ანტალიაში (თურქეთი) აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე, ამ ქვეყნების მონაწილეობით განსახორციელებელ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე იმსჯელეს. სხდომის შედეგების თანახმად მინისტრებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს და  პრეს-კონფერენცია გამართეს, – იტყობინება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დოკუმენტის თანახმად, სამმხრივი თანამშრომლობა გულისხმობს თურქმენული და აზერბაიჯანული გაზის თურქეთის გავლით ტრანსპორტირებას. მხარეები აპირებენ თავიანთი ქვეყნების პოტენციალი ერთიანი სატრანსპორტო დერეფნის შექმნისთვის გამოიყენონ. ყველა ამ საკითხის გადასაწყვეტად მხარეები სამმხრივი კომისიის შექმნას გეგმავენ.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს “ავღანეთი – თურქმენეთი – აზერბაიჯანი – საქართველო – თურქეთის” სატრანსპორტო დერეფნის შექმნის საკითხი.

მინისტრებმა ისაუბრეს აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და თურქეთის პრეზიდენტების თურქმენეთში შეხვედრის მომზადებაზეც, სადაც სავარაუდოდ ხელი მოეწერება ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის სამმხრივ დოკუმენტებს.

ამ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა აზერბაიჯანში შედგება.