რა აერთიანებდა პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხს გასული საუკუნის 90-იან წლებში და რა აიძულებდა მათ ერთი საათით, ტელეეკრანების წინ მოკალათებულებს, თავიანთი დუხჭირი ცხოვრება დაევიწყებინათ? პასუხი ცხადზე-ცხადია: 90-იან წლებში სატელევიზიო სივრცე მთლიანად სერიალებმა მოიცვა. ამერიკული, ბრაზილიური, ფრანგული, არგენტინული, მექსიკური სერიალები ნებისმიერი გემოვნების მიხედვით.

თუ ადრე მაყურებელი ერთი სერიალის დასრულების შემდეგ, იმედით ელოდა მორიგი გასართობი და ჩახლართული ისტორიის დაწყებას, დღეს საქმე სხვაგვარად არის: სერიალის ინდუსტრია იმდენად განვითარდა და თემატურად და სტილისტურად გამრავალფეროვანდა, რომ მაყურებლის ტელეეკრანის წინ ერთი საათით შეჩერება სერიოზულ ამოცანად იქცა.

სომხური “ოცნებების ქარხანას” 10 წელი შეუსრულდა. ტელეარხები და საპროდიუსერო ცენტრები 2005 წლიდან მკაცრ რეჟიმში მუშაობენ. თუმცა გამოშვებული პროდუქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი გამუდმებით დუბლირებულ სერიალებზე მუშაობენ. თითქმის არ გვახსოვს სომხური სერიალი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება ტელემაყურებელს. მაგალითად, სომხური “კასანდრა”, “მდიდრებიც ტირიან”, “ველური ანგელოზები”, “მეგობრები”, “ელენი და მისი მეგობრები” და ა.შ. ამ, მართლაც ლეგენდარულმა ტელენოველებმა, ისევე, როგორც მათმა გმირებმა, ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. 90-იან წლებში ძალზედ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მექსიკელი მსახიობი ვიქტორია რუფო, რომელიც სომხეთში თავად ერევნის მერმა მიიწვია და დედოფალივით დახვდნენ.

სამამულო წარმოების პირველი სერიალი მაყურებელმა დიდი სიხარულით მიიღო, თუმცა იმედგაცრუებამაც არ დააყოვნა. 3-4 საკმაოდ რეიტინგული სერიალის გამოკლებით, დანარჩენი წარუმატებელი გამოდგა, ზოგიერთი მათგანი დაახლოებით ერთი წლის განმავლოაბში მაინც გადიოდა ეთერში.

2005 წელს ეკრანებზე გამოვიდა პირველი სომხური სერიალი “შეშლილი ოჯახი” (პროდიუსერი უნან სოგოიანი, სცენარისტი არუთიუნ გუკასიანი). ტელენოველა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა, მას შეიძლება სომხური “სანტა ბარბარაც კი ვუწოდოთ”. ამ ფორმატის პირველი სამამულო ტელეპროდუქციის შესახებ Dalma News-ს ტელეარხ “შანტის” წარმოების განყოფილების ხელძღვანელმა უნან სოგოიანმა მოუთხრო.

“რაღაც ფორმატში სომხური სერიალების ინდუსტრია “სკეჩების” ფორმატს დაემსგავსა, ეს დრომ მოიტანა – ახალი ტელეპტორუქციის შექმნის მომენტი იდგა. ზოგიერთი სიუჟეტური ხაზის გაძიერება-განვითარებაზე ვიმუშავეთ და პირველი სომხური ტელენოველა გადავიღეთ”.

