“მხატვრების ბაღი” თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ადგილია. ბევრი ხელოვანისთვის იგი შემდგომი პროფესიული წარმატების ტრამპლინად ქცეულა, ზოგისთვის კი ოჯახის რჩენის ძირითადი წყარო, ან დროებითი ნავსაყუდელია. ბაღის ხშირი სტუმრები არიან ტურისტები, რომლებიც ერთი მხრივ თანამედროვე ქართულ მხატვრობას ეცნობიან, მეორე მხრივ – სიძველეების თვალიერებით ერთობიან. თბილისის მერია ბაღის რეკონსტრუქციას გეგმავს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მშრალ ხიდსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანებისთვის, თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა, მანამდე კი მათ, თავიანთი საქმიანობის გასაგრძელებლად სხვა ტერიტორიაზე გადაიყვანენ. როგორც ​კალაძე აცხადებს, მისთვის მიუღებელია მშრალ ხიდზე მომუშავე ადამიანებს ღია ცის ქვეშ, ხშირად გაუსაძლის პირობებში უწევდეთ მუშაობა, აწვიმდეთ და ათოვდეთ. მათთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

Dalma News-ი “მხატვრების ბაღის” რეკონსტრუქციის პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას შეეცადა. თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ტენდერი გამოცხადებულია და პროექტის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწვდიან. რადგან დედაქალაქის მერიისგან კახა კალაძის საჯარო განცხადებაზე მეტი ვერაფერი შევიტყეთ, Dalma News-ი თავად მხატვრებს ეწვია, რათა პრობლემების შესახებ პირველწყაროსგან მოესმინა. საქმე არც ისე მარტივად ყოფილა, როგორც ამ ადგილისთვის შორიდან თვალის შევლებით მოსჩანს. ბაღის რეკონსტრუქციის შესახებ მხატვრებმა არა თუ ყურმოკვრით იციან, თბილისის მერის არჩევნებამდე მათთვის პროექტიც კი წარუდგენიათ და არჩევნების შემდგომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაჰპირებიან.

მხატვრებს გარკვეული შენიშვნები აქვთ პროექტის ავტორებისთვის მომზადებული და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ელიან. თავიანთი მოთხოვნებით პუნქტობრივად ჩამოაყალიბეს. მათ შორის ერთ-ერთი ​უმთავრესია საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა. ეს პრობლემა უხერხულ მდგომარეობას უქმნის თვითდასაქმებულებსაც და ბაღის უამრავ სტუმარსაც.

საზოგადოებრივი ტუალეტის არარსებობის გამო ტურისტები ხშირად გაოცებას ვერ მალავენ და ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იმ ადგილებს მიაშურებენ ხოლმე, სადაც მასპინძლები ურჩევენ. შესაბამისად, ბაღის ახლო მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მდინარის მისადგომებთან მუდმივი ანტისანიტარიაა.

“საპირფარეშო ტურისტებისთვისაც აუცილებელია. გვეხვეწებიან, – მიგვასწავლეთ, სად არის საპირფარეშოო. იყო უხერხული შემთხვევებიც. უცხოეთში კაფეს ან რესტორანის ტუალეტით შეგიძლია ისარგებლო და ამისთვის თანხას არ გადაგახდევინებენ, შეიძლება საპირფარეშოს გამოყენების საფასურში ფინჯანი ყავა აიღო. ჩვენი რესტორნები და კაფეები კი არ გვიშვებენ თავიანთ ტუალეტებში. ფულსაც ვიხდით, მაგრამ მაინც – არა! საერთოდ არ არის ქალაქში ტუალეტები, რუსთაველზე იყო ჩემს ბავშვობაში და ისიც დაკეტეს, შედეგად ანტისანიტარიაა მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ ხომ საერთოდ ვერ გაივლი”, – აცხადებენ მხატვრები.

საზოგადოებრივი ტუალეტის პრობლემას სასმელი წყლის არქონაც ემატება. როგორც აქაურები ამბობენ, ბაღში სასმელი წყალი ბოლო 2-3- წელია შეუწყვიტეს. არ ირწყვება ბაღში არსებული მცენარეებიც. ყოველწლიურად რამდენიმე გამხმარი ხე აკლდება ბაღს. მხატვრები მტკივნეულად განიცდიან მწვანე საფარის განადგურებას.

“საღამოს, რომ გამოიაროთ აქ, საკონცენტრაციო ბანაკი გეგონებათ აქაურობა. ახლა კიდევ ნახატები ალამაზებს აქაურობას. ბალკონების გარდა სხვა რამეებიც არსებობს თბილისში, რაც მისახედია, კულტურა პირველ რიგში. ჩვენ ხომ არ ვითხოვთ, რომ მერიამ შეგვინახოს, როგორც აზერბაიჯანში, ან დანიაშია, სადაც მხატვრებს ხელფასებს უხდიან? ელემენტარული პირობები შეგვიქმნან”, – აცხადებს მხატვარი გიორგი მელიქიძე.

