პარლამენტის შენობის პიკეტირების მცდელობის თუ ჭიშკრების დაბოქლომების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციასთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის დათმობას არ გეგმავს. ოპოზიციას კი, გარანტირებული საპარლამენტო მანდატები სურს და პროპორციული სისტემის მისაღებად, ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. პერმანენტულ საპროტესტო აქციებს უკვე რეგიონებში მართავს და დაძაბულობის კერების შექმნის იმედი აქვს.

პირველი მცდელობა იყო მცხეთაში, შემდეგ ქუთაისში, ზუგდიდსა და ქობულეთში.  პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების გამოჩენას ყველგან აგრესიით, ცოცხებითა და კვერცხებით ხვდებიან. იყო ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებიც. მრავალათასიანი მიტინგის გამართვის იმედად ქვეყნის დიდ ქალაქებში ჩასულ ოპოზიციას გაბრაზებული და აღელვებული ხალხი ხვდება, რომლებიც მათ 7 ნოემბერს, 26 მაისს, 9 წლიან სისხლიან მმართველობას და  ციხეებში წამებით მოკლულ პატიმრებს ახსენებენ.

რევანშისტულად განწყობილი პოლიტიკური ძალისგან ქართული საზოგადოება ყოველ წუთს პროვოკაციას ელოდება. ალბათ, ამიტომ არის, რომ ოპოზიციის აქციებზე მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებული პოლიციელები ლამის თავად აქციის მონაწილეებს სჭარბობენ. არ იცვლება “ნაციონალური მოძრაობის” ძველი და ახალი ლიდერების სიძულვილის ენა და მიუხედავად იმისა, რომ შერეული საარჩევნო სისტემის შეცლის მოთხოვნაში მათ სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ, პოლიტიკურ ლიდერებს ყოველ ჯერზე უწევთ თავის მართლება, რომ ძალადობის, რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისგან დისტანცირებულნი არიან.

“ნაციონალური მოძრაობის” აქციას მცხეთაში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერებმა აქციაზე საქართველოს ჰიმნიც კი იმღერეს, მაგრამ გაბრაზებული ადამიანების წყრომა ვერ დააცხრეს. სანამ გიორგი ვაშაძე მოწინააღმდეგე მხარეს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მათ მონებს უწოდებდა და იმუქრებოდა, რომ ყველას დაიმახსოვრებდა. ბოკერიას მუქარას აქციის მონაწილეებმა მისთვის წყლის შესხმით უპასუხეს.

აქცია ქუთაისში

მცხეთის მოვლენებამდე 2 დღით ადრე ქალაქ ქუთაისის ქუჩებში გამოჩნდა ლოზუნგები: “დემიშიზაცია იწყება ქუთაისიდან”; “საქართველო ნაცების გარეშე”. პროტესტის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს კვერცხები და საღებავები ესროლეს. აქცია მოგვიანებით იმ მოტივით დაიშალა, რომ პოლიციას სცემენ პატივს, თუმცა, აქტივისტები ანალოგიურ პროტესტს ისევ მიმართავენ და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ქუთაისში გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.

გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა ქუთაისსა და ზუგდიდში. “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა  მიიტანეს ბანერები წარწერით “გვახსოვს 7 ნოემბერი” და “არ დავუშვებთ”. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ფანჯრებიდან კი დოლარის კუპიურები გადმოყარეს. ორივე მხრიდან ისმოდა შეძახილები – “მონებო” და “მკვლელებო”.

სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა, 30-მდე პოლიტიკური პარტიის აქციებზე, გაერთიანებული მხარდამჭერების კრიტიკული სიმცირე და 2000-მდე ადამიანის გამოყვანა.

 გია აბაშიძე

როგორც Dalma News-ს ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განუცხადა,  ოპოზიციის არამასშტაბური აქციების შედეგად, აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ ხალხი პოლიტიკურ პროცესებზე გადაწყვეტილებას ქუჩაში აღარ იღებს. მათ სურთ საკუთარი გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან დააფიქსირონ. აბაშიძე პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, ქუჩაში სირბილის ნაცვლად, საკუთარ ამომრჩეველს შეხვდნენ და ალტერნატიული საარჩევნო პროგრამები გააცნონ.

“როგორც ჩანს, ოპოზიციის ლიდერებიც ვერ ხედავენ, რომ ხალხს აღარ სურს ქუჩაში გადაწყვეტილებების მიღება. ახლაც განაგრძობენ ხმაურიან, ათეულაქტივისტებიან აქციებს. შეიძლება მასობრივი აქციაც გამართონ თბილისში, ვნახოთ. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა იქ 1000 ადამიანი იქნება, 300 თუ 8000, მთავარია რომ საზოგადოების ნება არის, რომ პროცესები წარიმართოს ისე, როგორც საჭიროა – საარჩევნო ყუთთან ვირჩევთ 4 წლით ხელისუფლებას და საარჩევნო ყუთთან ვსჯით ამა თუ იმ პარტიას შეცდომებისთვის”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კრიზისი, როგორც ამაში ოპოზიცია არწმუნებს მოსახლეობას, არამედ ეს არის პოლიტიკური დაძაბულობა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კრიზისად არც ევროპელი და ამერიკელი ელჩები აფასებენ. პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში დგება მაშინ, როდესაც ჩამოშლილია უმრავლესობა, არ მუშაობენ ინსტიტუტები, ორგანიზაციები და ა.შ.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, დღეს თუ სადმე არის კრიზისი, ეს გაერთიანებულ ოპოზიციაში. სახეზეა პარტიათა სიჭრელე, რაც ამ ერთობას მყიფეს და დროებითს ხდის.