სოგოიანის თქმით, “სომხურმა სერიალმა” საკმაოდ სწრაფად განიცადა ევოლუცია, ახლაც განიცდის და ჯერ კიდევ შორს არის მწვერვალისგან. თუ გავითვალისწინებთ ამ ჟანრის მსოფლიო განვითარების ტემპებს, ადგილობრივი ტელეკომპანიების მოკრძალებულ ფინანსურ შესაძლებლობებს, საერთაშორისო დონესთან გათანაბრებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. სერიალების წარმოებაში დიდი ფულის ჩადება ისეთ პატარა და ეკონომიკურად არასტაბილურ ქვეყანაში, როგორი სომხეთია, არც თუ გონივრულია. პროგრესი არის, ის შემდგომშიც იქნება, მაგრამ მხოლოდ იმ სახსრების ფარგლებში, რაც გაგვაჩნია.

“თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი სერიალის მოთხოვნილება – ეს დაუწერელი კანონია. ხალხს სურს თავიანთ თავსა და ცხოვრებას გვერდიდან შეხედონ, აინტერესებთ თავიანთი გმირები, პრობლემები, განცდები და პრობლემები. ეს კი წარმოებული პროდუქტის ხარისხიდასგან დამოუკიდებლად ხდება. არცერთი მაღალი ხარისხის ამერიკული სერიალი არის ისე რეიტინგული, როგორც ადგილობრივი წარმოების საშუალო დონის მელოდრამა და ეს ტენდენცია, არა მხოლოდ სომხეთსა და რუსეთში, მთელს მსოფლიოში შეინიშნება. სომხეთში სერიალის გადაღების მოთხოვნილება 2005 წელზე უფრო ადრე გაჩნდა, თუმცა მაშინ საჭირო სახსრები არ გამოიძებნა”, – ამბობს ფილმის “შეწყვეტილი ფრენა” და ტელესერიალ “ჩვენი სოფლის” პროდიუსერი არმენ გრიგორიანი.

ადგილობრივ კინოპროდუქციაზე საუბრისას არმენ გრიგორიანი ერთმნიშვნელოვან შეფასებებს არ იძლევა. “თანამედროვე სომხური სერილების ხარისხი სხვადასხვაგვარია. არის, როგორც ღირსეული ნამუშევრები, ისე აშკარა თაღლითურიც. მაგრამ დაბრკოლება მათთვის ერთია – ეს არის დაბალი ბიუჯეტი. ეს ჩვენი ბრალი კი არა, ჩვენი უბედურებაა. სომხეთის სარეკლამო ბაზარი თითოეული სერიალის ბიუჯეტს განსაზღვრავს. სომხეთში ფილმის, ან სერიალის გადაღება გმირობის ტოლფასია. კარგი მსახიობები და რეჟისერები არც ისე დიდი სიხარულით თანხმდებიან ასეთ სერიალებზე მუშაობას, რადგანაც ეს დამღლელი და დაბალანაზღაურებადი შრომაა. უკანასკნელ ორ წელიწადში ბიუჯეტი კიდევ უფრო შემცირდა”, – ამბობს არმენ გრიგორიანი.

არუთინ გუკასიანი
არუთინ გუკასიანი

ამ პროცესში პროფესიონალების მიწვევისა და მათთვის ანაზღაურების საკითხებზე ისაუბრა სცენარისტმა არუთინ გუკასიანმა გამოცემა Aysor.am-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. “როდესაც ჩემს მოსკოველ კოლეგებს ვუყვები, როგორი ბიუჯეტით გვიწევს მუშაობა, გაოცებას ვერ მალავენ და მეუბნებიან, რომ ჯადოქრები ვართ. ამ მიზეზით, სომხეთში გადაღებული თითქმის ყველა ფილმი დაბალბიუჯეტიანია და შესაბამისად ხარისხიც დაბალია. პროფესიონალის სამუშაო ძვირად ფასობს, ამიტომ ისინი არ თანხმდებიან დაბალბიუჯეტიან პროექტებს”, – ამბობს გუკასიანი. იგი სამამულოს გარდა, რუსულ პროექტებზეც მუშაობს და თანამშრომლობს ტელეკომპანიებ НТВ-სა და ОРТ-სთან. სწორედ ეს განაპირობებს მისი სცენარების მრავალფეროვან თემატიკას.

სომხური სერიალების ცენტრალური და “საკრალური” თემა არის ღარიბებსა და მდიდრებს შორის დაპირისპირება. ასევე პოპულარულია თანამედროვე “კონკიას” თემაც. ბოლო დროს ხშირად იღებენ “Sitcom’s” (Situation Comedy – სიტუაციური კომედია), რასაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს.

საინტერესოა, როგორ აუდიტორიაზე გათვლილი სომხური სერიალები? არის თუ არა ის მაყურებლის გემოვნებითა და არჩევანით ნაკარნახევი? ვინ ვის გავლენაში ექცევა? უნან სოგოიანის აზრით, ეს სადაო თემაა. მრავალრიცხოვანი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ მაყურებლის გემოვნებას ქვეყანაში არსებული ცხოვრების წესი და სოციალური ყოფა განსაზღვრავს. “მაგალითად, საშინელებათა და ფანტასტიკური ჟანრის ფილმები სომხეთში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. რუსეთში ერთ დროს ძალიან მოთხოვნადი იყო კომედიური ჟანრის ფილმები, მაგრამ დროთა განმავლობაში გემოვნება იცვლება. ზოგჯერ ის, თუ რისი ყურება ურჩევნია მაყურებელს, შესაძლოა განსაზღვროს უბრალოდ ერთ დღეს მიღებულმა ინფორმაციამ. კიდევ ერთი მაგალითი – მეზობელი საქართველო. ძლიერი ტექნიკური აღჭურვილობისა და შესაძლებლობების მიუხედავად, სერიალების წარმოება საქართველოში პასიურ ეტაპზეა. სომხეთში თითოეული სატელევიზიო არხი წელიწადში 1-2 ტელესერიალს უშვებს. აუდიტორიას დიდი არჩევანი აქვს”, – ამბობს სოგოიანი.

არმენ გრიგორიანი და მომღერალი ქრისტინე პეპელიანი
არმენ გრიგორიანი და მომღერალი ქრისტინე პეპელიანი

არმენ გრიგორიანს მიაჩნია, რომ სერიალები უნდა იყოს ბევრი და ნებისმიერი გემოვნებისთვის.

“სხვა ქვეყნების მსგავსად, აუცილებელია სხვადასხვაგვარი სერიალები, რომლებიც სხვადასხვა არხზე, სხვადასხვა დროს გავა. საჭიროა ნებისმიერი გემოვნების ტელემაყურებლის დაკმაყოფილება. ამისთვის საჭიროა “საპნის ბუშტიც”, 8-16 სერიანი სერიალი და უმაღლესი ხარისხის ოთხსერიანი პროდუქტი. რაც უფრო მოკლეა ტელესერიალი, მით დიდია მასზე მოთხოვნა და მოლოდინი. ცხადია, ასეთი პროდუქტი ბევრად ძვირი ღირს. დღეს, სარეკლამო ბიუჯეტების შემცირების ფონზე, ასეთი ფილმების გადაღება არარენტაბელურია. მაგრამ, ვფიქრობ, 8-12-24-ის ფორმატი შედარებით მაღალხარისხიანი სერიალების გადაღების საშუალებას იძლევა, როდესაც საჭირო არ არის სიუჟეტის ე.წ. გაწელვა”, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა და დასძინა, რომ “საპნის ოპერების მრავალწლიანმა ჩვენებამ გამოიწვია ის, რომ ტელევიზორების ეკრანებთან ის ტელემაყურებელი დარჩა, რომელიც ბოლო წლებში რეიტინგს ადგენს.

პერიოდულად გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, მაღალი რეიტინგი აქვს ფილმებს, რომლების სცენარის ავტორიც დიანა გრიგორიანია. სოციალურ ქსელში მისი შემოქმედება დიდი ხანია “ინდურ ისტორიებად” მონათლეს და დაბალი ხარისხის მიუხედავად, დიანას საავტორო ფილმები წელიწადზე მეტია ტელეეკრანიდან არ ჩამოდის.