მხატვრები, ათასი წვრილმანითა და ძველმანებით მოვაჭრეებისგან გამიჯვნას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურაც შესაბამისად უნდა მოეწყოს. ბაღში თვითდასაქმებულ ყველა მხატვარს უნდა შეუნარჩუნდეს თავისი მუდმივი ადგილი, სტენდები გადაიხუროს და დაიდგას ინდივიდუალური ყუთები, სადაც მხატვრები თავიანთ ნამუშევრებს თავადვე შეინახავენ.

“​აქ უნდა ჩამოყალიბდეს მხატვრების ბაღი. აქ მოდიან ტურისტები და ყველა, ვისაც ნახატის შეძენა სურს. ​ნახატს აღსაქმელად სჭირდება ფართი. ქალაქის კულტურული სახე აქ ჩანს, ბევრი ტურისტი და შეყვარებული წყვილი შემოდის ბაღში, ფოტოებს იღებენ. კარგი იქნებოდა აქ პატარა ტურისტული ცენტრი მოეწყოს. საჭიროა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა”, – ამბობს გიორგი მელიქიძე.

საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და სასმელი წყლის უქონლობასთან ერთად “მხატვრების ბაღში” მომუშავე ხელოვანებს, სხვა ბევრი პრობლემაც აწუხებთ. ტერიტორიაზე ახლო-მახლო არ არსებობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი.

“ზოგჯერ ხდება, ადამიანი გაყიდის თავის ნამუშევარს და ვერსად ახურდავებს ვალუტას”, – აცხადებენ მხატვრები.

ბაღის რეკოსტრუქციის პროექტის თანახმად, რომელიც მხატვრებმა გვაჩვენეს, სტენდები ბილიკების ცენტრში უნდა განთავსდეს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან მხატვრები. მათი აზრით, ეს არა მარტო კლიენტებს შეუშლით ხელს ნახატის სივრცეში აღქმაში, არამედ ტექნიკური სამუშაოების ჩატარებასაც – ხეების გახსვლა, ნათურების გამოცვლა და სხვა. საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიაზე ვეღარც სასწრაფო დახმარების მანქანა შევა. ამიტომ მხატვრების აზრით, სტენდები ბორდიურების გასწვრივ უნდა განლაგდეს, როგორც ამჟამად არის და არა ბილიკის ცენტრში.

მხატვრებს მიაჩნიათ, რომ მათი საქმიანობისთვის არც მოცულობითი ბადე იქნება ხელსაყრელი, როგორც ეს პროექტშია გათვასლისწინებული. ის არაპრაქტიკულია ნახატის დასამაგრებლად. სასურველია ლითონის კარკასი და მოქსოვილი ბადე. სტენდის სიმაღლე, არანაკლებ 220 სმ-ის უნდა იყოს, ხოლო სექციების სიგანე სულ მცირე 150 სმ, ექსპოზიციის ოპტიმალურად განლაგებისთვის. სკვერში ასევე უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი დასასვენებელი ადგილები, საპარკე სკამები და რაც მთავარია WIFI.

როგორც კინომხატვარმა, თემურ არჯევანიძემ გვითხრა, “მხატვართა ბაღში” დაარსების დღიდან დგას. ბაღის დაარსების დღიდან ჰპირდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები ინფრასტრუქტურის მოწყობას, მაგრამ დღემდე სასიკეთოდ ბევრი არაფერი შეცვლილა. მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს, ბაღის ატალახებული ბილიკები ქვაფენილით მოპირკეთდა, მოეწყო ბორდიურები, სტენდების გაკეთებასაც ჰპირდებოდნენ, მაგრამ აღარ დასცალდათ, თბილისში ხელისუფლება შეიცვალა.

“მას შემდეგ, ყოველი არჩევნების წინ მოდიან, გვპირდებიან რაღაცეებს, არჩევნებში ხმებს მიიღებენ და მერე იკარგებიან, აღარაფერს აკეთებენ. ახლა ამბობენ, მერია ინფრასტრუქტურას კი მოაწყობს, მაგრამ გადასახადსაც დააწესებსო. მერწმუნეთ მხატვრები ადგილის ქირას ვერ გადაიხდიან. ახლაც რომ ჩამოიაროთ. 300 კაციდან, 3-ს თუ ექნება ნამუშევარი გაყიდული. თუ უნდათ რომ ეს ხალხი აქედან გააქციონ?” – აცხადებს თემურ არჯევანიძე.

მხატვრებს არც საერთო საწყობის შექმნის იდეა ხიბლავთ და აცხადებენ, რომ უმჯობესია ყველა მხატვარს ინდივიდუალური ყუთი ედგას მისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, სადაც შეინახავენ ნამუშევრებს და მაშინ გახსნიან და დახურავენ საცავს, როცა მოესურვებათ.

