ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასა და ამერიკის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 6 დეკემბრის სკანდალურ გადაწყვეტილებას, მთელს მსოფლიოში მუსულმანების მასობრივი პროტესტი მოჰყვა. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს, ღაზა სექტორის და იერუსალიმის რეგიონში უკვე დაახლოებით 1100 ადამიანი დაზარალდა. სავარაუდოდ, ეს ბოლო მონაცემი არ არის. სწორედ ამის შესახებ აფრთხილებდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი, კორეელ კოლეგა ლი ნაკ იონთან ერთობლივ კონფერენციაზე გამოსვლისას, რომელიც ტრამპის მიერ ზემოთ აღნიშული განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდა. მაშინ თურქეთის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება რელიგიათაშორის დაპირისპირებას ავტომატურად გამოიწვევს, რის ნაკლებობასაც დღევანდელი მსოფლიო ნამდვილად არ განიცდის.

ამერიკელი ლიდერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს თურქეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში. ტრამპის განცხადებიდან მეორე დღეს, რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისეთი ნაბიჯები, როგორიც იერუსალიმის აღიარებაა, ახლოაღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის პერსპექტივებს უსვამს ხაზს.

49831ცოტა მოგვიანებით, 9 დეკემბერს, თურქეთის ლიდერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაურეკა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგგარეშე სხდომაზე მიიწვია, რომელიც იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით სტამბულში 13 დეკემბრისთვის დაიგეგმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიწვევა მიიღო და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით აღფრთოვანება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის ლიდერმა საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ აიღო ისლამური სოლიდარობის მხარდაჭერის მისია. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება „ძალიან დიდი შეცდომაა“ და რომ ამერიკელი ლიდერის ნაბიჯები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში საშიში შედეგებიც მოჰყვეს. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ მუსლიმანური სამყაროს ინტერესები მომავალშიც დაიცვან.

ისლამური სოლიდარობის ორგანიზაციაში, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა: “ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება, არა მხოლოდ მუსულმანების და არაბების, არამედ იერუსალიმის მთელი ქრისტიანული მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული”.

გარდა ამისა, ადრე თავისი პოზიცია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დააფიქსირა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიკმეთ გაჯიევმა, კიდევ ერთხელ გაახმაურა აზერბაიჯანული მხარის მოსაზრება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით. გაჯიევის თქმით, აზერბაიჯანი საკუთარი მოუგვარებელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტიდან გამომდინარე, ისრაელ-პალესტინის საკითხის მშვიდობიან რეგულირებას უჭერს მხარს და ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციის დაცვისკენ მოუწოდებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, მოვლენები, როგორც არ უნდა განვითარდეს, აზერბაიჯანული მხარე მხარს არ უჭერს საკითხის სამხედრო გადაწყვეტას. მით უფრო, რომ ისრაელს და აზერბაიჯანს შორის 25 წლიანი ურთიერთობები არსებობს. უფრო მეტიც, აზერბაიჯანი ერთ-ერთი ისლამური ქვეყანაა და ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელსაც ისრაელთან ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე, სხვა სახის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აქვს.

ცხადია, მომხდარს აზერბაიჯანის მოსახლეობის, რომლის დიდ უმრავლესობას მუსულმანები წარმოადგენენ, უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში ისრაელის საელჩოს სპიკერმა, ავიტალ როზენბერგმა განაცხადა, რომ ისრაელი მხარს უჭერს წმინდა ადგილების  სტატუს-ქვოს და კვლავაც უზრუნველყოფს ებრაელების, ქრისტიანების და მუსულმანების თავისუფალ აღმსარებლობას, ტრამპის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანს და პალესტინას შორისაც 25 წლიანი ეფექტიანი, როგორც ორმხრივი, ისე ისლამური სოლიდარობის ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობა არსებობს. 2017 წლის ზაფხულში, ბაქოში იერუსალიმის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომლის დროსაც აზერბაიჯანის სსს-ოს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა შაჰიმ აბდულაევმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე იერუსალიმში სტაბილურობის და მშვიდობის სწრაფად აღდგენას უჭერს მხარს.

risvan_guseynovტრამპის გადაწყვეტილება მუსულმანებისადმი შეურაცხყოფად მხოლოდ აზერბაიჯანში არ აღიქვეს

ექსპერტები ისრაელის გარშემო ატეხილ ამბავს, სულ სხვა მიზეზებს უკავშირებენ. მაგალითად, ზოგიერთმა ექსპერტმა ისიც კი თქვა, რომ ტრამპის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რუსეთის და მისი მოკავშირეების – თურქეთის და ირანის – სირიის საზღვართან მიღწეული წარმატებებია. კერძოდ, აშშ-ს სასწრაფოდ დასჭირდა არასტაბილურობის კერის სირიის საზღვრებთან გადატანა და არჩევანი ისრაელზე შეჩერდა.

როგორც კავკასიის ისტორიის ცენტრის დირექტორმა, აზერბაიჯანის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ადამიანის უფლებების და სამართლის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა, რივზან ჰუსეინოვმა Dalma News-ს განუცხადა, ამერიკის პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებს ხალხის, მეზობელი რეგიონების და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ინტერესებს. მისი აზრით, ამერიკელები ე.წ. “მართვადი ქაოსის” პოლიტიკას განაგრძობენ.

“ეჭვი არ მეპარება, დონალდ ტრამპს შესანიშნავად ესმოდა, რომ მისი, როგორც აშშ-ს პრეზიდენტის გაცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმს აღიარებს, ახლო აღმოსავლეთში დიდ პრობლემებს გამოიწვევდა”, – ამბობს  ჰუსეინოვი.

ექსპერტის თქმით, ტრამპის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ისრაელის სტრატეგიულ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.  ისრაელის პოლიტიკოსების ეიფორია სრულიად  უადგილოა. ახლა საფრთხე ემუქრება ისრაელის სახელმწიფო უშიშროებას, რომელიც სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების სამიზნე გახდება. ჰუსეინოვის აზრით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპმა დათვური სამსახური გაუწია ისრაელს და ახლა იგი ახლო აღმოსავლეთის მორიგი კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდა, რომლის მოგვარებაც, როგორც ცნობილია, ყოველთვის ძალიან რთული, ან ზოგჯერ გადაუჭრელია.

“მსოფლიოს ყველა რადიკალური პოლიტიკური და საბედისწერო პროცესი ყოველთვის ახლო აღმოსავლეთში  დაწყებული კონფლიქტური ვითარებით იწყება”, – ამბობს ექსპერტი.

მისივე თქმით, უძველესი დროიდან მოყოლებული, თურქი, არაბი დამპყრობლების, ასევე ნაპოლეონის ლაშქრობების პერიოდში, დამპყრობლები ყოველთვის იბრძოდნენ ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქებისთვის. ესენია: იერუსალიმი, მოსული, კირკუკი, ალეპო, სტამბული, მექა, მედინა და ეგვიპტე.

“არაბული გაზაფხული ცდილობს სწორედ ამ ქალაქების დერეფანი მოიცვას. იმ ძალებმა, რომლები დღეს ამ პოლიტიკას ატარებენ, როგორც ჩანს, მიზანში ისრაელი ამოიღეს. რა შედეგებს გამოიღებს ეს ყველაფერი უცნობია, თუმცა აშკარაა, რომ შედეგი ძალიან ცუდი იქნება”, – დასძინა ჰუსეინოვმა.

ალექსანდრა ზუევა (ბაქო) სპეციალურად Dalma News-სთვის.