როგორც უნან სოგოიანი ამბობს, დღეს მაყურებელს ფილმის ინტერნეტით ყურება ურჩევნია. “ეს უფრო ადვილია, ვიდრე ტელევიზორში მორიგი სერიის ლოდინი. გარდა ამისა, შეგიძლია ფილმი ინტერნეტში საკუთარი გემოვნებით შეარჩიო”.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი. ინტერნეტში ყველა ფილმს მაყურებლის კომენტარი ახლავს. ამ კომენტარების დიდი უმრავლესობა უარყოფითია. საინტერესო სწორედ ის არის, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ უარყოფით კომენტარებს არ იზარებენ და წერენ, აბსოლუტურად ყველა სერია აქვთ ნანახი. როგორ ხდება, რომ მაყურებელი, რომლესაც არც სიუჟეტი, რეჟისურა, მსახიობების თამაში მოსწონს, მაინც ბოლომდე უყურებს ფილმს?

“ფილმებში ისეთი პერსონაჟებია შექმნილი, რომლებსაც ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით – ზოგისთვის ნათესავია, ზოგისთვის მეზობელი. ეკრანზე ცხოვრებიდან აღებული ადამიანები სჩანან. თავდაპირველად მაყურებელი რეზისტენტული იყო, რაღაც მომენტში მოეჩვენა, რომ ეს ის დონე არ არის. მაგრამ სინამდვილეში – ყველა უყურებდა! ორი წუთითაც რომ გასაუბრებოდი ადამიანს, მიხვდებოდი, რომ იგი ყველა პერსონაჟს კარგად იცნობდა. რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. მაგალითად, ერთ-ერთ მსახიობს, რომელიც სერიალში უარყოფით გმირს განასახიარებდა, ხალხი ქუჩაში ცნობდა და არც თუ სახარბიელო ვითარებებში ხვდებოდა. ტაქსისტები ავტომობილსაც არ უჩერებდნენ. მაყურებელი იმდენად ჩართული იყო სერიალში, რომ ფილმის პერსონაჟის ხასიათს მსახიობთან აიგივებდა. ფილმს ყველა უყურებდა, თუმცა ხმამაღლა აკრიტიკებდნენ. ინტერნეტში დაწერილი კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მათი ავტორები მინიმუმ კარგად ერკვევიან კინოწარმოებაში. რეჟისორები, მსახიობები და სცენარისტებიც კი არიან. კომენტარებში შევხვდებით “პროფესიულ” რეჟისორულ ანალიზსა და “ექსპერტების განხილვებს”.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სომეხმა მაყურებელმა დღემდე ვერ გადალახა “სერიალური” კომპლექსი. რცხვენია ღიად აღიაროს, რომ სერიალს უყურებს, რადგან ვინმემ სულელად არ მიიჩნიოს. სომხური წარმოების ფილმების გაკრიტიკება, ამ შემთხვევაში, შედარებით იოლი ტაქტიკაა.

მსგავს ბედს გადაურჩა 16 სერიანი ფილმი “ჩვენი სოფელი” (პროდიუსერი არმენ გრიგორიანია, სცენარისტი – ოვიკ ერანიანი, რეჟისორი – ელენა არშაკიანი). ფილმს წილად ხვდა მაღალი რეიტინგიც და ხალხის სიყვარულიც. იგი მოგვითხრობს სოფლისა და მისი მცხოვრებლების უბრალო ყოფაზე. არ არიან კრიმინალური ავტორიტეტები. სერიალის პროდიუსერის თქმით, ფილმის იდეა სწორედ მას ეკუთვნის, ხოლო პროექტის განხორციელება სპონსორის ფინანსური დახმარებით შეძლო. “ირონიული ჟანრის კომედია საკმაოდ სარისკო იყო, რადგანაც TV-სივრცეში ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. შეგვიძლია ასეთი ფილმების გადაღება, მაგრამ ის ძალზედ ძვირი ჯდება და არხისთვისაც მომგებიანი არ არის. ჩვენი პროექტი ვერ შედგებოდა, რომ არა სპონსორი – ბანკი “აკბა აგრიკოლი”. თუმცა ინვესტიციამ გაამართლა. ფილმმა პრესტიჟული უცხოური კინოპრემია მოიპოვა.

დღეს სომხეთში კიდევ ერთ, მოკლე ფორმატის სერიალს იღებენ. საუბარია ტელეაარხ “შანტის” ფილმზე “საზღვარზე”, რომელიც ეთერში კვირაში ერთხელ გავა. “სომხეთში მოკლე ფორმატის სერიალის გადაღების მცდელობა შეინიშნება, თუმცა ეს მხოლოდ ექსპერიმენტის დონეზე. სერიალი “საზღვარზე” რთული და ხარჯიანი სამუშაოა. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება პროექტი”, – ამბობს სერიალის პროდიუსერი უნან სოგოიანი და იქვე დასძენს, რომ ფილმი წარმატებული იქნება მოთხოვნადი თემის გამო. ეს არის ისტორია სამშობლოს საზღვარზე მომსახურე სამხედროების ცხოვრებაზე, რომლებისთვისაც სამხედრო სამსახური მოვალეობა და სამუშაოა, ხოლო უბრალო ადამიანებისთვის – თავდაუზოგავი გმირობა. აქედან გამომდინარე, ფილმი ვერავის დატოვებს გულგრილს.

დღეისთვის, სამწუხაროდ, სომხური სერიალების ინდუსტრია არ ბრწყინავს ორიგინალური სცენარებითა და იდეებით. შევჩერდით 2-3 სტანდარტულ ვარიანტზე და ერთ ადგილს ვტკეპნით. ოდნავ თუ გადაუხვიე არჩეული კურსიდან, მაშინვე გესმის: “მიუღებელია”, “ჩვენი მაყურებელი ამას არ უყურებს”. შედეგად პროდიუსერები უბრუნდებიან ძველ კეთილ, არაერთხელ გამეორებულ “კონკიებსა” და “ნათლიმამებს”. კიდევ ერთხელ იბადება კითხვა: კონკრეტულად როგორ მაყურებელზეა საუბარი, თუ ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ პოტენციური ტელემაყურებლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა ადგილობრივი პროდუქტით და ინტერნეტის მეშვეობით უცხოური წარმოების სერიალს ამჯობინებენ. საბოლოოდ, რომელ მაყურებელზე მუშაობენ სომხური ტელეარხები?

სინამდვილეში მართლა ასე აქტუალური და მოთხოვნადია ისტორიები სოფლელების (აუცილებლად ღარიბების), ჭკვიანი მორიდებულების შესახებ, რომლებიც ქალაქში უკეთესი ცხოვრების საძიებლად ჩადიან. იქ აუცილებლად ხვდებიან მდიდარ პრინცს, თეთრი BMW-თი, რომელიც უკვე დანიშნულია ქალაქელ, ბოროტ და მზაკვარ, ასევე საეჭვო მორალური პრინციპების მქონე გოგონაზე. თითქოს ალტერნატივა არ არსებობს.

შეზღუდულ ბიუჯეტზე დაყრდნობით სერიალების სომეხი მწარმოებლები თავს იმართლებენ თემატური სიღარიბით. თუმცა, როგორც უნან სოგოიანი ამბობს, სფერო ვითარდება. “არავითარი სტაგნაცია არ არის. ყველა ვითარდება: რეჟისორით დაწყებული მსახიობითა და დეკორაციებით დამთვრებული. ჩვენ მუდმივად პროგრესს განვიცდით. ერთი და იმავე ისტორიას შესაძოა, რამდენიმე ტრანსფორმაცია მოეძებნოს. ასე, რომ მაყურებელს აღარ უჩნდება ცნობილ “კონკიასთან” ასოციაცია.

