Dalma News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილგარ ველიზადემ აზერბაიჯანის პოლიტიკური წელი შეაჯამა. ისაუბრა აზერბაიჯანის ეკონომიკასა და რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან თანამშრომლობაზე.

15750094_10211602069236463_1915037368_n– როგორ აფასებთ 2016 წელს აზერბაიჯანისთვის და წლის, რომელ მნიშვნელოვან მოვლენას გამოყოფთ?

– 2016 წელი ყველაზე მეტად აპრილის “ოთხდღიანი ომით” და სექტემბრის რეფერენდუმით დამამახსოვრდა. ეს ორი მოვლენა ქვეყნის, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე აისახა.

რაც შეეხება აპრილის ომს, ყარაბაღის კონფლიქტის რეგულირების პროცესში ეს მოვლენა ერთგვარ ზღვარს წარმოადგენს, რადგან მას შემდეგ, რაც 1994 წელს ქვეყნებმა შერიგების შესახებ გამოაცხადეს, ფრონტის ხაზი შეიცვალა. ამ მოვლენას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. როგორც მოლაპარაკებების პროცესში გამოიკვეთა, სრული მდუმარების და მხარეების სამხედრო მზადების პირობებში, შეჯახება გარდაუვალია. ბოლო წლებში ინციდენტების რაოდენობამ იმატა, რასაც შედეგად ომი მოჰყვა.

– 2016 წლის მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა, საკონსტიტუციო რეფერენდუმი იყო. იმის მიუხედავად, რომ რეფერენდუმზე ხალხმა ქვეყნის პრეზიდენტს დაუჭირა მხარი, ვერ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მეთაური ზოგიერთ საკითხში უფლებამოსილი იყოს, საუბარია, ვიცე-პრეზიდენტების დანიშვნაზე, პარლამენტის რეფორმირებაზე და სხვა. ამ თვალსაზრისით რას უნდა ველოდოთ 2017 წელს?

– როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ცვლილებები შედარებით შორეულ პერსპექტივაზეა გათვლილი. პრეზიდენტმა დმიტრი კისილევისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და მკვეთრი ინსტიტუციონალური რეფორმები უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. შესაძლოა გასატარებელი ზომების მთელი კომპლექტი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ან წინა პერიოდში ამოქმედდეს.

პრინციპში, დრო არც ისე დიდი დროა დარჩენილი. 2018 წელს, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ჩემის აზრით, მანამდე არანაირი ცვლილებები არ განხორციელდება. მაგრამ არის კიდევ სხვა საკითხი. ყველა ეს ცვლილება სხვა ინსტიტუციონალურ ცვლილებებთან ერთად გატარდება. შეიქმნება ახალი ორგანოები, ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკურ-სამართლებრივი ურთიერთობები ქვეყნის შიგნით. ეს ყველაფერი ახალ სფეროს ჩამოაყალიბებს და ვიცე-პრეზიდენტების დანიშვნა კოორდინატების ახალი სისტემები შექმნასთან ერთად განხორციელდება.

– ქვეყნის პრეზიდენტის და მმართველი პარტიისთვის ნდობის გამოცხადების და რეფერენდუმის ფონზე, 2016 წელს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები იყო. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და სახელმწიფო ბიუჯეტს რეფორმების შედეგები არ ემჩნევა. როგორ უნდა გავიგოთ რეფერენდუმი და ძალაუფლების ვერტიკალის გაძლიერება იმ ეკონომიკის ფონზე, რომელიც სულ უფრო სუსტდება?

– წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ეკონომიკის ლიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი ზომები გატარდა. მაგალითად, იგივე საბაჟო სისტემა, საფინანსო სფერო. კრიზისული მოვლენების გაღრმავება, ეკონომიკაში სტრუქტურულმა კრიზისმა გამოიწვია. ეს პროცესი ჯერ კიდევ წინა წლებში დაიწყო და ასეც გაგრძელდება. ახლა მთავარია მისი შენელება, რადგანაც არსებულ ეტაპზე აღნიშნული კრიზისული მოვლენების სრული შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან კრიზისი გამოწვეულია არა მხოლოდ შიდა ენდოგენური მიზეზებით, არამედ გარე ფაქტორებითაც. ამჟამად მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, რომ გარე ფაქტორებმა შიდა ეკონომიკურ პროცესებზე დიდი გავლენა ვერ მოახდინონ.

ამასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობს ზომები გაატაროს ეკონომიკის დივერსიფიკაციის და საგარეო ეკონომიკური მოღვაწეობის ხასიათის შესაცვლელად. კერძოდ, მისი ლიბერალიზაციისთვის და ინსტიტუციების შესაქმნელად, სადაც თავისუფალი ეკონომიკური ზონა – ალიათეში იფუნქციონირებდა. თუმცა ამ ყველაფრის ერთ დღეში შექმნა შეუძლებელია, რადგანაც საჭიროა ინფრასტრუქტურა, ინვესტორების მოზიდვა. ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება. გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა, მაგრამ ყველა მექანიზმის ასამუშავებლად გარკვეული ეტაპების გავლაა საჭირო.

დიდი იმედები უკავშირდება უცხოურ ინვესტიციებს, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს, კერძოდ, ტურიზმის განვითარებისკენ არის მიმართული. რატომ იყო წელს ჩვენს ქვეყანაში ბევრი ტურისტი? იმიტომ რომ არაბულ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მოხდა. ეს ყველაფერი ეკონომიკური რეფორმების შედეგია.

ახლა, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან არა მხოლოდ ტურისტები, არამედ ბიზნესმენებიც ჩამოდიან, რომლებიც ჩვენი უძრავი ქონებით და აგრომრეწველობით არიან დაინტერესებულნი. ამჟამად ბევრი საკითხია შეთანხმების ეტაპზე. დეტალების განხილვის შემდეგ აგროსამრეწველო კომპლექტების და სხვა თანამედროვე საწარმოების მშენებლობა დაიწყება. ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ამჟამად საუბარია გარდაქმნებზე – მონონავთობური ეკონომიკიდან შედარებით დივერსიფიცირებულამდე უცხოური ინვესტიციების დახმარებით.

– სანამ რეფორმები რეალიზების ყველა ეტაპს გადის, მოსახლეობის დაუცველ ფენას კიდევ უფრო უჭირს. მკაცრი ეკონომიკური კრიზისის პირობებში ხომ არ იმატებს მოსახლეობის უკმაყოფილება?

– მოსახლეობის სამომხმარებლო შესაძლებლობების დაქვეითება და დევალვაცია, ცხადია, ქვეყანაში გარკვეულ დაძაბულ ფონს ქმნის. ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე დაუცველი საბანკო სფერო აღმოჩნდა, რადგანაც ის გათვლილი იყო ქვეყანაში უზარმაზარი კაპიტალის შედინებაზე. თაღლითები, რომლებიც ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას ეწეოდნენ დააკავეს და ახლა მათი საქმეები სასამართლოში განიხილება.

ამ ეტაპზე ხელისუფლება ცდილობს დანერგოს ამ სახის დანაშაულის სისხლის სამართლებრივ დევნამდე დასჯის გამკაცრებული მექანიზმი. ამჟამად მკაცრი ფინანსური მონიტორინგი მიმდინარეობს. ქვეყანაში კაპიტალის კონსოლიდაცია ძალზედ მტკივნეული პროცესია და იგი მომავალ წელსაც გაგრძელდება. ბუნებრივია, რაიმე ნაბიჯები, რომ არ გადაედგათ მოსახლეობა მართლაც გამოთქვამდა უკმაყოფილებას, მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელობა პრობლემების მოსაგვარებლად მყისიერ ზომებს მიმართავს, რამაც მოსახლეობის უარყოფითი განწყობილება უნდა შეამციროს.

ცხადია, გარკვეული უკმაყოფილება არსებობს, მაგრამ ისინი რეგიონალური – ლოკალური ხასიათისაა. ვნებათაღელვის გასაღვივებლად საჭიროა გარკვეული პოლიტიკური ბიძგი, მაგრამ ოპოზიციური ძალები მთლიანად დემორალიზებულია და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე გავლენას ვერ ახდენენ, მმართველი პარტია კი რეფორმების კურსს უჭერს მხარს. ასეთ ვითარებაში ლოკალური უკმაყოფილების გაფართოვებას არ უნდა ველოდოთ.

