კორონავირუსის მსოფლიო პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს. მასობრივი კარანტინი და შეზღუდვები ზოგ ქვეყანაში მოიხსნა, ზოგან კი ადამიანებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. ადამიანები თანდათან სწავლობენ დისტანცირებულ ურთიერთობას. როგორ უნდა ვიქცეოდეთ პანდემიის დროს და პოლიტიკური ხელისუფლების სასტიკი აკრძალვის მიუხედავად, რატომ წავიდნენ ქართველი მართლმადიდებლები ეკლესიაში ზიარებისთვის, ამ საკითხებზე Dalma News-ს ფსიქოლოგი, ნონა ხიდეშელი ესაუბრა.

როგორ უნდა ვიქცეოდეთ ადამიანები პანდემიის დროს და რომელი გრძნობა მოდის ამ დროს წინა პლანზე?

– როდესაც პანდემია დაიწყო, პირველად იყო შოკი, შიში და სრული გაურკვევლობა. შემდგომ ჩვენ შევეცადეთ დაგვეწყო პანდემიასთან ერთად ცხოვრება, მაგრამ ამას სტრესის გარეშე არ ჩაუვლია. თავიდან, თუ ვირუსის შიში იყო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოლოდინები, შემდგომში უკვე სხვა შიშები წამოვიდა წინა პლანზე. გაჩნდა ეკონომიკური პრობლემები. მივხვდით, რომ პანდემიამ მთელი მსოფლიო გამოკეტა სახლში და სხვაგვარი სტრესი წამოვიდა. გაჩნდა ხვალინდელი დღის გაურკვევლობის განცდა.

ადამიანის გონება სულ გარკვეულობას და უსაფრთხოებას ეძებს. ამ თვალსაზრისით კორონავირუსის პანდემია სერიოზული სტრესი იყო ძალიან ბევრი ადამიანისთვის. შემდგომ ეტაპზე, მოსალოდნელი ფინანსური პრობლემები გახდება ფსიქოლოგიური სტრესის მიზეზი.

ფაქტია, რომ იცვლება რეალობა. ამ დროს ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა, პანდემიასთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ. წინ ძალიან რთული ზაფხული გველის. შენობებში კონდიცირების სისტემის ჩართვა არ შეიძლება. ადამიანები სამსახურებში პირბადით უნდა იყვნენ. ეს ძალიან რთულია. მაგრამ რას ვიზამთ? ასეთია ჩვენი ცხოვრება. სამყაროს დასასრულზე მოთქმა-გოდების გარეშე უნდა შევეცადოთ და ვისწავლოთ ​პანდემიასთან თანაარსებობა, აუცილებლად დავიცვათ რეკომენდაციები. არ შეიძლება ის, რომ ზოგს საერთოდ არ სჯერა ვირუსის არსებობის და ძალიან აგდებული დამოკიდებულება აქვთ პრობლემის მიმართ.

ნონა ხიდეშელი

ასეთ დროს აქვს თუ არა დიდი მნიშვნელობა ხელისუფლებისადმი ნდობას?

ესეც ხომ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა?

– არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის, მაგრამ არის მომენტები, როცა გვიწევს გონების ჩართვა, ეს უკვე განსაკუთრებული მომენტია.

ამ დროს არ შეიძლება არ ვახსენოთ რელიგია, რომელიც პანდემიის პერიოდში, საქართველოში წინა პლანზე წამოვიდა. ადამიანები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად წავიდნენ ეკლესიაში ზიარების მისაღებად. რა არის ამ კატეგორიის ადამიანების მოტივაცია?

– არის ადამიანების კატეგორია, რომლებისთვისაც რელიგიურ რიტუალში უშუალოდ მონაწილეობა მათი გონებით, თვითგადარჩენად აღიქმება. ვფიქრობ, რომ იმდენად სტრესში იყო ხალხი, რომ მათთვის, ეკლესიაში მისვლა უკვე გადარჩენას ნიშნავდა. ხშირად რელიგიისადმი მიდგომა ასეთია, ყველა სიტუაციაში რომ გვგონია ღმერთი გვიშველის. ეს ბავშვური აზროვნებაა. შენ არ დაიცვა თავი და ღმერთი გიშველის და ამ დროს ღმერთმა მოგცა გონება. ასეთი დამოკიდებულებაც რა თქმა უნდა ინფანტილურია. ღმერთი არსებობს, მაგრამ დედამიწაზე ყველაფერი მაინც გარკვეულ კანონებს ექვემდებარება. როდესაც ავად ვართ, იგივე მორწმუნე კატეგორია, ეკლესიაში კი არ მიდის, არამედ – ექიმთან, რომ სხვები არ დაასნებოვნოს. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი არაჯანსაღ დამოკიდებულებად გამოიყურება. ამ შემთხვევაში ერთმანეთის გაფრთხილებაზე იყო საუბარი. ამდენი ხნის განმავლობაში, მე მაგალითად, ვმუშაობ ონლაინ. მე შეიძლება არ დამემართოს არაფერი, მაგრამ ვუფრთხილდები ჩემს ასაკოვან მშობლებს, რომლებთანაც მივდივარ. ეს გარკვეულ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

ამ საკითხს მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, იმ ადამიანების მცირე ნაწილი, რომლებიც პანდემიის დროს წავიდნენ ეკლესიაში, დარწმუნებული ვარ ფიქრობდნენ, რომ ეს იყო მათი სულიერი მდგრადობის გამოცდა და მათ სურდათ ამ გამოცდის პირნათლად ჩაბარება? 