ახლა, რაღაც მასშტაბურ და ძვირადღირებულ პროექტებზე ფიქრი – უგუნურებაა. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია რენტაბელობა. თითოეულ პროექტზე უამრავი ადამიანი მუშაობს და მათ ხელფასები უნდა გადაუხადონ. ჩვენს პირობებში კონცენტრირება ხდება უფრო ძვირადღირებულ და დიდი პროექტის რეალიზებაზე, მასში დიდი თანხისა და ენერგიის ჩადება, შემდეგ კი ხელმოცარულად დარჩენა – უბრალოდ ძალიან დიდი სისულელე იქნება”, – ამბობს პროდიუსერი.

“დღესდღეისობით, ჩვენთან ერთდროულად მუშაობენ “sitcom”-ზე, მოკლე ფორმატის დრამატულ სერიალზე და მელოდრამაზე. სამივე პროექტს თავისი აუდიტორია ჰყავს, მთავარია – ხარისხი”, – დასძინა უნან სოგოიანმა.

(სამუშაო პროცესი ტელეკომპანია “შანტის” პავილიონში)

“სერიალების რევოლუცია”, ანუ “ხელმოცაულებისთვის” შესვლა აკრძალულია?

მაყურებელი მრავალფეროვანია. საინტერესოა, რამდენად მრავალმხრივები არიან შემქმნელები, პირველ რიგში – სცენარისტები, რომლებიც სერიალების თანამედროვე სომხურ ბაზარს ამარაგებენ? შევეცადეთ გაგვერკვია, რამდენად ღიაა ინდუსტრია. შეუძლიათ ახალ ავტორებს და რეჟისორებს ინდუსტრიაში შეღწყევა, თუ არც საჭირო ნაცნობობა ყავთ და არც რაიმე კავშირები, უბრალოდ არიან ნიჭიერები და აქვთ ორიგინალური იდეები?

გრიგორიანმა პირდაპირ გვიპასუხა: “სცენარისტებისა და რეჟისორების სფერო ყოველთვის იყო და არის დახურული. იქ ძალიან ძნელია შეღწევა და ადგილის შენარჩუნება. თითოეული თავისებურად აღწევს მიზანს – შეუპოვრობით, ნიჭითა და გამართლებით”, – ამბობს ადამიანი, რომელსაც მრავალწლიანი და სერიოზული გამოცდილება აქვს ინდუსტრიაში.

ერთი სიტყვით, ხელმოცარულებისთვის შესვლა აკრძალულია. ნიჭიერ ადამიანებს კი დახმარება სჭირდებათ, რადგანაც უნიჭო თავად იპოვის თავის გზას.

ალექსანდრე ხაჩატრიანი
ალექსანდრე ხაჩატრიანი

სომხური წარმომავლობის ამერიკელი მსახიობი ალექსანდრე ხაჩატრიანი ხანდახან სომხურ სერიალებშიც თამაშობს. “ფილმების წარმოებაში ყველა ერთმანეთზეა დამოკიდებული: რეჟისორი, ოპერატორი, მსახიობი. სამწუხაროდ სკოლას ვკარგავთ. ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას შევხვედრილვარ და სკოლის დაკარგვასთან ერთად, მთელ თაობას ვკარგავთ”, – განაცხადა საიტ aysor.am-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაჩატრიანმა.

უნან სოგოიანმა ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის პერსპექტვებზეც ისაუბრა. მისი თქმით, “ნათელი იდეები” შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ მის დანერგვამდე საჭიროა დეტალური გაანალიზება, იმის გათვალისწინება, მართლა არსებობს თუ არა შესაძლებლობები სრულფასოვანი რეალიზებისთვის, დაფინანსების ჩათვლით. პრობლემა მხოლოდ იდეის არქონა არ არის, ხშირად ბევრად უფრო პროზაულადაა საქმე. აუცილებლად უნდა განიხილოს ახალგაზრდა კრეატიული სცენარისტის იდეა, რამდენად “ავანგარდული”, მოთხოვნადი და აქტუალურია, ასევე შეესაბამება თუ არა ბაზრის მოთხოვნას.

