რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე კვლავ აქტუალურია, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თემა. ქვეყნის ხელისუფლების ლიდერების განცხადებებმა, რომ საქართველო თავის კონფლიქტურ რეგიონებში ომის დაწყებას არ აპირებს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას იარაღის ენით საუბრის ვარიანტს არც კი განიხილავს, როგორც ჩანს, კიევი ვერ დააკმაყოფილა.

იმის ძიებაში, თუ ვინ უკიჟინებს კიევს, რომ უკიჟინოს საქართველოს ომში ჩაებას, უკვე მერამდენედ თავის მართლება უწევს ამერიკულ მხარეს. ჯერ საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, ახლა კი კონგრესმენი ადამ კიზინგერი აცხადებენ, რომ რუსული პროპაგანდაა, როცა ესმით, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. უბრალოდ, “ამერიკას სურს, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინას”, – ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

“როდესაც ჩვენს ელჩზე ქალბატონ დეგნანზე ხორციელდება თავდასხმა, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს, სულ მიჩნდება კითხვა, – რა სურვილი ამოძრავებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წევრს? მართლა სურთ რომ აშშ-სთან ახლოს იყვნენ, თუ უბრალოდ თავს გვაჩვენებენ რომ ასეა, რადგან იციან, რომ ქართველ ხალხს სურს ამერიკასთან ახლოს ყოფნა?”, – აცხადებს კიზინგერი.

Бидзина Иванишвили и Келли Дегнан

ამ ფონზე ირკვევა, რომ აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელის, მილიარდერის, ექსპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხშირი სტუმარია. ერთ-ერთი შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს შედგა და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ამ შეხვედრის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ 4 თვის შემდეგ, 27 ივლისს შეიტყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა. წერილში საუბარია იმაზე, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ. წერილის დასაწყისშივე ივანიშვილი ცდილობს ახსნას, რომ ნამდვილად არ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში.

“რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე… გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია”, – აღნიშნულია ივანიშვილის წერილში.

ყოფილი პრემიერი კმაყოფილია მმართველ გუნდის “სწორი და პრინციპული პოზიციით”, რადგან ქვეყანამ ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა. თუმცა, ივანიშვილის აზრით, საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ არსებობს და საქართველოს მოსახლეობას აფრთხილებს. იგი ელჩთან საუბრის დეტალებს არ აკონკრეტებს.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ფაქტს აშშ-ს ელჩიც ადასტურებს და იქვე განმარტავს, რომ მათ შორის არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე.

“გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და ამით ცდილობენ საქართველოს დაყოფას მისი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ მომენტში”, – თქვა დეგნანმა.

არჩილ სიხარულიძე

რა გავლენა იქონია რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე? Dalma News-ის ამ კითხვაზე პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე აცხადებს, რომ უკრაინის ომმა იმდენად არ შეცვალა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რამდენადაც ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა. ქართული საზოგადოება გადაიქცა აღმოსავლეთ ევროპულ საზოგადოებად და გაჩნდა კრიტიკული განწყობები დასავლეთ ევროპისა და ამერიკის მიმართ. უკრაინის მოვლენებმა კი კიდევ ერთხელ დაძაბა ვითარება ზოგადად მსოფლიოში და ნათელყო ის, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები მაინც პირად ინტერესებზეა დამყარებული და არა ღირებულებებზე. საქართველოს დღევანდელი ინტერესია იყოს სუვერენული, კრიტიკული და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები.

მისივე თქმით, ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა ქართულ საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკული განწყობებიდანაც ჩანს.

“თავისუფალი კრიტიკა – ესეც დემოკრატიული განვითარების შედეგია. ამის შედეგია ის, რომ “ქართული ოცნებაც” და ოპოზიციაც დღეს “ბედავენ” დასავლეთის კრიტიკას. იყო დრო, როცა საქართველოში დასავლეთის კრიტიკა ნიშნავდა არჩევნების წაგებას”, – ამბობს არჩილ სიხარულიძე.

პოლიტოლოგი უჩვეულოს ვერფერს ხედავს ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრაში და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო და დარჩება ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებად ჩვენს საზოგადოებაში, იმიტომ, რომ მას ყველაზე მეტი ფული აქვს.