“ზოგი იმასაც ამბობს, აქ დახლები უნდა მოეწყოს და გადასახადი დაწესდესო. ზოგი ამბობს, ყველას ერთი საწყობი გვექნებაო, რაც დაუშვებელია. მე შეიძლება ღამის საათებში დამირეკოს კლიენტმა და დამჭირდეს ნამუშევრების ჩვენება, საცავის უფროსს უნდა ველოდო დილამდე? ინდივიდუალურად უნდა იდგეს აქ ყუთები, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. აზერბაიჯანში იყო ახლახანს ჩვენი კოლეგა და მოყვა, რომ იქ ძალიან თანამედროვე და მოწესრიგებულა მხატვრების ადგილი, იგრძნობა, რომ ეს არის ქვეყანა”, – აცხადებს არჯევანიძე.

მხატვარმი გიორგი მელიქიძე 23 წლის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და თავისი პროფესიით მუშაობდა. დღეს კი სამშობლოში, ქუჩაში უწევს დგომა. ამბობს, რომ მალე კვლავ უცხოეთს მიაშურებს, რადგან მისი ნამუშევრები მოთხოვნადია.

“დღეს 8 ნამუშევარი გავყიდე. გამიმართლა, რამდენიმე ნამუშევარი შეიძინეს. აქ გადასახადს თუ დაგვიწესებენ, მხატვრები ვერ გადაიხდიან. ჩვენ არ გვაქვს ყოველდღიური შემოსავალი, შეიძლება დღეში ერთი ნახატიც ვერ გავყიდოთ. ჩვენს გარშემო ამ ტერიტორიას ნელ-ნელა ემატებიან წვრილმანი მოვაჭრეები და მხატვრებს, ცოტა არ იყოს ხელს გვიშლიან. ლილოში ნაყიდ საქონელს რომ ყიდიან აქ, არ შეიძლება. აქ უნდა იყოს წარმოდგენილი ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ხელნაკეთი ნივთები და ინსტრუმენტები და არა ბაზრობის საქონელი”, – განაცხადა Dalma News– სთან საუბრისას მხატვარმა.

ინფრასტუქტურულის გარდა, მხატვრებს პრაქტიკული ხასიათის პრობლემაც აწუხებთ. მათი კლიენტები ძირითადად უცხოელები არიან, რომლებსაც თბილისში შეძენილი ნახატის ქვეყნიდან გატანა სურთ. ერთი შეხედვით სრულიად ბუნებრივ სურვილს შესაძლოა დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს, თუ ნახატის მყიდველს შესაბამისი საბუთი არ აღმოაჩნდება. ამ საბუთს კი გარკვეული თანხის საფასურად კულტურის სამინისტრო გასცემს.

როგორც მხატვრებმა გვითხრეს, უქმეებზე კულტურის სამინისტრო ისვენებს და, თუ უცხოელს არ გაუმართლა და ნახატი შაბათ-კვირას შეიძინა, სამინისტროდან საბუთის ასაღებად რამდენიმე დღე უნდა მოიცადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შენაძენის აეროპორტში დატოვება მოუწევს.

“კულტურის სამინისტროში 15 ლარია გადასახდელი, რომ ტურისტმა სურათი ქვეყნიდან გაიტანოს. იქნებ როგორმე ერთი წარმომადგენელი გამოყონ, ან ბლანკი დაბეჭდონ, რომ შაბათ-კვირას მოსულ კლიენტს სათანადოდ მოვემსახუროთ. ​იყო შემთხვევები, როცა გაყიდული სურათი აეროპორტში არ გაატანეს და კლიენტს მისი უკან დაბრუნება მოუხდა. მერე ფოსტით გადაუგზავნეს ნახატი”, – აცხადებენ მხატვრები და იმედოვნებენ, რომ მათ მცირე თხოვნას კულტურის სამინისტრო გაითვალისწინებს.

“მხატვრების ბაღის” აქტიური სტუმრები ტურისტები არიან, ხშირად არც თუ ხელგაშლილები. ნახატების ფასი აქ 25 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდე აღწევს, თუმცა, როგორც გვითხრეს, დიდი ხანია ასეთი ძვირადღირებული ნახატები აღარ გაყიდულა. თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს ძირითადად ევროპელი და ამერიკელი ტურისტები ყიდულობენ, მაგრამ აქ მაინც ქართველი კლიენტი ენატრებათ. როგორც ამბობენ, ყველაზე კარგი კლიენტი, ქართველი კლიენტია, მხატვრობაშიც ერკვევიან და კარგ ნამუშევრებსაც ყიდულობნენ. მაგრამ ეს საბჭოთა ეპოქაში იყო. დღეს ხალხი, საშუალო ფენა ლუკმა პურისთვის იბრძვის, მდიდრები კი “მხატვრების ბაღს” ხშირად არ სტუმრობენ.

ავტორი შორენა პაპაშვილი