„გარკვეული პროფესიული უნარების ფონზე, ჩვენთან ასევე შესაძლებელია პრაქტიკული ცოდნის მიღება და მუშაობის გაგრძელება. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, როგორიცაა სპეციფიური მიმართულება და პროფესია, მაგალითად, სცენარის ხელოვნება, აქ ბევრად რთულადაა საქმე. ამ სფეროში წარმატების მიღწევა ძნელია. შერჩევა ძალიან მაღალი კრიტერიუმებით ხდება: ნიჭი, განათლების დონე და ა.შ. იგივე შეიძლება ითქვას რეჟისურაზეც“.

“პროდიუსერს ბევრად ურჩევნია უკვე გამოცდილ და ცნობილ სცენარისტთან მუშაობა, რადგან ყველა შესაძლო რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. სცენარისტი იმის გარანტია, რომ ინვესტიცია გაამართლებს და რეიტინგიც მაღალი იქნება. დამწყები სცენარისტის, ან რეჟისორის პროექტის დაფინანსება ძალზედ რისკიანი საქმეა”, – დარწმუნებულია უნანი.

ამასთან დაკავშირებით ერთი ძველი ანეგდოტი მახსენდება ადამიანზე, რომელსაც გამოცდილების გამო სამსახურში არ ღებულობენ. ასე დადის უაზროდ, გამოცდილებისა და სამსახურის გარეშე. მანკიერი წრე.

ერევნის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქვეყანას, თუ არ ჩავთვლით უამრავ კერძო კურსებსა და მრავალგვარ ტრენინგებს, ყოველწლიურად 50 რეჟისორსა და 10 სცენარისტს აძლევს. დახურული სფეროსთვის ეს ძალიან ბევრი ხომ არ არის? უნანის თქმით, ტელეკომპანიაში სამუშაოდ მისული ახალგაზრდა სპეციალისტების ნაკადი ყოველთვის დიდია. “ჩვენს ქვეყანაში პირველი პროფესიონალების სკოლა შევქმენით. ახალგაზრდების ნაკადი არ მცირდება. ჩვენ ყველა პირობა გვაქვს გამოცდილი სპეციალისტების ხელმძღვანელობით მოვამზადოთ ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომშიც ითანამშრომლებენ ჩვენთან და უშუალოდ ჩაერთვებიან ამა თუ იმ ტელეპროდუქტის წარმოების პროცესში.

“დღეს შედარებით მეტი აქტიურობა სამსახიობო სფეროში შეინიშნება. მანამდე თეატრის მსახიობები თავს იკავებდნენ სერიალებში მონაწილეობისგან – ეს სამარცხვინოდ მიაჩნდათ. დღეს კი თეატრალური სასწავლებლის კურსდამთავრებულები ტელევიზიაში მოხვედრას ცდილობენ. გარდა ამისა, ისინი, ვინც თეატრში მუშაობას განაგრძობენ, სატელევიზიო პროექტების წყალობით შეძენილი მაყურებელი თეატრში მიჰყავთ”, – ამბობს პროდიუსერი.

“სერიალების ბუმმა” მთელს მსოფლიოში პიკს მაიღწია. ამ მხრივ გამონაკლისი არც სომხეთია, თუმცა წინ კიდევ ბევრი და რთული საქმეა გასაკეთებლი. მაღალი ხელოვნება და უგემოვნობა – ყოველთვის ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობს. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ადრე, თუ გვიან არჩევანი ხარისხზე გაკეთდება. რიგით მაყურებელს ისღა დარჩენია, მიენდოს ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს და ჰქონდეს იმედი, რომ “სერიალების რევოლუცია”, თუნდაც ასი წლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაშიც მოხდება.

ანი მაგაკიანი, სპეციალურად Dalma News-ისთვის

Lina Levine-ის ფოტოები