სუიციდის შემთხვევების პრევენციის მიზნით თავდაცვის სამინისტრო პოლიტიკას ამკაცრებს და იმ თანამშრომლებს, რომლებიც აზარტული თამაშებშით არიან დაკავებულნი, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. როგორც თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტატისტიკა ადასტურებს, რომ შეიარაღებულ ძალებში თვითმკვლელობის შემთხვევები ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ აზარტული თამაშებით დაკავებულ ადამიანებს აქვთ ვალები და ამის გამო, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ.

თავდაცვის მინისტრი უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს აზარტული თამაშებს და აპირებს, შეიარაღებულ ძალებში მაქსიმალურად გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რათა მსგავსი შემთხვევები ჯარში საერთოდ აღარ იყოს, ან მათი მინიმალიზაცია მოხდეს. მსგავსი ღონისძიებები გატარდება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მიმართ, ასევე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ.

“ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო იქნება ის თუ სამოქალაქო, შემჩნეული იქნება აზარტულ თამაშებში, დადასტურდება, პირველივე შემთხვევაში, გათავისუფლდება შეიარაღებული ძალებიდან. სამინისტრო იქნება უკომპომისო,” – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში პირი შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდება და ამას ხელს ვერ შეუშლის კარგი წარსული, რომელიმე ბრძოლაში, ან სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა.

Dalma News მანამდე წერდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწრთვნელი ცენტრ “ნორიოს” მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი სამხედრო იპოვეს, რომელმაც საშტატო იარაღით მოიკლა თავი. სუიციდის ფაქტთან დაკავშრებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.