“საზოგადოების უდიდეს ნაწილს ნამდვილად არ აინტერესებს დეპუტატებს ე.წ გერმანული მოდელით აირჩევს, თუ ავსტრალიურით. ამომრჩეველს აინტერესებს კონკრეტული პროგრამები. ხაზგასმით ამბობენ ელჩები, დიპლომატები, ევროპარლამენტარები, რომ პროტესტის გამოხატვა უნდა იყოს კანონის ფარგლებში. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში 800 000 ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციებზე. მათგან უდიდესი ნაწილი იყო მშვიდობიანი, მაგრამ, როგორც კი აქციამ კანონისთვის შეუსაბამო სახე მიიღო, პოლიციამ მყისიერად აღკვეთა და საკმაოდ ფატალურად. ნებისმიერ ქვეყანაში პროტესტის გამოხატულება უნდა იყოს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში”, – აცხადებს გია აბაშიძე.

აქცია ქუთაისში

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია კრიზისშია.  ხელისუფლებას არჩევნების სისტემის “გერმანულ მოდელს” უფრიალებს, მაგრამ მის სიკარგეში ვერ არწმუნებს.

“ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი. არის მარტივი მათემატიკური საკითხი ის, რომ ეს მოდელი არ შეესაბამება მოქმედ კონსტიტუციას, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია. ოპოზიციის მხარეს ვერ ნახავთ ვერც ერთ არგუმენტს. კრიზისშია ოპოზიცია. დაველოდებით მათ წინადადებას”, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წევრებს შორის შეხვედრის შედეგებზე საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკი აცხადებს, რომ ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად, მაგრამ მათ არ ავიწყდებათ ამ ოპოზიციასთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება. ამიტომ მათ აფრთხილებს, რომ ბოქლომების დესტრუქციის გამო, “ქართული ოცნებისგან” დათმობაზე წასვლას ნუ ელიან.

“10 კაცია თუ 100, ქვეყანას უქმნის პრობლემას, თუნდაც საერთაშორისო დონეზე, ეკონომიკურ საკითხებში გვაქვს გარკვეული შეკითხვები. იმის ძახილი, რომ ჩვენ ხელების ამოტრიალებით, პიკეტირებით რაიმეს გადავწყვეტთ, ეს იგივენაირი დესტრუქციაა, როგორიც მათ 20 ივნისის შემდეგ თვეებში მოაწყეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ სახეზეა პოლიტიკური კრიზისის სერიოზული ნიშნები, იმდენად რამდენადაც პროცესი დარბაზებს გასცდა და ეპიცენტრმა ქუჩაში გადაინაცვლა. ეს კი, სახიფათოს ხდის მოვლენათა განვითარებას. დიდია პროვოკაციისა და ექსცესების საფრთხე, რითაც მოიგებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, მაგრამ წააგებს საქართველო და ქართველი ხალხი.

როგორც ვაჟა ბერიძემ Dalma News-სთან საუბრისას აღნიშნა, თავიდანვე ცხადი იყო, რომ “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გარკვეულ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიდა დაპირებული პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმის შემთხვევაში. შედეგად მივიღეთ ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ აქტუალურია. ამ პოლიტიკურმა ძალამ შეახსენა ქართველ ხალხს, რომ არსად წასულა.

“ჩვენი დემოკრატია არის ძალიან სუსტი და უახლოვდება საარჩევნო დემოკრატიის მაგალითს, ეს არ არის, კონსოლიდირებული დემოკრატია, როგორც დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშია, როდესაც ინსტიტუტები მუშაობს და საზოგადოების დემოკრატიული განვითარება შეუქცევადია. როცა ეკონომიკა არის საბაზრო ეკონომიკის კლასიკურ პრინციპებზე გადაყვანილი. ჩვენ დამწყები დემოკრატია ვართ გარშემორტყმული საკმაოდ სპეციფიკური – თურქული, აზერბაიჯანული და რუსული დემოკრატიებით. ჩვენ რაღაც ოაზისივით ვართ, სადაც დავუშვით არაფორმალური მმართველობა, რასაც წინ უძღოდა ავტორიტარიზმი, თავისი მკაფიო გამოვლინებებით. ​აქ არის 2 მთავარი ძალა, 2 მთავარი ფიგურა, 2 მთავარი ფული – ივანიშვილი და სააკაშვილი. სხვა ფული არ არსებობს, ინტელექტუალური რესურსი რომც მოიძებნოს, მათ ფული არ აქვთ. ბოლო დროს გამოჩნდა მესამე – ბანკირ ხაზარაძის ფული, მაგრამ ის ამ ეტაპზე ტორპედირებულია”, – აცხადებს ვაჟა ბერიძე.

მისივე თქმით, ამომრჩევლის ნება უნდა იყოს მთავარი და არ ის, თუ რა უნდა ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს.

ანალიტიკოსის აზრით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ხალხის ხელშია. მათ უნდა აიძულონ ორივე ძალას, მოუსმინონ საზოგადოებას, რა სურს მას? საზოგადოებას კი, სურს ისეთი საარჩევნო სისტემის შექმნა, რომელიც მოსახლეობის უმეტესობის არჩევანს ასახავს და ქვეყანას ჩიხში არ შეიყვანს.

შორენა პაპაშვილი