“აშშ-ში არჩევნებზე ყველაზე გავლენიანი ადამიანები არიან მილიარდერები. თუ ამერიკის ელჩი მივიდა იმისთვის, რომ მოეხდინა გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და თავისი ინტერესები გაეტარებინა, ეს ცუდია, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს ელჩი არ მიიჩნევს ქართულ პოლიტიკურ ელიტას გადაწყვეტილების მიმღებ ძალად”, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ აღმოჩნდა ​აშშ-ი ქართულ საზოგადოების წინაშე თავის მართლების პოზიციაში, არჩილ სიხარულიძის აზრით, ამერიკის ელჩმა საკუთარი თავი თვითონ ჩაიყენა თავის მართლების პოზიციაში. დეგნანი აქტიურად ერევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, აქვს პრეტენზია, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესებზე ჰქონდეს გავლენა.

“უკრაინის მხრიდან დღემდე არის საქართველოში მეორე ფრონტის მოლოდინი, კერძო საუბრებში უკრაინელები მეკითხებიან, – რატომ არ ესხმით თავს აფხაზეთს? – მათ ეს მოლოდინი ვიღაცამ შეუქმნა. ვინ შექმნა ეს მოლოდინი, “ენმ”-მ თუ საერთაშორისო არენაზე მოქმედმა გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ რუსეთი დაასუსტონ ყველა არსებული ხერხით”, – ამბობს პოლიტოლოგი.

ოპოზიციისა და მათ მიმართ კეთილგანწყობილი ექსპერტების მხრიდან ბოლო დროს ხშირად გვესმის ისეთი შინაარსის შეფასებები, როგორიც არის მაგალითად ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები დღეს უკრაინისთვის სოლიდარობაში გადის, რომ საქართველო დღეს შეშინებულია და სხვა მისთანები.

რამაზ საყვარელიძე

როგორც პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე განმარტავს, ზოგადად “შეშინებული” საინტერესო სიტყვაა იმის მიხედვით, თუ ვინ რა კონტექსტში იყენებს მას. საქართველოს ისტორია მდიდარია მაგალითებით, როცა ქვეყნის განადგურების შიშით სწორედ საქართველოს მეფეები სწირავდნენ საკუთარ სიცოცხლეს. მათ ეშინოდათ ქვეყნის აოხრების.

“ქვეყნის აოხრების შიში უფრო დიდია, ვიდრე პირადი შიში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ხარ პასუხისმგებელი”, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.

მისივე თქმით, რუქას თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში არც ერთი ქვეყანა არ ჩაბმულა, თვით უკრაინის მეზობელი მოლდოვაც.

“უნდა ვთქვათ, რომ მოლდოვა შეშინებულია? ამერიკა ჩაება ომში ცოცხალი ძალით? იარაღის მიწოდება სხვა არის, მისაწოდებელი, რაც გვქონდა, ჩვენც მივაწოდეთ უკრაინას. პირადი შიში ერთია და ქვეყნის განადგურების შიში სხვა არის”, – ამბობს საყვარელიძე.

ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სიტყვა “შიში”, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე გამოიყენება, როგორც ბულინგის, საზოგადოების დამცირების და დაკნინების საშუალება.

ამ საერთო “შიშის” ფონზე, მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებულია, აშშ-ს ელჩი საქართველოში მმართველი პარტიის დამფუძნებელს ხვდება. ბუნებრივად ჩნდება ინტერესი განხილვის თემების მიმართ. რამაზ საყვრელიძე არ გამორიცხავს, რომ ამერიკულ წრეებში ყოფილიყო მოარული აზრი, რომ მეორე ფრონტი საქართველოში გაშლილიყო.

“ამერიკული დამოკიდებულება უკრაინის ომის დასაწყისში, უფრო შემტევი და თავდაჯერებული იყო, ვიდრე ახლა. ახლა აღმოაჩინეს, რომ ეკონომიკური სანქციები, რომლის იმედიც აქვთ და ფრონტი, რომელსაც უნდა დაესუსტებინა რუსეთი, ასეთი შედეგით არ მიმდინარეობს. სამწუხაროდ შეცდომებს ყველგან უშვებენ. ამერიკული შეცდომების ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამერიკას ახლა არ აწყობს კავკასიის ომში გახვევა. ამერიკისთვის აქ, ძირითადი საყრდენი საქართველოა”, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.

შორენა პაპაშვილი