

ანგურიძე: შესაძლებელია. ირანი ძალიან ცდილობს ჩვენს ბაზარზე მიწოდების არხების გაზრდას. ირანული პროდუქცია რეგიონში ერთ-ერთი იაფია. მოცემულობა ასეთი გვაქვს, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოგვქონდა პროდუქცია და ორივე ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და სტრატეგიული პროდუქციის გატანა შეზღუდეს. შესაბამისად დანაკლისის სხვა ქვეყნებიდან შევსება მოგვიწევს. ალბათ, უფრო მარტივი თურქეთიდან იქნება. თუმცა ჩვენი დისტრიბუტორები სად დაალაგებენ ვითარებას, ამას დრო გამოაჩენს.

დაზარალდება თუ არა ევრაზიის ეკონომიკური კავშირი?

ო. ანგურიძე: ყველა შემთხვევაში დაზარლდება, იმიტომ, რომ რუსულ ბანკებზე იყვნენ ჩამოკიდებულნი. ყაზახეთსა და სომხეთს მიადგება დიდი ზიანი ამ ნაწილში. რუსეთსაც შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს ეკონომიკის განახლებისთვის. თუ დროულად არ შეაჩერებენ ომს და არ დაიწყებენ დასავლეთთან ურთიერთობების დალაგებას.

გ. ცუცქრიძე: ვისაც მაღალი ინტეგრაცია ჰქონდა რუსეთთან იმპორტ-ექსპორტში, ყველა დაზარალდება.

ომის დასრულების შემდეგ რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს ეკონომიკა?

ო. ანგურიძე: ამ ომმა გააჩინა ახალი შესაძლებლობები და ამას უნდა გამოყენება. დანარჩენი მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად იმოქმედებს, რომ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ორივე ქვეყანას ტოვებენ საქართველომ მოიზიდოს და აქ გაიხსნას მათი რეგიონული ორგანიზაციები.

შაქარზე დეფიციტი რამ გამოიწვია?

გ. ცუცქრიძე: ყველაზე მეტი შაქარი საქართველოში ბრაზილიიდან შემოდის. ეს არის წმინდა აჟიოტაჟის შედეგი. აჟიოტაჟი იქმნება პოლიტიკური მოცემულობიდან – მიტინგებიდან, გამოსვლებიდან გამომდინარე. ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა შესაძლოა რუსეთთან კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდეს. ადამიანების ნაწილმა წარმოიდგინა, რომ შაქარი აღარ იქნება. როცა პანიკაა ადამიანები იძენენ ყველაფერს. ომის შედეგად მიწოდება არის გართულებული, რაც აისახება კიდეც ჩვენთანაც. ამას ომის ეკონომიკა ჰქვია. სურსათის მარაგებთან დაკავშირებით საქართველოს კოვიდპანდემიიდან გამომდინარე აქვს კარგი გამოცდილება.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი