დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯავახეთის რეგიონში დეპუტატობის კანდიდატების არნახული მრავალფეროვნებაა. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” და ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წიაღიდან აღმოცენებული პარტია “ევროპული საქართველოს” გარდა, ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის, კახა კუკავას პარტია “თავისუფალი საქართველო” და ბანკირების, – ხაზარაძისა და ჯაფარიძის “ლელოც” იბრძოლებს.

ჯავახეთის რეგიონში საკუთარი წარმომადგენელი პოლიტიკურ გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსსაც” ეყოლება, მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით “ალიანსის” სულ მცირე პირველი ოცეული შევა. პარლამენტის ყოფილი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი სამველ პეტროსიანი პატრიოტების სიაში მე-14-ეა.

სტრატეგია შეცვალა მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამაც” და არ წამოაყენა ენზელ მკოიანის კანდიდატურა, რომელიც დაახლოებით 21 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. მის ნაცვლად, მაჟორიტარ კანდიდატად “ოცნებამ” სამველ მანუკიანი წარადგინა. დიდი ალბათობით, სახელისუფლებო ძალის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა ახალქალაქის ცენტრში, მარტში მომხდარმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ მოახდინა. სიტყვიერი დაპირისპირების მონაწილეები, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაც მოჰყვა “ქართული ოცნების” დეპუტატ ენზელ მკოიანსა და ახალქალაქის საკრებულოს წევრ სამველ პეტროსიანს შორის მოხდა.

ენზელ მკოიან

დეპუტატობის 21-წლიანი სტაჟის მქონე მკოიანი პარლამენტარის მანდატისთვის ბრძოლას ამჯერადაც აპირებს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მის უკან, არც ერთი პარტია აღარ დგას. ახლა ის ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატია და ყოფილი თანაგუნდელებისგან მოითხოვს, არჩევნები სამართლიანად და მოსახლეობის დაშინების გარეშე ჩატარდეს. ამბობს, რომ ამ გზას ხალხის მოთხოვნით დაადგა. ხოლო იყო დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ნიშნავს იმას, რომ შენი პარტია ხალხია.

“21 წლის განმავლობაში ვიყავი დეპუტატი. მე ნამდვილად ხალხმა მთხოვა, კვლავ ვიყარო კენჭი. როდესაც ხალხმა მითხრა, – დეპუტატობისთვის თუ არ ვიბრძოლებ, მოღალატედ ჩამთვლიან, დავფიქრდი და რა თქმა უნდა, დავთანხმდი. გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს და არა ადმინისტრაციულმა ერთეულებმა”, – გვითხრა ენზელ მკოიანმა.

სამველ მანუკიან

“ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატ სამველ მანუკიანს საპარლამენტო მოღვაწეობის გამოცდილება აქვს, ის პარტიული სიით იყო წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ მაჟორიტარად პირველად იყრის კენჭს. ყოფილი თანაგუნდელის, ენზელ მკოიანის მრავალწლიანი საპარლამენტო საქმიანობის შეფასებისას Dalma News-თან საუბრისას განაცხადა, რომ “ოცნებაშიც” არიან არაკომპეტენტური ადამიანები და ამაში გასაკვირი არაფერია.

მისივე თქმით, დღემდე ჯავახეთის მოსახლეობის ხმა არ ისმოდა პარლამენტში, არ იყო კარგი კომუნიკაცია. ძალიან ბევრი პრობლემაა რეგიონში და ის საკითხები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს პარლამენტში უნდა განიხილებოდეს.

“აქამდე ვინც იყო “ოცნების” კანდიდატი, ამბობდა, რომ ყველაფერს აკეთებდა რეგიონისთვის, მაგრამ რეალურად ელემენტარული საკითხები არ მიდიოდა ცენტრალური ხელისუფლების ყურამდე. არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ხალხისთვის მუშაობა და არიან ისეთები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისა და გარანტირებული მომავლისთვის იბრძვიან”, – აცხადებს სამველ მანუკიანი.

ჯავახეთის რეგიონის ნომერ პირველ აქტუალურ საკითხებს შორის დეპუტატობის კანდიდატი საყოფაცხოვრებო პრობლემების გვერდით არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის არცოდნას ასახელებს. ამბობს, რომ ასევე, მოსაგვარებელია ორმაგი მოქალაქეობის პრობლემაც.

“ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილი ეთნიკური სომეხია, რომლებმაც თავის დროზე დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და ახლა აღდგენას ცდილობენ. ასევე, არის მიწის საკითხები, ყველა მათგანი მოგვარებადია, უბრალოდ მუშაობაა საჭირო. კონკურენტებზე საუბარი არ მინდა. მათ შორის, არიან ისეთებიც, ვინც იცის, არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ინტრიგებს მიმართავს. დღეის მდგომარეობით, სიმართლე გითხრათ, სერიოზულ კონკურენტს ვერ ვხედავ. ვერც პარტიას ვხედავ, რომელიც “ოცნებას” კონკურენციას გაუწევდა”, – განუცხადა Dalma News-ს მანუკიანმა.

სამველ პეტროსიან

პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა კავშირის” წევრი, სამველ პეტროსიანი მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პატრიოტების პარტიულ სიაში ის მე-14 პოზიციას იკავებს, ამიტომ ამბობს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრა მისი პარტიის წარმატებაზეა დამოკიდებული. .გუშინ, 13 სექტემბერს, ქუთაისში

“ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ აუცილებლად პარლამენტში შევიდე, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწორედ “პატრიოტთა ალიანსი” საკუთარი იდეებით სასარგებლო გახდა ჩემი ერისთვის, ვგულისხმობ ჯავახეთის მოსახლეობას”, – ამბობს სამველ პეტროსიანი.

მისივე თქმით, ბოლო ხანებში ქართველი პატრიოტების ავტორიტეტი ჯავახეთის რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. მათ შორის მნიშვნელოვანია “პატრიოტთა ალიანსის” პროგრამა.

როგორც Dalma News-ს პეტროსიანმა განუცხადა, მისი პარტიის მიზანია მეგობრული ურთიერთობების ქონა ყველა მეზობელ ქვეყანასთან და საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მოწესრიგება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯავახეთის მოსახლეობისთვის. აქაურები სამუშაოდ ძირითადად საზღვარგარეთ მიდიან, ძირითადად კი რუსეთში.

“ჯავახეთის რეგიონის ძალიან ბევრი მცხოვრები დღეს რუსეთში ცხოვრობს. ამდენად, ჩვენთვის გაცილებიდ მისაღებია პატრიოტების პროგრამა. ასევე, მიგვაჩნია რომ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთი პრობლემის მოგვარება შეუძლებელია რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე. პატრიოტების მიზანია პირდაპირი დიალოგი დაპირისპირებულ მხარესთან. ​ჯავახეთის რეგიონის მცხოვრებლებისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. “პატრიოტთა ალიანსი” ისწრაფვის ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ. მათი შორის, გვსურს, სომხების 1915 წლის გენოციდთან დაკავშირებით ისტორიული სამართლიანობა დადგინდეს”, – აცხადებს სამველ პეტროსიანი.

იგი ასევე იზიარებს “პატრიოტთა ალიანსის” დამოკიდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. ამბობს, რომ ეს საკითხი ისეთივე მტკივნეულია ჯავახეთის მცხოვრებლებისთვის, როგორც მთლიანად საქართველოსთვის. სკოლების სიმცირე და არაქართულ მოსახლეობაში სახელმწიფო ენის არცოდნა “პატრიოტთა ალიანსისთვის” ასევე, მთავარ პრობლემურ საკითხთა ნუსხაშია.

“მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ვერ ლაპარაკობს ქართულად. არა იმიტომ, რომ არ სურთ. ჩემი შვილიშვილების თაობამ გაცილებით კარგად იცის ქართული, ვიდრე ჩვენმა თაობამ”, – ამბობს სამველ პეტროსიანი.

იგი დეპუტატობის ყველა კანდიდატს წარმატებას უსურვებს და მიაჩნია, რომ ჯავახეთის რეგიონში ღირსეული ადამიანები არიან დასახელებულნი, თუმცა, არჩევნების სამართლიანად ჩატარებას კი, ეჭვის თვალით უყურებს. მიზეზი ცესკოშია, – საარჩევნო კომისიები, ტრადიციულად, ნაცნობ-მეგობრებით, ოჯახის წევრებითა და ნათესავებით კომპლექტდება.

“2019 წელს ცესკოს უნდა ჩაეტარებინა ტრენინგები კომისიის წევრებისთვის. თავიანთი ოჯახის წევრებითა და ნათესავებით დააკომპლექტეს კომისიები, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ საარჩევნო კომისია არ არის ნეიტრალური და ის იმუშავებს კონკრეტული პირის გამარჯვებაზე. მე ეს ფაქტი გავაპროტესტე ცესკოში, მაგრამ რეაქცია არ ყოფილა, ასე, რომ ეს არჩევნებიც ისეთივე იქნება, როგორც წინა”, – აცხადებს დეპუტატობის კანდიდატი.

არსენ კარაპეტიან

ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებში პარტია “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, არსენ კარაპეტიანი მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნებში მისი ძირითადი კონკურენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია.

კარაპეტიანი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატი იყო. 2007-დან 2013 წლამდე ნინოწმინდის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2002-2007 წლებში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ანტიკორუფციულ განყოფილებაში მუშაობდა. დღეს კი ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახური თავისი არსით დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. იგი რეგიონის ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებს მართავს და აკონტროლებს.

მისივე თქმით, ხალხს სჭირდება ცვლილებები, არა მხოლოდ ჯავახეთის მოსახლეობას, მაგრამ არანაირ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

“მე ვიბრძვი იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ველოდები, რომ არჩევნების დროს სპეცსამსახურები კიდევ უფრო გააქტიურდებიან”, – განუცხადა Dalma News-ს დეპუტატობის კანდიდატმა.

მამუკა არეშიძე

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ “ევროპული საქართველოს” წევრებს დღეს ის აშინებთ, რაც წლების წინ თავად შექმნეს. სწორედ “ევროპული საქართველოს” ლიდერები იყვნენ შემოქმედნი იმის, რაც წლების წინ, ქვეყნის ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ხდებოდა, – სახელისუფლებო კანდიდატი უპირობოდ იმარჯვებდა.

“მაშინ, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ბაქრაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია, რომლებიც დღეს “ევროპული საქართველოს” ლიდერები არიან და რომელთა გამოცდილებაც საწინააღმდეგოს გვკარნახობს. ​დაშინების პოლიტიკა, რომელიც მათ დროს მუშაობდა, სწორედ მათ შექმნეს”, – აცხადებს ექსპერტი.

რაც შეეხება, ზოგადად საქართველოს ეთნიკურად ჭრელ რეგიონებში არსებულ პოლიტიკურ განწყობებს, არეშიძის თქმით, იქ ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის ძალა მუშაობს იმისთვის, რომ ცენტრსა და რეგიონს შორის გაუცხოების ხარისხი გაიზარდოს, ამდენად უსაფრთხოების სამსახურს ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონებში განსაკუთრებული დანიშნულება აქვს.

“მათი საქმეა ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და შემდეგ, რეაგირება. უშიშროების საქმე არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ეს ხელისუფლების საქმეა. უშიშროება უნდა მუშაობდეს ამ რეგიონებში”, – განუცხადა Dalma News-ს მამუკა არეშიძემ.

წინასაარჩევნო გარემოს, რაც შეეხება, არეშიძის შეფასებით, თავად ის ფაქტი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჯავახეთის რეგიონში დეპუტატობის კანდიდატთან მრავალფეროვნებაა, იმაზე მეტყველებს, რომ ჯავახეთის რეგიონში წლეულს გაცილებით კონკურენტულია წინასაარჩევნო გარემო. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რეგიონში სამართლიანი არჩევნების დაპირება შესრულდეს.

შორენა პაპაშვილი