სომხეთში, ბოლო ხანებში, ვრცელდება ხმები, რომ ხელისუფლება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას გეგმავს. ორიოდე თვის წინათ საგზაო პოლიციის პრესსამსახურში არ დაადასტურეს ინფორმაცია, თითქოს მზადდებოდეს რაიმე საკანონმდებლო პროექტი, რომელიც აკრძალავდა მათ ექსპლუატაციას. თუმცა, იმას არავინ მალავს, რომ “სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის” უკეთესი იქნება ამ მიმართულებით მუშაობა, რადგანაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ხშირად, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზები ხდებიან, თუმცა კონკრეტული სტატისტიკა დღემდე არ არსებობს.

ტრანსპორტის მინისტრმა ოქტომბრის დასაწყისში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ჭორები უსაფუძვლო არ არის და რომ ხელისუფლებაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის კანონპროექტზე მუშაობენ. მისივე თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში, მარჯვენასაჭიან ავტომობილების მფლობელებს გარკვეული დრო მიეცემათ იმისათვის, რომ ან საჭის მდგომარეობა შეცვალონ, ან ავტომობილი გაყიდონ. თუმცა, საინტერესოა, ამ შემთხვევაში, ვინ იყიდის ასეთ ავტომობილს?!

აღსანიშნავია, რომ სომხეთში იაპონური წარმოების ავტომობილების საჭის მარცხენა მხარეს გადატანა, 500-დან 1000 აშშ. დოლარამდე ჯდება. თუმცა, არც ერთი ხელოსანი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მისი შემდგომი ექსპლუატაცია უსაფრთხო იქნება. სხვათა შორის, აღნიშნული პროცედურის ჩატარებას არც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მწარმოებლები იძლევიან. გარდა ამისა, არსებობს ავტომობილები, რომელშიც მარჯვენასაჭიანი მექანიზმის შეცვლა შეუძლებელია.

2000 წლის დასაწყისში სომხეთში აქტიურად დაიწყეს იაპონიიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ჩამოყვანა. როგორც Dalma News-ის კორესპონდენტს საგზაო პოლიციაში განუცხადეს, სომხეთში დაახლოებით 30 ათასი ასეთი ავტომობილია. მათზე არსებული დიდი მოთხოვნა პირველ რიგში, იმით აიხსნება, რომ ისინი შედარებით უფრო იაფია. ნებისმიერს შეუძლია ავტომობილის იაპონურ აუქციონზე შეკვეთა, რომელსაც შემდეგ საქართველოს რომელიმე პორტში დახვდებიან და აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, სამშობლოში ჩაიყვანენ. მარჯვენასაჭიანი ავტომობილის სომხეთში ჩაყვანა დაახლოებით 2000 აშშ. დოლარი ჯდება. ამის შემდეგ შესაძლებელია მისი, ან მფლობელობაში დატოვება, ან ხელახლა გაყიდვა. სხვათა შორის, ქვეყანაში ყოველწლიურად გაუარესებული ეკონომიკური ვითარების გამო, ბევრმა სწორედ საავტომობილო ბიზნესს მოჰკიდა ხელი. ერთი სიტყვით, ამ სფეროში მონოპოლია არ არის.

ვის მილიონებს უშლის ხელს იაპონური ავტომობილები?

მონოპოლია არ არსებობს საკუთრივ ავტოინდუსტრიაზე, ანუ იაფფასიანი იაპონური ავტომობილების შეყვანას ხელი მხოლოდ იმ ბიზნესმენებს შეუძლიათ შეუშალონ, რომლებიც შედარებით უფრო სერიოზულ საფუძველზე და კაპიტალზე აწარმოებს ამ საქმეს. მათ შორის ბევრია პოლიტიკოსი და ოლიგარქი, რომლებიც მონოპოლისტები სხვა სფეროებში არიან. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია, რომელსაც ქვეყანაში უცხოური ავტომობილები ჩამოჰყავს, ეკუთვნის პარტია “აღორძინებული სომხეთის” ლიდერს, ოლიგარქს და დეპუტატს გაგიკ ცარუკიანს. კომპანია “მულტი მოტორს” კომპანია Hyunday-სთან და გერმანულ კონცერნ Opel -თან თანამშრომლობს. გარდა ამისა, “სომხეთი ლადას” მესაკუთრის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, მისმა ვაჟებმა სომხეთში რუსული კომპანია “ლადას” ოფიციალური წარმომადგენლის უფლება ცარუკიანს დაუთმეს. გარდა ამისა, “მულტი მოტორსში” თავის წილს რუსეთის სომეხთა კავშირის თავმჯდომარის არა აბრაამიანის ძმა არმენ აბრამიანი ფლობს.

კომპანია Kia motors Armenia “გლენდელ ჰილზის” მესაკუთრეს ვაგე იაკუბიანს ეკუთვნის. თუმცა, როგორც სომხური მედია-საშუალებები ირწმუნებიან კომპანიის ნამდვილი მესაკუთრე სომხეთის პრეზიდენტის ძმა საშიკ სარგსიანია. კომპანია “მეგამოტორსი” კი, რომელიც სომხეთში Mitsubishi-ს ოფიციალური წარმომადგენელია, ყოფილ ფინანსთა მინისტრ გაგიკ ხაჩატრიანს ეკუთვნის.

