ბაქოს ზღვისპირა ბულვარზე 7 დეკემბერს ხალხმრავლობა იყო. ზამთრის სიცივეში ასობით ადამიანი ბულვარზე დასასვენებლად, სასეირნოდ, შადრევნების საყურებლად და ატრაქციონებზე გასართობად კი არ მივიდა, არამედ 4 დეკემბერს მეათე ნავთობმომპოვებელ პლატფორმა “გიუნეშლი”-ზე ხანძრის შედეგად დაღუპული და უგზო-უკლოდ დაკარგული ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემოდ.

დაღუპულთა ხსოვნა. ზღვისპირა ბულვარი. ბაქო

წინასწარი ვერსიით, პარასკევს საღამოს “გიუნეშლი-10”-ზე ხანძარი მაღალი წნევის გაზსადენის დაზიანებას მოჰყვა, რაც გამოიწვია ქარიშხლიანმა ტალღებმა და ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარე 38-40 მ/წმ-ს აღწევდა, ხოლო ხანგრძივობა 27 საათი იყო. ტალღების სიმაღლე კი 8-10 მეტრი.

სამაშველო სამუშაოები მეტად რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ძლიერი ქარისა და მაღალი ტალღების გამო მაშველები პლატფორმასთან მიახლოვებას ვერ ახერხებდნენ. ერთ-ერთ ნავს, რომელშიც სამაშველო ჟილეტებში გამოწყობილი მენავთობეები ისხდნენ, ბაწარი იკავებდა, რომელიც გაწყდა და ხალხი ზღვაში ჩაცვივდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენებმა კასპიის ზღვაში ექვსი დაკარგული მენავთობის გვამი აღმოჩინეს.

ტრაგედიის დღეს 33 ადამიანი გადაარჩინეს. შაბათს კიდევ ერთი დაკარგულის გვამი იპოვეს და ამოცნობის შემდეგ ახლობლებს გადასცეს. ამ მომენტისათვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად 23 ადამიანი ითვლება. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო, Dalma News-ი ცოტა დაგვიანებით აქვეყნებს ზღვისპირა ბულვარზე გამართულ ცერემონიალზე გადაღებულ ფოტოებს და პატივს მიაგებს ამ საშინელ ტრაგედიაში დაღუპული ადამიანების ხსოვნას.

ფოტოები report.az-ის საიტიდან.