«АПА-Экономикс-ის ინფორმაციით, «Skype», «Facebook»  და «WhatsApp» აზერბაიჯანში ლიცენზიას მოიპოვებენ. ამის შესახებ დღეს აზერბაიჯანის კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრმა ალი აბასოვმა განაცხადა.

“აზერბაიჯანის მარეგულირებელი ორგანოები და ზემოთ ხსენებული ფირმები შესაბამის ხელშეკრულებებს დადებენ”, – განაცხადა აბასოვმა.

მისი თქმით,  სამივე კომპანია აზერბაიჯანში ლიცენზირებულ საქმიანობას უნდა აწარმოებდეს. თუმცა, ეს პროცედურა რიგით მომხმარებელზე არ იმოქმედებს. როგორც მინისტრმა განაცხადა, ოქტომბერში ექსპლუატაციაში შევა რეგიონში ყველაზე დიდი დატა-ცენტრი, რაც დააჩქარებს ე.წ. ღრუბლოვან სერვისებსა და ტექნოლოგიაზე გადასვლის პროცესს.

“დატა-ცენტრი რეგიონში მონაცემთა დამუშავების პირველი ცენტრი იქნება. ის რეგიონის სხვა ქვეყნებს, ასევე Google-ს, Facebook-სა და სხვა კომპანიებს მოემსახურება. ჩვენი საინფორმაციო უსაფრთხოებისა და კიბერთავდასხმებისგან დაცვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დატა-ცენტრის  სიმძლავრის გაზრდა მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა მინისტრმა.