ამ ჩამონათვალის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. თუმცა, მთავარი ის არის, რომ როგორც ჩანს, ამ სახელებს შორის მოიძებნება მოტივი, რაც ფარდას ხდის იმ გარემოებას, თუ ვის გადაეღობა წინ პოპულარული იაპონური ავტომობილები და ვის უშლის ხელს, ისედაც მრავალმილიონიანი სიმდიდრის გაორმაგებაში.

ვის უნთებს ხელისუფლება მწვანე შუქს ახალი ბიზნესისთვის?

ზემოთ აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მოსახლეობის უკმაყოფილების და სერიოზული სოციალური ბუნტის რისკის ფონზე, სომხეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინათ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, ელექტრომობილების იმპორტის გადასახადებისგან განთავისუფლების მექანიზმის შემუშავების შესახებ. როგორც პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა განაცხადა, არსებული რეგულაციების შესაბამისად, ელექტროავტომობილების სომხეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად გარკვეული გადასახადები არსებობს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ავტომობილები ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, საჭიროა მათი იმპორტირების სტიმულირება და ამ მიზნით, მათზე გადასახადების მოხსნა. ამასთანავე, კარაპეტიანის თქმით, გასათვალისწინებელია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგულაციები.

სოციალურ ქსელში ეს მოვლენები ერთმანეთთან მყისიერად დააკავშირეს და “დიაგნოზიც დასვეს” – ხელისუფლება ვიღაცას ახალი ბიზნესის წამოწყებაში უწყობს ხელს და ამით იაფფასიანი ავტომობილების ნაკადს წყვეტს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ აიძულებს მოქალაქეებს, რომელთა საშუალო ხელფასი რამოდენიმე წელია ინდექსირებას ვერ ახდენს, ავტომობილები სალონებში განვადებით შეიძინონ, ან იაფფასიანი ელექტრო ავტომობილების შეტანის იმედი ჰქონდეთ.

საჭე მარჯვნივ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი!

ჯერ კიდევ 2011 წელს საბაჟო კავშირის კომისიამ მიიღო ერთიანი ტექნიკური რეგლამენტი “საბურავებიანი სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების” შესახებ, რომელიც მოკავშირე სახელმწიფოებში 2012 წლის ივნისიდან ამოქმედდა. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში აიკრძალა მარჯვენასაჭიანი ავტობუსები და მიკროავტობუსები, ხოლო მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებს აკრძალვა არ შეხებია. 5 წლის შემდეგ რეგლამენტი არ შეცვლილა და რუსეთში საკმაოდ ბევრია მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, რაც იაპონიასთან ახლო მეზობლობით აიხსნება. სხვათა შორის, 2017 წელს გამოქვეყნდა პეტიცია, მარჯვენასაჭიანი ავომობილების აკრძალვის მოთხოვნით, თუმცა საკითხი მაშინვე დაიხურა. ბელორუსის, ყაზახეთის და 2015 წლიდან ყირგიზეთის მოქალაქეებისთვის, შედარებით უფრო მკაცრი წესები მოქმედებს – მათ ეკრძალებათ ნებისმიერი კატეგორიის მარჯვენასაჭიანი ავტომობილის ქვეყნის ტერიტორიაზე შეტანა და რეგისტრაცია.

ხელისუფლებამ დროებითი ზავი გამოაცხადა!

საკითხი ჯერ არ დახურულა, თუმცა, სოციალურ ქსელში მწვავე განხილვები მიმდინარეობს. როგორც ჩანს, სომხეთის ხელისუფლებაში გადაწყვიტეს ვითარება არ დაძაბონ და უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში გასვლა არ დაუშვან. ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიღებულა და რომ “საბოლოო გადაწყვეტილება ისეთი იქნება, რომელიც არავის ინტერესებს არ შეეხება და არც არავის დააზარალებს”.

შეკითხვაზე, მზად არის თუ არა ხელისუფლება საჭის მარცხენა მხარეს გადატანისას ავტომფლობელების ხარჯები დაფაროს, ვაან მარტიროსიანმა განაცხადა: “კომპენსაციაზე საუბარი არ არის, რადგანაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ექსპლუატაცია არ აიკრძალება. ამ მიმართულებით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდება, თუმცა, ავტომობილების მფლობელებს შეუძლიათ მშვიდად მართონ თავიანთი ავტომობილები”.

ამგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სომხეთის ხელისუფლება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ქვეყანაში შეტანას აკრძალავს. ეს კი გარკვეულ ლოგიკასთან ახლოსაა. ბოლოს ისიც შეიძლება დავსძინოთ, რომ “ლიცენზირების” შესახებ კანონის თანახმად, რესპუბლიკაში მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აკრძალვა უკვე არსებობს, თუმცა, ის მხოლოდ ტაქსის ლიცენზირებას ეხება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხეთში საკმაოდ პოპულარულია ონლაინ-ტაქსის სერვისი, რესპუბლიკის ქუჩებში მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ხშირად შევხვდებით.

მოამზადა ლია ხოჯოიანმა