– 2016 წელს აზერბაიჯანულ – რუსული და აზერბაიჯანულ – ირანული ურთიერთობების განმტკიცების მოწმენი გავხდით. ბაქოში სამი სახელმწიფოს სამიტი შედგა. რუსეთთან და ირანთან დასაახლოებად ნაბიჯები თურქეთმაც გადადგა. ამ სახელმწიფოებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის საკითხში 2017 წელს როგორი მოლოდინი არსებობს?

– ამ რეგიონში უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდნენ ცენტრალური ძალები, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ და გარკვეულ შედეგსაც აღწევენ. ჩვენს რეგიონში სტაბილური სახელმწიფოებია, რომლებიც დღის წესრიგს ადგენენ. ესენია: რუსეთი, თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი. რეგიონისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებში არსებული შიდაპოლიტიკური მდგომარეობა.

თუმცა აშკარა შიდაპოლიტიკური რისკებიც არსებობს. თურქეთში 2016 წელს პუტჩი იყო, მაგრამ პრეზიდენტმა ერდოღანმა გაიმარჯვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება ძლიერია და ვითარებას აკონტროლებს. რუსეთშიც, ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ძლიერი ხელისუფლებაა და ეს პარლამენტის არჩევნებმაც ცხადყო, სადაც მმართველმა პარტიამ უმრავლესობა მიიღო. აზერბაიჯანში მმართველმა პარტიამ რეფერენდუმზე მხარდაჭერა მოიპოვა. ყველა ამ ქვეყანაში რეფორმები ტარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაგვარი მდგომარეობა იქნებოდა.

ირანში ოდნავ განსხვავებული ვითარებაა, თუმცა იქაც რეფორმები ტარდება და რუჰანი, კონსერვატორების წინააღმდეგობის მიუხედავად, ცვლილებებს მაინც ახდენს. სხვათა შორის, ამბობენ, ირანში 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და მოქმედ ხელისუფლებას გამარჯვების დიდი შანსი აქვსო.

ახლა ყველა ქვეყანა რეფორმების გზას ადგას, რათა ხალხში ნაკლები არეულობა იყოს. მეორეს მხრივ, ყველა ეს სახელმწიფო დიდ ზემოქმედებას განიცდის, მით უფრო მაშინ, როცა ისინი სტაბილურობის დემონსტრირებას ახდენენ. ამჟამად რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი თავიანთ ეკონომიკურ ურთიერთობებს აფართოვებენ და “ჩრდილოეთ-სამხრეთის” რკინიგზას აგებენ. ამ პროექტში არა მხოლოდ სამი ქვეყანა, არამედ ბევრი სხვა სახელმწიფოც მონაწილეობს. ასეთმა პროექტებმა ხელი უნდა შეუწყონ სასაქონლო ბრუნვის ზრდას, შიდა წარმოების განვითარებას, რაც მოსახლეობას სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს.

– 2017 წლისთვის რას უნდა ელოდოს ჩვენი ქვეყანა და რეგიონი ეკონომიკური, თუ პოლიტიკური თვალსაზრისით?

– ვფიქრობ, ეკონომიკური თვალსაზრისით რეფორმების კურსი კვლავაც გაგრძელდება. ასევე მოსალოდნელია სტრუქტურული ცვლილებები. საგარეო ფაქტორებიდან – მოსალოდნელია დიდი სავაჭრო ქსელების კრიზისი, ამიტომ ბევრი სახელმწიფო ახალ დახურულ ეკონომიკურ ფორმატს მიმართავს და ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის. მაგრამ აზერბაიჯანს ფინანსური უსაფრთხოების მაშველი რგოლი აქვს, რომელიც შეიძლება ყველაზე რთულ ვითარებაში გამოიყენოს.

აშშ-ს ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვიდა, ის კი მკაცრი საგარეო პოლიტიკის გატარებას არ აპირებს. მასთან ერთად მოვიდა ნავთობის ლობი, რომელსაც ჩვეულებრივ დადებითი ურთიერთობები აქვს ნავთობმომპოვებელ სახელმწიფოებთან.

ესაუბრა ნიჯატ გაჯიევი