– ალბათ, ასეც იყო. ვიღაც ფიქრობდა, რომ ამით ის ქრისტესთან პირნათელი იყო. ჩვენ რეალობაში იმის მომსწრეც ვართ, როცა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს დასდევდნენ და ამბობდნენ, – ქრისტეს ვიცავთო. რწმენა ყოვლისმომცველია და როგორიც არის ადამიანის გონებრივი მდგომარეობა და ცნობიერება, შესაბამისი აქვს რწმენაც. ცოტ-ცოტა, ალბათ, ყველაფერი იყო, მაგრამ ეკლესია, ადამიანისთვის მაინც გადარჩენასთან ასოცირდება. არაფერი მაქვს რელიგიის საწინააღმდეგო, მეც რელიგიური ადამიანი ვარ, მაგრამ მგონია, რომ ხშირად, მეტი დაფიქრება გვჭირდება.

განსხვავდება თუ არა ეპიდემიის მიმართ დამოკიდებულების სპეციფიკა საქართველოში სხვა ქვეყნებისგან? 

– გენეტიკა და გეოგრაფია ჩემთვის ცნობიერების შემდგომ მოდის. მე ვფიქრობ, რომ ამ პანდემიის დროს, რაც ყველაზე მისასალმებელია, ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა აჩვენა თითოეულმა მოქალაქემ. მარტო ექიმი ვერაფერს აკეთებს ამ დროს. ძალიან დროული იყო სახელმწიფოს ჩარევაც. პანდემიას შესანიშნავად გაუმკლავდა ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ მძიმე 90-იანმა წლებმა, რაღაცნაირად გამოგვაწრთო, დიდი ძვრებიც კი არ ყოფილა ჩვენთან. ზოგს გაგვახსენდა 90-იანი წლები და ერთგვარად მომზადებული აღმოვჩნდით. იტალიაში ზუსტად ამას ამბობდნენ, რომ უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ ადამიანები. ყველგან, სადაც ვირუსის მიმართ დამოკიდებულება იყო აგდებული, გარკვეულწილად პრობლემები სერიოზული იყო.

ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ალბათ, ქვეშეცნეულად გვჯერა ხელისუფლების?

– ჩვენთან პოლიტიკურად სულ ქაოსი, დაპირისპირება და არამდგრადი ვითარებაა. მაგრამ, როდესაც წინა პლანზე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი მოდის, საჭიროა მობილიზება. ხელისუფლება ძალიან შეეცადა, რომ ეს ყველაფერი მაღალ დონეზე გადაეწყვიტა. თითოეული მოქალაქე მიხვდა, რომ მარტო არ იყო ამ მდგომარეობაში. ექიმებმა მაღალი დონე აჩვენეს. ეს ყველაფერი აღმოჩნდა იმის გარანტი, რომ ცოტა დავმშვიდებულიყავით. მეორე სერიოზული პრობლემა წინ არის – ეკონომიკური ფაქტორი.

ძალიან საინტერესო შედარება გააკეთეთ, – მათ, ვინც გამოვიარეთ 90-იანი წლები კრიზისითვის მომზადებულები აღმოვჩნდით. მეორე მხრივ, სწორედ 90-იანებ გამოვლილებმა წავიწუწუნეთ, რომ ჩვენს თაობას რა არ გამოგვივლია, კორონავირუსიც უნდა გამოგვეცადა?. რამდენად მობილიზებულები აღმოვჩნდით სწორედ 90-იანებგამოვლილები? 

– ფაქტია, რომ აღმოვჩნდით. ქაოსი და პანიკა არ დაწყებულა, ყველა ცდილობდა საკუთარ თავში გამკლავებოდა ამ ყველაფერს. ზოგი დაბნეული იყო, ზოგი შეშინებული, მაგრამ ყველა ცდილობდა, რომ მობილურობა შეენარჩუნებინა. 90-იანები წლები იმდენად კოშმარი იყო, რომ ძალიან ძნელია მის ფონზე რამე გაგიკვირდეს, ან შეგეშინდეს.

პრემიერმა თქვა, რომ სასწავლო პროცესი დროზე ადრე შეწყვიტეს იმის გამო, რომ ბავშვები არ გამხდარიყვნენ ბებია-ბაბუებისთვის ვირუსის მიმტანები. იმიტომ, რომ ქართული ოჯახის სტრუქტურა განსხვავდება ევროპულისგან, აქ რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს…

– ძალიან სწორი მიდგომა იყო და შედეგიც დადებითი მივიღეთ. კორონავირუსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან პირობითია სამყაროში ყველაფერი და მუდმივად ცვლილებებისთვის უნდა ვიყოთ მზად. და კიდევ, ადამიანზე უფრო ფასეული არაფერია.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი